რა კავშირი აქვს საბერძნეთში მყოფ ,,კანონიერ ქურდებთან’‘ ციხის დეპარტამენტის მრჩეველს?!

რა კავშირი აქვს საბერძნეთში მყოფ ,,კანონიერ ქურდებთან’‘ ციხის დეპარტამენტის მრჩეველს?!

ლალი მოროშკინა კვირის სკანდალურ ფიგურად იქცა და მასმედიის ყველა საშუალება მის საჯარო პორტესტზე აქტიურად წერს, სიუჟეტებს არ იშურებს არც ერთი ტელევიზია, თუმცა რატომ ,,აუჯანყდა’‘ სინამდვილეში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობას მოროშკინა, რისთვის იყენებდა სუბართან მეგობრობასა და მრჩევლობას და რა ,,შენაძენი’‘ გაიკეთა ციხეში, ამაზე არავინ საუბრობს. ისიც საინტერესოა, შიმშილობის გამოცხადების პარალელურად, რატომ არ ტოვებს ოფიციალურად, მოროშკინა დიმიტრი დარბაისელის მრჩევლის თანამდებობას და რა კავშირი აქვთ ამ სკანდალებთან საბერნეთში მყოფ კანონიერ ქურდებს?! ,,ვერსიამ’‘ მოროშკინას სკანდალის რამდენიმე ექსკლუზიური ვერსია მოიპოვა, რომელსაც აქვე განსჯისთვის შემოგთავაზებთ.    

მოროშკინას ,,ციხეებში’‘ დანიშვნას საზოგადოებაში თავიდანვე მოჰყვა თითქმის პროტესტამდე მისული გაოცება. ვერ გეტყვით, პენიტენციალური სისტემის წინაშე რა დამსახურება ჰქონდა ყოფილ ჟურნალისტს, რომელიც საზოგადოებაში ერთხანს ბეწვეულის ეპატაჟური რეკლამირებით დაკავებულ ქალბატონად აღიქმებოდა, მაგრამ ,,ჩანგლებით მონადირე’‘ მოროშკინამ, 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდგომ, სასჯელაღსრულებაში ადგილის ,,მოჩანგვლა’‘ მაინც მოახერხა. არადა, კაცმა რომ თქვას, სად პროდასავლური გაქანების სუბარი და სად ხომერიკისა და ებრალიძის მეგობრად ცნობილი მოროშკინა?! სუბარი არც პრეზიდენტი იყო და არც მსოფლიო ჩემპიონი, მაგრამ ლალის იმ არასამთავრობო ორგანიზაციას აუნთო ,,მწვანე’‘, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ სასჯელაღსრულებისა და ციხეების მონიტორინგის ჯგუფში მუშაობდა. როგორც წყარო გვიამბობს, მოროშკინას არასამთავრობო ბევრჯერ გაეხვია უსიამოვნო ხმაურში, მაგრამ ეს ფაქტები ციხის გარეთ არ გამოსულა. სამაგიეროდ, ამ სფეროში მომუშავეებს კარგად ახსოვთ, რომ მობილური ტელეფონების შეტანა ციხეებში სწორედ ამ დროს დაინერგა, ამ ამბავს მაშინ დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია ხასაია გადააყოლეს, მოროშკინა კი, სუბარის წყალობით, დეპარტამენტში დარჩა. როგორც პრივატულ საუბარში გვეუბნებიან, ამავე პერიოდში დაფიქსირდა ქალბატონი ლალის აქტივობები სხვა მიმართულებითაც, მათ შორის ,,კრიტიდან’‘ ღია დაწესებულებებში პატიმრების გადაყვანის შემთხვევებიც. არაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ რის სანაცვლოდ უწვდიდა მოწყალების ხელს მოროშკინა პატიმრებს, ეს, ალბათ, თავად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შეფებმა იციან ისევე, როგორც ყველამ იცის ,,ციხეზე’‘, თუ როგორ გაიცნო პატიმარი ირაკლი ჯაფარიძე მონიტორინგის ჯგუფში მუშაობისას. ახლა მეტყვით, სიყვარულმა ციხე და საპატიმროები არ იცისო, მაგრამ, ფაქტია, ციხის გისოსებში ნაპოვნი მეუღლე ციხიდან მალევე გამოდის და დეპარტამენტის შეფის მრჩეველიც მასთან ერთად საბერძნეთში საქორწინო მოგზაურობას იწყებს. ანალოგიურად დაეხმარა იგი მეგობარს - ლიკა ყაზბეგისა და პატიმარ გენადი ჯელაძის ქორწილის ციხეში ორგანიზება დეპარტამენტის შეფის მრჩევლის დამსახურებაა და პატიმრის ქორწილში ხელისმომკიდედაც კი იხილა საზოგადოებამ. მოროშკინამ ციხის მაშინდელ ადმინისტრაციას პატიმრის უფლებების შეზღუდვაშიც კი დასდო ბრალი, რადგან ბადრაგმა პატარძალი ქორწილის შემდგომ ქმართან საპატიმროში აღარ შეუშვა. პრინციპში, საპატიმროებში ქორწინება ცუდი არ არის, ერთი ფაქტი რომ არ ქმნიდეს უხერხულობას: ლალი მოროშკინას რანგი და ინფორმაცია მისი მეუღლის მეგობრების - საბერძნეთში მყოფი კანონიერი ქურდების - სპარტაკ ჯაფარიძისა და გიორგი ავალიანის შესახებ. სხვათა შორის, ამ უკანასკნელს პატიმრობა 2042 წლამდე ჰქონდა მისჯილი და, კულუარებში გავრცელებული ვერსიით, როგორც ამბობენ, სწორედ მოროშკინას რეკომენდაციით, უდო-ს კომისიამ ვადაზე ადრე გაათავისუფლა. რამდენად ახლოსაა სინამდვილესთან ინფორმაცია, რომ მოროშკინა და მისი მეუღლე საბერძნეთში მყოფ ზემოაღნიშნულ პირებს შეხვდნენ, ეს, ალბათ, მხოლოდ ამ შეხვედრის მონაწილეებმა იციან, მაგრამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კულუარებში ამბობენ, მოროშკინას აღნიშნული კონტაქტებისა და ნაცნობობის შესახებ ,,ზემოთ’‘ შეიტყვეს და შეიმჩნიესო. ლალიმაც დროზე ადრე დასწრების მექანიზმი აამუშავა და ხმაური ატეხა, პრემიებს ირიგებენ და ,,ნაცზონდერებს’‘ ამუშავებს დიმიტრი დარბაისელიო - მოროშკინას მოულოდნელი განაწყენების მიზეზად ზოგიერთი სწორედ ამ ვერსიასაც ასახელებს. სხვათა შორის, მოროშკინას დღემდე ოფიციალურად არ დაუტოვებია მრჩევლის თანამდებობა. როგორც დაწესებულებაში ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ სამსახურში სიარულით თავს არ იკლავდა, პრემიას პრემიაზე იღებდა და მთელი მისი აქტივობა პატიმრების საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით შემოიფარგლებოდაო. თუმცა კიდევ ერთი ინფორმაცია: პარალელურად, საკუთარ ოჯახის წევრებსაც ასაქმებდა. მაგალითად, მოროშკინამ შვილი - სანდრო ჩაგანავა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამეურნეო სამსახურში დაასაქმაო. პრინციპში, კმაყოფილებისთვის ცუდი ფაქტორები არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ არსებობს გულისწყრომის კიდევ ერთი ვერსია: ამბობენ, ქალბატონი ლალი მუდმივად სთხოვდა დარბაისელს სოციალური სამმართველოს უფროსად დანიშვნას და სანაცვლოდ იმის პირობას იძლეოდა, რომ არასამთავრობოებსა და კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტთა ნაკადთან ურთიერთობას დაალაგებდა. მოკლედ, მოროშკინას ირგვლივ ბევრი ვერსია და მოარული ხმა ტრიალებს. ასეა თუ ისე, დღეს იგი განაწყენებულია, შიმშილობით იმუქრება და ამბობს, რომ, თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, შვეიცარიის საელჩოს თავშესაფარს მოსთხოვს... მისგან გამოტანილი დეპარტამენტის ხელფასების უწყისები კი რატომღაც ნაციონალებამდე მიდის. ,,ვერსია’‘ კომენტარისთვის ლალი მოროშკინას დაუკავშირდა:                      

ქალბატონო ლალი, ოფიციალურად ისევ სისტემაში ყოფილხართ, როგორც გავიგე, მრჩევლის თანამდებობაც არ დაგიტოვებიათ..             

დიახ, არ ვტოვებ, მე რატომ უნდა დავტოვო, დატოვებს დარბაისელი და ნაცზონდერების ბანდა..                 

როგორც მითხრეს, თქვენი ვაჟიშვილიც მუშაობს თქვენს სისტემაში... სამეურნეო სამსახურში..                  

საჯარო მოხელე არ არის. მხოლოდ კონტრაქტით იყო ანუ ხელშეკრულებით, ოღონდაც ეკონომიკური განხრით. ეს არის მომარაგებაში ეკონომიკური ჯგუფი, მაგრამ არც ხელფასი ერიცხება და არც პრემია..                  

სამაგიეროდ, თქვენ აგიღიათ სოლიდური პრემიები..               

მე მქონდა პრემია, კი ბატონო, დღესასწაულებზე ხელფასის ნახევარი ოდენობა პრემია. ნახევარი ოდენობა არის 600-700 ლარი, სადღაც..                     

ინტენსიურად საუბრობენ, რომ თქვენი მეუღლის, ირაკლი ჯაფარიძის ახლობლები არიან კანონიერ ავტორიტეტებად ცნობილი სპარტაკ ჯაფარიძე და გიორგი ავალიანი... თუ იცნობთ ამ პირებს და თუ შეხვედრიხართ მათ საბერძნეთში?                

გიორგი ავალიანს შევხვედრივარ, კი ბატონო, სისტემაში მუშაობისას ისევე, როგორც ჩემს მეუღლეს ირაკლი ჯაფარიძეს, რომელიც ციხეში გავიცანი. რაც შეეხება ,,კანონიერ ქურდებთან’‘ ჩემს კავშირებს, ეს თემა უკვე რაღაც გამოგონილია. ,,კანონიერ ქურდებთან’‘ ყველასთან მქონდა ურთიერთობა, როგორც დეპარტამენტის მრჩეველს, ხასაიასა და ბუთბაიას დროს, მათი დავალებით, ახლა აღარ. საბერძნეთში ვიყავი საქორწინო მოგზაურობაში და იქ სპარტაკისთვის არ ჩავსულვარ. არც გამიგია ჩემი მეუღლისგან, შევეკითხები..                 

მაია ხასაიას დროს რომ მობილური ტელეფონები შეიტანეს ციხეზე, თქვენ ამასთან რაიმე კავშირი თუ გქონიათ?             

ამაზე პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და ხასაია გადადგა კიდეც, მე ამოღების პროცესში ვიყავი ჩართული, როგორც უსაფრთხოების თანამშრომელი. მეტი რა შეხება უნდა მქონოდა?              

ქალბატონო ლალი, ამბობენ, თქვენი განაწყენების მიზეზი ისიცაა, რომ უფრო დიდი თანამდებობა გინდოდათ, კერძოდ, სოციალური განყოფილების ხელმძღვანელობა..             

არა მე ელჩობა მინდა რუსეთში. დიახ, მინდა მაღალი თანამდებობა როგორც კი მოგვარდება რუსეთთან ურთიერთობები. დეპარტამენტში ისედაც დიდი თანამდებობა მაქვს და სოციალური განხრა უფრო დაბალი საფეხურია, მასე არ დავკნინდები.