არაბული სცენარი კავკასიაში ნაკლებად მოსალოდნელია!

არაბული სცენარი კავკასიაში ნაკლებად მოსალოდნელია!

ლიბიაში მიმდინარე მოვლენებში ვაშინგტონის ხელი რომ ურევია, ეს უკვე აშკარაა. ვერც იმას ვიტყვით, რომ არაბულ სამყაროში მომხდარ სხვა არეულობებში თეთრ სახლს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია. ცხადია, ნავთობით მდიდარი არაბული ქვეყნებისა და მთლიანად ახლო აღმოსავლეთის ხელიდან გაშვება ვაშინგტონს არ სურს, რასაც იგი არც მალავს. სწორედ ამის გამო დაძრა მან თავისი სამხედრო ხომალდები ლიბიის სანაპიროსკენ. მოტივად კი ის დასახელდა, რომ შეერთებული შტატების უსაფრთხოებას საფრთხე ექმნებაო. სხვათა შორის, მსგავსი განცხადება კეთდებოდა მაშინაც, როცა ვაშინგტონმა ასევე ნავთობით მდიდარი ერაყი ამოიღო მიზანში.

 

მიუხედავად იმისა, რომ თვით კრემლმაც ლიბიის ლიდერს, მუამარ კადაფის “პოლიტიკური ლეში” უწოდა, ჯერჯერობით, თეთრმა სახლმა ნატოელი პარტნიორებისგან ლიბიაში შეჭრაზე თანხმობა ვერ მიიღო, მაგრამ ეს მხოლოდ დროის საკითხია. ერაყის მაგალითს თუ გავითვალისწინებთ, ნატოს წინააღმდეგობა ვაშინგტონს რომ ვერ შეაჩერებს, არც ესაა დიდი გამოცანა.

 

მიმომხილველები იმასაც ვარაუდობენ, რომ ახლო აღმოსავლეთში აგორებული საპროტესტო ტალღა, ამა თუ იმ სახით, სხვა რეგიონებზეც გადაინაცვლებს.  Wall Street Journal-ის ჟურნალისტმა, ალენ მატიჩმა შეადგინა იმ 85 სახელმწიფოს რეიტინგი, სადაც მასობრივი გამოსვლები მოსალოდნელია, რაც შესაძლოა, ამ ქვეყნებში ხელისუფალთა შეცვლით დასრულდეს.

 

რეიტინგი შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებითაა შედგენილი - სოციალური უსამართლობის დონე სახელმწიფოში, მოსახლეობის სამოქალაქო წანააღმდეგობისკენ მიდრეკილება და გამოსვლებისთვის ხალხის მზადყოფნა.

 

თავიდანვე შეიძლება ითქვას, რომ ეს სია დიდი სიზუსტით მაინცდამაინც არ გამოირჩევა, რადგანაც რეიტინგში მოხვედრილ ზოგიერთ სახელმწიფოში, ხელისუფლება უკვე შეცვალა. მაგალითად, ეგვიპტესა და ტუნისში. თუმცა, რიგითობიდან გამომდინარე, სადაც უკვე მოხდა საპროტესტო გამოსვლები და ხელისუფლების შეცვლა და სადაც უფრო გვიანაა მოსალოდნელი, ამას დიდ მნიშვნელობას მაინც ნუ მივანიჭებთ. საგულისხმოა, რომ ეს ქვეყნები რეიტინგში ნამდვილად არიან.

 

ჩვენთვის მთავარი მაინც ის გახლავთ, შესაძლებელია თუ არა, პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებშიც მოხდეს საპროტესტო გამოსვლების ექსპორტი. მართალია, საქართველოს ხელისუფლება თავს იმით იმშვიდებს და წარამარა იმეორებს, რაც ეგვიპტეში მოხდა, ის ჩვენ უკვე “ვარდების რევოლუციის” დროს, 2003 წელს გავიარეთო, მაგრამ ეს მხოლოდ თავის მოტყუებაა და სხვა არაფერი.

 

“ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ის გარემოება, რომ ეგვიპტეს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგი, ფაქტობრივად, 100%-ით ემთხვევა იმ გეგმას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას 2003 წლის რევოლუციის შემდეგ ჰქონდა”, - განაცხადა 2 მარტს, ეგვიპტეში მყოფმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ.

 

თუ მოვლენებს გავაანალიზებთ, არც მთლად ასეა საქმე, მაგრამ ხელისუფლებას ამით თავის დამშვიდება სურს, ეს მათი საქმეა.

 

არადა, ისიც ფაქტია, რომ ამ რეიტინგში პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან საქართველო (რეიტინგში მე-18) მესამეა, ჩვენი მეზობელი, ნავთობით მდიდარი აზერბაიჯანისა (მე-10) და შუააზიური უზბეკეთის (მე-15) შემდეგ. რაც შეეხება ყოფილი საბჭოთა კავშირის დანარჩენ ქვეყნებს, რეიტინგში ისინი ასე განლაგდნენ: თურქმენეთი - მე-19, უკრაინა - 22-ე, ბელორუსია - 29-ე, ყაზახეთი - 31-ე, რუსეთი - მე-40, ლიტვა - 46-ე, ესტონეთი - 58-ე.

 

საინტერესოა, ისიც, რომ ამ სიაში საერთოდ ვერ მოხვდნენ სომხეთი, ყირგიზეთი და მოლდოვა.

 

თუმცა, ეს ამ ქვეყნებს თვითდამშვიდების საშუალებას არ აძლევს.  განსაკუთრებით კი სომხეთს, სადაც ოპოზიციამ სამიტინგო მოთელვა 2 მარტს უკვე გაიარა და ერევანში ოპოზიციის დაძახილზე 50 ათასი კაცი გამოვიდა. მოლდოვაშიც რთული ვითარებაა. ორი წელია, იქ პრეზიდენტის არჩევა ვერ ხერხდება. მალე ქევყანაში ისევ არჩევნები უნდა ჩატარდეს, მაგრამ პოლიტიკურ ძალთა გადანაწილება ისეთია, რომ ვერც ახლა მოახერხებენ რამეს. ამას ზედ დნესტრისპირეთის საკითხიც ემატება და, როგორც იტყვიან, იქ ცეცხლის  ასაგიზგიზებლად, ნაპერწკალიც კი საკმარისია. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი მოლდოველი კოლეგებისგან ასეთი ინფორმაცია მივიღეთ. გამომდინარე  ქვეყანაში არსებული რთული ვითარებიდან, ჩვენი წყაროს დასახელებისგან, მისივე თხოვნით, თავს შევიკავებთ.

 

“ვერსია” ყირგიზელ კოლეგებსაც შეეხმიანა. მართალია, გარეგნულად, თითქოს როზა ოტუმბაევას მოსვლის შემდეგ, სიტუაცია თანდათანობით სტაბილიზაციისკენ მიდის, მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნულად. ექს-პრეზიდენტ ბაკიევის მომხრეებს ქვეყნის სამხრეთით კვლავაც ძლიერი პოზიციები უკავიათ. ასე რომ, დასახელებული სამივე პოსტსაბჭოთა ქვეყანა, ჩვენი წყაროების ინფორმაციით, დენთის კასრზე ზის.

 

საერთოდ, ისევე როგორც არაბულ სამყაროში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც, ბოლო 20 წლის მანძილზე გატარებული ცვლილებები უშედეგო აღმოჩნდა. ვერ განვითარდა საბაზრო ეკონომიკა და, ცხადია, არც დემოკრატიისკენ გადაიდგა ნაბიჯები. მიმომხილველთა და ექსპერტთა მოსაზრებით, აქ ყველგან კორუფცია და ნეპოტიზმი ყვავის. 

 

ეჭვგარეშეა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში უშიშროების ორგანოებს კვლავინდებურად მძლავრად აქვთ გადგმული ფესვები. თუმცა, არაბული და მთლიანად ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისგან განსხვავდებით, მათ აქ ხალხი არმიასთან არ დაუპირისპირებიათ, რასაც ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს.

 

თვით ბელორუსმა “ბატკომ”, ალექსანდრ ლუკაშენკომაც შარშანდელი დეკემბრის ხალხმრავალი დემონსტრაციების პერიოდში განაცხადა, რომ იგი მღელვარების ჩასაცხრობად არმიას, არავითარ შემთხვევაში, არ გამოიყენებდა.

 

ისიც გასათვალისწინებელია, რომ არაბულ სამყაროსთან შედარებით, ყოფილი საბჭოთა ქვეყნები უფრო ევროპისკენ არიან ორიენტირებულნი. ევროპული კულტურული ტრადიციებიდან გამომდინარე კი, მასობრივი პროტესტების დროს პოლიტიკური აქტივობა ქუჩურ უწესრიგობებში არ გადადის. ყოველ შემთხვევაში, ექსპერტთა მოსაზრებით, ამის დასტურია, უსისხლო, “ფერადი რევოლუციები” საქართველოში, უკრაინასა და ყირგიზეთში.

 

თუმცა, უცხოელი ექსპერტებისგან განსხვავებით, შეიძლება ითქვას, რომ “რევოლუციების” შემდგომი ნაბიჯები ამ ქვეყნებისთვის მთლად შედეგიანი ვერ გამოდგა. ნათელია, რომ დემოკრატიული მიღწევები თანდათანობით წარსულს ბარდება. კერძოდ, “ვარდების რევოლუციისდროინდელი” უმაღლესი ხელმძღვანელობა საქართველოსა და უკრაინაში დაიშალა, ხოლო ყირგიზეთში ახალმა რევოლუციამ “რევოლუციით მოსულნი” საერთოდ ისტორიის სანაგვეზე გაისტუმრა.

 

მიუხედავად ამისა, ექსპერტთა მოსაზრებით, საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაშიც არსებობს ისეთი ინსტრუმენტები, როგორებიცაა მასმედია, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, დამოუკიდებელი პროფკავშირები, რომელთა მეშვეობითაც, შესაძლებელია, ხელისუფლებაზე გარკვეული ზემოქმედების  მოხდენა, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით ყაზახეთსა და უზბეკეთზე, სადაც კლანურობა ყვავის და ხელისუფლების სათავეში ათეულობით წლებია, ერთი და იგივე ხალხია. მართალია, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ოპოზიციორები “არაბული გაზაფხულის” მოწყობით იმუქრებიან, მაგრამ, ექსპერტთა შეფასებით, უახლოეს პერიოდში, მსგავსი რამ ნაკლებადაა მოსალოდნელი, გარდა ტაჯიკეთისა. 

 

დაახლოებით, ანალოგიური მოსაზრება გააჟღერა “ვერსიათან” საუბარში კონფლიქტოლოგმა, რეგიონული უსაფრთხოების სამხრეთკავკასიური ინსტიტუტის დირექტორმა, ალექსანდრე რუსეცკიმ.

 

- პრინციპში, როდესაც ამ საკითხებზე ვსაუბრობთ, საჭირო არ არის ხაზი გავუსვათ არაბულ ქვეყნებს. ეს ახლო აღმოსავლეთის ზონაა. სამხრეთ კავკასია კი დიდი ახლო აღმოსავლეთის ნაწილია. საერთოდ, 2008 წლის მოვლენებმა  დაამტკიცა, რომ ის მოვლენები, რაც იქ ხდება, ვთქვათ, ისრაელისა და ირანის დაპირისპირება და ა.შ., უშუალოდ კავკასიაზე და, სახელდობრ, საქართველოზეც სერიოზულ გავლენას ახდენს. ამიტომ გარკვეული საერთაშორისო გეოპოლიტიკური  თამაშის პროცესში, რომელიც ახლა მიმდინარეობს -  სფეროებისა და ზეგავლენის გადანაწილება, ენერგორესურსებსა და გაზზე კონტროლი და ა.შ. გლობალური ვაჭრობა მიმდინარეობს. ამ საკითხების განხილვაში, ბუნებრივია, იქნება და არის კიდეც საქართველო ჩართული ისევე, როგორც აზერბაიჯანი და სომხეთი.

 

სომხეთში სიტუაცია საკმაოდ აქტიურია, რაც არამხოლოდ მიტინგებით განისაზღვრება, არამედ, როგორც პრომოსკოვური საიტები, მათ შორის, “რეგნუმი” აცხადებენ, ძალიან აქტიურია აშშ-ს საელჩო. ისინი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის აქტიურობას განიხილავენ, როგორც პროპაგანდისტულ საქმიანობას, რათა სომხეთშიც მოხდეს პრიორიტეტების წარმატებით შეცვლა, ამიტომ იქ რეალური ტრანსფორმაციების გარკვეული შესაძლებლობა არის.

 

ამავე დროს, ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ, კულტურული თვალსაზრისით, ის ქვეყნები, სადაც ზემოთნახსენები პრობლემები არსებობს, ჩვენი, კავკასიური სახელმწიფოებისგან საკმაოდ გამოირჩევიან. გამომდინარე აქედან, უშუალოდ ასეთი მასიური და ტოტალური აჯანყებები აქ მაინც მოსალოდნელი არ არის,  მაგრამ ის უარყოფითი ენერგია, უკმაყოფილება, რაც საზოგადოებაშია და ბევრად უფრო ძლიერდება, რასაც კიდევ ემატება ეკონომიკური და სოციალური კრიზისი, ბუნებრივია, უახლოეს დროში, გარკვეულ პოლიტიკურ დაძაბულობაში აისახება. ვფიქრობ, გარკვეულწილად, დაძაბულობა მოსალოდნელია, მაგრამ არა იმ მასშტაბისა და სიძლიერის, რასაც ახლა ჩვენ აფრიკის ქვეყნებსა და იმ ზონაში ვხედავთ.

 

Wall Street Journal-ის სიაში სომხეთი, მოლდოვა და ყირგიზეთი საერთოდ მოხსენიებულნიც კი არ არის, ხოლო რუსეთი სადღაც მეორმოცეა, ეს რას მივაწეროთ? იქ ყველაფერი კარგადაა და არაფერს ველოდოთ?

- საერთოდ, პროტესტის გამოხატვის სხვადასხვა ფორმა არსებობს. თუ ჩვენ იმ ტიპის პროტესტზე ვისაუბრებთ, როგორიც ახლო აღმოსავლეთში ხდება, რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაცია ნახსენები ვერ იქნება, რადგან იქ ასეთი მასობრივი აჯანყებები მოსალოდნელი არ არის. იგი რთული გეოგრაფიის ქვეყანაა, საკმაოდ დიდი და ფართო ტერიტორიით. აქ პროტესტის ფორმამ, შესაძლებელია, სხვა, უფრო ლოკალური ხასიათი მიიღოს დიფერენცირებული განწყობილებებით. სხვადასხვა ჯგუფსა და რეგიონს იქ სხვადასხვა მოტივები აქვთ.

 

ყირგიზეთში არასტაბილური მდგომარეობა დე-ფაქტო არსებობს და იგი,  ჯერჯერობით, დარეგულირებული არა არის. რაც შეეხება მოლდოვას, იქ არსებობს იმის გარანტია, რომ მსგავსი ტიპის არეულობა მოსალოდნელი არაა. თუმცა, თუ უკრაინა სიაშია და მოლდოვა - არა, ეს მართლაც გაუგებარია.  მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში საპროტესტო ძალა მატულობს, აქ ასეთი მასიური და მსგავსი ტიპის გამოსვლები უახლოეს დროში მოსალოდნელი არაა.

 

ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა შეცდომებს დაუშვებს ხელისუფლება. ეს შეეხება იგივე სამარშრუტო ხაზებისა და ტაქსების ამბავს, ზოგადად, ფასების ზრდას, არაადეკვატურ სოციალურ პოლიტიკას, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს. ოცლარიანი ვაუჩერების დარიგებით, ამ დაძაბულობის მოხსნას, პრაქტიკულად, რომ ვერ მოახეხებენ, მგონი, ნათლად ჩანს. ეკონომიკური პოლიტიკა თუ არ შეიცვლება, მოსახლეობის მდგომარეობაც, შესაბამისად, ვერ შეიცვლება და, ბუნებრივია, საპროტესტო მოძრაობაში, უფრო და უფრო, მეტი ადამიანი ჩაებმება. ხელისუფლებაში ეს ან არ ესმით, ან არ უნდათ, გაიგონ.

 

კარგია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი კაიროში ჩადის და ეგვიპტის ხელისუფლებას რჩევებს აძლევს, მაგრამ თვითონ მოვლენები, რაც იქ ხდება, ნებისმიერი ხელისუფლებისთვის უფრო კარგი რჩევაა და, მათ შორის, უშუალოდ საქართველოს ხელმძღვანელობისთვისაც.