ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ წელს ელექტრონული მუსიკის პოპულარული ფესტივალი "კაზანტიპი" ანაკლიაში გაიმართება. ფესტივალის ოფიციალური საიტი უცხოელი ტურისტებისთვის დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს.
"ანაკლია შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ახალი ქართული კურორტია, თანამედროვე ინფრასტრუქტურით (სატრანსპორტო კავშირი, მაღაზიები, აფთიაქები, ბანკები). გარდა ამისა, ქალაქში შემორჩენილია 1703 წლით დათარიღებული ციხესიმაგრის ნანგრევები და სხვა ისტორიული ძეგლები. ანაკლია ასევე ცნობილია ენგურის შესართავთან მდებარე 540-მეტრიანი ხიდით, რომელიც ფოტოგრაფების საყვარელი ადგილია.
ადგილობრივი მაცხოვრებლები სტუმართმოყვარე ხალხია, მათი უმრავლესობა თავისუფლად საუბრობს რუსულად, ახალგაზრდებმა კი კარგად იციან ინგლისური ენა", - აღნიშნულია ფესტივალის საიტზე.
საიტზე ასევე მოცემულია ინფორმაცია ვიზის; სხვადასხვა ვალუტის კურსის; ქვეყნის ადმინისტრაციული მოწყობის; სახელმწიფო ენის; დროის სარტყელის; სატელეფონო კოდების; ინტერნეტ-დომენის; ჰაერისა და წყლის ტემპერატურის; პლაჟისა და წყალში მობინადრე არსებების შესახებ.
ფესტივალის ვებ-გვერდზე ასევე განმარტებულია, თუ რატომ არ ტარდება ფესტივალი წელს ყირიმში: "ასეთი გადაწყვეტილება ორგანიზატორებმა მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მიიღეს - ეს სახელმწიფო მოწყობისა და საკანონმდებლო ბაზის შეცვლამ განაპირობა".
ფეტივალი 2014 წლის 20-დან 30 აგვისტომდე გაგრძელდება. "ლაინაპის" შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე იხილოთ - http://kazantipa.net/lineup, ახალი შემსრულებლებით ის კიდევ შეივსება.
როგორც საიტზეა აღნიშნული, საქართველოში უვიზო რეჟიმი აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსის, ტაჯიკეთის, ყაზახეთის, მოლდოვის, უზბეკეთის, ყირგიზეთისა და უკრაინის მოქალაქეებისთვის მოქმედებს. ყაზახეთის, რუსეთისა და თურქეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ყოფნა მხოლოდ 90 დღის ვადით შეუძლიათ.
360 დღემდე ვადით უვიზოდ საქართველოში ჩამოსვლა შეუძლიათ შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებს - ავსტრალია, ალბანეთი, ანდორა, ანტიგუა და ბარბუდა, არგენტინა, ბაჰამი, ბარბადოსი, ბაჰრეინი, ბელიზი, ბოსნია ჰერცოგოვინა, ბოცვანა, ბრაზილია, ვატიკანი, ისრაელი, ერაყი, ისლანდია, კანადა, ყატარი, კოსტა-რიკა, ქუვეითი, ლიხტენშტეინი, მავრიკი, მალაიზია, მექსიკა, მონაკო, ახალი ზელანდია, ნორვეგია, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ომანი, პანამა, კორეის რესპუბლიკა, სან-მარინო, საუდის არაბეთი, სეიშელის კუნძულები, სენტ-კიტსი და ნევისი, სერბეთი, სინგაპური, აშშ, ტაილანდი, ტაილანდი, ტრინიდატი და ტობაკო, თურქმენეთი, ხორვატია, ჩერნოგორია, ჩილე, შვეიცარია, ურუგვაი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და იაპონია.
ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ჩამოსვლა ასევე 360 დღის ვადით შეუძლიათ.
"თუ ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან არცერთის მოქალაქე ხართ, მაშინ საქართველოს ვიზის აღება თქვენთვის აუცილებელია. მიმართეთ საქართველოს საელჩოებს, ვიზის მიღება საქართველოს სასაზღვრო პუნქტებში, აეროპორტებსა და ბათუმის პორტში შეგიძლიათ. ვიზის ღირებულება 50 დოლარს შეადგენს", - აღნიშნულია "კაზანტიპის" საიტზე.
აქ ასევე მოცემულია დეტალური ინფორმაცია საჰაერო, სახმელეთო და საჰაერო მიმოსვლის, ტრანსპორტის სახეობებისა და ბილეთების შესახებ.
არსებული ინფორმაციით, "კაზანტიპის" ტერიტორიის სიახლოვეს დროებითი კომფორტული საცხოვრებლები მოეწყობა, რომელთაგან თითოეული 20-30 კაცზე იქნება გათვლილი. 1 კაცზე დღე-ღამე, კვებით 15 დოლარი ეღირება. სტუმრების მისაღებად მზად იქნებიან ანაკლიის სასტუმროებიც.
კაზანტიპის ტერიტორიაზე Z-city (კარვების ქალაქი) გაშენდება, ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით (სეიფების კამერები, საშხაპეები, საპირფარეშოები და კვების პუნქტები). კარვის განთავსება დღე-ღამეში 2-5 დოლარი ეღირება.
სავიზო განყოფილება:
კაზანტიპის ტერიტორიაზე შესვლა შეგიძლიათ მხოლოდ მოქალაქის ნამდვილი ვიZის ან ან შტრიხ-კოდიანი ყვითელი ჩანთის მეშვეობით. 2014 წლის ყველა ვიZა, ნაყიდი თუ ნაჩუქარი, ძალაშია.
ვიZა - ეს ტრადიციული პლასტიკური ბარათია ზონარზე, შრტიხ-კოდით. მისი აღება საიტზევეა შესაძლებელი. "კაზანტიპის" ტერიტორიაზე ყოფნის დროს ყვითელი ჩანთა ან ვიZა მუდმივად თან უნდა გქონდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჯარიმდებით ან დეპორტაციას დექვემდებარებით.
ვიZა 200-დან 250-მდე დოლარი ღირს და მის მფლობელს მთელი ფესტივალის განამვლობაში "კაზანტიპის" ტერიტორიაზე შეუზღუდავი მოძრაობის უფლებას აძლევს.
ყვითელი ჩანთა "კაზანტიპის" ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლოა. მის მფლობელებს "კაზანტიპის" ტერიტორიაზე უვიZოდ გადაადგილების უფლება აქვთ. ამისთვის ყვითელი ჩანთების მფლობელებმა ადგილზე სავიZო დეპარტამენტში შტრიხკოდიანი იარლიყი უნდა მიიღონ, რომლის სკანირებაც "კაზანტიპის" ტერიტორიაზე შესვლამდე განხორციელდება.
უკრაინა, ჩვენ შენ გვიყვარხარ:
4 მარტს გამართული რეფერენდუმის შედეგების თანახმად, მიღებულ იქნა ისტორიული გადაწყვეტილება - უკრაინელ და ყირიმელ გოგონებს საჩუქრად გადაეცეთ უფასო ვიZები. ამ დროისთვის აქციით 16000-ზე მეტმა იღბლიანმა ისარგებლა.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულმა პირებმა ფესტივალის საიტის ადმინისტრაციას უნდა მიმართონ.
მომზადებულია kazantip-republic.com/info-ს მიხედვით.