საპატრულო პოლიციამ დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საპატრულო პოლიციამ დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმინალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული კონსტანტინე ლ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ კონსტანტინე ლ-ს თბილისში, გამრეკელის ქუჩაზე, შელაპარაკება მოუვიდა 1969 წელს დაბადებულ გიორგი ჯ-სთან და 1993 წელს დაბადებულ ნიკოლოზ ი-სთან, რა დროსაც ორივეს ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეში ჭრილობები მიაყენა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა იგი ადგილზევე დააკავეს. ნიკოლოზ ი. და გიორგი ჯ. გადაყვანილი არიან საავადმყოფოში და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილით და 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).