საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ბრიტანელმა ექსპერტმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ჯეიმს მერდოკმა ქალაქ გორში შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორი მოინახულა, სადაც არსებული პირობები, 2012 წლის შემდეგ ჩატარებული რეფორმების შედეგად, დასავლურ სტანდარტებს შეესაბამება. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჯეიმს მერდოკი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლებსაც შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აკადემიაში სამართალდამცველების მომზადების პროგრამებში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს. აკადემიის ხარისხის მართვის სამმართველოს წარმოადგენლებმა ჯეიმს მერდოკს აკადემიის სამაგისტრო პროგრამა გააცნეს, რომელშიც დიდი ადგილი ეთმობა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს. ბრიტანელმა ექსპერტმა და აკადემიის წარმომადგენლებმა აკადემიის ბაზაზე დროებითი მოთავსების იზოლატორების პერსონალისთვის ტრენინგების ჩატარების პერსპექტივა განიხილეს. ექსპერტი დაინტერესდა მეთოდიკით, რომლის მიხედვითაც ახალი სასწავლო გეგმების შემუშავება და თეორიული პროგრამების პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანა ხორციელდება. შეხვედრის დასასრულს ჯეიმს მერდოკმა შსს-ს აკადემია დაათვალიერა. ვიზიტის დასასრულს ჯეიმს მერდოკი შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებს და შსს-ს თანამშრომლებთან ერთად პროცედურების დოკუმენტს შეადგენს. შემუშავებული სტანდარტული ოპერატიული პროცედურების საფუძველზე შსს-ს აკადემიაში დაინერგება ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მომზადებისა და გადამზადების სასწავლო პროგრამები.