"დიმიტრი დარბაისელის გადადგომა ჩემი კი არა, მთელი საქართველოს დამსახურებაა. ის ცდილობს, დაგვაჯეროს, რომ თავისი ნებით გადადგა და ქვეყანა უყვარს, თუმცა საქმე სხვაგვარად გახლავთ - დარბაისელი ნარკომანია და იცოდა, ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე მას დასჭირდებოდა ნარკოლოგიურიდან ცნობის აღება, რასაც ვერ შეძლებდა. თანამშრომლებს მძიმე სამუშაოს შესრულებისთვის გამოვუწერე პრემიებიო, ამბობს. სამი კვირის მოსული იყვნენ დეპარტამენტში, ჯიბეები რომ გაივსეს და მაინტერესებს, დაღლა და ღამეების თენება სამ კვირაში მოასწრეს? მაქვს ინფორმაცია, რომ პრემიების სახით გაცემული ორ მილიონზე მეტი თანხა დარბაისელის ჯიბეში დაილექა. უნდა დაიკითხოს ყველა თანამშრომელი - დაგვიდასტურონ, რომ მართლა მიიღეს გამოწერილი პრემიები. იქნებ "ნაციონალების" ე.წ. ობშჩიაკში დააბრუნეს, რომელსაც დარბაისელმა მისცა გზა... მე სასამართლოში შემაქვს სარჩელი დარბაისელის წინააღმდეგ და ის პასუხს აგებს ყველა დანაშაულზე", - აცხადებს დიმიტრი დარბაისელის ყოფილი მრჩეველი ლალი მოროშკინა გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით მოროშკინამ დარბაისელი დაჩანგლა / "მისი ყველა ქმედება ხელისუფლების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად... დარბაისელი "ნაცმოძრაობის" ზონდერია და შეკრულია ოპოზიციასთან".
"ნაციონალურ მოძრაობას" აქვს გეგმა, როგორ უნდა გაიმეორონ უკრაინული მაიდანი საქართველოში. დიმიტრი დარბაისელი "ნაციონალური მოძრაობის" ზონდერია, შეკრულია ოპოზიციასთან და მათ ინტერესებს ემსახურებოდა დეპარტამენტში. ციხიდან უნდოდათ სიტუაციის არევა და ამისთვის დარბაისელს იყენებდნენ. მას 250-კაციანი კბილებამდე შეიარაღებული სპეცრაზმი ექვემდებარებოდა. თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ დარბაისელმა დეპარტამენტი "ნაციონალური მოძრაობის" ერთგული ზონდერებით გაავსო. ყველა ამოცნობილია და მათ მიმართ უნდა დადგეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი. სოზარ სუბარმა რამდენჯერმე რომ გამოთქვა სამსახურიდან წასვლის სურვილი, სწორედ იმ მორალური წნეხის შედეგი იყო მისი განცხადებები. დარბაისელის ყველა ქმედება ხელისუფლების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. ამ კაცმა ისიც კი გაბედა, რომ ციხეების მონიტორინგის დროს სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფი დაეკავებინა. მან კარგად იცოდა, რომ მონიტორების შეურაცხყოფის გამო სკანდალი ატყდებოდა, რაც ხელისუფლებას დააზარალებდა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლალი მოროშკინა.
"როცა ზონდერები მოიყვანა დარბაისელმა უწყებაში და რამდენიმე კარგი თანამშრომელი გააგდო, მისი მიზნები და მოყვანილი ხალხი ამოვიცანი. ამიტომ ავდექი და ამის შესახებ მოდულში მივიტანე ინფორმაცია. დარბაისელს, ცხადია, არ უნდოდა, მათ გვერდით ვყოფილიყავი, ამიტომ შემომთავაზა, სამსახურში არ მევლო და ხელფასს ისე მივიღებდი. ეგონა, კონფორმისტი ვიყავი და მის შეთავაზებას დავთანხმდებოდი. დეპარტამენტში განვითარებულ მოვლენებზე მიტანილ განცხადებაზე მოდულში რეაგირება არავინ მოახდინა, სამაგიეროდ, ეს ინფორმაციები "ნაციონალების" ხელში მოხვდა", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ის ცოტა ხნის წინ 2006 წლის ბუნტის გამეორებასაც გეგმავდა ციხეში, სპეცრაზმით აპირებდა, დაუმორჩილებელ პატიმრებს გასწორებოდა, მაგრამ მინისტრის პრინციპულობის წყალობით დაგეგმილი პროვოკაცია ჩაიშალა. ჩვენ მოვითხოვთ, დაიწყოს ამ საქმეების გამოძიება. გამოსაძიებელია პატიმარ ფარტენაძის მკვლელობის საქმეც. იგი იმ ციხეში მოკლეს, სადაც არ უნდა გადაეყვანათ. გამოძიების დასრულების შემდეგ გამოაშკარავდება დარბაისელის ნამდვილი მიზნები და პასუხსაც აგებს ყველაფრისთვის", - დასძენს ლალი მოროშკინა და შეკითხვას - "სკანდალი პრემიების დარიგებით დაიწყო... თუმცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის განცხადებით, თქვენც მიიღეთ სოლიდური პრემია..." - პასუხობს:
"დამიმტკიცონ, რომ 27 ათასი მაქვს პრემიის სახით მიღებული - დადონ ყველა ფურცელი, ყველა მამხილებელი დოკუმენტი. სასამართლოში საია-სთან ერთად დავიწყებ პროცესს და ამ ბრალდებების გამო ყველა აგებს პასუხს! მათ 40-40-ათასლარიანი პრემიები აქვთ აღებული. მე მოვითხოვ, გამოქვეყნდეს ჩემი ხელფასის ამონაწერი 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან გათავისუფლებამდე"