რაც ეპატიება ხელისუფლებას, არ ეპატიება ოპოზიციას?

რაც ეპატიება ხელისუფლებას, არ ეპატიება ოპოზიციას?

რუსთავის მერობის კანდიდატს მმართველი კოალიციიდან, შესაძლოა, რეგისტრაცია გაუუქმონ. საქმე ის არის, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციამ, საარჩევნო ბლოკ “კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძის“ სახით, საჩივრით მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და რუსთავის მერობის კანდიდატის, დავით ჯიქიას არჩევნებიდან მოხსნა მოითხოვა. საჩივრის თანახმად, იმის გამო, რომ დავით ჯიქიას ბოლო ორი წლის განმავლობაში მუდმივად არ უცხოვრია საქართველოში, საარჩევნო კოდექსის 167-ე მუხლის შესაბამისად, არ აქვს ადგილობრივ არჩევნებში მერობის კანდიდატად მონაწილეობის უფლება.
 
2014 წლის 17 მაისს, რუსთავის მე-20  საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, რეგისტრაციაში გაატარეს საარჩევნო ბლოკ “ქართული ოცნების” რუსთავის მერობის კანდიდატი დავით ჯიქია. რეგისტრაციიდან ერთი დღის შემდეგ, ანუ 18 მაისს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა კუკავამ, რომელმაც დავით ჯიქიას არჩევნებიდან მოხსნა მოითხოვა.
 
„გასული ორი წლის განმავლობაში, ნაწილი ამ დროისა ცხოვრობდა საზღვარგარეთ და ამის გამო ვერ აკმაყოფილებს ორწლიანი ცხოვრების ცენზს, რომელსაც კანონი ითვალისწინებს. მიმაჩნია, რომ ეს ცენზი საერთოდ ზედმეტია და გასაუქმებელია, მაგრამ რადგანაც ის გამოყენებული იქნა ოპოზიციური კანდიდატების მიმართ, მათ შორის, ოქრუაშვილის შემთხვევაში, მაშინ ის უნდა მოქმედებდეს თანაბრად ყველას მიმართ და, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებისათვისაც. გამოდის, თუ ოპოზიციაში ხარ, მაშინ გჭირდება ამ ორწლიანი ცენზის დაძლევა და თუ ხელისუფლებაში ხარ, -  არა. ასეთი მიდგომა ახდენს არჩევნების შედეგების წინასწარ დელეგიტიმაციას“, უთხრა რადიო თავისუფლებას კახა კუკავამ, რომელმაც  ირაკლი ოქრუაშვილის რეგისტრაციის გაუქმება ახსენა.


საქმე ის არის, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 22 აპრილს ბათილად ცნო გორის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება გორის მერის არჩევნებში ირაკლი ოქრუაშვილის საარჩევნო კანდიდატად დარეგისტრირებასთან დაკავშირებით. ცესკომ დააკმაყოფილა მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ და "სახალხო პარტიის" საჩივარი, რომლის მიხედვითაც, გორის საარჩვენო კომისიამ ოქრუაშვილი საარჩევნო სუბიექტად არასწორად დაარეგისტრირა, რადგან იგი არ აკმაყოფილებდა საარჩევნო კოდექსის 167-ე მუხლის მოთხოვნას. 167-ე მუხლში ვკითხულობთ:
 
“მერად/გამგებლად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელი მაინც და არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობს საქართველოში”.
 
რადიო თავისუფლება ვითარებაში გასარკვევად დავით ჯიქიას პრესსამსახურს დაუკავშირდა, თუმცა რუსთავის მერიაში განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე კომენტარისაგან თავს იკავებენ.
 
როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი რუსთავში დავით მჭედლიძე ამბობს, დავით ჯიქია რამდენიმე თვით საქართველოდან  გასული იყო 2012 წელს, როცა ჩართული იყო  ინგლისური ენის სპეციალურ პროგრამაში. 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებამდე დავით ჯიქია პრეზიდენტის მაშინდელი რწმუნებულის, დავით კირკიტაძის აპარატში მსახურობდა.
 
„...მაგრამ მერე გაქრა თვალსაწიერიდან. აღმოჩნდა, რომ ის წავიდა ლონდონში სასწავლებლად. როდესაც მას მერად ნიშნავდნენ, რადიო თავისუფლებამ ჰკითხა, თუ რა იყო საქართველოდან გამგზავრების ნამდვილი მიზეზი. დავით ჯიქიამ განაცხადა, რომ იძულებული იყო გარიდებოდა რუსთავს, რადგანაც ის რწმუნებულის აპარატში მუშაობის დროს გადავიდა „ქართული ოცნების“ მხარეს, ანუ 2012 წლის არჩევნების დროს, მაისიდან დაწყებული, ის უკვე ეხმარებოდა ოპოზიციას“, უთხრა დავით მჭედლიძემ რადიო თავისუფლებას.
 
2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დავით ჯიქია დაბრუნდა ინგლისიდან და სულ მალე ის რუსთავის საკრებულომ ქალაქის მერად აირჩია. შეძლებს თუ არა დავით ჯიქია რამდენიმე დღის წინ დათმობილი თანამდებობისათვის ბრძოლის გაგრძელებას, დიდწილად დამოკიდებული იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებაზე. ცესკოს 

წარმომადგენელ ეკა აზარაშვილის კომენტარი:
 
„ამ საკითხთან დაკავშირებით კომისია სხდომაზე იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას ისე, რომ გაითვალისწინებს ყველა მსგავს შემთხვევას“.
 
ცენტრალური საარჩევნო კომისია დავით ჯიქიას რეგისტრაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 20 მაისს მიიღებს. შესაძლებელია, სასწავლო პროგრამით საზღვარგარეთ ცხოვრება ცესკომ საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, თუმცა, არასაპარლამენტო ოპოზიციის საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ რჩეულ კანდიდატს ცესკოს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებისთვის მხოლოდ ერთი დღე ექნება.