,,ერთი კაცის’‘ ფაქტორი ანუ რატომ სძინავს ,,ქართულ ოცნებას’‘

,,ერთი კაცის’‘ ფაქტორი ანუ რატომ სძინავს ,,ქართულ ოცნებას’‘

მიუხედავად იმისა, რომ 9-წლიანი მმართველობის პერიოდში ნაციონალური მოძრაობის წევრები თავს ყველაზე ძლევამოსილად მიიჩნევდნენ, ნებისმიერი არჩევნებისთვის ისე ემზადებოდნენ, როგორც გადამწყვეტი ბრძოლისთვის და, ძალით თუ ნებით, არჩევნებს იგებდნენ. ნაციონალებმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც იბრძოლეს და სწორედ ამ ძალისხმევის შედეგია, პარლამენტში საკმაოდ სოლიდურად რომ არიან წარმოდგენილნი. მაშინდელ არჩევნებში ,,ქართული ოცნება’‘ თითქოს გამარჯვებას არ ელოდა და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, გამარჯვებას არც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ეპოტინებოდა. ყველაფერი ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორზე იყო დამოკიდებული და ამ ფაქტორმა იმუშავა.     

ახლა კი სხვა რეალობა გვაქვს: ივანიშვილი პოლიტიკაში აღარ არის და აღარც ტელევიზიით ჩნდება. შესაბამისად, ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება ,,ქართულ ოცნებას’‘ მინუს ივანიშვილი უწევს და თუ აქამდე, ღიად თუ ფარულად, ყველა იმეორებდა, რომ ნაციონალები ხელისუფლებიდან რეალურად ერთმა კაცმა გაისტუმრა, ახლა უკვე ფაქტია, ამ ,,ერთი კაცის’‘ ფაქტორი ძალიან სუსტად მუშაობს. მიზეზი მარტივია: ის კაცი არ ჩანს და არც უნდა, რომ გამოჩნდეს. ეს ყველაზე კარგად ნაციონალური მოძრაობის წევრებმა იციან და მაშინ, როცა ხელისუფლებას ძველი ინერციის იმედი აქვს, საპარლამენტო ოპოზიცია სერიოზულად ემზადება. პიარში მათ ბადალი რომ არ ჰყავს, ყველას კარგად მოეხსენება, უკვე წერტილოვანი დარტყმების განხორციელებაც დაიწყეს, თან იქ, სადაც ხელისუფლება ყველაზე ნაკლებად ელის და, რაც მთავარია, ყველაფერ ამას ერთ-ერთ მთავარ მონაპოვრად თვლის. პირველ რიგში, ეს უფასო სახელმძღვანელოებია. როცა გასული სასწავლო სეზონის სტარტზე მოსწავლეებმა წიგნები უფასოდ მიიღეს, ბევრმა მშობელმა ამოისუნთქა, მაგრამ ახლა, მიმდინარე სასწავლო წლის ბოლოს, ნაციონალურმა მოძრაობამ მშობლებს ის ხელშეკრულება შეახსენა, რომელიც სკოლებთან დადეს _ წიგნის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში, მშობელი ვალდებულია, ახალი წიგნი შეიძინოს. ყველაფერი ეს კი ნაციონალებმა ისე შეფუთეს, რომ, თუ მშობლებს წიგნების ყიდვა აქამდე სასწავლო წლის დასაწყისში უწევდათ, ახლა სასწავლო წლის ბოლოს მოუწევთ, რათა სკოლას ანგარიში გაუსწორონ. ამის საპასუხოდ ,,ქართული ოცნება’‘ არაფერს აკეთებს, დარწმუნებულია, მადლიერი მშობელი ამაგს დაუფასებს და ნაციონალების ანკესზე არ წამოეგება, მაგრამ რატომ ჰგონიათ, რომ ამ ანკესზე არაერთხელ წამოგებული ამომრჩეველი მორიგ სატყუარას არ ჩაყლაპავს, ვერ გეტყვით.

ისევ წამოიწია პრემიების თემამ და ეს მაშინ, როცა 2012 წელს ,,ქართული ოცნება’‘ ხმამაღლა აპელირებდა ნაციონალი ჩინოვნიკების პრემიებითა თუ უცხოურ ვოიაჟებში დახარჯული თანხებით. ნაკლები მადა, თურმე, არც ,,ოცნების’‘ წევრებს ჰქონიათ და ეს მადა ისევ ხუთციფრიან პრემიებშია ასახული. გააქტიურდა მოსმენების თემა და, როცა ამომრჩეველმა იხილა, თურმე, პარლამენტის თავმჯდომარესა და მინისტრებსაც კი უსმენენ, თავი კვლავ დაუცველად იგრძნო. უფრო და უფრო გახშირდა ტექსტი _ ,,ტელეფონით ვერ გეტყვი’‘, რაც ჩვეული იყო ნაციონალების დროს. ნაციონალებისგან გამწარებულმა ხალხმა მოისმინა დავით უსუფაშვილის შეწუხებული ხმაც: ,,მთავარია, შენ როგორ ხარ, გიგი, თორემ ჩვენ რა გვიჭირს’‘ და კოჰაბიტაციის სიამე თუ სიავე სრულად შეიგრძნო. იმ კოჰაბიტაციისა, რომლის დასრულებაც გიორგი მარგველაშვილმა დააანონსა და დღემდე ვერ შეასრულა. ყველაფერ ამას ისიც დაემატა, რომ რეგიონებში (დედაქალაქშიც) ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კოალიციის კვოტით არაერთი ,,მამალი’‘ ნაციონალი გაიპარა და ამან ადგილობრივებში უდიდესი უკმაყოფილება გამოიწვია. ყოფილ ნაციონალებს ვინ ჩივის, პირადად მოვისმინე, ქვემო ქართლის რეგიონის ერთ-ერთი რაიონის პოლიციის უფროსი როგორ წუწუნებდა, ,,წამლის’‘ გაყიდვაზე სამჯერ მყავს კაცი დაჭერილი, საერთო ჯამში, 18 წელი აქვს მოხდილი და ახლა ოცნების სიაში მოწინავე პოზიციაზეაო. ყველაფერ ამით წინა ხელისუფლება ცდილობს, დაანახოს ხალხს, რომ ახალი მთავრობა მისგან არაფრით განსხვავდება _ მოქმედი ხელისუფლება ნაციონალებივით უსმენს, ატყუებს და დაპირებებით ასულდგმულებს. არც ის გამორიცხოთ, მალე ციხის ახალი კადრები გავრცელდება, სადაც ე.წ. ბლატატა პატიმრები ე.წ. პეხოტას არცთუ კარგად ექცევიან და, თუ წინა ხელისუფლების დროს, ყველაფერ ამის გარეთ გამოსატანად, პრაქტიკულად, სპეცოპერაცია ჩატარდა, ახლა პატიმრებს საკმაოდ აქვთ იმ დონის ტელეფონები, ყველაფერი გადაიღონ და მერე ,,ვაი-ფაით’‘ გადმოგზავნონ. როდემდე გააგრძელებს ხელისუფლებს ბეწვის ხიდზე სიარულსა და ცეცხლთან თამაშს, ვერ გეტყვით, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა ძალიან სერიოზულ მზადებაშია და რეგიონებში ძალაუფლების შენარჩუნებას თუ მოახერხებს, ,,ოცნების’‘ ოცნება ისევე დაიმსხვრევა, როგორც მითი ქალაქ ლაზიკას შესახებ.  

P.s. რა ამის პასუხია და, ,,ვერსიის’‘ ექსკლუზიური ინფორმაციით, შემოდგომით, სახალხო დამცველი სამუშაოდ სხვაგან წავა და მის პოსტს ერთ-ერთი ძალოვანი მინისტრი დაიკავებს... ყველაზე პატარა მინისტრი...