"თუ პოროშენკოს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება უნდა, მაშინ სააკაშვილი და მისი ხალხი არ გამოადგება. მიშა დღეს პუტინისთვის არის წითელი ნაჭერი, რომელსაც ხარს ცხვირწინ უფრიალებენ ხოლმე. სადაც სააკაშვილი იქნება, იქ პუტინთან მოლაპარაკება უკვე გამორიცხულია. სააკაშვილს შეუძლია გახდეს კლიჩკოს მრჩეველი, ან დაიკავოს სხვა რომელიმე დაბალი თანამდებობა, მაგრამ არა პრეზიდენტის კარზე. არა მგონია, მიშამ ჩინოვნიკობა მოინდომოს, ის კაბინეტში ვერ გაჩერდება, მთელი დღე უნდა ირბინოს. თუმცა კლიჩკოს მრჩევლად შეიძლება გაფორმდეს, თვითონ იმდენი მრჩეველი ჰყავდა, ფრანგებიდან დაწყებული, ბალტიისპირელებით დამთავრებული, ყველა ყოფილი პრეზიდენტი მისი მრჩეველი იყო, მაგრამ ეს ყველაფერი აწყობს ვაშინგტონსა და ბრიუსელს", - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით ვინ ლობირებს უკრაინაში სააკაშვილის მრჩევლად დანიშვნას და რაში გამოიყენებს ექსპრეზიდენტი ამ პოსტს?
"დასავლეთს აწყობს, რომ სააკაშვილი და მისი მეგობრები იყვნენ უკრაინის პრეზიდენტის გარემოცვაში, რათა მშვიდად დაიძინონ ვაშინგტონშიც. ეს იქნება იმის გარანტი, რომ უკრაინა აღარასოდეს დაუბრუნდება ძველ რუსულ ვექტორს. თუმცა, ვიმეორებ, მათი იქ ყოფნა რუსეთთან მიმართებაში საშიშია, რუსეთი არ შეწყვეტს პროვოკაციებს. რომ შემდგარიყო არჩევნები მთელ უკრაინაში და ჩატარებულიყო იგივე დონბასში, რომელიც ქვეყნის გულია, მაშინ ახალ პრეზიდენტს ნაკლები თავის ტკივილი ექნებოდა. პოროშენკომ ან რუსეთთან თანამშრომლობით ნელ-ნელა უნდა განიმტკიცოს პოზიციები მთელ უკრაინაში და შემდეგ გამოაჩინოს თავისი გეგმები, ან კიდევ ეგრევე დაიწყოს კონფრონტაცია. მეორე გზა რასაც ნიშნავს, პოროშენკომ საკუთარი თვალით ნახა. გარდა ამისა, სულელი მინისტრი ბევრი გვინახავს, მაგრამ მილიარდერი - არა. ამიტომ, პოროშენკომ კარგად უნდა იცოდეს, საით წავიდეს. ეს უკვე გამოჩნდება დაახლოებით 15 დღეში", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცინცაძე.
"რაც შეეხება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას, რუსეთი შეეცდება, ამ ხელმოწერის გამო დაგვსაჯოს, მაგრამ ეს არის ქართული დიპლომატიის გამოწვევა. ახლა მოდის აბანოს დრო, იქ გამოჩნდება, ვის როგორი უკანალი აქვს. თუ ჩვენი დიპლომატები ახლა მშვიდობიანად გამოძვრებიან, მაშინ, ძმაო, ალალი იყოს მაგათზე პრემიები. ლუკაშევიჩის განცხადება არის პირდაპირი პუტინის განცხადება. ლუკაშევიჩი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რუპორია. აგერ გეუბნება, უნდა იფიქროთ ფინანსურ, ეკონომიკურ და სხვა შედეგებზეო, მეტი რაღა უნდა გითხრას? ზურა აბაშიძე ვერ ხედავს, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს არის მუქარა. ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ. ის გეუბნება, ანგარიში გამიწიე, თორემ სხვანაირად მოვიქცევიო. ჩვენ რომ ნატოში მიგვიღონ, ეს რუსეთისთვის ძალიან საშიშია უსაფრთხოების თვალსაზრისით", - განაგრძობს რესპონდენტი.
"პუტინი რაზე გაგიჟდა, როცა უკრაინამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა დააპირა? მოსკოვს ამ ქვეყანასთან უბაჟო რეჟიმი აქვს და ხელმოწერის შემდეგ რუსეთი გაივსებოდა ევროპიდან შეტანილი კონტრაბანდული საქონლით. აქ მთავარი მაინც ის არის, რომ რუსეთი ექცევა ალყაში. ჩვენთან არავინ მიაქცია ყურადღება ილჰამ ალიევის ადმინისტრაციის უფროსის ინტერვიუს, რომელიც დედას აგინებს ამერიკელებს. რამდენიმე დღის წინ ამერიკის ელჩმა, რომელიც ბაქოში ზის, მისცა ინტერვიუ რადიო "თავისუფლებას", სადაც გადაუარა აზერბაიჯანს - აქ დემოკრატია არ არის, ტოტალიტარიზმი მძვინვარებსო. ამაზე ატყდა ერთი ამბავი ბაქოში და ორი დღის წინ ალიევის ადმინისტრაციამ ამერიკას თავზე დაამხო ყველაფერი. გაუხსენეს ლიბია, სირია, ერაყი, ორმაგი სტანდარტები და პირდაპირ უთხრეს, თქვენ ჩათლახები ხართ, სომხებს ეხმარებით იმიტომ, რომ მაგათი ლობისტების ხმები გინდათ თქვენივე ქვეყანაშიო. ჩვენთან ამაზე ანალიზს არავინ არ აკეთებს, შეიძლება დადგეს დრო და რეგიონში მარტო აღმოვჩნდეთ. ახლა იკვრება ძალიან ცუდი წრე - ასეთი განცხადებების შემდეგ აზერბაიჯანი იწყებს ანტიამერიკულ მოძრაობას, ამერიკის ელჩზე წერენ, იდიოტია, საერთოდ ვერ შედგა ელჩადო", - ხაზგასმით აღნიშნავს სოსო ცინცაძე.
"სომხეთი რუსეთს უკვე ჯიბეში უზის. დღე-დღეზე გაიმართება უკვე მეოთხე შეხვედრა რუსეთ-თურქეთს შორის, სადაც ხელი მოეწერება სტრატეგიულ ხელშეკრულებას. ლავროვმა უკვე მიიღო სამხრეთ სუდანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ეს ქვეყანა საერთოდ დავიწყებული იყო და ახლა საბჭოთა კავშირი გამახსენდა. ასევე, მიიღო იემენისა და მალის საგარეო საქმეთა მინისტრები. რუსეთი უკვე აფრიკაშიც ბოდიალობს და საქართველოში დაგიტოვებს რამეს უყურადღებოდ? ამის პარალელურად, ჩვენ ვნახეთ, დასავლეთი უკრაინაში რით შემოიფარგლა, მორჩა, სანქციებზე ლაპარაკი საერთოდ აღარ არის. პირიქით, ახლა ამბობენ, რა კარგია, რომ უკრაინელებმა პოროშენკო აირჩიეს, მაგას შეუძლია, რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაო. მეტიც, პოლონეთის პრეზიდენტი გამოდის და ამბობს, ახალმა პრეზიდენტმა უკრაინაში რუსი მოსახლეობის ინტერესებიც უნდა გაითვალისწინოსო. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ რეალობას ყველა ეგუება, სხვა გზა ვერ მოძებნეს", - დასძენს რესპონდენტი.