ჟურნალისტ ერეკლე ცოცანიძის შოკისმომგვრელი მოგონებები გლდანის ციხეზე
ერეკლე ცოცანიძე, მაკა მოსიაშვილის მსგავსად, ჟურნალისტია და მანაც “მიხეილის ციხის ჯოჯოხეთი” საკუთარი თვალით ნახა... სხვათა შორის, მაკა მოსიაშვილი, ერთ-ერთი პარტიის პროპორციული სიით, თელავის საკრებულოს დეპუტატის მანდატისთვის იბრძვის. “ქართული სიტყვა” მაკას წარმატებას უსურვებს და იწყებს ერეკლე ცოცანიძის ციხის შოკისმომგვრელი დღიურის გამოქვეყნებას. “2012 წელს, გლდანის საპყრობილეში გადაღებულმა კადრებმა მსოფლიო შეძრა. კადრებზე წამება იყო ასახული. მას შემდეგ, რაც 2011 წლის მაისში, გლდანის მერვე დაწესებულებაში მოვხვდი, მიზნად დავისახე, დეტალებში მომეყოლა საზოგადოებისთვის, თუ რა პირობებში უხდებოდათ პატიმრებს ცხოვრება. მე გიამბობთ ყველაფერს პირდაპირ და შეულამაზებლად, სახელებითა და გვარებით, წუთებითა და წამებით და თქვენ პირველები გაიგებთ სიმართლეს, რომელიც აქამდე არ იცოდით”, - ნათქვამია ერეკლე ცოცანიძის ციხის დღიურის წინასიტყვაობაში...
27 მაისი, 2011 წელი
დილაა. ყავას ხარბად ვწრუპავ და ღრმა “ნაფაზებით” ჩამყავს სიგარეტი ბოლოში. ვფიქრობ, რამდენი პრობლემა შევუქმენი ჩემს ოჯახს ჩემი პოლიტიკაში ფათურით, დედაჩემსაც, ვიცი, დღე-დღეზე გამოუშვებენ სამსახურიდან, თუმცა სხვაგვარად მოქცევა არ შემიძლია, არ შემიძლია, შვიდი ნოემბრის, გურამ შარაძისა თუ ჟვანიას სიკვდილის, ქუჩებში ნაწამები და დახვრეტილი ბიჭების, ინტელიგენციის ჩარეცხვის და ერის მიზანმიმართული გადაგვარების მცდელობის პირობებში, ვირტუალურ სამყაროში ვიცხოვრო და რა ვქნა? ვხედავ ჩემს გვერდით გაჭირვებულ, გაუბედურებულ ხალხს, ვერ ვხედავ წინსვლას და ამიტომ ვარ იქ, სადაც ვარ.
არ ვნანობ არც ერთი წუთით.
ჩავიცვი და გარეთ გავედი, თითქოს მზემ გამოანათა, ავედი პარტიის ოფისში, მინდია ვნახე, ჩემი თანაკლასელი, ვისაუბრეთ, ვიცინოდით, საქმე ისე მიდის, რომ 25 მაისის ბრიფინგის მერე, ალბათ, დაგიჭერენ შენ და მამუკასო, - ამბობდა ხუმრობით. ვიცი, ხუმრობდა, თორემ არც თვითონ ეშინია არაფრის. კიდევ ერთხელ გადავხედე “მაესტროზე” გასულ სიუჟეტს ბურების ჩამოსახლების თემაზე. სერიოზული აჟიოტაჟი მოჰყვა, “ნაცები” განაწყენდნენ, სწორედ ამის მერე დაიწყო “კეთილისმსურველთა” ზარები.
რამდენიმე კვირის წინ, ლალი გოგოჭურმა მე და გოგა მოსიაშვილს ვანო ნინოშვილი გაგვაცნო, გამოგადგებათო. წყნარი ტიპია, დაახლოებას ცდილობს, პარტიის ოფისის მოძებნაში გვეხმარება. გოგა თბილისიდან არ ჩამოსულა - ქალაქში რთული მდგომარეობაა, ხალხია ნაცემი, დაჩეხილი და დაკარგული, ზოგს სად პოულობენ გარდაცვლილს და ზოგს - სად. სააკაშვილის სისასტიკემ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. უკვე საღამოა, გოგას ველაპარაკე, რამდენიმე დღეში ჩამოვა და პარტიისთვის ოფისის ძებნას გავაგრძელებთ. ვერ გადამიწყვეტია, ვუთხრა თუ არა ანონიმური ზარების შესახებ. ალბათ, უნდა ვუთხრა.
ეს დღეც გავიდა. ვნახოთ, რას მოიტანს ხვალინდელი დღე.
30 მაისი, 2011 წელი
დღის თერთმეტი საათია. გოგას მანქანაში ვზივარ და ლალისთან მივდივართ. ლალის ხაჭაპურები დაუცხვია... მე, ვანო ნინოშვილი, ლალი და გოგა ვართ, სულ რამდენიმე ჭიქა ღვინო დავლიეთ, ასე 5-6. ვიღაც გიამ დარეკა, ვანომ მითხრა, დათოს ნახვა გვინდა და შენთან დაველოდებითო. მე უარი არ მითქვამს და პირდაპირ ჩემთან წავედით. მოვიდა გიაც, დავსხედით, ყავა დავლიეთ და დათოც შემოგვიერთდა. მერე, თითქოს ყველაფერი წამებში მოხდა: რაღაც გაუგებარი ქაღალდი და გაუგებარი ფული. გიამ ვანო გააპარა და შვიდი იარაღიანი კაცი დაგვადგა, ფინანსური პოლიციის თანამშრომლები. მე და დათო აგვიყვანეს. მე მწარედ ჩამეღიმა - დარტყმას ხომ სულ სხვა მხრიდან ველოდი... გზიდან დამარეკინეს, ვუთხარი ადგილსამყოფელი და გავიგე, რომ გოგა მოდიოდა. თავი ძლივს შევიკავე, რომ არ მეყვირა, ან რამე ისეთი არ ჩამედინა, რაც უფრო დაამძიმებდა ჩემს მდგომარეობას.
საბუთები შეავსეს.
ვითხოვდი, ჩემები მაჩვენეთ-მეთქი, მაგრამ უარი მივიღე.
დათოს ადვოკატი მოუვიდა და მას ვთხოვე, ჩემები გარეთ არიან და დაელაპარაკე, იქნებ, ჩემი ადვოკატიც შენ იყო-მეთქი. ამბავი შემომიტანეს, ადვოკატი თბილისიდან მოდის, უკვე გზაშიაო.
გარედან მესმის დედაჩემის, ჩემი დისა და მზია დეიდას ხმები. მზია ტყავაძე დედაჩემის ბიძაშვილია, საკუთარ დეიდას ვეძახი და, მართლაც, დედასავით მიყვარს.
ყველაფერს ვზომავ...
მაგარი მსახიობები არიან, მაგრად შეკერეს ყველაფერი, თან იძახიან, ვიდეოჩანაწერი გვაქვსო და... მე მშვიდად ვარ, ვიცი, ჩანაწერში არ ჩანს ჩემი ბრალი. დათოს შევხედე, უფრო ნერვებზეა, თავი ხელში ვერ აჰყავს. სინდისი მქენჯნის - რომ არა მე, ალბათ, დათოსაც არ გახვევდნენ ამ შარში. 21 წლის კაცია, ცოლი და ორი შვილი რჩება გარეთ.
გამომძიებელი მეუბნება, თუ გინდა, ახლავე გაგიშვათ, ასეთივე საქმეები უნდა გვითხრა და ხალხი დაგვაჭერინოო. გამეცინა - ჩემი გაფუჭების გარდა, გაბოზებაც მოინდომეს. მსგავსთან შეხება არასოდეს მქონია-მეთქი და გავჩუმდი. სიგარეტი და საჭმელი შემოაწვდევინეს ჩვენებს, მესმის, გარეთ ხალხი მატულობს.
დაახლოებით, ღამის თერთმეტ საათზე, ბორკილები დაგვადეს და გარეთ გამოგვიყვანეს. სულ ორი ნაბიჯია მანქანამდე, არადა, თითქოს კილომეტრი გავიარე. “კაპიშონი” მაქვს წამოფარებული და არავის ვუყურებ, არავის ვუყურებ იმიტომ, რომ ვიცი, დედაჩემის, ჩემი დის, მზიას, გოგას და კიდევ არ ვიცი, ვის თვალებს გადავაწყდები.
დედაჩემის ხმამ გამგლიჯა შუაზე, ერეკლე შემომხედეო... და სულ ერთი წამით ავწიე თავი - წამი საუკუნედ იქცა.
გოგა მეძახის, ნაბოზარი ვანოს ამბავიაო.
ვიცი, გოგა, ვიცი, მაგრამ რაღა დროს.
მანქანაში ჩაგვსვეს. საგარეჯოს გზას დავადექით. საგარეჯო იმიტომ, რომ თელავის იზოლატორი 26 მაისის აქციის მონაწილეებითაა სავსე. “კა-პე-ზე”-ზე შემოწმება გავიარეთ და საკანში შეგვიშვეს... სიგარეტს ფილტრები დაამტვრიეს და საჭმელთან ერთად შემოგვიგზავნეს - შეეშინდათ, ფილტრისგან “ბრიტვები” არ გაგვეკეთებინა.
საწოლზე წამოვწექი. დათოს ვატყობ, თავს ვერ იკავებს, საშინლად ნერვიულობს და საკუთარი თავის შემეშინდა - იქნებ, ესეც ერთგვარი ისტერიკაა, წყნარად რომ ვარ? ფიქრებში წავედი, გავლილს გადავხედე და უცებ, ჩემდაუნებურად, არაადამიანურმა კანკალმა ამიტანა - ვეღარ ვწყნარდები, ზიზღი და ბოღმა მახრჩობს, ზიზღი და ბოღმა ადამის მოდგმის მიმართ.
მახსოვს ექიმი და ნემსი. მერე, ყველაფერი იასამნისფერ ნისლში ჩაიძირა.
თურმე, ღამის 3 საათი იყო...
1-3 ივნისი, 2011 წელი
1 ივნისი
დილაა, პირველმა ემოციებმა გაიარა და პრაგმატულად დავიწყე აზროვნება. “კამერაში” კიდევ ერთი ახალგაზრდა კაცი მოიყვანეს, მამუკა. ისიც, ჩვენსავით, 210-ე მუხლით არის დაჭერილი, სასამართლო ერთ დღეს გვაქვს ჩანიშნული...
დღეს გავიგე, რომ ვანო ნინოშვილი, თურმე, ოფიციალური თანამშრომელია ფინანსური პოლიციის და გამომძიებლები მანქანითაც კი დააბრძანებენ აქეთ-იქით.
ხვალ სასამართლო გვაქვს, ხვალ გადაწყდება, გირაოს შეგვიფარდებენ თუ არა. ვეჭვობ, რომ არ გამიშვებენ. იქნებ, დავითა მაინც გაუშვან. არ გამიშვებენ იმიტომ, რომ სწორედ ჩემს დასაჭერად მოაწყვეს ეს აბსურდის თეატრი. იციან, გარეთ თუ გავალ, არ გავჩერდები და ყველაფერს მოვუყვები მედიას, მათ გეგმებში კი ეს საერთოდ არ შედის.
ამ დღეს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა - ჟურნალების კითხვით გავირთეთ თავი, საღამოს ვივახშმეთ და გაცნობის სადღეგრძელო “კოკა-კოლათი” მივირთვით - მიხარია, რომ ცოტაოდენი იუმორის გრძნობა მაინც შეგვრჩენია. თითქოს შევეგუე ამ სიტუაციას, თუმცა ჩემების ამბავი მაფიქრებს. ხო, მართლა, ადვოკატთან რომ გავდიოდი, კარებზე, შემთხვევით ხელი გავიფუჭე. 5 ბლანკი შემავსებინეს, რომ შემთხვევით, თვითონ დავიზიანე და თანამშრომლები არაფერ შუაში არიან. მათაც იციან, პენიტენციალურ სისტემას სისასტიკით და კაცთა მწვალებლობით რომ აქვს სახელი განთქმული. სხვათა შორის, იზოლატორის ზედამხედველები, დაახლოებით, ჩვენი ასაკის ბიჭები არიან და ცუდად არ გვექცევიან.
უკვე გვიანი ღამეა. ვნახოთ, რას მოიტანს ხვალინდელი დღე.
2 ივნისი
დილა გათენდა, უცნაური გრძნობა დამეუფლა, ალბათ, ასეთ განწყობაზეა ხოლმე ბაზარზე გასაყიდად გაყვანილი საქონელი - დღეს ჩემით უნდა ივაჭრონ. ამაზრზენია ყველაფერი ეს!
პირი დავიბანეთ, ვისაუზმეთ და ველოდებით. ოთხივეს დღეს გვაქვს სასამართლო. უკვე ვიცით, რომ მე, დათოს და მამუკას ერთად წაგვიყვანენ და თელავში გაგვასამართლებენ, ხოლო ზვიადს გურჯაანში მოუწევს გასეირნება. მამუკა გვამშვიდებს, ამ საქმეში “გამოცდილი კაცია”, პირველი შემთხვევაა და ორ-ორ ათასში გაგიშვებენო. ასე, სამი საათისთვის წაგვიყვანეს თელავში. გზაზე გამომძიებელმა შემომხედა და მკითხა, შენ ახლა პოლიტპატიმრად ითვლებიო? მერე, მეორეს მიუტრიალდა და უთხრა, ეს, იცი, ვინ ყოფილა, თურმე ტელევიზორში ხშირად გამოდის და ხალხს ჭკუას ასწავლისო.
სისხლი საფეთქლებში მომაწვა.
დამცინის კიდეც.
მიხარია, რომ გაჩუმება შევძელი.
სასამართლოში მთავარი კარიდან შეგვიყვანეს. წინ ჩემები შემხვდნენ, თვალები ცრემლებით აქვთ სავსე. ჩემი სიძის დამ პატარა მიხო მომიყვანა, მიხომ სახეში ცემა დამიწყო და “ცუდია იტა ძიაო”, გაიძახოდა. გულში ჩავიკარი და ბოღმამ დამახრჩო ლამის, მაგრამ თავი შევიკავე.
- არავინ უნდა ნახოს შენი ცრემლები! - ვუთხარი საკუთარ თავს, - ოჯახმა იმიტომ, რომ უარესად ან ინერვიულოს და განსაკუთრებით, იმ მწვალებლებმა, ვინც დღეს უზომოდ გახარებულია.
განსაკუთრებით გამახარა მზიას და მისი ოჯახის ხილვამ, აქ არის შოთიკო, სოფო. ცრემლებს ძლივს ვიკავებ, ვატყობ, წნევამ ამიწია. გამიკვირდა, ბევრი ისეთი ადამიანი დავინახე, ვის დანახვასაც არ ველოდი.
მოსამართლემ წესიერად არც კი მოგვისმინა, ორთვიანი პატიმრობა შეგვიფარდა. მიზეზი შესაძლო მიმალვა და ძიებისთვის ხელის შეშლა იყო. ასეც ვიცოდი, სხვას არც ველოდი.
დათოც არ გაუშვეს. ეტყობა, “ეუხერხულათ” ერთ საქმეზე ერთის დატოვება და მეორის გაშვება.
სასამართლოს მერე, ფინანსურ პოლიციაში აგვიყვანეს და შეგვპირდნენ, რომ ახლობლებს გვაჩვენებდნენ.
როცა ვთხოვე, ჩემებს შემახვედრეთ-მეთქი, მითხრეს, უფროსი მოვა და მერეო. უცებ ჩურჩული ატყდა, ხუტა, ხუტაო და ყველანი კაბინეტებში შეიმალნენ. ერთმა მითხრა, ერეკლე, შენი ახლობლის ნაცნობი ვარ და ვიცი, ვინც ხარ. დამიჯერე, თუ შენი თავისთვის და დათოსთვის კარგი გინდა, იქ არ წამოაყრანტალო, ოპოზიციაში რომ ხარო.
ერთი მაღალი ახმახი კაცი შემოვიდა, თითი გამოიშვირა და მითხრა, წამოდი ჩემთანო. გავყევი.
გარეთ გასულმა კიდევ ერთ გამომძიებელს დაუძახა და წამოიყვანა - აშკარად უფროსია, ისე იქცევა. თურმე, აქაც ხუტა უფროსი ჰყოლიათ!
კაბინეტში შემიყვანა, დაჯდა და მეც მითხრა, დაჯექიო. მერე, შემომხედა და მეუბნება:
- ეს დედა მოტ..., ჭკვაზე თუ გვარიგებ, როგორ ვიცხოვროთ, შენ მაინც ნუღარ აკეთებ ყ...ებსო.
მოკლედ ვუპასუხე:
- თქვენ კარგად იცით, რას ვაკეთებ და რას არა-მეთქი.
- ახლა ორი გზა გაქვს თავისუფლებისკენ: ან დიდი ფული, რომელიც ზუსტად ვიცი, რომ შენს ოჯახს არ აქვს, ან შენს პარტიაზე უნდა მოგვაწოდო ინფორმაციები, მის საგარეო კურსსა და დამფინანსებლებზე, სხვა ყველა ვარიანტში, ციხეში წახვალ, იქ კი ტყ..ა და შიმშილი არ აგცდებაო.
მერე, იმ გამომძიებელს მიუტრიალდა:
- იცი, ეს იმ პარტიის წევრია, საქართველოს რომ მტრობენო.
ვუთხარი:
- არაფერი ვიცი, იმ რგოლის მმართველობაში არ ვარ, ფინანსებსა და პარტნიორებზე მქონდეს ინფორმაცია-მეთქი.
- ჩემს ყ... ს... ეგ შენი საქმეაო, - მითხრა.
ავდექი...
ჩემკენ წამოვიდა და მკერდში მუშტი მსუბუქად მომარტყა, ძველბიჭობა გინდა შენ ეტყობაო...
ჩამეცინა.
ჩემები მაჩვენეს. დედაჩემი, კოტე, შოთიკო, ჩემი და სიძეც შემოვიდნენ. ბავშვს მოვეფერე და ჩავეხუტე. ეს იყო ცრემლიანი საათი, როდესაც სულ ფეხებზე მეკიდა, ვინ ნახავდა ჩემს ცრემლებს.
ჩვენებმა სიგარეტი და საჭმელი მოგვაწოდეს და წასვლის დროც დადგა. ხო, მართლა, მამუკა სულ დამავიწყდა - მასაც ორთვიანი მისცეს და ახლა ერთად წაგვიყვანენ გლდანში.
გაგვიყვანეს...
შავ “პიკაპში” ჩაგვსვეს სამივე, ერთმანეთზე ბორკილებით გადაგვაბეს და მანქანა დაიძრა. ასე, საათნახევრის შემდეგ, გამომძიებელმა გადაგვახედა ფანჯრიდან, აგერ, ბიჭებო, განათებული როა, ეგ არის ციხე, გეგონება ექსკურსიაზე ვიყავით და ისევ უკან უნდა წავეყვანეთ.
ჩვენს წინ დიდი კარი ჭრიალით გაიღო და მანქანა შევიდა.
მერე, რაღაც კიბეებზე აგვიყვანეს...
გაგვხადეს...
გაგვზომეს...
აგვწონეს...
მერე, გამომძიებელმა უთხრა, წესიერი ბიჭები არიან, რაღაცაში შეცდნენ, კრიმინალი არაა, ეკონომიურიაო.
დაბლა ჩაგვიყვანეს და “კამერაში” შეგვიყვანეს, სადაც მხოლოდ სკამები დაგვხვდა, სიგარეტი ჩამოგვართვეს.
ასე, ოცი წუთის შემდეგ, ექიმი მოვიდა. ვიდრე ჯანმრთელობის ანკეტას ავსებდნენ. ერთმა შუახნის კაცმა გამომკითხა, რა მოხდაო. რომ მოვუყევი, თავი გადააქნია, ეს ბოზებიო...
გამიკვირდა.
მითხრა, ისეთ “კამერებში” შეგიშვებთ, სადაც ცოტა ხალხია, ოთხშაბათია, პარასკევამდე გაძლებთ როგორმე და მერე, “კარანტინი” დაიშლება და “კამერებში” ახვალთო.
ეგრეთ წოდებულ ფუქსიდან რომ გამოვყავდით, ვიღაცამ დამიძახა. მოვიხედე, აშკარად დავაფიქსირე ნაცნობი მზერა, ნაცნობი თვალები, თუმცა ზედამხედველმა დამიძახა, ყ..ო წინ იარეო და მეც წავედი მითითებული “კამერისკენ”.
დავტოვე ერთადერთი ახლობელი, რომელიც აქ გამოჩნდა, ის კი დავინახე, რომ ეგრეთ წოდებულ აბეზიანკებში ოც-ოცდახუთ კაცამდე ჰყავდათ შეყრილი. ვიღაც იხვეწებოდა, ტუალეტში გაგვიშვითო და ზედამხედველები აბუჩად იგდებდნენ, ნინომ გაგიშვათო.
“კამერის” კარი ჩემს უკან ხმაურით დაიხურა...
თვალი მოვავლე გარემოს: ასე, 30-მდე ადამიანი იყო 6-კაციან კამერაში და, მგონი, რიგრიგობით სუნთქავდნენ, რომ ჰაერი არ გამოლეოდათ.
ვიღაცამ დაიძახა, ეი, თელავი აქეთო, მივხედე და ვიცანი - მერაბი იყო. უკან რომ მოვიხედე, დათო აღარსად ჩანდა, ეტყობა, სხვა კამერაში წაიყვანეს.
პატიმრებს რიგ-რიგობით სძინავთ.
გამთენიისას მეც მომიწია წამოწოლამ და გავითიშე.
3 ივნისი
ჯანჯღარმა გამაღვიძა, თავზე გაცრეცილი ტიპი მადგას:
- ადე, ძმაო, ხალხს საერთოდ არ სძინებია, სხვა დააწვინე, შენ ორი საათი მაინც გეძინაო.
უკვე კარგად გათენებულა.
ჩამოვედი საწოლიდან და ონკანთან, პირის დასაბანად რიგში ჩავდექი.
საჭმელი მოვიდა.
პური ავიღე.
ბიჭებმა მითხრეს, თუ შეგიძლია, რამდენიმე კაცის ნაჭამი ჯამიდან ჭამო, მიირთვი, აქ მხოლოდ 10 ჯამიაო...
10 ჯამი და 30 კაცი.
იმ დღეს პურის მეტი არაფერი მიჭამია...
არავის ვეკონტაქტები მერაბის გარდა, რაც უნდა იყოს, თელაველია.
ერთმა ტიპმა მითხრა:
- “ბრატ”, თუ რამე დაგიშავეს, დაწერე, ქურდებისგან დაშვებულიაო.
გამეცინა - არასოდეს მაინტერესებდა შავი სამყარო და მისი კანონები, ვცდილობდი, პატიოსანი ცხოვრებით მეცხოვრა. უბნის ინსპექტორთანაც კი არ მქონია შეხება.
პატიმრები “კარანტინის” დაშლაზე, ანუ “კამერებში” გადანაწილებაზე შიშნარევად საუბრობენ.
ჩვეულებრივ ტონში დაველაპარაკე თავიდან მერაბს და გამაფრთხილეს, უნდა იჩურჩულო, თორემ დაგვლეწავენო.
4 დღის დაუბანელი ვარ, თითქოს ჭიანჭველები დადიან ტანზე... წვერი გამეზარდა, ისედაც გაშვებული მქონდა დაჩირქებული კბილის გამო.
დრო და დრო, “კამერის” კარზე გასაღების კაკუნი და ზედამხედველის გინება ისმის ჩვენი მისამართით, ამით გვახსენებს, რომ ჩუმად უნდა ვიყოთ - ლაპარაკის უფლებაც არ გვაქვს.
დღეს მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა...
მალე საწოლი გათავისუფლდება და თვალს მოვატყუებ რამდენიმე საათით, ალბათ. ხვალ კი, “კამერაში” დავიძინებ და ეს მიხარია - ვიცი, იქ უკეთესი პირობებია, თუმცა ისევ მიკვირს, “კარანტინის” დაშლის ხსენებაზე რატომ ჩანს პატიმრების თვალებში ამოუცნობი შიში.
ვნახოთ, ხვალ გავიგებ ამას პირადად.
4 ივნისი, 2011 წელი
დღეს “კარანტინის” დაშლაა...
საღამოს უკვე “კამერაში” ვიქნები.
სანამ არ დაღამდება, არ დაგვშლიანო, თქვა ერთმა და სახეზე შიში გამოესახა,.
დღე ისე მიილია, არავის დავლაპარაკებივარ, მხოლოდ ვისმენ.
გამიგია, სადაც მიხვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხუროო და ვცდილობ, აქაური ქუდის შესახებ გავიგო რამე.
ასე, შვიდი საათი იქნებოდა, კარი გაიღო და “კამერაში” მაღალი, სამხედრო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა კაცი შემოვიდა, კულტურულად მოგვიკითხა და ძალიან გამიკვირდა - ჩვენთვის ხომ გინებისა და შეურაცხყოფის მეტი არაფერი ემეტებათ ზედამხედველებს!
შევატყვე, პატარა კაცი არ უნდა იყოს, მალე დაგშლიან და დაისვენებთო, გვითხრა და გავიდა.
ერთმა პატიმარმა თქვა, ლადიკო წესიერი კაციაო, მეორემ არ დაახვალია, ამათში ყველაზე წესიერის დედაო და ისევ ჩურჩულზე გადავიდნენ.
დაბნელდა და კარის ჩხაკაჩხუკი ატყდა.
მესმის, ჩვენს წინა კამერიდან როგორ იძახებენ გვარების მიხედვით პატიმრებს.
ასე, ოც-ოცი კაცი მიჰყავთ, ალბათ.
ჩვენი კამერის კარი გაიღო და დაიწყეს გვარების ამოკითხვა, პატიმრებმა მითხრეს, გვარს რომ ამოიკითხავენ და მიხვალ კონტროლიორთან, სახელი, მამის სახელი უთხარიო.
მივედი...
ვუთხარი...
რაღაც ქაღალდი მომცეს, სადაც ჩემი მუხლი და დანაშაული წერია და, დანარჩენებთან ერთად, დიდ დერეფანში გაგვიყვანეს.
- ხელები უკან და დროზე იარეთ, თქვენი პატრონი მო....ნ! - გვეძახდა კონტროლიორი.
სისხლი მასხამდა - გინება არავისთვის მიპატიებია ცხოვრებაში.
პირით კედლისკენ დაგვაყენეს. მარცხენა მხრიდან გინების, ბაგა-ბუგისა და არაადამიანური ღრიალის ხმა მესმის.
- კარგი იყო, რომ იპარავდი? - ეძახის ზედამხედველი და გამეტებით ურტყამს პატიმარს რეზინის ხელკეტს.
მერე, რამდენიმე კაცი წიხლებით დგება ზედ - ამას მხოლოდ ვგრძნობ, მესმის.
თვალი გავაპარე ისე, რომ არ დამინახოს თანამშრომელმა. დავინახე, როგორ დაასხეს წყალი უგონოდ მყოფ გასისხლიანებულ პატიმარს და ოთახში შეიტანეს.
პატიმრები აუტანელ ცემას ელიან, თანამშრომლები კი, დაგეშილი პიტბულებივით არიან - სისხლი სწყურიათ.
ჩემი ჯერიც მოვიდა.
- ცოცანიძე... ერეკლე, მერაბის ძე...
- მუხლი, შე ყ..ო...
- 210-ის მეორე ნაწილი...
- შეაჯვი “ფუქსში”...
ამ სიტყვებს ზურგიდან წიხლი მოჰყვა.
სუნთქვა შემეკრა...
მეტი არ დაურტყიათ და გამიკვირდა
შევედი “ფუქსში”, თვალებით დათოს ვეძებ, დავინახე, მივედი, არც დავითა უცემიათ.
ცოდვის რიგი ასე, ორი საათი მიდიოდა, ორი საათი ურტყამდნენ და არ იღლებოდნენ.
ორი საათი ვერ გაძღნენ ადამიანის სიხლით და წამებით!
რა დედებმა შობეს, არ ვიცი!
ორი საათის მერე, მწკრივში დაგვაყენეს და 20-20 კაცი გაგვიყვანეს ადმინისტრაციის კორპუსიდან.
ჰაერს ხარბად ვისუნთქავ - ფილტვები გაბიდნული მაქვს...
ასე, 50-60 მეტრის გავლის შემდეგ, კორპუსში შევედით... დერეფანში გაგვაჩერეს.
ვიღაც ყვირის:
- გვარს რომ ამოვიკითხავ, იმ კართან მიხვალთ, რომელსაც ჩემს მიერ დასახელებული ციფრი ეწერება!
ცოტა ხანში ჩემი გვარი და ციფრი “125” დაიძახეს.
მივედი, კართან დავდექი...
მალე ამოკითხვა დასრულდა.
“კამერის” კარი გააღეს.
შევედი...
სრული სიბნელე...
კონტროლიორმა სივრცეს დაუძახა:
- პირი გააპარსინეთ და დროზე დაწექითო.
სიბნელეს მივეჩვიე...
დავინახე ლანდები...
მივედი, ყველას ხელი ჩამოვართვი და სახელი ვუთხარი.
გათიშული მაქვს გონება, თორემ სახელი ერთხელ რომ ვთქვი, ხომ ყველამ გაიგო?!
- სიგარეტი გენდომებაო, - მითხრა ლანდმა.
სიამოვნებისგან გამაკანკალა.
მეორემ უთხრა:
- ჯერ ვაჭამოთ რამეო.
- არა, სიგარეტი მომეცით, - ვუთხარი.
მომიკიდეს...
პირველი ღერი ორ “ნაფაზში” მოვსპე და მეორე მოვითხოვე, კიდევ მომაწოდეს. ახლა უკვე დინჯად მოვწიე.
საწოლზე ვზივარ - რბილ საწოლზე ჯდომა თუ ასეთი ბედნიერება იქნებოდა ოდესმე, ვერ წარმომედგინა. “კარანტინში” ხომ არც ლეიბები იყო და არც - პლედები, პირდაპირ რკინებზე ვწვებოდით.
- აგერ, ძმაო, შენი კარადა, პირსახოცი, “ნასკი”, ტრუსი, საპონი, “ბრიტვა” და ტანის ღრუბელი, ესეც შენი “პაიკა” სიგარეტი. ახლა, თუ გინდა, ფეხები დაიბანე და საჭმელი ჭამე, - მითხრა ერთმა, მამუკა რომ ჰქვია.
- არ მშია, - ვუთხარი და ფეხების დაბანას შევუდექი.
ერთადერთი შეკითხვა დამისვეს იმ საღამოს, რაზე დაგიჭირესო.
- საბუთებზე ვარ, - ვუთხარი.
კიდევ ერთი ღერი მოვწიე და მითითებულ საწოლზე ავძვერი - სხვა დანარჩენი უკვე დაკავებულია.
- ეგ ლოგინი ცოტა ძველია, მაგრამ ასეა, თავიდან ვინც მოდის, მანდ უწევს რაღაც დროით წოლა, - მითხრა ლანდმა, რომელიც სხვებთან შედარებით, ასაკიანი ჩანდა ხმაზეც და სილუეტზეც.
- ხვალ აბანოა, დილით, ადრე უნდა გაიპარსო, ჩვენ გაგაღვიძებთ. მერე ოფიცერი შეგამოწმებს - თუ გაპარსული არ იქნები, პრობლემები გექნებაო, - მითხრეს.
ბიჭებს ყველაფრისთვის მადლობა გადავუხადე და კედლისკენ გადავბრუნდი. მკვდარივით გავითიშე.