ჟურნალისტ ერეკლე ცოცანიძის შოკისმომგვრელი მოგონებები გლდანის ციხეზე
ერეკლე ცოცანიძე, მაკა მოსიაშვილის მსგავსად, ჟურნალისტია და მანაც “მიხეილის ციხის ჯოჯოხეთი” საკუთარი თვალით ნახა... სხვათა შორის, მაკა მოსიაშვილი, ერთ-ერთი პარტიის პროპორციული სიით, თელავის საკრებულოს დეპუტატის მანდატისთვის იბრძვის. “ქართული სიტყვა” მაკას წარმატებას უსურვებს და იწყებს ერეკლე ცოცანიძის ციხის შოკისმომგვრელი დღიურის გამოქვეყნებას. “2012 წელს, გლდანის საპყრობილეში გადაღებულმა კადრებმა მსოფლიო შეძრა. კადრებზე წამება იყო ასახული. მას შემდეგ, რაც 2011 წლის მაისში, გლდანის მერვე დაწესებულებაში მოვხვდი, მიზნად დავისახე, დეტალებში მომეყოლა საზოგადოებისთვის, თუ რა პირობებში უხდებოდათ პატიმრებს ცხოვრება. მე გიამბობთ ყველაფერს პირდაპირ და შეულამაზებლად, სახელებითა და გვარებით, წუთებითა და წამებით და თქვენ პირველები გაიგებთ სიმართლეს, რომელიც აქამდე არ იცოდით”, - ნათქვამია ერეკლე ცოცანიძის ციხის დღიურის წინასიტყვაობაში...
5 ივნისი, 2011 წელი
საშინელი დაჯახუნების ხმაზე წამოვხტი.
- პურია, აიღეთ “ბლიად”, - დაიძახა ვიღაცამ. ორი ბიჭი მაშინვე მივარდა “კარმოშკასთან” და პური პარკში ჩაალაგა.
- ადექი, ძმაო, პირი გაიპარსე, მალე საუზმე მოვა, მერე კი, ოფიცერი გაგიყვანს, - მითხრა ერთმა.
ჩამოვედი. სიგარეტს გავუკიდე, მეორემ ხელი გამომიწოდა და ამაპრიტი მქვიაო, მითხრა. გამიკვირდა. რომ დავაკვირდი, ქართველს არ ჰგავს. ინდოელი ყოფილა, გაყალბებაზე დაუჭერიათ. 21 წლისაა. საკნის მაცხოვრებლებმა, ნელ-ნელა გაიღვიძეს. გავიცანი. ნორმალური ხალხი ჩანს, ერთი შეხედვით. მაინც ვერიდები კონტაქტს. აღარ მჯერა, თუ არსებობენ სუფთა გულის ადამიანები, მით უმეტეს, ამ ბინძურ სისტემაში.
მალე საჭმელი მოვიდა - მანი და ჩაი. მანი იმდენია, ჯამის ძირი ძლივს იფარება. აღარ ვჩივი, საკუთარი ჯამი, კოვზი და ჭიქა მაინც მაქვს.
ვისაუზმეთ, გამოიკითხეს “სვაბოდის ამბები”. ამ დროს კარი გაიღო და კონტროლიორმა ჩემი გვარი დაიძახა. ბიჭებმა გამაფრთხილეს, რომ გახვალ, ხელები უკან დაილაგე, თორემ მოგხვდებაო.
მეტი რა გზაა.
გავედი, ოფიცერი ახალგაზრდაა - ჩემი ხნის იქნება. გვერდით, “კამერის” კარი გააღეს, შევედით - აბანო ყოფილა. “საროჩკა” გამახდევინა, დამათვალიერა, ეტყობა, იოლად გადარჩიო, მითხრა და წესები ამიხსნა - ხმა არ უნდა გამოვიდეს გარეთ, დაბალი ხმით ილაპარაკე, წესებს აგიხსნიან და იცოდე, რომ ამ წესების დარღვევა სასტიკად ისჯებაო..
უკან დავბრუნდი. აბანოსთვის გავემზადეთ. გამაფრთხილეს, სწრაფად უნდა იბანავოო. “კამერის” კარი გაიღო... გავედით. ჯერ წყალი გადავლებული არც კი მქონდა, დროზე, დროზე, წავედითო, დაიძახა ვიღაცამ. ნახევრად სველმა ჩავიცვი ტანსაცმელი და გავედით “კამერაში”. გამიკვირდა, ეს რა იყო-მეთქი. ასეა, ძმაო, კარის გახსნიდან დახურვამდე 10 წუთი გვაქვს თავისი ბანაობითო. მივხვდი, რომ შემდეგზე უფრო მობილიზებული უნდა ვიყო. ბიჭებმა ამიხსნეს, უსახელო მაისური, შორტი, ბრიჯი და მსგავსი ტანსაცმელი არ შეიძლება, წვერს ყოველ მეორე დღეს ვიპარსავთ, სარეცხს “კამერაში” ვრეცხავთ და მხოლოდ ღამის ათი საათის მერე შეიძლება გაფენაო.
ვისადილეთ, წამოვწვები-მეთქი, ვიფიქრე და ჩემს საწოლზე ასვლა დავაპირე.
- რას აკეთებ, ძმაო, “გვიჩალიჩებ”? საღამოს “პრავერკამდე” შანსი არ არის, შემოვლენ და დაგვლეწავენ, როგორც კი “ვაჩოკი”, ანუ სათვალთვალო გაიხსნება, ფეხზე ვდგებით ყველა და ასე ვართ, სანამ არ დაიხურება. აგერ, “შაშია”, რადიო, წიგნები გვაქვს და ამით ვერთობით...
კამერაში ყველაზე უმცროსი ინდოელია, ყველაზე უფროსი - გელა. დანარჩენი თითქმის ერთი ასაკის ვართ. საჭმელს და პურს მორიგეობით იღებენ... ხვალიდან მეც შევუერთდები. ხვალ “პრაგულკაზე” გავიდეთო, - მითხრეს, - ისე არ დავდივართ, მერე სულ მიზეზს ეძებენ, რომ დაგვლეწონო. გამიკვირდა და ამიხსნეს, თურმე, როდესაც გასეირნებებზე გაჰყავთ, საღამოს ცვლა შინ გვიან მიდის და არ სიამოვნებთ.
მოკლედ, ეს დღე ასე გაილია, ჯერ ისევ დაღლილი ვარ. დღეს საკუთარ თავთან მარტო ვერ დავრჩი. ასეა, ალბათ, პირველი დღე. ჩემს საწოლზე ავედი, წამოვწექი და გავაბოლე, რადიოს ვუსმენთ. უცებ, რადიო დადუმდა და ვიღაცამ დერეფნიდან დაიძახა:
- ჩაქრა შუქი, “ბლიად”!
მამუკამ შუქი გამორთო და საწოლზე ავიდა. ამით მივხვდი, რომ ზუსტად 10 საათი იყო. ყველანი გავჩუმდით. ფიქრებს ძილმა დაასწრო და თავის სამყაროში წამიყვანა.
6 ივნისი, 2011 წელი
დილით ნაცნობმა ბრახუნმა გამაღვიძა.
- “პრაგულკა”, - დაიძახა ვიღაცამ.
- გავდივართ, - იყო პასუხი ჩვენი “კამერიდან”.
ავდექით.
საჭმელი მოვიდა, მერე, “პრაგულკაზე” გაგვიყვანეს:
ჩვეულებრივი “კამერაა”. უბრალოდ, სახურავი არ აქვს და შიგნით არაფერი დგას. მხოლოდ ცას ვხედავთ.
ასე, ნახევარ საათში, დავბრუნდით “კამერაში”. ვისაუზმეთ და სხვადასხვა გასართობს მივყავით ხელი. მამუკამ საყვედური თქვა, ერთი და იგივე ხალხი დგებაო ყოველ დილით პურის ასაღებად. ვიღაც შეეკამათა, დაბალ ხმაზე საუბრობდნენ. უცებ კარი გაიღო და ოფიცერი შემოვიდა.
- რა დღეში ხართ, თქვე ყ...ბო, რომელს გინდათ ქურდობა, აქ “რეჩს” რომ კითხულობთ, თქვენ დედას შევ..ი!
სათითაოდ დაგვიწყო ცემა: ხელები ზურგს უკანო და ხან ერთს გვხვდებოდა მუცელში წიხლი, ან ბეჭებში იდაყვი და ხან - მეორეს.
გული რომ იჯერა, “ტრაკები” დააყენეთო, გვითხრა და გავიდა.
- ასეც ვიცოდიო, - თქვა გელამ, - რამდენიც “პრაგულკაზე” გავედით, ასე ჩაგვისაფრდნენ, კიდევ კარგი, “რეჟიმი” მაინც არ ამოიყვანაო.
“რეჟიმი” ცალკე სადამსჯელო განყოფილებაა. ყველაზე უმოწყალო “ნაროდი” ციხის ადმინისტრაციაში.
საღამოს, შემოწმების მერე, საწოლზე ავედი, წამოვწექი და ფიქრებში წავედი:
ნეტავ, როგორ არიან სახლში, როგორ არის შოთიკო, მზია, სოფო?
მერე, დავფიქრდი. მინდოდა, გამეაზრებინა, კიდევ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო გარეული ამ ყველაფერში. მხოლოდ ორი პიროვნება ტივტივებდა მეხსიერებაში - ლალი გოგოჭური და ვანო ნინოშვილი, ორი დამპალი სულის ადამიანი.
ვფიქრობდი გოგაზეც, როგორ სჭირდებოდა მას ახლა ჩემი გვერდით ყოფნა.
ვფიქრობდი ირაკლიზე, უწესიერეს, უსუფთავეს კაცზე, რომლის მეგობრობითაც ვამაყობ.
გოგი ადამიანია, რომელმაც, ფაქტიურად, მამობა გამიწია მამაჩემის დაღუპვის მერე. ვიცი, ყველა ამ ადამიანს სტკივა ჩემი აქ ყოფნა. მადლობა მათ, მადლობა ყველას, ვინც არ იჯერებს ჩემი ბრალდების სიმართლეს.
ხვალ ორშაბათია.
ალბათ, ადვოკატი მოვა და რამე ახალს გავიგებ.
შუქი ჩაქრა...
უკვე ათი საათია...
ვერაფრით დავიძინე კიდევ დიდი ხნის განმავლობაში...
არც კი მახსოვს, როდის ჩამეძინა.
7 ივნისი, 2011 წელი
საწოლზე ვწევარ და სიგარეტს ვაბოლებ.
გამახსენდა, რომ კვირაზე მეტია, ყავა არ დამილევია და ნერწყვი მომადგა...
ორშაბათია...
რაღაც უცნაური შეგრძნება მაქვს, თითქოს რაღაცას ველოდები...
სასაცილოა!
ჩამოვედი...
პური ავიღე...
ხელი მოვაწერე, რომ “პრაგულკაზე” არ გავდივართ და მაგიდასთან დავჯექი. “ახალი აღთქმა” გადავშალე და კითხვა დავიწყე. ათეისტი არ ვარ, თუმცა რომ ვთქვა, ყოველ შაბათ-კვირას წირვაზე დავდიოდი-მეთქი, ტყუილი იქნება. კითხვამ გამიტაცა...
ნელ-ნელა ბიჭებიც ადგნენ. მამუკა, როგორც წესი, რაღაცას ოხუნჯობს.
საჭმელი ჩამორიგდა.
წიგნი დავხურე და საუზმეს შევექეცით.
ჩაი წყალწყალაა, კოწახურის კანფეტი ჩავაგდე, რომ ოდნავ გემო შეიცვალოს. გელა იძახის, თურმე, ჩაიში პოტენციის საწინააღმდეგოს ურევენო.
მეცინება, რაში გაახსენდა ამ დროულ კაცს?
მანის, როგორც წესი, არც მარილი აქვს და არც - სიტკბო, მაღაზიაში ნაყიდი “სგუშონი” მოვასხით.
აქ ყველას თავის საბანკო “კარტა” აქვს. ზოგს ურიცხავენ ოჯახიდან, ზოგს - ვერა. ამიტომ, “კამერაში” ყველაფრის ყიდვა ერთად ხდება, ერთად ვატანთ და ვის “კარტაზეც” “ზის” ფული, იქიდან ხსნიან. მითხრეს, შენ “კარტას” ორი კვირა არ მოგიტანენო. ამიტომ, ადვოკატი რომ მოვა, რომელიმე თანასაკნელის საბანკო რეკვიზიტებს ვეტყვი და მის “კარტაზე” დამირიცხავენ.
ამასობაში, თორმეტსაათიანი საინფორმაციო დაიწყო რადიოში.
კარი გაიღო და კონტროლიორმა ჩემი გვარი დაიძახა,
- ერეკლე მერაბის ძე!.. ადვოკატთან, გაემზადე!
ფეხზე ჩავიცვი, კარი გაიღო და წავედი.
აბანოში შემიყვანეს, კიდევ ორი პატიმარი დამხვდა, თავის დაკვრით მივესალმეთ ერთმანეთს კონტროლიორის შეუმჩნევლად - აქ ხომ მისალმება ცემით ისჯება.
მერე, თანამშრომელი მოვიდა, პატიმრები მას “თაქსს” ეძახიან, ანუ თანამშრომელი, რომელსაც ადვოკატთან, მოძღვართან, ან პაემანზე გაჰყავხარ.
“კამერაში” აყვანის შემდეგ, პირველად შევეხე ფეხით დედამიწას.
ირმა ოთახის კართან მიცდიდა.
მივედი...
მივესალმე...
დავსხედით...
ოჯახი მოვიკითხე, ჩემები, მზია, შოთიკო, სოფო, პატარა ბოხუტა. გავიგე, რომ ყველანი ერთად არიან და ყველაფერს აკეთებენ ჩემთვის. ასეც ვიცოდი.
გავიგე, რომ ჩემები ექვსს სთავაზობენ, პროკურატურა უარზეა, 3 000 უნდა გადაიხადოთ და რაღაც პერიოდი ჩაჯდესო.
გავიგე, რომ ჩემი დაჭერის შემდეგ, ინფორმაციამ ადგილობრივ მედიაში გაჟონა. ჩემები კომენტარს არ აკეთებენ, მხოლოდ გოგას უთქვამს ორი სიტყვა და კიდევ - გია ყრუაშვილს, ჩვენი პარტიის ერთ-ერთ ლიდერს.
აუდიენცია დასრულდა და ოთახში ამოვედი.
სანამ წამოვიდოდი, ადვოკატს მამუკას რეკვიზიტები ჩავაწერინე და ფულს იქ დამირიცხავენ დროებით.
“კამერაში” რომ ავედი, მაღაზია “მოსული” დამხვდა. ახალი პრესა იყო, “კვირის პალიტრა” და “რეიტინგი”. მთელი დღე მის კითხვაში გავატარე...
უკვე დაბნელდა...
საშინელი ღრიალი ატყდა, რომელსაც გინების ხმა და ბაგა-ბუგი დაერთო. იშვიათად მომისმენია ასეთი ფორმებით გინება - ყველა ბრუნვაში. აშკარა იყო, რეჟიმის განყოფილება რომელიღაც კამერაში სადამსჯელო ღონისძიებას ატარებდა.
შემზარავი ყოფილა ზრდასრული მამაკაცის ტირილის მოსმენა!
წარმომიდგენია, რა უმოწყალოდ ურტყამენ!
აქ ხომ პატიმარს, როგორც საქონელს, ისე უყურებენ!
შუქი ჩაქრა...
ფიქრებში წავედი...
გამახსენდა მთელი ჩემი ცხოვრება.
ნელ-ნელა ძილმა თავი წამართვა და ნისლში ჩავიძირე.
8 ივნისი, 2011 წელი
ვიღაცის ღრიალმა გამაღვიძა...
გამოდით, გამოდით... დროითო, - ყვიროდა ასე, სამი-ოთხი ადამიანი.
წამოვხტით...
სწრაფად ჩავიცვით.
“შმონია”, - თქვეს ბიჭებმა.
ცოტა ხანში კარი გააღეს...
- დროზე, გამოვიდა, დროზე, ბიჭო!
კაკო ავადმყოფია და ვერ დადის...
- დროზე, დროზე, შე ყ..ო, შენ ხომ არ ანძ..ვ! - გაისმა მისი მისამართით.
აბანოში გაგვიყვანეს.
გაგვაშიშვლეს...
“კამერაში” რომ დავბრუნდით, ყველაფერი არეული დაგვხვდა -
ტანსაცმელი გადმოყრილი, პირსახოცები და ჰიგიენის ნივთები იატაკზე ეყარა.
ჩვენ დალაგება დავიწყეთ.
ამასობაში საუზმეც მოვიდა.
საუზმის შემდეგ ისევ წიგნებს მივუჯექი.
ფიქრმა თავი წამართვა, წუხანდელი სიზმარი გამახსენდა:
სახლის კიბეებზე შოთიკო ამოდიოდა, წითელი მაისური ეცვა და ხელში თასი ეჭირა, რომელზეც მწვადის შამფურები ელაგა. ამოდიოდა და იღიმოდა. მე კი, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მეჩქარებოდა - ციხეში ვიყავი დასაბრუნებელი!
ნელ-ნელა ადაპტაცია გავიარე - კონტაქტში შევდივარ ბიჭებთან. ჩვენს ინდოელს “მოჭოტას” ეძახიან. რატომ დაარქვით-მეთქი, რომ ვიკითხე, გაეცინათ. ასე იძახის, მიშა, შენი სანდრა უნდა “მოვჭოტოო”, მიპასუხეს.
მეც გამეცინა.
ისე, საკმაოდ ჭკვიანი ბიჭია. სადღაც, ორ თვეში მშვენივრად აუთვისებია ქართული. მაინც ვცდილობ, ინგლისურად ვილაპარაკო - აქედან სხვა რა სიკეთე უნდა წავიღო, გარდა იმისა, რომ ცოტა ენა გავიტეხო ინგლისურში?!
მიჭირს ინგლისურად ლაპარაკი, მაგრამ არ ვეპუები, “მოჭოტას” და კაკოს ვთხოვე, რაც შეგეძლებათ, გამისწორეთ-მეთქი. “მოჭოტა” სნგხია - სამეფო გვარის წარმომადგენელი. თურმე, თავის მეგობარ სტუდენტებს, საბერძნეთში ცხოვრების ყალბ სტიკერებს უკრავდა პასპორტში და საცხოვრებლად უშვებდა. ახლა განაჩენს ელოდება, 20 000 ათასის გადახდის შემთხვევაში, ერთ წელს აკმარებენ, როგორც ადვოკატი ეუბნება.
კაკო ახალგაზრდა კაცია, თუმცა დისკოზი თუ რაღაც მსგავსი აწუხებს და ვერ დადის, თან შაქარი აქვს. რომ ვკითხე, რაზე ხარ-მეთქი, მითხრა, მე და ჩემი ძმა ვჩხუბობდით, ბებიაჩემი შუაში ჩაგვიდგა, შემთხვევით გადავარდა და დაიღუპაო. საკმაოდ განათლებულია და შემეცოდა. ვიფიქრე, ალბათ, თვითონაც ნანობს-თქო. მერე მითხრეს ბიჭებმა, საბრალდებო დასკვნა რომ მოუვიდა, მალავდაო. არადა, ციხეში წესია და დაუწერელი კანონი, ერთ “კამერაში” მცხოვრებმა ადამიანებმა, ერთმანეთის შესახებ უნდა იცოდნენ. წაურთმევიათ, როგორც ამბობენ, დასკვნაში ეწერა, რომ საკუთარი მწოლიარე ბებია მოკლა ჩამჩით.
საღოლ, მაგარ ტიპთან ერთად ვარ “კამერაში”!
რა უნდა დაგიშავოს ადამიანმა, რომ ლოგინში დაადგე და ჩამჩა ურტყა თავში 80-ს გადაცილებულ, უსუსურ ქალს?
ბებიაჩემი გამახსენდა, მარგო ტყავაძე. მან გამზარდა, ფაქტიურად, მშობლები და ჩემი და, ძირითადად, სოფელში იყვნენ. ჩემს ოჯახზე მოგვიანებით მოვყვები...
გელამ მითხრა, მოდი, “შაში” ვითამაშოთო.
დავთანხმდი. არადა, მგონი, წლებია, არ მითამაშია. ასე 5-6 ხელი ვითამაშეთ, გამანადგურა. გადავწყვიტე, სანამ აქ ვარ, ამ თამაშსაც დავეუფლო.
“მაესტროზე” საინფორმაციო დაიწყო. ჩუმად ვუსმენთ - არ უნდა გაიგონ ზედამხედველებმა, თორემ წაგვართმევენ.
ნაწილი მაღაზიის სიას აკეთებს - ჩვენ თუ არ ვიზრუნეთ აჯიკაზე, მაიონეზზე, სვანურ მარილსა და სხვა სანელებლებზე, ამათ საჭმელს ხომ საერთოდ გემო არ აქვს, მარილსაც კი არ “უკეთებენ”!
ჩვენ ვყიდულობთ საპონს, სარეცხის ფხვნილს, ჭურჭლის ჟელეს. მოკლედ, ჩვეულებრივი ოჯახური პრინციპით ვცხოვრობთ.
საინფორმაციო დამთავრდა...
შუქი ჩაქრა და დავწექით.
ახალი ჩაძინებული ვარ, ვიღაცის ყვირილმა და გინებამ გამაღვიძა.
დამთრგუნველი ხმები ისმის - რომელიღაც “კამერაში” პატიმრები ბღავიან, სადღაც ახლოს არის.
ცემა-ტყეპა ასე, 20 წუთი გრძელდებოდა.
მერე გავიგეთ, როგორ გაიარეს გინებ-გინებით რეჟიმის თანამშრომლებმა.
ნერვული აღგზნება მაქვს - ცახცახმა ამიტანა. შიშის - არა, ტკივილის ცახცახმა.
არ ვიცი, რატომ სცემდნენ იმ ბიჭებს, რა დააშავეს, მაგრამ ერთი ნამდვილად ვიცი: დანაშაულზე პასუხი კანონით უნდა აგო ნორმალურ ქვეყანაში და არა - საკუთარი ტყავით.
თითქმის თენდებოდა, როცა ჩამეძინა...
9 ივნისი, 2011 წელი
ბიჭებმა გამაღვიძეს, მითხრეს, უკვე გვიანია, რომ შემოიხედონ, ხომ იცი, ტვინს მოტ......ო.
ავდექი.
ის იყო, გაციებულ ჩაის გემო გავუსინჯე, რომ ოფიცერმა შემოიხედა, წყნარად იყავითო, დაგვიბარა და წავიდა.
კონტროლიორი ახალია - ყოველ 5 წუთში იყურება, ჩვენც ყოველ 5 წუთში ფეხზე ვდგებით.
ნერვები უკვე გასივდა.
რამაზმა და კობამ რაღაცაზე იკამათეს. ოფიცერმა გაიგო, შემოვიდა. რომ ვერ გაარკვია, ვისი ხმა იყო, კაკოს, “მოჭოტას” და გელას გარდა, ყველას დაგვარტყა, ვის მუცელში, ვის - ფერდში, ვის - ბეჭებში.
- “ტრაკს” თუ არ დააყენებთ, დედას მოგიტ....თო და გავიდა.
- კარგი, რა, რა “გაატრაკეთ” საქმე, აიყვანეთ თავი ხელში, - თქვა მამუკამ.
იქვე ჩამოვჯექი...
სუთქვა მაქვს შეკრული დარტყმისგან, უფრო მეტად კი, ბოღმა მახრჩობს.
ჩემი სასამართლო 2 ივლისს არის ჩანიშნული.
ნეტავ, სადამდე წავა პირსისხლიან სააკაშვილს დამონებული, თვალახვეული თემიდას სიბინძურე?
რამდენს მოგვცემენ მე და დათოს?
მთელი დღე უაზროდ გავიდა...
მთელი დღე ვფიქრობდი.
თუ რამე ფუნქცია არ შევძინე საკუთარ თავს, აქ, ალბათ, გავგიჟდები. რა შეიძლება, სასიკეთო გავაკეთო?
ვერაფერი მომიფიქრებია.
ამასობაში მაღაზია “მოიტანეს” - პრესა, სიგარეტი, საპონი, ჭურჭლის ჟელე, სანელებლები.
ჟურნალ-გაზეთებზე ტაციაობაა. ეს ხუმრობით, თორემ სად წავა - ყველა წავიკითხავთ.
საინფორმაციო დაიწყო.
საღამოს ცხრა საათია.
სანთელი ავანთე და ლოცვას ვკითხულობ, ღმერთს პატიებას ვთხოვ.
პატიებას ყველაფერი ცუდისთვის, რაც გამიკეთებია ოდესმე.
დავწექი...
მალევე ჩამეძინა.
კარის ჩხაკუნმა გამაღვიძა.
- რა დღეში ხართ, თქვენი დედები მოვტ...ნ, - ღრიალით შემოვარდა ვიღაც.
ნორმალურად ჩაცმაც ვერ მოვასწარით.
- ვინ არ ისვენებს, თქვე ყ...ბო, რა დედის ტ...ნა გინდათ, გამაგებინეთ, - ყვიროდა ვიღაც მუტრუკი.
ასე, რვანი იყვნენ...
კაკომ უთხრა, ინდოელს დაველაპარაკე, ცუდად ვიყავი და წყალი ვთხოვეო.
ისევ იგივე სამეული გააცალკევეს.
კაკო ავადმყოფია და შეიძლება, ერთ დარტყმაში მოკვდეს.
ასევეა, გელაც, თან უკვე საკმაოდ მოხუცია, “მოჭოტა” ინდოელია და დიპლომატები ხშირად აკითხავენ...
ჩვენ კი, ვინც არც ავადმყოფები ვართ და არც - უცხოელები, გვირტყამენ.
გვირტყამენ მუცელში, ბეჭებში, გვერდში. გვირტყამენ ხელს და წიხლს, თან ისე, რომ ხელები ზურგს უკან უნდა გველაგოს...
წელში გაგვასწორებენ და ყურებში გაშლილ ხელებს ერთდროულად გვირტყამენ...
გიას ცხვირიდან სისხლი წასკდა და თავი გაანებეს.
მამუკას ყურიდან სითხე მოსდის...
ჩვენ წელში ვერ ვიშლებით.
ეს ღრიანცელი, ასე, 20-25 წუთი გრძელდებოდა.
გული იჯერეს, სისხლი ამოგვწოვეს და გავიდნენ!
ძლივს ავბობღდით მეორე სართულებზე.
დავწექი.
ყველაფერი მტკივა.
ვატყობ, მალე ჭკუაზე შევცდები, თუ ასე გაგრძელდა.
არ ვიცი, რომელი საათია...
შორს “ტრაილერმა” სიგნალი მისცა, გაბმული სიგნალი და ვატყობ, ძილის ბურანში ვეხვევი.
12 ივნისი, 2011 წელი
მზის ამოსვლას ფეხზე შევხვდი - რატომღაც ადრე გამეღვიძა. ამიტომ, პური ვისაც უნდა აეღო, აღარ გავაღვიძე. სანთელი ავანთე და ლოცვა წავიკითხე.
აშკარად სული დამიმშვიდდა.
პურიც მოვიდა, ავიღე და მაღაზიაში ბარათები გავატანე - სიგარეტი და სანელებლები შეგვიცოტავდა.
რამაზი გავაღვიძე და საჭმელი ავიღეთ, უმარილო “გერკულესია”, ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ამ მასის ჭამა მომიწევდა. არასოდეს მიჭამია ეს ფაფა, თან ისე კარგად არის გაკეთებული, ჩენჩოები პირდაპირ გახრჩობს, რომ გადაგცდება.
ყვირილი ატყდა ჩვენს ქვემოთ.
- შენ ვინ გგონივარო, - ყვირის ვიღაც ქალი და უშვერად იგინება.
დამავიწყდა მეთქვა: ჩვენს ქვემოთ სამზარეულოა, დღეს კი, - ლობიოს დღე.
ლობიო, როგორც ბიჭებმა ამიხსნეს, პატრიარქის საჩუქარია. ასევეა, - თევზიც, რომელიც შაბათ საღამოს მოდის კაცზე თითო ნაჭერი და აქ დელიკატესად ითვლება.
გიას დაუძახა კონტროლიორმა, გაემზადეო. უკვე შვიდი თვეა, აქ “ზის”, არადა, სულ ერთი წელი აქვს მისჯილი.
“ეტაპშია”.
“ზონაზე” მიდის.
გია წავიდა.
მე მის ადგილზე გადავინაცვლე, სატრანზიტო საწოლი კი, ახალ პატრონს ელოდება.
პარასკევს დაშლიან, ალბათ, “კარანტინს” და ამოიყვანენ ვინმეს.
მაღაზია მოიტანეს...
გვესმის, როგორ არიგებენ “კამერებთან”.
გავიჭყიტეთ ჭუჭრუტანაში და გაგვიხარდა, რომ ჩვენს კართან პარკი იდო - ესე იგი, დაგვერიცხა რომელიღაცას.
საერთოდ, საშუალოდ მაცხოვრებელი “კამერა” ვართ - სიგარეტის და აუცილებელი ნივთების პრობლემა არასოდეს გვქონია ჯერჯერობით. ასე, სამ ადამიანს რეგულარულად “გვიჯდება” ფული, კვირაში ერთხელ. მიკვირს, ჩემები რომ ახერხებენ ამდენს. იმას ვერ ვიგებ, ვინ მისვამს თანხას.
სხვა მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა.
უბრალოდ, დღეს, 8 კაცის მაგივრად, შვიდნი ვართ.
შუქი ჩაქრა და ყველამ ძილს მივეცით თავი.
14 ივნისი, 2011 წელი
ბოლო პერიოდია, ძილი შუაღამისას მიკრთება და ვეღარ ვიძინებ. სამაგიეროდ, საღამოს მეძინება მკვდარივით. დღესაც უთენია ავდექი, ვილოცე და “ახალი აღთქმის” კითხვას შევუდექი.
საჭმელი და პური მოვიდა. მაღაზიის ბარათებიც გავატანეთ.
დღეს პრესა მოვა, ჟურნალ-გაზეთები. “სარკეში” და “გზაში” პატიმრებისთვის განკუთვნილი შეტყობინებები იბეჭდება. თუ მოიფიქრეს ჩვენებმა, მომწერონ, იქნებ, რამე.
12-საათიანი საინფორმაციო ჯერ დასრულებული არ იყო, რომ “სოციალი” მოვიდა და წიგნები მოგვიტანა. დავხედე და კონსტანტინე გამსახურდიას „დავით აღმაშენებელი“ უზომოდ გამიხარდა - პირველი, მეორე და მესამე ტომებია. ხარბად დავუწყე კითხვა, თითოეულ ბწკარს, აბზაცს ვკითხულობ. სტრიქონს არ ვტოვებ. ერთი სული მაქვს, დავამთავრო და დანარჩენი ტომები მოვატანინო.
დღეს რამაზს “პაემანი” აქვს და მთელი არსებით ემზადება - ტანსაცმელი გამოიცვალა, “ტაპკები” ჩაიცვა და კონტროლიორმა რომ დაუძახა, ასე, ორი საათის ჩაცმული იყო უკვე.
საღამოს რადიოდან ნაცნობი ხმა მოისმა - სისხლი გაიყინა ძარღვებში. ეს იყო საოცრად თბილი და ალერსიანი ხმა, ხმა ადამიანისა, რომელმაც თუშური ლექსი მთელ ქვეყანას შეაყვარა - ქალბატონი ეთერ თათარაიძე, თუშებისთვის კი, უბრალოდ, ეთერო, ყვებოდა რაღაც ისტორიას. სმენად ვიქეცი, ბიჭებს ვთხოვე, ცოტა ხანი აღარსად გადართოთ-მეთქი. მისმა ხმამ თუშეთის მთებში წამიყვანა, თვალწინ დამიდგა ზაფხულის თოვლი. დეკის სურნელით გაჟღენთილი ჰაერი და ღია იასამნისფრად აელვარებული, ნამტირალევი ფხიჯა - ეს ულამაზესი ყვავილი.
გამახსენდა ჩემი პატარა სახლი ომალოში, გამახსენდა და ჩემდა გასაოცრად ცრემლი მომერია.
ახალი შებინდებული იყო, რამაზმა თქვა, კატაფალკა შემოვიდა “ერ-ბე-ზე”-ო. ამ სახელს აქ ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ეძახიან, რომელიც გვერდით ეზოშია. კატაფალკის შემოსვლა კი იმას ნიშნავს, რომ მიცვალებული უნდა გაასვენონ.
ყველამ ერთად ქუდი მოვიხადეთ და უფალს მისი სულის განსასვენებელში მიღება ვთხოვეთ.
ამ დღემაც ასე ჩაიარა...
ვწევარ და არ მეძინება.
ავდექი...
“პარაშაში” შევედი. იქიდან გამოსულმა შევამჩნიე, რომ ობას გაუშლია გაზეთი და თითქოს კითხულობს.
გამიკვირდა - “კამერაში” ბნელა.
- რას აკეთებ-მეთქი.
გაეცინა..
- გარედან, ფანჯარაში, შუქი ურტყამს და ვკითხულობო, - მითხრა.
გამეცინა - მშვენიერი მოფიქრებაა.
სამწუხაროდ, ჩემს საწოლს არ ურტყამს შუქი.
კბილი ამტკივდა, თანდათან მიმატებს ტკივილს...
უნდა ვცადო დაძინება, სანამ უფრო ძალიან შევუწუხებივარ.