უკრაინაში ჩატარებულ საპრეზიენტო არჩევნებში პეტრე პოროშენკო ლიდერობს. უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ დროისთვის ბიულეტენების 33,2%-ი დაითვალა. ხმათა უმრავლესობა - 54,08% საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის პეტრე პოროშენკოს აქვს.
48 წლის პეტრე პოროშენკო გამოცდილი პოლიტიკოსია. უკრაინაში უდიდესი საკონდიტრო კომპანიის Roshen-ის მფლობელობის გამო "შოკოლადის მეფეს" უწოდებენ. ამასთან, პოროშენკო ფლობს უკრაინაში ყველაზე პოპულარულ საინფორმაციო არხს 5 Kanal TV. როგორც პოროშენკო ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, პირობას დებს, რომ პროევროპულ კურსს გაატარებს და რეგიონში, სადაც პრორუსი სეპარატისტები არიან, მშვიდობას აღადგენს.
პოროშენკო ოდესიდანაა. საარჩევნო კამპანიაში მისი სლოგანი იყო - "ცხოვრების ახალი გზა". პოროშენკო პარლამენტში რამდენჯერმე აირჩიეს. 2009-2010 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, 2012 წელს კი ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრი.
როგორც უკრაინულ Forbes-ს პოროშენკომ ადრე განუცხადა, პოლიტიკაში მოსვლა მან თავად გადაწყვიტა. "არავინ მეძახდა. ამაში გარკვეული რომანტიკაც იყო. საკუთარ თავს რომანტიკოსად ვთვლი, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ შთაბეჭდილებას არ ვახდენ", - ამბობს პოროშენკო.
პოროშენკოს სიყვარულის ისტორია: ერთი სიყვარული მთელი ცხოვრების მანძილზე
გამოცემა Ivona-მ ცოტა ხნის წინ სტატია მიუძღვნა პეტრე პოროშენკოს ოჯახურ ცხოვრებას.
როგორც ამბობენ, ყოველი მამაკაცის უკან ქალი დგას. შოკოლადის მეფემ - პეტრე პოროშენკომ თავისი ერთადერთი სიყვარული იპოვა.
პოროშენკომ თავისი მომავალი მეუღლე მარინა სტუდენტობისას, უნივერსიტეტის ზამთრის სესიის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთ დისკოთეკაზე გაიცნო. როგორც თავად მარინა ამტკიცებს, ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება. კონტაქტურმა, მამაკაცურმა და სპორტით გატაცებულმა პოროშენკომ მომავალი მეუღლე მალევე მოხიბლა.
”მე ამით ყოველთვის ვამაყობდი და მის გვერდით თავს ისე დაცულად ვგრძნობდი, როგორც მყარი კედლის გვერდით”,- განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში პოროშენკოს მეუღლემ.
თუმცა, მათ შეხვედრა მხოლოდ ნახევარი წლის შემდეგ დაიწყეს, რაც ერთად გააგზავნეს ერთ-ერთ კოლმეურნეობაში მოსავლის ასაღებად.
"ოფიციალური მოწვევა არ ყოფილა. უბრალოდ ერთმანეთის გამუდმებით ნახვის გადაულახავმა სურვილმა ჩვენი სამომავლო ურთიერთობა განსაზღვრა. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ, პიკნიკი მოვაწყვეთ, მოგვიანებით კი პეტიამ სახლამდე მიმაცილა. ასე დავიწყეთ ერთმანეთთან შეხვედრა", - ამბობს პოროშენკოს მეუღლე მარინა პოროშენკო.
ერთი წლის შემდეგ წყვილმა დაქორწინება გადაწყვიტა, თუმცა, მოულოდნელად, პეტრე პოროშენკო სამხედრო კომისარიატმა გამოიძახა. შეყვარებულები ფიქრობდნენ, რომ ორწლიან განშორებას ვერ გადაიტანდნენ. ამიტომ მათ მალევე იქორწინეს. ჯარისკაცი პეტრე პოროშენკო სამხედრო ნაწილიდან 10 დღით გამოუშვეს.
პოროშენკოების წყვილს 4 შვილი ჰყავს: 29 წლის ალექსეი, 14 წლის ტყუპი გოგოები ევგენია და ალექსანდრე და უმცროსი მიხეილი - 13 წლის.
ოჯახში პოროშენკოს წესია - არანაირი პოლიტიკა სახლში. ისინი ოჯახში პოლიტიკაზე არ საუბრობენ.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იუშჩენკო პოროშენკოს შვილების ნათლიაა.