ახალსოფელში (ხელვაჩაურის რაიონი) ეკლესიის გუმბათი ჩამოინგრა და ოთხი ადამიანი ნანგრევებში მოჰყვა, ორი მძიმედ დაშავდა, ორი გარდაიცვალა. კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა: “გულითად თანაგრძნობას ვუცხადებთ მამუკა მიქელაძისა და თორნიკე მახარაძის ოჯახებს. დიდია მშობლებისა და ახლობლების გულისტკივილი მომხდარის გამო, მაგრამ მინდა, მათაც ვუთხრა და ყველას გასაგონად კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, რომ სული უკვდავია და იგი იწყებს ახალ, მარადიულ ცხოვრებას. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს მამუკასა და თორნიკეს უკვდავი სული და წიაღსა შინა აბრაამისასა განუსვენოს მათ, ხოლო გიორგი გორგაძესა და ლაშა მსხალაძეს მიმადლოს შეწევნა ღვთისა, გამოჯანმრთელება და მშვიდობა. ღმერთმა დალოცოს მათი ოჯახის წევრები და ახლობლები”. ამასთან, პატრიარქმა ბრძანა: “ეს არის მეტად მძიმე შემთხვევა და მისი მიზეზები აუცილებლად დროულად უნდა დადგინდეს. გამოძიება ხელისუფლების მხრიდან უკვე დაწყებულია, მაგრამ კომისია ჩვენი მხრიდანაც იმუშავებს”.
სამწუხაროდ, უბედური შემთხვევები იშვიათობა არაა და აბსოლუტურად ყველა მათგანს თავისი რეალური მიზეზი აქვს, თუმცა ადამიანთა არცთუ მცირე ნაწილი უბედური შემთხვევების მისტიფიცირებისკენაა მიდრეკილი და მას ან ბოროტი ძალების ნამოქმედრად მიიჩნევს ან - ცოდვებისთვის უფლის სასჯელად. ასეთი წარმოდგენები და განცდები კიდევ უფრო მძაფრდება, როცა უბედური შემთხვევა ეკლესიაში ხდება.
არცთუ დიდი ხნის წინ, საფრანგეთში, პარიზთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქ სტენის ეკლესიაში, სააღდგომო ლოცვისათვის 150-მდე კათოლიკე შეიკრიბა. მლოცველები ორსართულიანი ეკლესიის მეორე სართულზე იყვნენ, როდესაც იატაკი ჩამოიშალა და სამმეტრიან სიღრმეში ჩაცვივდნენ. დაიღუპა 6 წლის გოგონა, ბევრმა სხვადასხვა სიმძიმის სხეულის დაზიანება მიიღო. ეს ტრაგიკული შემთხვევა ღვთის რისხვა არ ყოფილა, მიზეზი ძალიან ბანალური აღმოჩნდა - მეორე სართულის იატაკმა სიმძიმეს ვერ გაუძლო (ამდენ ადამიანზე გათვლილი არ იყო) და ჩამოიშალა.
ტრაგიკული შემთხვევა მოხდა მოლდავის ერთ-ერთი სოფლის ეკლესიაშიც - თვენახევრის ბიჭუნა ნათლობის დროს დაიღუპა. როგორც ნათლიები ამბობენ, მამა ვალენტინმა ჩვილს მუცელზე ხელი დაადო და სამჯერ ჩააყურყუმალა წყალში, თავი კი არ დაუჭერია. ბიჭუნა ცუდად გახდა და ნათლიებმა მოძღვარს შენიშვნა მისცეს, მაგრამ მოძღვარმა იუკადრისა, პირველად არ ვატარებ ნათლობას და ვიცი, რასაც ვაკეთებო. პათანატომიური კვეთით დადგინდა, რომ ჩვილი მექანიკური ასფიქსიით დაიღუპა, წყალში რამდენჯერმე ჩაძირვის შედეგად. მამა ვალენტინი დაუდევრობის გამო სიცოცხლის ხელყოფის მუხლით გაასამართლეს და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს...
ირკუტსკში, ნათლისღების დღესასწაულზე, 35 ბავშვი მოიწამლა ნაკურთხი წყლით. მოწამლულები სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში და მათ ნაწლავური ინფექცია აღმოაჩნდათ. როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, მშობლების ინიციატივით, ბავშვებმა წყალი წყაროდან დალიეს, რომელიც ეკლესიამ აკურთხა. ნაკურთხი წყარო გამოიკვლიეს და აღმოჩნდა, რომ ის ძალიან ახლოსაა სასაფლაოსთან და ამიტომაც იყო მასში ნაწლავური ინფექციის ჩხირები.
ნათლისღების დღესასწაულზე, ე.წ. ნათლობის ბანაობას მართავენ ხოლმე რუსეთში და ყინულჭრილში ხტებიან. შარშან, ამ რიტუალის დროს, 70 ადამიანი მოექცა ყინულის ქვეშ და სამაშველო სამსახური რომ არა, ყველა დაიღუპებოდა.
რუსულ ეკლესიას უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებით თავისი შეხედულება აქვს და ახლახან წიგნიც კი გამოსცა: “მუდმივი წარუმატებლობისა და უბედური შემთხვევების მიზეზები” (“Причины постоянных неудач и несчастных случаев”, ელექტრონული ვერსია ინტერნეტში). წიგნის ავტორი სასულიერო პირი გიორგი ვახრომეევია.
წინასიტყვაობაში ვკითხულობთ: “წარმოგიდგენთ ძალიან საინტერესო წიგნს, რომელშიც ახსნილია, თუ რა იწვევს დეპრესიას, წარუმატებლობას, მუდმივ ავადმყოფობას, უბედურ ცხოვრებასა და ტრაგიკულ შემთხვევებს. მორწმუნეებმა იმთავითვე იცოდნენ, რომ ყოველივე ამის მიზეზი ცოდვებია, მაგრამ ამ წიგნში ახსნილია მექანიზმი, თუ როგორ იზიდავს ცოდვა უბედურებას და, საერთოდ, საიდან მოდის ეს უბედურება”.
წიგნის მიხედვით, ავადმყოფობა, დეპრესია, უბდურება, ტრაგიკული შემთხვევები და, საერთოდ, ყველა საშინელება ცოდვებისგან მოდის. წიგნი გაფორმებულია შუა საუკუნეების საფრთხობელებით: გველეშაპების, ეშმაკების, დამფრთხალი ადამიანებისა და მსგავსი ნეგატიური შინაარსისა და იმიჯის სურათებით.
ერთი სიტყვით, თვალის ერთი გადავლების შემდეგაც კი დეპრესია დაგემართება და თუ წაიკითხავ, ისეთი შიში შემოგიტევს, რომლისგანაც ვერასოდეს გათავისუფლდები.
როგორ აფასებს უბედურ შემთხვევებს მეცნიერება
ამ თემის მეცნიერული შესწავლა წინა საუკუნის 20-იან წლებში, მას შემდეგ დაიწყო, რაც ადამიანის ცხოვრებაში ტექნიკური პროგრესი შემოვიდა.
მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, უბედურ შემთხვევათა 88% გამოწვეულია პერსონალის არასწორი საქციელით, 10% მოდის ტექნიკურ გაუმართაობაზე და 2% - ფორსმაჟორულ სიტუაციაზე. ფსიქოლოგები (ფუძემდებელი ბერნჰარდ ჰაინრიხი) უბედურ შემთხვევათა “ხუთფაქტორიან თანმიმდევრობაზე” საუბრობენ, რომლის მიხედვითაც, ერთ ფაქტორს მეორე მოჰყავს მოქმედებაში, მეორეს - მესამე და ა.შ. (დომინოს ფაქტორს ეძახიან).
ეს ფაქტორებია:
1. სოციალური პირობები, 2. არასწორი მექანიკური ქმედება ფიზიკური საშიშროების გაუთვალისწინებლობით, 3. ადამიანის შეცდომა, 4. უბედური შემთხვევა, 5. ტრავმა ან სიკვდილი.
როგორც მეცნიერები ამბობენ, ამ ხუთი ფაქტორიდან ერთი თუ მოვიდა მოქმედებაში, მაშინ ხუთივე ამუშავდება და უბედური შემთხვევაც გარდაუვალია.
უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, ან მინიმუმამდე დასაყვანად ტარდება პროფილაქტიკური ღონისძიებები - ტექნიკურ-განმანათლებლური და ფსიქოლოგიური.
ტექნიკურ-განმანათლებლური ინფორმაციის დეფიციტი უბედური შემთხვევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა და ამიტომაც გვირჩევენ, რომ უკეთ ვიცოდეთ და ვერკვეოდეთ, რა გარემო-პირობებში (ტექნიკური თვალსაზრისით) ვცხოვრობთ და ვმუშაობთ.
რაც შეეხება ფსიქოლოგიურ განათლებას, როგორც ფსიქოლოგთა უმრავლესობა აცხადებს (პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე), უბედური შემთხვევა ქვეცნობიერი კანონზომიერებაა. ადამიანი თვითონ ქმნის ტრავმულ სიტუაციას და ამის მიზეზებია: დანაშაულის გრძნობა, მრისხანება, ზიზღი, უკიდურესი დაძაბულობა და სხვა მსგავსი განცდები.
ფსიქოლოგები, ასევე, ამტკიცებენ, რომ ყველა უარყოფითი ემოცია ადამიანში თვითგანადგურების მექანიზმს რთავს და ასეთი ადამიანები ტრავმების, ავადმყოფობების, წარუმატებლობებისა და უბედური შემთხვევებისაკენ არიან მიდრეკილნი.
ზოგიერთი ღვთისმსახური ხშირად ცოდვილის სინდრომს აღვივებს ადამიანში (ზემოთ წიგნი მოვიყვანე მაგალითად), რაც სულაც არ უწყობს ხელს თვითშეფასების ამაღლებას, პირიქით, დამთრგუნველად მოქმედებს ადამიანზე, ფარულ აგრესიაში გადადის, არცთუ იშვიათად კი, - რელიგიურ ფანატიზმში.
უბედური შემთხვევები ზებუნებრივი ძალების მიერ მოვლენილი სასჯელი არ არის და მათი მისტიფიცირება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება!