რატომ საყვედურობს ,,ქართულ ოცნებას’‘, რატომ უწოდებს ნინო ბურჯანაძეს ,,უსამართლობის პრინცესას’‘ და რატომ არ გამორიცხავს არჩევნების გაყალბებას საგარეო საქმეთა ექსმინისტრი
წინასაარჩევნო კამპანიაში ყოფილი პარტია ,,საქართველოს გზის’‘ აქტიური მხარდამჭერის სტატუსით ჩაერთო. თბილისსა და რეგიონებში მერობის კანდიდატებიც უკვე დაასახელა, თუმცა თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს წინასწარ ეჭვქვეშ აყენებს. ამბობს, რომ ხელისუფლებამ არჩევნების გასაყალბებლად ნაციონალური მოძრაობისგან მიღებული მემკვიდრეობა სრულად შეინარჩუნა. ,,ვერსიასთან’‘ საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო გარემოსა და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს.
- დღეს ქვეყანაში სამი პარტია დომინირებს, რომელთაგან ერთ-ერთს სახელმწიფოსგან მოპარული ფული აქვს, მეორე ფქვილის გაყიდვით გამდიდრდა, მესამეს კი ოლიგარქი ეხმარება და ადმინისტრაციული რესურსიც საკმარისად გააჩნია. ამ ფონზე, ქართული პოლიტიკაც არაპროგნოზირებადი გახდა. პოლიტიკური გარიგებებითა და ფარული თამაშებით ხალხიც გადაღლილია. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ არჩევნების გასაყალბებლად ნაციონალური მოძრაობისგან მემკვიდრეობით მიღებული ბერკეტები სრულად შეინარჩუნა - საკმარისია, ვინმემ უბრალოდ ინებოს და არჩევნებს ისევ მარტივად გააყალბებენ.
- ყოფილ პარტიას წინასაარჩევნოდ აქტიურად უჭერთ მხარს, კანდიდატებიც თბილისსა და რეგიონებში თავად დაასახელეთ. წაგებულ ომში საბრძოლველად რატომ მიდიხართ?
- საპრეზიდენტო არჩევნებზეც კარგად გამოჩნდა, რომ ხელისუფლებას ჩემი პოლიტიკური აქტივობის გარკვეული შიში აქვს. მათ კარგად იციან, რომ მოსახლეობაში ისეთი რეაქციის გამოწვევა შემიძლია, რომლის გათვლაც წინასწარ შეუძლებელია. ეს წლების წინ, იპოდრომის აქციამაც დაადასტურა. არ ვამბობ, რომ არჩევნები აუცილებლად გაყალბდება, მაგრამ არც არაფერს გამოვრიცხავ. სხვას რას ველოდო ადამიანებისგან, რომლებისთვისაც ნაციონალური მოძრაობის მიერ შექმნილი სისტემის დანგრევა ერთ-ერთ პრიორიტეტად უნდა ქცეულიყო და ასე არ მოხდა?!
- კოალიციაში აცხადებენ, რომ ცვლილებები აუცილებელია, მაგრამ ამის დრო ახლა არაა. ეს ძალაუფლების შესანარჩუნებლად ბრძოლაა?
- დასკვნებს არ ვაკეთებ, მხოლოდ კითხვებს ვსვამ და მაინტერესებს, სად გაქრა მათი პოლიტიკური პრინციპები? რეალურ პრობლემებზე საუბრის ნაცვლად, ქვეყანაში ხელოვნური პრობლემები იქმნება და საზოგადოების ყურადღების კონცენტრირება ირეალური საკითხების ირგვლივ ხდება.
- ,,ხელოვნურ პრობლემებში’‘ რას გულისხმობთ?
- მაგალითად, გეებზე საუბარი და თენგიზ კიტოვანის მსგავსი მარგინალური ჯგუფების გამოჩენა პრობლემების ხელოვნურად შექმნის ნაწილია. ცდილობენ, ირეალური საფრთხეებით შეგვაშინონ, რეალურ პრობლემებს კი ფარდა გადააფარონ. არადა, ამ ქვეყანაში ადამიანებს ყოველგვარი ორიენტაცია დაკარგული აქვთ და არავინ იცის, სინამდვილეში, საით მივდივართ. კონკრეტულ ფაქტებს დაგისახელებთ: ქვეყანაში უმუშევართა რიცხვი იზრდება, მოსახლეობა კი საქართველოს ინტენსიურად ტოვებს. ბოლო პერიოდში რეგიონებში საკმაოდ ხშირად დავდივარ და ვხედავ, სოფლები და ქალაქები, ფაქტობრივად, მოსახლეობისგან დაცლილია. იმედი მქონდა, საგანგაშო პროცესი 2012 წლის არჩევნების შემდეგ შეჩერდებოდა მაინც, მაგრამ სასიკეთო ამ კუთხით არაფერი მომხდარა. საქართველოში ჰაერითა და საკვებითაც ვიწამლებით. ჯერ კიდევ არ არსებობს სტანდარტი, რომელიც ასეთ საკითხებს დაარეგულირებს. ან, როცა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების რაოდენობა ყოველთვიურად მატულობს, რას აკეთებს სახელმწიფო? ვისაც შესაძლებლობა აქვს, სამკურნალოდ საზღვარგარეთ მიემგზავრება, ვისაც არა - საქართველოში იხოცება იმის გამო, რომ მთავრობამ ამ მიმართულებით კონკრეტული გადაწყვეტილება ვერ მიიღო. საერთოდ არ მაინტერესებს, რამდენი გეი დადის თბილისში, ლეიკემიით დაავადებულთა პრობლემა მადარდებს. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ არ იცის, ქვეყანა როგორ განვითარდეს.
- თუ თენგიზ კიტოვანის გამოჩენა და LGBT საზოგადოების წინააღმდეგ აქციები ხელისუფლების ინტერესშია, როდემდე შეძლებს ,,ქართული ოცნება’‘ ამ მეთოდით პრობლემების დამალვას?
- მითებს ყველა ის ძალა ქმნის, რომელსაც რეალური პრობლემების გადასაჭრელად ხედვა არ გააჩნია. ამ შემთხვევაში მხოლოდ ხელისუფლებას არ ვგულისხმობ. მაგალითად, ნინო ბურჯანაძე რომ ამბობს, სამართლიანობა უნდა აღდგესო, მან ეს როგორ უნდა მოახერხოს, როცა თავად უსამართლობის პრინცესა გახლდათ? ბუნებრივია, დამნაშავეთა მცირე წრე უნდა გასამართლდეს, მაგრამ ამის შემდეგ დიდი შერიგებაც აუცილებელია. თუ საზოგადოება სხვადასხვა ნაწილად დაიშლება, რუსეთის მონებად ჩავბარდებით, რაც ზოგიერთისთვის საკმაოდ კომფორტულია. ,,ქართული ოცნებისგან’‘ მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ლანძღვა არ კმარა, მოსახლეობას ქვეყნის განსავითარებლად ერთიანი ხედვის გაზიარება სჭირდება!
- მომავლის ხედვაში მთავრობა ერთიანია?
- ხელისუფლებაში რა ხდება, არ მაინტერესებს. თუ საქმეს გააკეთებენ, აუცილებლად მოვუწონებ, მაგრამ ფაქტია, ირგვლივ მხოლოდ პრობლემებზე გადაფარებულ ფარდებს ვხედავთ. ჩვენი წინასაარჩევნო სლოგანი - ტყუილის გარეშე, სწორედ ამ მდგომარეობას აპროტესტებს. პრობლემები კი არ უნდა დავმალოთ, ერთობლივი ძალით მათ გადაჭრაზე უნდა ვიზრუნოთ. ამ დროს კი, ფუჭ ალიაქოთს გვთავაზობენ. ადამიანები, რომლებმაც ქვეყანაში ჭეშმარიტი ღირებულებები შექმნეს, ყველასგან მიგდებულნი და დავიწყებულნი არიან. კულტურულ ძეგლებსა და ისტორიულ მემკვიდრეობასაც ასე ვექცევით. ,,საქართველოს გზის’‘ თბილისის მერობის კანდიდატი მურაზ მურვანიძეც სწორედ ასეთი საქართველოს სიმბოლოა. მას სხვა ქვეყანაში უამრავი ჯილდო აქვს მიღებული და აფასებენ, სამშობლოში კი არავინ აღიარებს. იგივე შემიძლია საკუთარ თავზეც ვთქვა. საზღვარგარეთ უფრო მაფასებენ, ვიდრე ამ ქვეყანაში. არც ინვალიდები, უპატრონო ბავშვები და თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ხანშიშესული ადამიანები ახსოვს ვინმეს. აი, ეს უბედურება გვჭირს დღეს და, თუ მას არ მოვიცილებთ, დაკარგულ ღირსებას არ დავიბრუნებთ, ახალი ღირებულებების შექმნას ვერასოდეს შევძლებთ. რეალურად, ქვეყანას ორი არჩევანი აქვს: ან მივდივართ უკან საბჭოთა კავშირისკენ, ან წინ, ღირებულებებისკენ.
- ახლა ქვეყანაში სწორედ ის პროცესია, როცა რამდენიმე ღირებულება ებრძვის ერთმანეთს - ეკლესია, მართლმადიდებლობას ამოფარებული ძალები და ანტიდისკრიმინაციული კანონისმიმღები პარლამენტი...
- მეცინება, ვინ იცავს და გვკარნახობს დღეს რელიგიას. ყველაზე საშიში ისაა, რომ აბსოლუტურად გაუგებარ მდგომარეობაში ვართ, რომელშიც ,,ქართული ოცნება’‘ საზოგადოებას ამყოფებს. იქნებ გვითხრან, რა უნდათ და საით მიდიან?! თბილისის მერად მეურნეს ნიშნავენ მაშინ, როცა დედაქალაქს დაკარგული სახის აღდგენა სჭირდება. მერე ტირილი, არ ვიცოდი არჩევნებში ხმას ვის ვაძლევდიო, არ გვიშველის. თანაც ხელისუფლება მისთვის სასურველ გადაწყვეტილებებს მოსახლეობაზე ზეწოლით იღებს. მაშინ, როცა დარიალის ხეობის ჩამოშლის საკითხი ჯერ გამოძიებულიც კი არ იყო, მთავრობის წევრები წინასწარ ამტკიცებდნენ, ამ ტრაგედიასთან ჰესის მშენებლობა კავშირში არ არისო. იმის ნაცვლად, არგუმენტები შემოგვთავაზონ, გვემუქრებიან, ნახავთ რასაც მიიღებთო. რა არის ეს, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, საბჭოთა კავშირში ვართ?
- საბჭოთა კავშირის აღსადგენად რუსეთი დიდი ხანია ღია აგრესიას არ ერიდება. როგორც დიპლომატმა, შეაფასეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობა, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტს ,,გრაფინითა’‘ და პრინტერით ხვდება.
- დიპლომატობა წარსულში დავტოვე, ახლა ,,საქართველოს გზის’‘ მხარდამჭერის სტატუსი მაქვს, ამიტომ საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობას ვერ შევაფასებ. თუ ვინმემ არ იცის, უმაღლესი რანგის სტუმარი როგორ მიიღოს ან გააცილოს, ეს მისი სერიოზული პრობლემაა და პასუხისმგებლობაც უნდა დაეკისროს. ზოგადად კი, ის პირები, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების კუთხით მუშაობენ, რეალურად პრობლემის მომგვარებლები არ არიან. როგორც დიპლომატი, ბუნებრივია, დიალოგის მომხრე ვარ, მაგრამ გააჩნია მოლაპარაკებებს რა პირობებში აწარმოებ. თუ შენ ძლიერი არ ხარ, არ იცი სად მიდიხარ და რა გინდა, არც ზურგი და მხარდაჭერა გაქვს, ეს რუსეთმაც კარგად იცის და შესაბამისად, არაფერს დაგითმობს. პირიქით, გადაგივლის. ზოგადად, ძალთა შეფარდების იდეოლოგები რუსები არიან. ომსა თუ მოლაპარაკებებში შეტევაზე ისე არ გადავლენ, რომ მოწინააღმდეგის ძალთა შეფარდება წინასწარ დაწვრილებით არ შეისწავლონ. ხელისუფლებამ რუსეთი ვერ შეისწავლა, მის წინააღმდეგ ბერკეტი არ გააჩნია, ამიტომ საკმაოდ საშიშ გზას დავადექით.
- ცნობილი გახდა, რომ პუტინმა უკრაინიდან სამხედროების გამოყვანის ბრძანება გასცა. რამდენად მოსალოდნელია რუსი ჯარისკაცებისთვის დისლოკაციის მორიგი ადგილი საქართველო გახდეს?
- არ ვიცი, რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას რა ფორმით გამოავლენს. დიპლომატიურმა გამოცდილებამ კარგად დამანახა, რომ რუსეთი ყოველთვის ჩერდება იქ, სადაც მოწინააღმდეგის ძალას გრძნობს. ამ შემთხვევაში სამხედრო ძალას არ ვგულისხმობ, ბუნებრივია, ამ ფორმით რუსეთს ვერასოდეს დავამარცხებთ. ჩვენი მთავარი იარაღი სიმტკიცე და შინაგანი სიძლიერეა. თუ ამას ვერ მოვახერხებთ, საქართველოს დასაშლელად ერთი ნინო ბურჯანაძე და ლევან ვასაძეც ეყოფა.
- ლევან ვასაძე პარლამენტის დაშლითაც იმუქრება. რას შეცვლის მისი პოლიტიკურ ამბიციები ქართულ რეალობაში?
- ფაქტია, მას პოლიტიკური ამბიციები აქვს და საკმარისი ფულიც, რაც პოლიტიკაში მოსასვლელად მარტივი ინსტრუმენტია. მჯერა, ამ საკითხს საზოგადოება ჯანსაღად მიუდგება. ნამდვილად ვწუხვარ, რომ საქართველოში სიმტკიცე და შინაგანი ძლიერება არ არსებობს. არადა, წარსული გამოცდილებიდან გარკვეული დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და კარგად განვსაზღვროთ, რა გვინდა. სანამ დაბნეულნი ვართ, საქართველო არამხოლოდ რუსეთის, სხვა მეზობლებისთვისაც საკმაოდ ადვილად ჩასაყლაპი მსხვერპლია.