საერთაშორისო ლობი არ გვაქვს და ეს ხელისუფლების ბრალია

საერთაშორისო ლობი არ გვაქვს და ეს ხელისუფლების ბრალია

"შეიძლება ამ ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ჩვენ ლობისტები არ გვჭირდება და ევროპას საქმით დაარწმუნებენ. ეს კარგი მიდგომაა, მაგრამ რეალურად, დღევანდელ მსოფლიოში ლობისტებით ყველა სარგებლობს," - ამბობს პარტია "საქართველოს გზის" თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას და დასძენს, რომ თუ საერთაშორისო ასპარეზზე ყველაფერი ისე ვერ არის, როგორც უნდა იყოს, ეს მთლიანად მთავრობის და არა მხოლოდ საგარეო უწყების ბრალია", - წერს გაზეთი "რეზონანსი"სტატიაში სათაურით სალომე ზურაბიშვილი: საერთაშორისო ლობი არ გვაქვს და ეს ხელისუფლების ბრალია.

"წინასაარჩევნო გარემო ორგვაროვანია. ერთი მხრივ, უნდა ვაღიაროთ, რომ შიში, რაც არსებობდა, აღარ არის. შეიძლება სადმე, რეგიონში, ზეწოლის ჩვევა კიდევაა შემორჩენილი, მაგრამ იმ ფორმით, როგორც ადრე იყო, ნამდვილად აღარაა. არც იმის შიში მაქვს, რომ არჩევნებს მასობრივად გააყალბებენ. ეს ძალიან დიდი ცვლილებაა და ამიტომ ჩვენც გვაქვს მოლოდინი, რომ ყველაფერი მეტ-ნაკლებად ნორმალურად ჩატარდება. თუმცა არსებობს მეორე მხარეც - პარტიებს შორის თანაბარი პირობები არ არსებობს. ჩვენ ვართ კვალიფიციური პარტია, რომელიც არჩევნებში 2006 წლიდან მონაწილეობს. იყო საუბარი იმაზე, რომ ოპოზიციისთვის ხელი უნდა შეეწყოთ, რათა ქვეყანაში მრავალპარტიულობა ყოფილიყო, მაგრამ თანაბარი სიტუაცია, დაფინანსების კუთხით, ნამდვილად არ არის შექმნილი. იმის გამო, რომ მე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება ამეკრძალა, დაფინანსება, რომელიც ამ მონაწილეობას უნდა მოჰყოლოდა და რომელითაც, მაგალითად, ნინო ბურჯანაძის პარტია ძალიან კარგად სარგებლობს, ვერ მივიღეთ. გარდა ამისა, ჩვენ არ გვაქვს უფასო რეკლამა. ამავე დროს, ტელევიზიებიდანაც არ არის თანაბარი შემოთავაზებები. მაგალითად, მე არც ერთმა ტელევიზიამ არ მიმიწვია საარჩევნო გარემოზე სასაუბროდ", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

"არ არსებობს სამართლიანობის აღდგენის პროცესი. დემოკრატიულ ქვეყანაში სასამართლო და კანონის უზენაესობა არსებობს. თქვენი სამართლიანობა და ჩემი სამართლიანობა ორი განსხვავებული ხედვაა. სუბიექტურად თუ დავიწყეთ ადამიანების გასამართლება, საშინელებას, რევანშიზმს მივიღებთ. სასამართლო იმისთვის არსებობს, რომ სიმართლე დაადგინოს, დაამტკიცოს და განაჩენი გამოიტანოს. ჩვენ ან ყველაფერში შევცდით და ქვეყანაში არაფერი მომხდარა, თუ ყველა ის დანაშაული და ბოროტება მოგვეჩვენბა, ან თუ მართალნი ვართ და არ მოგვჩვენებია, ვიღაც ხომ უნდა იყოს ამაზე პასუხისმგებელი? ეს უნდა დადგინდეს. ის ქვეყანა, სადაც სასამართლო მოწოდების სიმაღლეზე არ დგას, გაჩერებულია. როგორც ტყუილებში ჩაფლული ადამიანი ვერაფერს გააკეთებს, ასევეა ქვეყანაც. რევანშიზმი არაა საჭირო, მაგრამ მართალი და მკაცრი სასამართლო ნამდვილად საჭიროა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სალომე ზურაბიშვილი.

"ის, რაც მოვისმინე, რომ თურმე სააკაშვილის დაკითხვა არ შეიძლებოდა, რადგან ივანიშვილს ქონებას დაუყადაღებდნენ, უცხოელები იმუქრებოდნენ და ა.შ. - ტყუილია. ძალიან მიკვირს, რომ დღევანდელი ხელისუფლება ისეთ ინფორმაციებს ავრცელებს, რასაც ხალხის გაღიზიანება ევროპაზე გადააქვს. თურმე ევროპის ბრალია, სააკაშვილს რომ ვერ კითხავენ, რომ ქვეყანაში სამართალი არ არის და ა.შ. ისინი არაფერში ერევიან. ჩვენ თუ არ მოვიქცევით იმ ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად, რომელიც ევროპაშია მიღებული, რომლის ნაწილადაც თავს ვთვლით, ჩვენ თუ დაჭერებსა თუ დაკითხვებში ამ ნორმებს არ შევასრულებთ, ცხადია, შენიშვნები იქნება", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ნუ ვცხოვრობთ მითებში და ნუ გვგონია მიშა იმდენად მნიშვნელოვანი, რომ გავლენიანი მფარველები დღემდე ჰყავს. მათ ბოლოს უკვე კარგად დაინახეს, თუ ვინ იყო მიშა და რას აკეთებდა. არავითარი მხარდაჭერა არ არსებობს, არსებობენ მხოლოდ ლობისტების ჯგუფები. ცუდი ისაა, რომ ხელისუფლება აქედან მათ სათანადო ინფორმაციას არ აწვდის. სახელმწიფოს მხრიდან რეალური მუშაობა არ მიმდინარეობს იმისთვის, რომ აჩვენონ, სასამართლო ნორმებისა და წესების მიხედვით, მტკიცებულებების საფუძველზე მოქმედებს. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ უბრალოდ საერთაშორისო ლობი არ გაგვაჩნია. ეს ყველაფერი მთლიანად ხელისუფლების ქმედებას უნდა მივაწეროთ, მხოლოდ საგარეო უწყებას ვერ დაბრალდება", - დასძენს სალომე ზურაბიშვილი.