რა დაავადებებს იწვევს ლატვური თევზის შპროტი

რა დაავადებებს იწვევს ლატვური თევზის შპროტი

რამდენიმე ხნის წინ, ლატვური წარმოების შებოლილი თევზის შპროტში, რომელიც სავაჭრო საცალო ობიექტებშია გადანაწილებული, ბენზ()პირენის მაღალი შემცველობა აღმოაჩინეს. არსებული ინფორმაციით, შპროტის იმპორტი 2013 წლის 23 ოქტომბერს შპსევერესტი 2010”-მა განახორციელა. ნიშანდობლივია, რომ კონსერვი ვარგისიანი 2017 წლის ოქტომბრამდეა. საქართველოს კანონმდებლობით, შებოლილ თევზში ბენზ()პირენის შემცველობა დაშვებულია 0,001 მგ/კგ, ლატვიური წარმოშობის კონსერვში კი, 0,0094 მგ/კგ აღმოჩნდა... აკმაყოფილებს თუ არა ქართველი მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქცია სახელმწიფო სტრუქტურების მიერ დადგენილ მოთხოვნებს და რამდენადაა დაცული ქართული ბაზარი უხარისხო იმპორტირებული პროდუქციისგან? -,,ქართული სიტყვასოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე თენგიზ კალანდაძეს ესაუბრა:

- სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გააქტიურება 2010 წლიდან დაიწყო, მანამდე კანონმდებლობა საშუალებას არ გვაძლევდა, უფრო მოქნილი პოლიტიკა გაგვეტარებინა - ინსპექტირების საშულება არ გვქონდა და ლაბორატორიული კვლევებისთვის ანალიზს მხოლოდ საცალო ვაჭრობის ობიეტებიდან ვიღებდით... გასულ წელს ორი ათასამდე საწარმო შევამოწმეთ. წელს კი, 7 ათასამდე საწარმოს ინსპექტირებაა დაგეგმილი, რაც ძალიან ცოტაა,Gმაგრამ ყველგან შესვლა არ შეგვიძლია.

- რატომ?

- ადამიანური რესურსების უქონლობის გამო. წარმოიდგინეთ, მხოლოდ ოთხმოცი ინსპექტორი გვყავს, საჯარო რეესტრში კი, კვების 50 ათასამდე ობიექტია დარეგისტრირებული. ამიტომ, ევროკავშირის ექსპერტების რჩევით, ყურადღებას მაღალი რისკის საწარმოებს - ხორცის გადამამუშავებელ საამქროებს, სასაკლაოებსა და ბავშვთა კვებას ვაქცევთ. სხვათა შორის, სურსათის სააგენტომ თბილისის საბავშვო ბაღებისა და სკოლებისთვის საკვების მიმწოდებელი ობიექტები, ასევე, კვების ბლოკები, მრავალი წლის შემდეგ, მთლიანად მოიცვა.

- რეგიონებს ვერ წვდებით?

- წელს ორასამდე ახალი შტატი დაგვემატა და ინსპექტორები, პირველ რიგში, რეგიონებში ავიყვანეთ და გადავამზადეთ.

- თქვენთან მუშაობის დაწყება რა სპეციალობის ხალხს შეუძლია?

- სპეციალობების მრავალფეროვნება გვაქვს - ექიმ-ჰიგიენისტი, კვების ტექნოლოგი, ბიოლოგი, ვეტერინარი, მცენარეთა დაცვის სპეციალისტი... რაკი საშუალება მოგვეცა, ფუნქციების დელეგირება მოვახდინეთ და რეგიონებში გამოცდილი სპეციალისტები ახალბედებთან ერთად დადიან. სკოლებში რამდენიმე ბლოკს, ვიდრე ჩვენი სპეციალისტების  მიერ დაფიქსირებულ დარღვევებს არ გამოასწორებენ, ფუნქციონირება შევუჩერეთ...

- ცხელი ხაზი ეფექტურია?

- დიახ, ეფექტურია, ცხელ ხაზზე - 291-91-67 ძალიან ხშირად გვიკავშირდებიან. გარდა ამისა, მოქალაქეთა დაავადების კონტროლის ცენტრი მოშხამვასა თუ მომხმარებელთა უფლებების დარღვევაზე ინფორმაციას გვაწვდის და საჩივარზე ოპერატიულად ვრეაგირებთ.

- ბატონო თენგიზ, მოწამვლის საბაბი მხოლოდ საკვებად უვარგისი სურსათი კი არა, შეიძლება, კვების ბლოკებში მომუშავე პერსონალიც გახდეს, თუმცა ამ მიმართულებით, როგორც ვიცი, ჯერჯერობით, ეფექტური მეთოდი არ შეგიმუშავებიათ...

- მომსახურე პერსონალის შემოწმება კანონით მკაცრად განსაზღვრული არაა. ადრე სანიტარული წიგნაკი არსებობდა და პერსონალს ევალებოდა, რომ გარკვეულ დაავადებებზე კონტროლი გაევლოთ. ახლანდელი კანონით, პერსონალს ევალება, თუ თავს შეუძლოდ გრძნობს, ამის შესახებ მენეჯერს აცნობოს, სამსახურიდან გაეთავისუფლოს და ყველაფერი ეს სპეციალურ  ჟურნალში უნდა დაფიქსირდეს.

- ანუ, თვლით, რომსანიტარული წიგნაკებისარსებობა აუცილებელია?

- სანიტარული წიგნაკები კორუფციის წყარო იყო და ამიტომ გაუქმდა. ევროპაში ეს საკითხი სხვანაირადაა დარეგულირებული - შიდა უვნებლობისა და ხარისხის სისტემა მუშაობს, რაც საფრთხის ანალიზის, კრიტიკული საკონტროლო წერტილებისა და აისო-ს სტანდარტების დაცვას გულისხმობს.

- ლატვიური წარმოების შებოლილი თევზის შპროტში ბენზა()პირენის სახიფათო შემცველობის აღმოჩენის ფონზე, უცხოეთიდან შემოტანილი პროდუქცია ამ სტანდარტებს აკმაყოფილებს?

- ეს საგანგაშო შეტყობინება ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა დაცვის გენერალური დირექტორატის  ევროპის კომისიის სწრაფი საგანგაშო შეტყობინების სისტემით მივიღეთ. ამ სისტემაში სხვადასხვა ქვეყანაა ჩართული და როგორც კი ეს ინფორმაცია ჩვენამდე მოვიდა, მაშინვე დავინტერესდით და აღმოჩნდა, რომ კონსერვი უკვე საცალო ქსელშია. ამჟამად, სააგენტოს სპეციალისტები ქსელს ამოწმებენ, რათა აღნიშნული პროდუქტი ამოიღონ და გაანადგურონ. ლატვიური წარმოების შებოლილი თევზის შპროტის სულ 2 500 ქილაა რეალიზებული.

- ბენზა()პირენი ნელი მოქმედების ბომბია თუ სწრაფი მოშხამვა შეუძლია?

- ბენზაპირენის ამგვარმა შემცველობამ ჯანმრთელობის დაზიანება შეიძლება, იმ შემთხვევაში გამოიწვიოს, თუ ადამიანი ყოვედღიურად, დიდი რაოდენობით მიიღებს. შპროტის ნახევარი ქილა კი, განსაკუთრებულ უარყოფით შედეგს არ გამოიწვევს.

- შპროტის მწარმოებელი ლატვიური ფირმა აისო სერთიფიკატის მფლობელია?

- ამაზე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა შეცდომები ევროპაშიც კი მოსდით, სადაც სურსათის უვნებლობის ყველაზე მძლავრი სისტემაა. ადამიანები ვართ და შეიძლება, ქიმიური ანალიზი ვერ ჩაატარეს და ამის შესახებ კანონის სრული დაცვით, გამჭვირვალედ განაცხადეს.

- საქართველოში საკვებით მოწამვლის შემთხვევები ხშირია?

- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ზოგი დაავადების რიცხვი ორჯერ გაიზარდა, ზოგის - შემცირდა, მაგალითად, ბრუცელოზის. საგანგაშო მდგომარეობა არც კვებით მოშხამვებზეა. სხვათა შორის, სახაჭაპურე და თონე მაღალი რისკის შემცველ საწარმოდ არ ითვლება, ფატალურად, ძირითადად, ცხოველური სახის პროდუქტებით მოწამვლა მთავრდება. წლების განმავლობაში, მეწარმეები პროდუქციას საკუთარი სტანდარტებით, თავიანთ ჭკუაზე აწარმოებდნენ. ახლა კი, ნებისმიერ მათგანს სურსათის უვნებლობის მართვა კანონით ევალება. სოფლის მეურნეობის სამინისტროში სპეციალური ჯგუფი შეიქმნა, რომელიც მეწარმეებს კანონმდებარე აქტებს გააცნობს. ამ ჯგუფის მიზანია, ყველა სახის პროდუქციას თავისი სახელი დაერქვას და ეს ეტიკეტზეც იქნას დატანილი. მომხმარებელს ეცოდინება, რომ პროდუქტს, თუ “კარაქი” აწერია და მცენარეული ცხიმის შემცველობაცაა დაფიქსირებული, კარაქს ვერ დაარქმევს. პროდუქციის წარმოებას არავის ვუკრძალავთ, უბრალოდ, მოვუწოდებთ, მომხმარებლის ინფორმირება ზუსტად მოახდინონ.

- ვადაგასულ პროდუქტზე რას იტყვით?

- ჩვენი კანონმდებლობით, ვადაგასული პროდუქტის რეალიზაცია აკრძალულია.

- აგრარული ბაზრები ყველა მთავრობისთვის ერთგვარი აქილევსის ქუსლია, რასაც პოლიტიკური ელფერიც დაჰკრავს ხოლმე...

- მაგალითად, ზესტაფონის და გორის აგრარულ ბაზრებს ლიცენზიები ჩვენ შევუჩერეთ, რის შემდეგაც ბაზრის თანამშრომლები თბილისში, მიტინგების მოსაწყობად ჩამოვიდნენ, მაგრამ შემოწმებით დადგინდა, რომ ბაზარი ერთ სანიტარულ ნორმასაც არ აკმაყოფილებდა... ინსპექტორი სავაჭრო ობიექტში ე.წ. ჩეკლისტით, ანუ სპეციალური კითხვარით შედის, რომელსაც მოვაჭრის თვალწინ ავსებს. არაკრიტიკული შეუთავსებლობა საწარმოს მუშაობის გაგრძელების საშუალებას აძლევს. კრიტიკული დასკვნა კი იმას ნიშნავს, რომ დარღვევები საფრთხეს პირდაპირ მოქალაქეებს უქმნის. ამ შემთხვევაში, ობიექტს ფუნციონირებას ვუჩერებთ, მეწარმე კი, 1000 ლარით ჯარიმდება. ამასთან, ეძლევა რეკომენდაციები და, დარღვევის განმეორების შემთხვევაში, წარმოება აეკრძალება. ზემოხსენებულ ბაზრებში დახლების ცივი და ცხელი წყლით რეცხვა-დასუფთავება, დეზინფიცირება, იატაკის და კედლების, ჭერის მორეცხვა არ ხდებოდა. მეტიც, იატაკი საერთოდ არ იყო და სავაჭრო დახლები პირდაპირ მიწაზე იდგა.

- ჩემი აზრით, თუკი გვინდა, რომ ცივილიზებულ მსოფლიოს შევუერთდეთ. გარკვეული პასუხისმგებლობა მოქალაქეებსაც უნდა დაეკისროთ...

- გეთანხმებით, მხოლოდ ინსპექტორისა და სახელმწიფოს იმედზე არ უნდა ვიყოთ. ჩვენ იმ პროდუქციას ვაკონტროლებთ, რომელსაც მეწარმე აწარმოებს და რეალიზაციას უკეთებს და არა - მოქალაქის მიერ შინ გამოყენებულ პროდუქტს. ქალბატონი ტანსაცმელს ყიდულობს, ერთი საათი სარკის წინ ტრიალებს, აი, მაშინ კი, როცა პროდუქტს იძენს, ეჩქარება, არ კითხულობს, რა აწერია, ვადა გასული აქვს თუ არა და დარწმუნებულია, რომ სახელმწიფოა ვალდებული, პირში გამზადებული ლუკმა ჩაუდოს. მამაკაცი მანქანას, ყიდვის დროს, ათასნაირად ამოწმებს, მაგრამ პროდუქტის ხარისხობრივ მაჩვენებელს არ აკვირდება. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ეს ჯანმრთელობაზე აისახება, რომლის გამოსწორებაც ძალიან ძვირი ჯდება. ასე რომ, სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებლებს მოუწოდებს, მოხმარების კულტურა აიმაღლონ და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ცხელ ხაზზე დაგვიკავშირდნენ.  

- გავრცელებული მოსაზრებით, ცხოვრების დაბალი დონის გამო, მოსახლეობის უმეტესობა დაბალი ხარისხის პროდუქციას ეტანება...

- არ არსებობს დაბალი და მაღალი ხარისხის პროდუქცია, კომუნისტების დროს იყო ხორცი დაყოფილი პირველი, მეორე და მესამე ხარისხის პროდუქტად.

- სოციალურ ქსელებში გენმოდიფიცირებული პროდუქტების სია ვრცელდება. ისიც ცნობილია, რომ მსოფლიოში ყველაზე გამოცდილ მეცნიერსაც არ ძალუძს იმის განსაზღვრა, თუ რა ზიანი მოაქვს ამგვარ საკვებს.

- სოციალურ ქსელებში გავრცელებული სია არაოფიციალურია და თუ ვინმეს ეს თემა აინტერესებს, ოფიციალური სამსახურების, მათ შორის, ევროკავშირის საიტზე უნდა შევიდეს.

რაც შეეხება გენმოდიფიცირებული საკვების მიმოქცევა-რეალიზაციას, ამ მხრივ კარგი ძვრებია, ,,კარგს” მხოლოდ აკრძალვას კი არ, კონტროლირებად დარეგულირებასაც ვუწოდებ. სხვათა შორის, აშშ-ში ხილს არ აწერია, რომ გენმოდიფიცირებულია და ის ჩვეულებრივ სურსათად ითვლება. ევროკავშირის ქვეყნებში კი მოთხოვნაა, რომ ამის შესახებ ეტიკეტზე ეწეროს - ევროპელებს სურთ, თავი დაცულად იგრძნონ. საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ამ თემაზე დიდი აჟიოტაჟია. გარემოს დაცვის სამინისტრომ დააყენა საკითხი, რომ უცხოეთიდან სანერგე და სათესლე მასალების შემოტანა კონტროლირებადი უნდა იყოს, რათა მცენარეთა დამტვერვის გზით, აბორიგენული ჯიშების გადაშენება არ მოხდეს. არავისთვისაა ცნობილი, მუტაციით რას მივიღებთ,Gამიტომ დამტვერვა რომ არ მოხდეს, გენმოდიფიცირებული მცენარეები დახურულ, სათბურის ტიპის ადგილებში უნდა დაითესოს და მათი გადაადგილებაც მთლიანად კონტროლირებადი უნდა იყოს. ჩვენივე კანონმდებლობით, ეტიკეტზე ინფორმაცია უნდა იყოს დატანილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, საჯარიმო სანქციები - პირველად 400 ლარი, მეორედ 1000 ლარის ოდენობით განხორციელდება.

- საქართველოში გენომოდიფიცირებული პროდუქტის შემსწავლელი ლაბორატორია არსებობს?

- დიახ, თბილისში კერძო, აკრედიტირებული ,,ხარისხის ლაბორატორიაა”, რომელიც გენმოდიფიცირებულ საკვებს იკვლევს.

- ისე, ჩვენი პროდუქცია ვეროკავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებს?

- გერმანულ ბაზარზე გორის ქართული ხილისგან დამზადებული წვენები უკვე გავიდა. ცოცხალი ხილი და ბოსტნეული კი მარკეტინგულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. მოთხოვნები მხოლოდ ზომებზე, შაქრიანობასა და გარეგნობაზე კი არა, იმაზეცაა, თუ რამდენად კონტროლდება სათანადო სამსახურების მიერ გარემო, სადაც ესა თუ ის პროდუქტი მოჰყავთ. ამასთან, დაავადება, რომელიც შესაძლოა, პროდუქტს აზიანებდეს, შესწავლილია თუ არა.

სხვათა შორის, ახლა ქართული თაფლის იმპორტზე ვმუშაობთ, რომელმაც მოწონება არაერთხელ დაიმსახურა. მოგეხსენებათ, თაფლი ცხოველური საკვებია და მისი ექსპორტი განსაკუთრებით რთულია. ქართულ ბაზარზე არსებულ თაფლს ლატვიაში ძვირადღირებული გამოკვლევა ჩავუტარეთ და ეს ფაქტი მიანიშნებს, თუ რამდენად უწყობს სახელმწიფო კერძო ბიზნესსტრუქტურებს ხელს განვითარებაში. თვის ბოლოს, ქუთაისში, მეთაფლეებთან საინტერესო შეხვედრას გავმართავთ...