თბილისის საკრებულოს "მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების’’ კომისიაში მოქალაქეების განცხადებების განხილვა გრძელდება. დღის წესრიგით დღევანდელ სხდომაზე 113 საკითხი განიხილება. მათ შორისაა ის ნაკვეთები, რომლის შესწავლაც კომისიის წევრებს ადგილზე მოუხდათ.
"დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე საკმაოდ სადაო და პრობლემატური საკითხი განიხილება, რაზეც კომისია და კომისიის წევრები შესაბამის განყოფილებასთან ერთად ვიმსჯელებთ და მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რაც დღეს არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე კომისიისთვის იქნება ობიექტური და მისაღები”,- განაცხადა ბესარიონ ბენდელიანმა.
მერიაში არსებული მიწის ლეგალიზაციის კომისია საკრებულოში 2013 წლის სექტემბერში გადავიდა და საკანონმდებლო ორგანოს უკვე ათასობით მოქალაქემ მიმართა. მათ შორის არიან ის ადამიანები, რომლებიც 4 წლის განმავლობაში მერიის შესაბამისი სამსახურიდან გაურკვეველი მიზეზების გამო მუდმივად უარს იღებდნენ.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ ბესარიონ ბენდელიანმა აღნიშნა, მიწის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ 2007 წელს გამოცემული განკარგულების გამო, უამრავ ადამიანს ექმნება პრობლემა, ამიტომ კომისიის წევრები შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად 525-ე მუხლის ბრძანებულების 15 სექტემბრის კანონში ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით განაგრძობენ მუშაობას.
ბესარიონ ბენდელიანი ასევე იმედოვნებს, რომ კომისია ახალი მოწვევის საკრებულოშიც გააგრძელებს მუშაობას და ობიექტურად განიხილავს იმ განცხადებებს, რაც აღნიშნულ კომისიაშია შესული.
"მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების’’ კომისიის სხდომა საკრებულოში ყოველ ხუთშაბათს იმართება და მას ეკონომიკის სამინისტროს, საჯარო რეესტრის, თბილისის მერიის, ასევე ზედამხედველობისა და აუდიტის სამსახურების წარმომადგენლები ესწრებიან.