ფარული ჩანაწერები იმაზე არანაკლებ პოპულარულია, ვიდრე “ნაციონალების” ბატონობის დროს იყო. “ოცნებელები” “წამებულის როლში” არიან, “ნაციონალები” გვისმენენო. შესაძლოა, ასეც არის, მაგრამ შეუძლია თუ არა ხელისუფლებას, რომ ყოფილ მმართველ გუნდს “მოსმენების არხები” გადაუკეტოს? უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი, უსაფრთხოების ექსპერტი კონსტანტინე ფორჩხიძე “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას ამბობს, რომ თუკი პოლიტიკური ნება არ იქნება, “მოსმენების სკანდალი” არასოდეს დამთავრდება.
- ბატონო კონსტანტინე, როგორც გამოცდილ სპეცსამსახურელს, გეცოდინებათ, საქართველოს გარდა, მსოფლიოში ყოფილა პრეცედენტი, რომ ხელისუფლებას ოპოზიცია უსმენდეს?
- მსოფლიოში, მით უმეტეს, დემოკრატიულ ქვეყნებში უკანონო სატელეფონო მოსმენები, საერთოდ, ნონსენსია. ყოველ შემთხვევაში, მე არ მსმენია და დასავლეთში სიცილადაც არ ეყოფათ, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას უსმენს.
- სიცილი იქით იყოს და, ფაქტია: “ოცნების” მინისტრების სატელეფონო ჩანაწერები გავრცელდა, შესაბამისად, არსებობს შანსი, რომ “ნაციონალები” “ოცნებელებს” უსმენენ, მით უმეტეს, შსს-ს ცნობით, უწყებიდან პორტატული მოსასმენი აპარატურაა დაკარგული...
- შანსი ყველაფრის არსებობს, მაგრამ ფაქტია: ზემოხსენებული ჩანაწერები “ნაციონალების” მიერაა გაკეთებული.
- ამას რითი ამტკიცებთ?
- გამორიცხული არაა, რომ ძველმა ხელისუფლებამ ის ხალხი გამოიყენა, ვინც შსს-ში დარჩა და ვინც მისი მომხრეა. ისე, ზუსტად ისიც არ ვიცით, ფარულ მოსმენებს შს სამინისტრო აწარმოებდა თუ სხვა უწყება. საერთოდ, ყველაფერს იქიდან უნდა შევხედით, შსს-ს გარდა, თუ ვის აქვს კანონიერი მოსმენის უფლება.
- “კანონიერი მოსმენა” რას ნიშნავს?
- რას და, - კანონით, მოსმენის უფლება მხოლოდ შსს-ს კი არა, თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო დაცვისა და სახელმწიფო დაზვერვის სპეციალურ სამსახურებსაც აქვთ, ანუ ამ უწყებებს მოსმენის უფლება ოპერატიულ-სამძებრო, პოლიციის, თავდაცვის, სახელმწიფო დაცვისა და დაზვერვის კანონებით აქვთ მინიჭებული.
- ეს გასაგებია, მაგრამ “ოცნების” მაღალჩინოსანთა სატელეფონო ჩანაწერები, როგორც ირკვევა, 2013 წლის ზაფხულშია გაკეთებული, ანუ მაშინ, როცა “ნაცმოძრაობა” უკვე ოპოზიციაში იყო. მაშასადამე, რა გამოდის?
- 2013 წლის ზაფხულში პრეზიდენტი ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილი გახლდათ. “ნაციონალები” მოსმენებს არაოფიციალურად რომ აწარმოებდნენ, ამის დასტური 26 ათასი ფაილია და ის უწყებებიც ჩამოგითვალეთ, რომლებსაც ფარული მოსმენა და მიყურადება ოფიციალურად შეუძლიათ. აქცენტი მხოლოდ შსს-ზე კეთდება, მაგრამ მოსმენის კანონიერი უფლება და საშუალება სხვა სამსახურებსაც აქვთ.
- როგორ შეიძლება, ქვეყნის თავდაცვის მინისტრს, გნებავთ, პარლამენტის თავმჯდომარეს კანონიერად უსმენდნენ?
- რა თქმა უნდა, არ შეიძლება, მაგრამ იმას ვამბობ, თუ რომელ უწყებებშია მოსასმენი აპარატურა თავმოყრილი. გამორიცხული არაა, რომ ეს მოსმენები “ნაცმოძრაობისა” და “ქართული ოცნების” პოლიტიკური თამაშის ნაწილია. ამასთან, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ 2013 წლის ზაფხულში, ქვეყანაში ორხელისუფლებიანობა იყო და “ქართული ოცნება” მხოლოდ შს და თავდაცვის სამინისტროებს აკონტროლებდა, დაზვერვა და სახელმწიფო დაცვა კი მთლიანად “ნაციონალების” ხელში იყო. აქედან გამომდინარე, დასაშვებია, რომ ალასანიას და უსუფაშვილს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური უსმენდა. მართალია, მოსმენას დიდი ფინანსური სახსრები სჭირდება, მაგრამ თუ გავყვებით ვერსიას, რომ ხელისუფლებას რომელიმე პოლიტიკური სუბიექტი უსმენს, მაშინ “ნაცმოძრაობამდე” მივალთ, რადგან ყველაზე დიდი თანხა სწორედ ყოფილ მმართველ გუნდს აქვს.
სხვათა შორის, მოსასმენი აპარატურის შეძენა მხოლოდ დასავლეთში კი არა, რუსეთშიც თავისუფლად შეიძლება.
- ანუ, მოსასმენი აპარატურის ყიდვა კერძო პირსაც შეუძლია?
- თუკი საამისო ფინანსები აქვს, რატომაც არა?!
- არსებობს თუ არა კანონი, რომელიც კერძო პირს საქართველოში მოსასმენი აპარატურის შემოტანას უკრძალავს?
- დიახ, არსებობს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, საქართველოს საზღვრებზე რამდენი უკონტროლო ტერიტორიაა...
- ბატონო კოტე, წლებია, ფარულ მიყურადებაზეა ლაპარაკი და ათასი ვერსიაა იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მივხვდეთ, რომ გვისმენენ. რეალურად, ჩვეულებრივმა მოკვდავებმა როგორ უნდა დავადგინოთ, ჩვენი ტელეფონი “მოსმენაზე აყვანილია” თუ არა?
- ინტერნეტში მოსმენის ე.წ. ნიშნებია გავრცელებული, მაგალითად, თუკი ტელეფონის “ბატარია” ცხელდება, ან ტელეფონი თავისით ინთება, მაგრამ ყველაფერი ეს ზღაპარია, რადგან იმის დადგენა, გვისმენენ თუ არა, ძალიან ძნელია...
- სხვათა შორის, შსს-ს წარმომადგენლები აქცენტს აკეთებენ, რომ მოსმენა მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორებსაც შეუძლიათ...
- რა თქმა უნდა, შეუძლიათ. გახსოვთ, წინა იტერვიუებში განვაცხადე, “ბილაინი” რუსული კომპანიაა-მეთქი და ეს განცხადება შემთხვევით არ გამიკეთებია. გამორიცხავთ, რომ რუსული კომპანია საქართველოში ნებისმიერ სუბიექტს უსმენს? საერთოდ, ყველა მობილური ოპერატორი საფრთხილოა, მით უმეტეს, რომ ყველა უცხოურია. გახსოვთ, თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის ფარული ჩანაწერებიც გავრცელდა. არ გაინტერესებთ, ეს ჩანაწერები რუსულ საიტებზე როგორ მოხვდა?
- როგორ?
- როგორ და, - საქართველოში უცხოური დაზვერვა მუშაობს და მის ხელთარსებულ ყველა ლეგალურ თუ არალეგარულ საშუალებას კარგად იყენებს.
- სპეცსამსახურები უფრო აქტიურად მობილურ საუბრებს ისმენენ თუ ე.წ. ქალაქის ტელეფონებითაც ინტერესდებიან?
- მნიშვნელობა არ აქვს - ყველაფერი ისმინება.
- ბატონო კოტე, ამა თუ იმ ადამიანის მოსმენა, ასე ვთქვათ, ლაივში ხდება თუ სატელეფონო საუბარი იწერება და მერე იშიფრება?
- ადრე, როცა ტექნოლოგიები ასე განვითარებული არ იყო, ჩანაწერებს შიფრავდნენ და ახლაც ასეა.
სხვათა შორის, შოთა კვირაიას ამბავი გახსოვთ?
- დიახ, რედაქტორთა სატელეფონო მოსმენებს რომ გადაჰყვა...
- ზუსტად ვიცი, ამ მოსმენების ე.წ. წერილობით ვერსია სპეცსამსახურიდან ვინც გამოიტანა...
- ვინ?
- მის ვინაობას არ დავასახელებ, მაგრამ გეტყვით, რომ სპეცსამსახურის თანამშრომელი იყო და სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა.
- კვირაიას ქმედებაც ხომ სისხლის სამართლის დანაშაული იყო?
- რა თქმა უნდა...
ადრე ოპერატიულ-ტექნიკურ ღონისძიებას ვერ განახორციელებდი, თუ პროკურორის, მინისტრის, ან მინისტრის მოადგილის შესაბამისი სანქცია არ გექნებოდა. ასევე, მოსამართლის ნებართვაც საჭირო იყო. ყველაფერი ეს კი, დროში იწელებოდა... გარკვეული პერიოდის შემდეგ, ამ გზით მოპოვებული ოპერატიული მასალა ნადგურდებოდა.
საერთოდ, მოსმენებს “ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებების შესახებ” კანონი აწესრიგებს, რომელიც ორგანული კანონია და პოლიციის, თავდაცვის, შეიარაღებული ძალებისა და სხვა კანონებზე მაღლა დგას.
- კანონი გასაგებია, მაგრამ ეს მოსმენები უკანონოა... შესაბამისად, უმაღლესი თანამდებობის პირს, ნუთუ, არ აქვს ბერკეტი, რომ მისი სატელეფონო საუბრების მოსმენა ვერავინ შეძლოს?
- კარგი შეკითხვაა. შსს-ში “ნაციონალების” მოსვლის შემდეგ, ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ფუნქციები, რომელიც ძირითადად ასეთ სამუშაოებს ანხორციელებს, ცალკეულმა დეპარტამენტებმა შეითავსეს.
- კანონით?
- ამ დეპარტამენტებმა ოპერატიულ-ტექნიკური სამმართველოდან მოსასმენი ფუნქციაც თავისთან გადაიტანეს. ასე მოხდა კუდ-ში, სოდ-ში და ყველა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პატარა მინისტრად იქცა. სხვათა შორის, ფუნქცია საგამოძიებო დეპარტამენტსაც წაართვეს და გამოძიების წარმოება თვითონ დაიწყეს, ანუ დიდ მონსტრში, რასაც შსს ჰქვია, პატარ-პატარა სამინისტროები შეიქმნა, რომლებიც ერთმანეთზე კომპრომატებს აგროვებდნენ. მეტიც, მაკომპრომიტირებელ მასალებს მინისტრსა და პოლიტიკურ ფიგურებზეც ქმნიდნენ. სწორედ ასე გაჩნდა ყბადაღებული 26 ათასი ფაილი.
- ბატონო კოტე, თქვენი აზრით, “ნაციონალები” ყველას, მათ შორის, თავისიანებსაც რატომ უსმენდნენ?
- მანია ჰქონდათ, თან როცა ავტორიტარულ სისტემას ქმნი, ყველაზე ყველაფერი უნდა იცოდე.
- მას შემდეგ, რაც ეკა კვესიტაძემ ფარული ჩანაწერები გაავრცელა, ვიღაცებმა თქვეს, რომ ჟურნალისტის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს...
- სამართალდამცავებმა ჯერ ის უნდა გაარკვიონ, კვესიტაძემ იცოდა თუ არა, რომ მასალები, რომლებიც გაასაჯაროვა, დანაშაულებრივი გზით ხომ არ იყო მოპოვებული. საერთოდ, ჟურნალისტი იურისტი არ არის და მისი მოვალეობაა, რომ მასალა, რომელიც მიაწოდეს, გაასაჯაროოს. ამასთან, აქვს უფლება, რომ წყაროს კონფიდენციალობა დაიცვას. არსებობს საშუალება, რომლითაც ის “ტიპები” მოიძებნებიან, ვინც ეს ჩანაწერები კვესიტაძეს მიაწოდეს. შენ რომ სპეცსამსახური ხარ, ჟურნალისტის კეთილ ნებაზე, შენთან ითანამშრომლებს თუ არა, დამოკიდებული რატომ უნდა იყო?
- ერთი სიტყვით, “ნაციონალების” დროს ბავშვმაც კი იცოდა, რომ ფარულად უსმენდნენ და უყურებდნენ, თუმცა “ფარული მასალა” დღის სინათლეს მხოლოდ მაშინ ნახულობდა, როცა ეს “ვარდოსნებს” პოლიტიკურად სჭირდებოდათ. 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ კი, ფარული თვალთვალისა და მიყურადების “ფაილები” ინტერნეტში, როგორც იტყვიან, “ბითუმადაა”. ეს საშიში ტენდენციაა?
- რა თქმა უნდა... ჩამოგითვლით, ვინც “ნაციონალების” დროს მოსმენებში იყვნენ ჩართულნი - შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, მისი მოადგილე ამირან მესხელი, ასევე, მეორე მოადგილე გია ლორთქიფანიძე და სხვა მოადგილეებიც, ჯანაშვილის გარდა, რომელიც სპეცრაზმებს კურირებდა და ოპერატიულ-ტექნიკურ საქმიანობასთან შეხება არ ჰქონდა. მოსმენების შესახებ საქმის კურსში დეპარტამენტის უფროსები და მათი ის მოადგილეებიც იყვნენ, ვინც “ნაციონალების” გუნდის ერთგულ წევრებად ითვლებოდნენ.
- ბატონო კონსტანტინე, წეღან კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ვაჟა ლელუაშვილი რატომ ახსენეთ?
- იმიტომ ვახსენე, რომ მგონი, “ოცნებამ” რაღაც თანამდებობაზე დანიშნა. არადა, “ნაციონალების” დროს, ის კუდ-ის მთავარი მოტორი იყო და დათა ახალაიაზე მეტ ცუდ საქმეს აკეთებდა. როგორ დავიჯერო, რომ კუდი-დან მოსასმენი აპარატურა გაქრა და ამის საქმის კურსში ლელუაშვილი არაა? რა, რიგითმა ოპერატიულმა მუშაკმა იღლიაში ამოიდო და წაიღო?
- ბატონო კოტე, გამორიცხულია, რომ კუდ-ის ყოფილ თანამშრომლებს “ოცნების” წევრებზე მამხილებელი მასალები აქვთ და ახალი ხელისუფლება მათ ცივ ნიავს სწორედ ამიტომ არ აკარებს?
- არც ესაა გამორიცხული... საერთოდ, 26 ათასი ფაილი რომ აღმოაჩინეს, მის შესასწავლად კომისია არ უნდა შეექმნათ.
- აბა, რა უნდა გაეკეთებინათ?
- თუ გინდა, რომ არაფერი გააკეთო, კომისია უნდა შექმნა - ეს კომუნისტებიდან მოდის. ფაილები აღმოაჩინეს თუ არა, შსს-ს გენინსპექციის უფროსისთვის უნდა დაეძახათ და ყველა პირის იდენტიფიცირება დაევალებინათ, ვინც ეს ჩანაწერები გააკეთა. მერე, დოკუმენტაცია უნდა ამოეღოთ და თუ აღმოჩნდებოდა, რომ მოსმენები და თვალთვალი უკანონო იყო, ყველას პასუხისმგებლობის საკითხი დაეყენებინათ.
- დოკუმენტაცია, როგორც ამბობენ, გამქრალია და იდენტიფიცირება როგორ მოხდებოდა? ამასთან, არსებობს ეჭვი, რომ ფაილების ასლებია გაკეთებული...
- კაცო, ჯერ გამოიძიე და ასლებზე მერე ილაპარაკე! ეს ფაილები უცხოპლანეტელებმა ხომ არ შექმნეს? რაკი შსს-ში დახვდათ, ესე იგი, ფაილები სამინისტროს თანამშრომლებმა “გააკეთეს” და მათ შანტაჟისა და ათასი მამაძაღლობისთვის იყენებდნენ.
- იმის თქმა გინდათ, რომ “ფაილების საქმის” გამოძიება მარტივია?
- რა თქმა უნდა... საქართველოს კანონის “ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შესახებ”, მეექვსე მუხლის მესამე პუნქტში პირდაპირ წერია: “ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებს (საჯარო მომსამსახურეებს) ეკრძალებათ ფარული მონაწილეობა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების, საქართველოს ადგილობრივი, თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საქმიანობაში”.
ამავე კანონით, აკრძალულია ფარული მონაწილეობა ოფიციალურად რეგისტრირებული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების, რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობაში, თუკი ეს საქმიანობა მიზნად არ ისახავს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობას, ან ძალადობით შეცვლას, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფას, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, ან თუ ეს ორგანიზაციები არ ეწევიან ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არ აღვივებენ ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ, ან სოციალურ შუღლს, თუმცა ასეთ შემთხვევაშიც კი, ფარული მოსმენისა და თვალთვალისთვის მთავარი პროკურორის თანხმობაა საჭირო.
მთავარი პოლიტიკური ნებაა, თორემ იქ დამსვით და ნახევარ საათში დავადგენ, ფარულ ჩაწერებს ვინ და ვისი ბრძანებით აწარმოებდა. შეიძლება, პოლიტიკური ნება არსებობს, მაგრამ “ნაციონალები” “ქართულ ოცნებას” გარკვეული ფარული ჩანაწერებით აშანტაჟებენ.
- ეს ფარული ჩანაწერები შეიძლება, ინტიმური ხასიათის იყოს?
- დიახ, ყველაზე გამაღიზიანებელი სწორედ ესაა, რასაც შეიძლება, ოჯახური სცენები მოჰყვეს... სხვათა შორის, გაგონილი მაქვს, თავის დროზე ალექსი ინაურს ცეკა-ში მომუშავე ლგბტ-ების სია შეუტანეს, მაგრამ ინაურმა სია დახია, ხომ არ გაგიჟდით, რას აკეთებთო, ანუ იმას, რასაც “ნაციონალები” აკეთებდნენ, კომუნისტებიც არ კადრულობდნენ. საერთოდ, სპეცსამსახური, რომელიც სექს-კომპრომატებზე დგას, წესიერად ვერ იმუშავებს. ადრე, ვიდრე ადამიანს სპეცსამსახურში მიიღებდნენ, მინიმუმ, ორი წელი სწავლობდნენ. “ვარდების რევოლუციის” შემდეგ კი, ჩემი თვალით ვნახე, ჩიტაძის ქუჩაზე, უშიშროების სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე დანიშნული “კმარელები” კიბის მოაჯირზე როგორ სრიალებდნენ და მაგათ რა სიკეთე უნდა მოეტანათ?
“ნაციონალებმა” სპეცსამსახურის თანამშრომელთა თვითნებობა დაამკვიდრეს და ეს ტენდენცია, შესაძლოა, დღესაც გრძელდება. სპეცსამსახურებიდან ინფორმაცია ამიტომაც ჟონავს...
- უცნაურად არ გეჩვენებათ, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელებას კამპანია “ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ” უსწრებდა?
- ყველაფერი მიზანმიმართულია.
- ანუ?
- ადრე ვთქვი, ირაკლი ღარიბაშვილს რაღაცას უმზადებენ-მეთქი და ეს ფარული ჩანაწერებიც გამოჩნდა. ვიმეორებ: ყველაფერი ეს დაპირისპირების მარცვალია. ამიტომ, პრემიერსა და თავდაცვის მინისტრს მოვუწოდებ, ამ პროვოკაციას არ აჰყვნენ. დიახ, ეს მიზანმიმართული პროვოკაციაა, რომ “ქართული ოცნების” დაშლა შიგნიდან დაიწყოს! “ოცნებაში” ბევრი “ტიპია” შეგზავნილი და ეს მას შემდეგ მოხდა, როცა თავის დროზე მიშა აშშ-ში ჩავიდა და უთხრეს, რომ ხელისუფლება უნდა გადაებარებინა. ძალოვანი უწყებები “ნაციონალების” ხელში იყო და “ოცნებაში” აგენტების შეყრა არ გასჭირვებიათ. ჯერ ამ ტიპების ვინაობას არ დავასახელებ, მაგრამ თუ დასჭირდებათ, თითოეულ მათგანზე შსს-ში ოპერატიული მასალა არსებობს.
რასაც ახლა გეტყვით, შეიძლება, გაგიკვირდეთ, მაგრამ რუსეთში მოსმენები არ ხდება, რადგან რუსული სპეცსამსახურები გამართულად მუშაობენ, რასაც ჩვენს თავზე ვგრძნობთ. საერთოდ, იმისთვის, რომ რუსულ მონსტრს ებრძოლო, უნდა იცოდე, როგორ მუშაობს...
- ბატონო კოტე, მოსმენების სკანდალი რითი დამთავრდება?
- ეს სკანდალი არ დამთავრდება, თუკი საქმეს არ გამოიძიებენ. საერთოდ, მოსასმენი აპარატურა მკაცრი აღრიცხვის საგანია და, როგორ შეიძლება, სპეცსამსახურიდან მკაცრი აღრიცხვის საგანი გაქრეს? - ესე იგი, სპეცსამსახური არ არსებობს. გასაგებია, რომ ყველაფერში “ნაციონალები” არიან დამნაშავეები, მაგრამ ხომ არსებობს დოკუმენტაცია, სადაც აღრიცხულია, თუ ვინ ჩაიბარა თავის დროზე ეს აპარატურა? დაუძახონ იმ ადამიანს და დაკითხო.
- თუ დოკუმენტები გამქრალია, დაკითხვაზე დასაბარაებელი სუბიექტი როგორ უნდა განსაზღვრონ?
- კადრების განყოფილებაც ხომ არ გაქრა? შევიდნენ და ნახონ, თავის დროზე ვის რა ევალებოდა. ამ საქმის გამოძიებას ნახევარი საათი უნდა და დამთავრდა!
- ისე, რა ამის პასუხია და, თქვენი ვარაუდით, “ჰაკიმ ფაშა” ვისი ფსევდონიმია?
- არ გამოვრიცხავ, რომ “ჰაკიმ ფაშა” რომელიმე “ნაციონალია”.
მოკლედ, საქმე ან არაპროფესიონალიზმთან გვაქვს, ან მიზანმიმართულ ქმედებასთან, რომლის მიზანიც “ქართული ოცნების” სრული დისკრედიტაცია და ამ ფონზე ხელისუფლებაში “ნაცმოძრაობის” დაბრუნებაა. თუკი ასეა, მაშინ პირდაპირ გეუბნებით: საქართველოში სამოქალაქო ომი გარდაუვალია!
ისე, ჟურნალისტებს გირჩევთ, “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატთა განცხადებებსა და საჯარო გამოსვლებს დააკვირდით.
- რატომ?
- დააკვირდით და ბევრ საინტერესოს აღმოაჩენთ. გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ მათ შორის ბევრი ისეთია, რომელიც, მინიმუმ, 20 წელია, ოპერატიული დაკვირვების ქვეშაა. “ქართულ ოცნებას” ვაფრთხილებ: ეს შსს ხომ თქვენია და მოიკითხეთ, ოპერატიულ მასალებში რა წერია! თუ კითხვა არ იციან, მაშინ თანამდებობები დატოვონ და სახლებში წავიდნენ!
- თუკი სპეცსამსახურები ისევ “ნაციონალებითაა” სავსე, “ოცნებამ” ოპერატიული მასალები როგორ წაიკითხოს?
- ჰო... ესეც თემაა... დღეს პოლიტიკურ ამინდს ისევ “ნაცმოძრაობა” ქმნის...
- ბატონო კოტე, რა ამის პასუხია და, ბოლო დროს, თენგიზ კიტოვანთან ერთად, რუსეთში ფულნაშოვნი ლევან ვასაძეც გააქტიურდა, რომელიც პარლამენტის დაშლას ითხოვს. ეს რუსული სცენარია და, საერთოდ, თქვენი ინფორმაციით, ვასაძე ვინ არის?
- არსებობს ინფორმაცია, რომ ვასაძეს სააკაშვილი თავის დროზე პრემიერობას სთავაზობდა.
- ესე იგი, ვასაძე სააკაშვილის პროექტია?
- შესაძლოა, სააკაშვილის პროექტიც იყოს...
რაც შეეხება იმას, თუ ვისი პროექტია სააკაშვილი, ამის თაობაზე კარგა ხანია, ვწერთ და ყველაფერ ამას გამოქვეყნებული ამერიკული მასალებიც მოწმობს.
- ანუ, ადასტურებთ, რომ ვასაძე რუსეთის დავალებას ასრულებს?
- ამას პირდაპირ ვერ ვიტყვი, მაგრამ გარკვეული ნიშნები არსებობს. ხომ ხედავთ, როგორ ემთხვევა ერთმანეთს მისი და კიტოვანის გაცხადებები. კიტოვანს კი არასოდეს დაუმალია, რომ რუსული პოლიტიკის ნაწილია!
ისე, როგორ ფიქრობთ, ვასაძეს ბურჯანაძესთან კავშირი არ აქვს?
- აქვს?
- ამ ურთიერთობას, როგორც ვიცი, ბურჯანაძეც არ უარყოფდა...