"ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები" - პიტერ სემნების სწავლებანი

ევროკავშირის ყოფილ სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, შვედ დიპლომატ პიტერ სემნების საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე ვესაუბრეთ. საუბარიცაა და საუბარიც: ბატონ სემნების თუ დავუჯერებთ, საქართველომ არც მწვადი უნდა დაწვას, არც შამფური და მერე რა, რომ არც ერთსა და არც მეორეს ჩვენს ქვეყანას არავინ ეკითხება.

- 1992-93 წლებში საქართველოში ეუთოს სამედიაციო კომისიის წევრი იყავით. რა შეცდომები დავუშვით მაშინ?

- რაც მაშინ მოხდა, ტრაგიკული იყო, მაგრამ კიდევ უფრო სამწუხაროა ის, რომ 2008 წელს მოხდა ამ გაყინული კონფლიქტების გალხობა. ომი საშინელებაა, მაგრამ 2008 წლის ომმა საქართველოს ასწავლა, ობიექტურად შეეხედა სიტუაციისათვის, სურვილებს არ აჰყოლოდა და სათანადოდ შეეფასებინა საკუთარი რესურსი. სწორედ ამან მოიტანა დღეს სტაბილურობის შეგრძნება და დაბალანსებული საგარეო კურსი, რაც გამოიხატება ევროკავშირთან შეთანხმების გაფორმებაში. 

- 2008 წელს ეუთოში ანგარიშის წარდგენისას განაცხადეთ, რომ ეს იყო ომი საქართველოსა და რუსეთს შორის. მაშინ რუსეთის დელეგაციამ დემარშიც მოგიწყოთ, განაცხადა, რომ თქვენ ანტირუსულ კამპანიას აწარმოებდით. "ევროკავშირი უნდა იყოს ბევრად აქტიური ამ საკითხების მოგვარებაში, ბევრად მეტი ძალისხმევა, მათ შორის ფინანსური, უნდა დაიხარჯოს რეგიონში მშვიდობის განსამტკიცებლად", - ბრძანეთ მაშინ. გაითვალისწინეს თქვენი შენიშვნა?
- უდავოა, რომ ევროკავშირმა და საერთაშორისო საზოგადოებრიობამ ამ ხნის განმავლობაში ფასდაუდებელი დახმარება გაუწიეს საქართველოს. ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების გარდა, ეს ომი გახდა ასევე ბიძგი ევროკავშირისთვის, შეექმნა "აღმოსავლეთის პარტნიორობის" ინიციატივა.

- რატომ არ არის ევროკავშირი ერთსულოვანი, როდესაც საქართველოსთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებენ? 

- საქართველოს საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები უფრო წარსულში იყო, მაგრამ დღეს უკვე სრულიად ევროკავშირი საქართველოს პარტნიორად აღიქვამს. ამას გარდა, მრავალწლიანი რეფორმების წყალობით საქართველოს პოზიცია გაძლიერდა, გაძლიერდა ინსტიტუციები, რომელთა მეშვეობითაც ქვეყანას შეუძლია ზეწოლას გაუძლოს. 

- გინდათ თქვათ, რომ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში ძლიერი ინსტიტუციები გადაგვარჩენენ?
- ეს ჰიპოთეზაა და გამიჭირდება პასუხის გაცემა. თუმცა, ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, მნიშვნელოვანია, თავის დაცვა შეეძლოს.

- ფიქრობთ, რომ საქართველოს შეუძლია რუსეთს სამხედრო გზით გაუმკლავდეს?

- სამხედრო ელემენტი მხოლოდ ერთი ასპექტია თავდაცვისა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ლეგიტიმური ინსტიტუციები და ასევე ის, თუ რა ურთიერთობა აქვს ქვეყანას თავის მნიშვნელოვან საგარეო პარტნიორებთან. რაც უფრო შორს წავა საქართველო დასავლური ინტეგრაციის კუთხით, მით უფრო უზრუნველყოფილი იქნება მისი უსაფრთხოებაც.

- უდავოა, რომ საქართველოს სურს, მაქსიმალურად ახლოს იყოს ევროკავშირსა და ნატოსთან, მაგრამ საქმეც ის არის, რომ სწორედ ამ ორგანიზაციებს არ სურთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა ბოლომდე აიღონ...
- ეს ორგანიზაციები ჯერჯერობით თავს იკავებენ უსაფრთხოების ფორმალური გარანტიების მიცემაზე, მაგრამ აშკარაა, რომ დასავლეთისკენ სვლის კვალდაკვალ ქვეყნის უსაფრთხოება უფრო უზრუნველყოფილი იქნება.

- აუღიარებლობის პოლიტიკას დავუბრუნდეთ. რამდენად ეფექტურია ეს მიდგომა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სეპარატისტები უარს აცხადებენ დიალოგზე, თუ ევროკავშირი მათ დამოუკიდებლობას არ აღიარებს. საქართველოს ევროკავშირისკენ სვლის პარალელურად კი აფხაზეთი და სამაჩაბლო რუსეთისკენ ილტვიან. ხომ არ უნდა ველოდოთ რეფერენდუმებს ამ რეგიონებშიც?

- ძალიან დიდი დრო მაქვს გატარებული ამ რეგიონებში, განსაკუთრებით, აფხაზეთში. ყველაზე რადიკალურად განწყობილი აფხაზებიც კი საკუთარ თავს ევროპულ კონტექსტში განიხილავენ. ქართველებისა და აფხაზ-ოსებისთვისაც კარგი იქნება, თუკი განვითარების ერთი მიმართულებით წავლენ.

- კონკრეტული სიტუაცია წარმოვიდგინოთ: ჩვენ ხელს ვაწერთ ასოცირების შეთანხმებას, აფხაზეთი ევრაზიული კავშირის წევრი ხდება, სამხრეთ ოსეთი კი რეფერენდუმს ატარებს ჩრდილო ოსეთთან შეერთებაზე. რამდენად შესაძლებლად გეჩვენებათ ასეთ სიტუაციაში საქართველოს, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს "ერთი მიმართულებით განვითარება"?
- თუ მოვლენები ასე განვითარდება, ვითარება უკიდურესად გართულდება. თქვენ უნდა ეცადოთ, რომ ასე არ მოხდეს.

- სიზიფეზე მითი, ალბათ, გაგიგონიათ, მთის ციცაბო კალთაზე ატანილი უზარმაზარი ლოდი მწვერვალზე ასვლისთანავე დაბლა უგორდებოდა. ჩვენი მცდელობანიც ასეთივე "შედეგიანი" ხომ არ იქნება?

- ეს იმას არ ნიშნავს, რომ გულზე ხელები დაიკრიფოთ და არაფერი იღონოთ.

- იქნებ თქვენ გვირჩიოთ, რა ვიღონოთ?

- ეს ერთობ საპასუხისმგებლო საქმეა, მაგრამ, ვფიქრობ, წარსულის გაკვეთილებისა და იმის გათვალისწინებით, რაც ხდება უკრაინაში, ყურადღებას იმსახურებს ეთნიკური უმცირესობების საკითხი. სპეციფიკურად რეგიონებზე ან ეთნიკურ ჯგუფებზე ვერ მიგითითებთ, მაგრამ აშკარაა, რომ კავკასიის რეგიონში ეს მტკივნეული საკითხია და დიდი რუდუნებით უნდა მოგვარდეს. 

- თქვენი გამოსათხოვარი სიტყვა გამახსენდა ბაღაფშის გარდაცვალებასთან დაკავშირებით - მას კარგი ლიდერი და პრინციპული ადამიანი უწოდეთ. სეპარატისტული რეჟიმების დღევანდელ თავკაცებს როგორ შეაფასებდით?
- არა მგონია, დიპლომატიური იყოს ამაზე საუბარი... მათ კარგად ვიცნობ, საკმაოდ კარგად ვთანამშრომლობდით. მაგალითად, ანქვაბი უშუალო, პირდაპირი ადამიანია და ეს ჩემთან ურთიერთობაშიც გამოავლინა. ამასთან, აქვს საკუთარი ხედვა და შეუძლია, შეზღუდულ პირობებშიც იმუშაოს.