26 მაისი - დიდი ღალატის დღე!
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე... 26 მაისი მერაბ კოსტავას დაბადების დღე... 26 მაისს სისხლის წვიმებიც ახსოვს და სამშობლოს სიყვარულით გულანთებული, გულწრფელი ქართველების თავგანწირვაც... თუმცა, ამ სიყვარულის პირისპირ დიდი ღალატიც ახსოვს... შურიც, გაუტანლობაც, „ჩაშვებაც“ და ლაჩარი ქართველების ცრუ პატრიოტიზმიც... თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ქართველებისთვის საკრალური 26 მაისი 2011 წელს ნაციონალურმა ხელისუფლებამ გაგვითენა, როცა ნინო ბურჯანაძესა და მის მხარდამჭერებს რუსთაველზე სისხლიანი სასაკლაო მოუწყო...
ძნელია, ოდესმე დაივიწყო წვიმიან, ლამპიონებით ნახევრადგანათებულ პროსპექტზე დაპატიმრებული, ხელბორკილებდადებული, დასისხლიანებული, ნაცემ- ნაბეგვი ათასობით ქართველის უწყვეტი ჯაჭვი, შინდისფერ და შავ სპეცტანსაცმელში გამოწყობილი ნიღბიანი ,,ზონდერების’‘ კოლონა რომ მიაცილებდა... 1989 წლის 9 აპრილის, 1991 წლის ძმათამკვლელი სამოქალაქო, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების მომსწრე ქართველებმა კარგად ვიცით, რა გრძნობაა, როცა უსუსური და უძლური ხარ ბოროტებისა და მოძალადე სახელმწიფო მანქანის წინაშე... თუმცა, არ ვიცით, როგორ ცხოვრობენ ის ქართველები, უცხოეთის ფეშენებელურ ვილებში თბილად რომ მოკალათებულან, საკუთარი მილიონების თვლით არიან დაკავებულნი და სამშობლო, ქართველი ერი, ქვეყნის სასიკეთოდ საქმის კეთება მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როცა ნამდვილი ვაჟკაცების პირველ მწკრივს ძმათა სასაფლაოზე გაისტუმრებს და საქმის ნახევარი უკვე გაკეთებულია...
„ჩემი ექვსი წლის ბიჭი ხშირად მეკითხება საქართველოზე. მე მას ქართულ ლექსებს ვუკითხავ, ვეუბნები, რომ აუცილებლად უნდა ილაპარაკოს ქართულად. მასაც უნდა, რაც შეიძლება მეტი იცოდეს საქართველოზე. აი, აქ კი დილემის წინაშე ვდგები - რა ვუთხრა ბავშვს, ლამაზ, გმირულ წარსულზე ვუამბო და დღევანდელი საქართველო შევაზიზღო? არ მინდა, ჩემს ქვეყანაში, ჩემი შვილის სამშობლოში, ამორალური მდგომარეობა იყოს!“ - აცხადებს კოტე (კონსტანტინე) გოგელია 2011 წლის 16 მაისს. „ქართული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილთან, ეროსი კიწმარიშვილთან, ლევან გაჩეჩილაძესა და სოზარ სუბართან ერთად, საქართველოს ნაციონალური ხელისუფლებისგან გათავისუფლებას გვპირდებოდა: „გპირდებით, ძალიან მოკლე ხანში გავუშვებთ ამ ხელისუფლებას... ჩვენ არ დავჯერდებით ამ არანორმალური ხალხის ხელისუფლებიდან მხოლოდ წასვლას!’‘ - და „მრისხანების დღესა“ და „კამაზების რევოლუციას“ აანონსებდა! „25-ში ჩამოვალ, 26 მაისს ვიდგები ჩემი ხალხის გვერდით და პირობას ვაძლევ ჩემს ხალხს, ჩემს საყვარელ ხალხს, 26 მაისს ჩვენ ჩავიბარებთ აღლუმს ამ ნაძირალების გარეშე!“ - ეს 2011 წლის 22 მაისია, თუმცა ყველამ, ვინც იმ ავბედით დღეს რუსთაველზე იყო, შესანიშნავად იცის, როგორ განვითარდა მოვლენები - არც ირაკლი ოქრუაშვილი და, მით უმეტეს, არც კოტე გოგელია თბილისში არ გამოჩენილა. ხოლო როცა მისი „საყვარელი ქართველი ხალხი“ ნაციონალურმა ხელისუფლებამ სისხლის წვიმაში აბანავა და პარლამენტის წინ სასაკლაო მოუწყო... მისთვის არავის უკითხავს, სად იყო და რატომ არ ჩაიბარა „აღლუმი იმ ნაძირლების“ გარეშე, რომლებიც ხელისუფლებას მხოლოდ 1 წლის შემდეგ, 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩამოაშორა ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“.
საინტერესოა, რა უთხრა მაშინ თავის 6 წლის ბავშვს კოტე გოგელიამ საქართველოს გმირულ წარსულზე ანდა რას ეუბნება დღეს, 3 წლის შემდეგ, სად ვიყავით მაშინ და რას ნიშნავდა ურაპატრიოტული ბაქი- ბუქი - „მე ფული ნაშოვნი მაქვს და ამ ფულს დავხარჯავ საქართველოს სასიკეთოდ!“ მას შემდეგ სამი წელი გავიდა. ნაციონალები „ქართულმა ოცნებამ“, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ხელისუფლებას ჩამოაშორა, კოტე გოგელია კი 2013 წელს, ერთადერთხელ გამოჩნდა საჯაროდ თბილისში - ჟურნალისტებმა იგი მთავარ პროკურატურასთან დააფიქსირეს, თუმცა რა საქმესთან დაკავშირებით სტუმრობდა უწყებას, ამაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. „ვერსიის“ კონფიდენციალური წყარო აცხადებს, რომ კოტე გოგელიამ, რომელიც, ქართული და რუსული მედიის ინფორმაციით, მდიდარი ქართველების რეიტინგში 50-მილიონიანი კაპიტალით ფიგურირებს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის გუნდთან ურთიერთობების დალაგება სცადა და დაალაგა კიდეც. შესაძლებელია, ეს ვერსია ლოგიკურიც იყოს, რადგან გოგელიას მეუღლე მაკა ასათიანი ტელეკომპანია „მაესტროს“ მფლობელია და, ბუნებრივია, ნებისმიერი პოლიტიკური გუნდი შეეცდება, ურთიერთობები რაღაც ფორმით გარკვეულ ჩარჩოებში მოაქციოს, თუმცა ვითარება ახალ ხელისუფლებასთან მას შემდეგ დაიძაბა, რაც ცნობილი გახდა ერთი პოლიტიკური მოლაპარაკების შესახებ - გერმანიაში კოტე გოგელია დავით კეზერაშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. წინასწარი ინფორმაციით, საუბარი შეეხებოდა 12-მილიონიან ფინანსურ გარიგებას, საიდანაც 2 მილიონი დოლარი დავით კეზერაშვილმა კოტე გოგელიას უკვე გადაუხადა, ხოლო დანარჩენი 10 მილიონი მოგვიანებით აუნაზღაურდება. კონფიდენციალური წყაროს ვერსიით, არ არის გამორიცხული, ეს ინფორმაცია სიმართლესთან ახლოს იყოს, რადგან კოტე გოგელიას ბიზნესს რუსეთში გარკვეული პრობლემები შეექმნა და ათეულობით მილიონი ვალი დაუგროვდა, თუმცა ირაკლი ოქრუაშვილის გორული ამბიციებისა და სოზარ სუბარის საკმაოდ შელახული იმიჯის ფონზე, კოტე გოგელიას პოლიტიკურ გააქტიურებას, სავარაუდოდ, შემოდგომაზე, სექტემბრისთვის უნდა ველოდეთ.
ვერ გეტყვით, რა ფორმით შევა კოტე გოგელიას პოლიტიკურ გეგმებსა და სქემაში ტელეკომპანია „მაესტრო“ და შევა თუ არა საერთოდ, მაგრამ შესაძლებელია, სწორედ ეს გათვლა ჰქონდეთ სააკაშვილ- კეზერაშვილს. „მრისხანე შემოდგომას“ და ხელისუფლებაში რამდენიმე თვეში დაბრუნებას ნაციონალები დიდი ხანია აანონსებენ. ამის საფუძვლად კი „ქართული ოცნების“ შეუსრულებელ დაპირებებს ასახელებენ... თავად კოტე გოგელია, რომელსაც რუსულ ბიზნეს და პოლიტიკურ წრეებში საკმაოდ დიდი გავლენა აქვს, 2011 წლის 16 მაისს, „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ქართულ ოპოზიციურ სპექტრს ასე აფასებდა: „ორიოდე სიტყვას ოპოზიციურ სპექტრზეც გეტყვით. ბევრისთვის პოლიტიკა ბიზნესია. ამ ადამიანებს თავიანთი ქვეყანა არ უყვართ, სამშობლოს სიყვარულით არაფერს აკეთებენ. მათ მხოლოდ ფული უნდათ. მათგან ბევრი ხელმოცარულია. ვერც ერთ საქმეში ივარგა, პოლიტიკაში წასვლა, პოლიტიკით ფულის შოვნა გადაწყვიტა. ჩვენ შორის ეგ განსხვავებაც არის - მე ფული ნაშოვნი მაქვს და ამ ფულს იქით დავხარჯავ საქართველოს სასიკეთოდ“. როგორც ჩანს, გოგელიას ფული ამჯერადაც ნაშოვნი აქვს (ღმერთმა ბევრი მისცეს). მეტიც, აქვე ამბობს, ,,მსოფლიო მასშტაბით, ქართველი ბიზნესმენების ხელში დღეს 75 მილიარდი დოლარია აკუმულირებული. ამ კაპიტალის მფლობელებს ძალიან უყვართ სამშობლო და უნდათ მონაწილეობა მის აღორძინებაშიო’‘. დღემდე ამ მილიარდების მფლობელები მიხეილ სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას აბრალებდნენ, ,,მდიდარი ადამიანები ეზიზღებათ და ფულს არ გვადებინებენ საქართველოში’‘, თუმცა რაღაც არ მახსენდება, სამშობლოზე შეყვარებული რომელიმე ბიზნესმენი, 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, საქართველოში ჩამოსულიყო და ნაციონალების მიერ დანგრეულ და გაპარტახებულ ქართულ ეკონომიკაში, თუნდაც 1 მილიარდი ჩაედო. ალბათ, გოგელიასა და 75 მილიარდი დოლარის მფლობელი ქართველი ბიზნესმენების აღორძინებულ საქართველოში, მათ გაკეთებულ „სასიკეთო“ საქმეებს შემოდგომაზე დავითვლით, მანამდე კი... 26 მაისია - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და მერაბ კოსტავას დაბადების დღე!