გაფართოებასა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, შტეფან ფულეს განცხადებით, ევროპამ მხარი უნდა დაუჭიროს დემოკრატიისთვის მებრძოლ დემონსტრანტებს და არა „დიქტატორებს“, რომლებიც საკუთარ მოქალაქეებს კლავენ. ექსპერტ ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, ევროპის ახალი მესიჯი, საქართველოსაც უშუალოდ ეხება.
„ძალიან ბევრი ჩვენგანი იმ ვარაუდის მსხვერპლი გახდა, რომ ავტორიტარული რეჟიმები რეგიონში სტაბილურობის გარანტიას წარმოადგენდნენ, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ევროპამ მხარი უნდა დაუჭიროს დემოკრატიისთვის მებრძოლ დემონსტრანტებს და არა „დიქტატორებს“, რომლებიც საკუთარ მოქალაქეებს კლავენ.
ტუნისის, ქაიროს და სხვა ქალაქების ქუჩებში ადამიანები იმ ღირებულებებისთვის იბრძვიან, რომლებსაც ჩვენც ვიზიარებთ. სწორედ მათთან ერთად და მათთვის უნდა ვიმოქედოთ დღეს და არ უნდა ვითანამშრომლოთ დიქტატორებთან, რომლებიც ამ წუთებშიც საკუთარი მოქალაქეების სისხლს ღვრიან, რითაც ადამიანის სიცოცხლისადმი აბსოლუტურ გულგრილობას ავლენენ“, - განაცხადა ევროკავშირის კომისარმა ფულემ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
ამასთან, მისი თქმით, ევროპამ უნდა მოახდინოს რეაგირება იმ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებზე, რომლებიც მისგან სამხრეთით მდებარეობენ ზუსტად ისე, როგორც ის აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებში სხვა რეჟიმების მიმართ მსგავს აჯანყებებზე რეაგირებდა.
„ევროპამ უნდა შესძლოს და შესძლებს კიდეც გამოწვევების მიღებას და მხარი დაუჭიროს დემოკრატიისკენ გადასვლას ჩრდილოეთ–აფრიკაში, როგორც ეს აღმოსავლეთ-ევროპაში 1989 წლის რევოლუციების შემდეგ გააკეთა“, - განმარტა ფილემ და აქვე დასძინა, რომ მიგრაციის ზრდასთან, ნავთობზე ხელმისაწვდომობასთან ან ისლამისტების ზრდასთან დაკავშირებულმა შიშებმა ხელი არ უნდა შეუშალოს ევროპას რეგიონში დემოკრატიის მხარდაჭერის საქმეში:
„დიახ, ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ ტუნისიდან, ლიბიიდან და გარკვეული დოზით ეგვიპტიდანაც მიგრაციის მზარდი ნაკადის წინაშე. დიახ, ქვეყნებში რომლებიც დემოკრატიის გზას დაადგნენ, გარკვეული პოლიტიკური ვაკუუმი შეიქმნება, მათ შორის გაჩნდებიან ისლამისტური პარტიებიც და სავარაუდოდ ზოგიერთ მათგანთან დაკავშირებით არსებობს საფრთხე, რომ დემოკრატიის წესებით თამაში არ მოუნდებათ.
დიახ, ნავთობზე ფასები გაიზრდება, ინვესტიციები და ბიზნესები დაიკარგება. დიახ, ლიბიაში სამოქალაქო ომის და მასთან დაკავშირებული არასტაბილურობის საფრთხეა. ჩვენ ვიცით, რომ გათავისუფლებულ ცვლილებათა ძალას უმალ სტაბილური პოლიტიკური სისტემების შექმნა არ მოჰყვება, თუმცა ჩვენ უნდა გადავლახოთ ეს რისკები და მხედველობიდან არ გამიგვრჩეს ჩვენი გრძელვადიანი საერთო ამოცანა: დემოკრატიული, სტაბილური, აყვავებული და მშვიდობიანი ჩრდილოეთ-აფრიკა“.
ასოციაცია „სამართალი და თავისუფლების“ ხელმძღვანელის, უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტ ირაკლი სესიაშვილის აზრით, ევროკომისარ შტეფან ფულეს მიერ გახმოვანებული ევროპის ახალი მესიჯი, საქართველოსაც ეხება:
„ევროპის აბსოლუტურად ღია და მკაფიო განცხადება, რომ ცდება, როცა უყურებს, როგორ იღუპებიან ადამიანები იმ ღირებულებებისთვის, რისთვისაც დასავლეთი არსებობს და ის უნდა დადგეს დემონსტრანტების და არა დიქტატორობისკენ სწრაფი ხელისუფლებებისკენ, არის ღია მესიჯი ყველა იმ ქვეყნებისთვის, სადაც არის დიქტატურა ან ჰიბრიდული დემოკრატია არსებობს. ასეთია ჩვენი სახელმწიფოც“.
სესიაშვილის განმარტებით, დასავლეთში ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენი ქვეყანა შორსაა დემოკრატიისგან და სააკაშვილი უფრო დიქტატურისკენ მიაქანებს ქვეყანას.
„ამისთვის, მხოლოდ ერთი მარტივი ფაქტი შეიძლება დავასახელოთ და ეს არის ის, რომ სააკაშვილის პოლიტიკურ ძალას ძალაუფლების 100 % უპყრია ხელთ. სხვა მაგალითები (მათ შორის მედიის თავისუფლების ხარისხი, პოლიტიკური პარტიებისთვის არათანაბარი უფლებები და საარჩევნო გარემო... ) შეიძლება არც კი მოვიყვანოთ. ამიტომაც თუ ვინმეს ეხება უპირველესად ფულეს განცხადება, ეს არის საქართველო“, - განმარტა უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტმა და აქვე ივარაუდა, რომ დასავლეთს ახალი სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავებისკენ არაბულ სამყაროში განვითარებულმა მოვლენებმა უბიძგა.
გარდა ამისა, ირაკლი სესიაშვილი „გარდაუვალად“ მიიჩნევს საქართველოში დემონსტრაციების ახალი ტალღის დაწყებას და ამბობს, რომ საპროტესტო განწყობა თბილისში სომხეთიდან გადმოვა.
„თქვენ ნახეთ, რომ გასულ დღეებში სომხეთში 50-ათასკაციანი დემონსტრაცია შედგა. ეს ტალღა აუცილებლად შეეხება საქართველოს, ეს გარდაუვალია, მთავარია, რამდენად შევძლებთ და რამდენად გვეყოფა იმის გონიერება, რომ არსებული კრიზისი უსისხლოდ მოვაგვაროთ.
ხელისუფლებას აქვს განცხადა, რომ ნებისმიერი კრიზისიდან გამარჯვებული გამოვა, თუმცა თუ ამ პოზიციით და განწყობით გააგრძელებს მოქმედებას, შეიძლება უარეს კრიზისამდე და კონფლიქტამდე მივიდეთ“.