სკანდალი აჭარის სამთავრობო უწყებაში - ქალმა თანამშრომელი გაუპატიურების მცდელობაში დაადანაშაულა- ეს სტატია Ambebi.ge-ზე 2014 წლის თებერვალში გამოქვეყნდა. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს საქმისწარმოების და საკადრო რესურსების განყოფილების უფროსი მ. მ, რომელიც ამავე სამმართველოს საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ა. კ-ს ძალადობაში სდებდა ბრალს, სამსახურიდან გაათავისუფლეს.
რა მოხდა 3 იანვარს და რა გახდა სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი, ამის გასარკვევად "ამბები.გე" მ. მ-ს დაუკავშირდა. ის დეტალურად იხსენებს ინცინდენტის დღეს და აჭარის მთავრობის მხრიდან მისი გათავისუფლების საქმეში შეტანილ "წვლილზე" საუბრობს. მ. მ. ფეხმძიმედაა და საკუთარ უფლებებს სასამართლოში დაიცავს.
- 3 იანვარს, ახალი წლის დღეების შემდეგ, გამოვცხადდი სამსახურში. კაბინეტში დამხვდნენ თანამშრომლები და ა. კ, რომელიც იყო მსუბუქად ნასვამი, სამსახურის პირველ სართულზე დაელიათ კოლეგებს. მან ჩემს კაბინეტშიც გამოთქვა დალევის სურვილი, რაც იქ მყოფებმა გააპროტესტეს - შესვენების დროს, ან სამუშაო საათების შემდეგ შევიკრიბოთო. მე არ გამომითქვამს აზრი, რადგან დეკემბერიდან ვიტარებდი მკურნალობის კურსს პირველადი უშვილობის დიაგნოზით და "დალევის თემა" არ იყო ჩემთვის აქტუალური. მიუხედავად იმისა, რომ ა. კ-მ ყველასგან უარი მიიღო, არაყი და 4 ენერგეტიკული სასმელი მოიტანა. დაიწყეს დალევა, სხვა თანამშრომლებიც შემოვიდნენ. ასევე, შემოვიდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი ვახტანგ წულაძე, რომელსაც ჭიქა პირადად მე მივაწოდე. მან დაგვლოცა, დალია სასმელი, შემდეგ გავიდა და შემოიტანა ყინულის შეკვრა - შეირგეთო გვითხრა და წავიდა. მე მხოლოდ ორი ყლუპი მოვსვი, იქ ყოფნა ჩემთვის მოსაწყენი იყო ამიტომ, გავედი ფინანსური უზრუნველყოფის სამსახურის კაბინეტში. გარკვეული დროის შემდეგ კაბინეტში შემოვიდა ამავე განყოფილების უფროსი ნ. ნ, რომელსაც გაჭრილი ჰქონდა ხელი, საიდანაც სისხლი სდიოდა. მას გაჭრილი ჰქონდა ასევე, ქვედა ბოლო, ტიროდა და ამბობდა, რომ ეს დაზიანებები ჩემს კაბინეტში მიაყენა ა. კ-მ მაკრატლით. ხუმრობა იყო თუ ა. კ-მ პირველად მასზე მიიტანა იერიში, ვერ გეტყვით.
ამბის გასარკვევად სასწრაფოდ გავედი ჩემს სამუშაო ოთახში, სადაც დამხვდა ა. კ. და ერთი თანამშრომელი. ა. კ-მ მითხრა, თუ რა მოხდა, ამის შესახებ მომიყვებოდა მის კაბინეტში. მას 2004 წლიდან ვიცნობ და არანაირი პრობლემა არ გვქონია ურთიერთობაში. საფუძველი იმის, რომ გამეპროტესტებინა მის კაბინეტში შესვლა, არ ყოფილა. შესვლისთანავე გადაკეტა კარი და დაიწყო მცდელობა... დაახლოებით 10 წუთი ვცდილობდი მის მოგერიებას... შემდეგ კი დავემუქრე, რომ ამის გამო, ძალიან მკაცრად დაისჯებოდა ჩემი მეუღლის მხრიდან. ალბათ, ეს იყო გარდამტეხი მომენტი, რის შემდეგაც გააღო კარი და გამოვედი კაბინეტიდან. მომხდართან დაკავშირებით მაშინვე საქმის კურსში ჩავაყენე სამმართველოს უფროსი ვახტანგ წულაძე.
ცოტა ხნის შემდეგ, წავედი სახლში, სადაც დამხვდა სუფრა გაშლილი, ჩემი მეუღლე და მისი მეგობრები აღნიშნავდნენ ახალ წელს. ისეთი სიტუაცია იყო, მომხდართან დაკავშირებით ერთი სიტყვაც რომ მეთქვა, არავინ არ იფიქრებდა შედეგზე და რაღაც უბედურება დატრიალდებოდა. დავრეკე ჩემს მეგობრებთან და ვთხოვე, მოსულიყვნენ ჩემთან. მათ ვუამბე ყველაფერი, რადგან არ შემეძლო ამ ტვირთის ზიდვა.
მეორე დღიდან დაიწყო ყველაფრის გარკვევა... ჩემი მეუღლე და ა. კ. შეხვდნენ ერთმანეთს. ჩემი და ჩემი მეუღლის მოთხოვნა იყო, ა. კ-ს დაეწერა განცხადება და წასულიყო სამსახურიდან და ასევე, საჯაროდ მოეხადა ბოდიში. მეორე დღეს, როცა უკვე ველოდებოდი ა. კ-სგან განცხადებას სამსახურიდან წასვლის თაობაზე, შემოდის ჩემს კაბინეტში და იწყებს საუბარს, რომ
იანვრის ხელფასი მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან მის სამი წლის შვილს აქვს თირკმლების უმძიმესი ოპერაცია გასაკეთებელი. მონსტრი არ ვარ, რომ ბავშვის მდგომარეობაზე არ დავფიქრებულიყავი, მაგრამ მაინც ვუთხარი, განცხადება დაეტოვებინა. მეორე დღესვე გავარკვიე, რომ ბავშვს მარტივი პროცედურა ჰქონდა ჩასატარებელი მარილების დაგროვების გამო. მის გათავისუფლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილების საკითხზე უკვე ვახტანგ წულაძეს უნდა მოეწერა ხელი, მაგრამ მან მითხრა, რომ ა. კ-ს გათავისუფლება შეუქმნიდა პრობლემებს, ამიტომ, მიზანშეწონილად არ მიაჩნდა განცხადების დაკმაყოფილება. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ ა. კ. სამსახურში აღარავის უნახავს. 6 იანვარს დაწერილი განცხადება ვახტანგ წულაძემ 11 დღის შემდეგ, 17 იანვარს დააკმაყოფილა ალბათ იმიტომ, რომ პროკურატურამ დაიწყო საქმის მოკვლევა.
ამის შემდეგ, ჩემს მიმართ წამოვიდა მიზანმიმართული აგრესია. ერთ-ერთი რეზოლუციის გამო უფროსის პირველი მოადგილე შემომივარდა კაბინეტში და მოაწყო ისტერიკა. ამბობდა, რომ ვიყავი არაკომპეტენტური და არაკვალიფიციური. ასევე, ვახტანგ წულაძემ სამმართველოს მასშტაბით უპრეცენდენტო თათბირი გამართა, რომელსაც ესწრებოდა ყველა თანამშრომელი. თათბირზე ჩემი განყოფილების მიმართ გამოითქვა სამი შენიშვნა. პირველი იყო ის, რომ ჩემი კაბინეტის კარის საკეტი იყო გაფუჭებული და ამის თაობაზე რატომ არ მქონდა განცხადება დაწერილი. მეორე შენიშვნა იყო ის, რომ შესვენების დროს ხანდახან კანცელარია იყო დაკეტილი და ასე არ უნდა ყოფილიყო. მესამე შენიშვნაც მსგავსი იყო, აღარც კი მახსოვს ისეთი უმნიშვნელო. ეს თათბირი ბოლო ზღვარი იყო, რამაც დამარწმუნა, რომ მსხვერპლს კიდევ თავს ესხმიან. 14 იანვარს, ვახტანგ წულაძემ მითხრა, რომ ჩემმა მეგობრებმა მთავრობაში მიიტანეს ინცინდენტის ამბავი, მთავრობამ გააპროტესტა და მათი მოთხოვნაა, სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადება დაწერეო. ნახევარ საათში უნდა დამეწერა განცხადება, თუმცა, სამსახურიდან გათავისუფლების ნაცვლად, უფროსთან შევიტანე ახსნა განმარტებითი ბარათი, რომ მომხდართან დაკავშირებით პროკურატურას დაეწყო გამოძიება... ვიყავი დაკითხვაზე, თუმცა მტკიცებულებების არარსებობის გამო საქმე არ აღიძრა.
10 თებერვალს ინცინდენტის შესახებ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია. ჩათვალეს, რომ მე გავახმაურე და დისკრედიტაცია მოვახდინე სამსახურის. აჭარის მთავრობამაც არ დააყოვნა და 5 მარტის სხდომაზე ინსპექტირების სამსახურის უფლებამოსილება გაზარდა. ცვლილება ეხებოდა იმას, რომ საჯარო მოხელის მხრიდან უღირსი საქციელის ჩადენას, ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ მიმართულს, რომელიც საჯარო სამსახურის რეპუტაციას ლახავდა, ინსპექტირების სამსახური გამოიკვლევდა. ვახტანგ წულაძემ მირჩია, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება დამეწერა. როცა ვუთხარი, რომ არ დავწერდი, მითხრა, რომ "შენი ფეხი არ იქნება ამ კაბინეტში, სანამ მე ვარ უფროსიო" და 23 აპრილს გამათავისუფლა. სასამართლოში შემაქვს სარჩელი, ჩემი მთავარი მოთხოვნაა, გათავისუფლების შესახებ ამორალური, უზნეო და უკანონო ბრძანება გამოცხადდეს ძალადაკარგულად. ასევე, ცალკე სასამართლო დავაც რომ დამჭირდეს, ა.კ-სგან მივიღებ მობოდიშებას..."
მ. მ-ს ინტერესებს სასამართლოში "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" დაიცავს. როგორც ორგანიზაციის იურისტი ანა ბერძენიშვილი აცხადებს, ბრძანება, რომლითაც საჯარო მოხელე სამსახურიდან გაათავისუფლეს, არის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო: "ბრძანებაში კონკრეტულად არ არის საუბარი, რა უღირსი საქციელი ჩაიდინა მ. მ-მ. ასევე, მითითებულია, რომ მოხელემ უნდა აიცილოს თავიდან ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც ზიანს აყენებს ან შელახავს დაწესებულების ინეტერსებს. გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში დასაბუთებული არ არის, რა ისეთი ქმედება ვერ აიცილა თავიდან მ. მ-მ, რამაც შელახა სამსახურის რეპუტაცია ან დაწესებულების ინტერესები", - აცხადებს ანა ბერძენიშვილი.
მისივე თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი საქმესთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის დადგენილებაში ცვლილებაა, რომელიც 2014 წლის 5 მარტს განხორციელდა და ლოგიკურად უკავშირდება მ. მ-ს გათავისუფლებას: "სამმართველოში არსებობს ინსპექტირების სამსახური, რომლის ფუნქციებშიც შედის საჯარო მოხელის მხრიდან გადაცდომის შემთხვევაში დასკვნის მომზადება. 5 მარტის ცვლილებებით კი ინსპექტირების სამსახურის უფლებამოსილება ითვალისწინებს, გამოიკვლიოს და გამოიძიოს საჯარო მოხელის მხრიდან უღირსი საქციელის ჩადენა ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ, რომელიც მიმართულია საჯარო სამსახურის რეპუტაციის დისკრეტიდაციისკენ. 2010 წლის დებულებაში 5 მარტის ცვლილება ლოგიკურად უკავშირდება 10 მარტს სამმართლოს უფროსის, ვახტანგ წულაძის გადაწყვიტილებას იმის თაობაზე, რომ ინსპექტირების სამსახურს დაევალა მ. მ-ს საქმეზე დასკვნის მომზადება", - აღნიშნა ანა ბერძენიშვილმა.
მ. მ-ს საქმესთან დაკავშირებით ვახტანგ წულაძემ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. "ამბები.გე"-ს გუშინ განუცხადა, რომ ინტერვიუ დღეს 14:00 საათზე შედგებოდა, თუმცა დღეს "სხვა საქმე" მოიმიზეზა და სატელეფონო კომენტარზეც უარი თქვა.
აჭარის მთავრობის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი დავით გაბაიძე აცხადებს, რომ 5 მარტის დადგენილება არაფერ შუაშია გარემოს დაცვის სამმართველოს თანამშრომლის გათავისუფლებასთან:
"ფაქტები და მოვლენები ყოველთვის ერთმანეთის წინ ან შემდგომ დგას. 2014 წლის 5 მარტს რომ იქნა ეს დადგენილება მიღებული, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან დიდი ხნით ადრე იქნებოდა ინიცირებული. აჭარის მთავრობის ზემოხსენებული დადგენილება რომც არ ყოფილიყო, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 78-ე მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, სამსახურის უფროსს შეეძლო გამოეყენებინა დისციპლინური ღონისძიების ზომა, სამსახურიდან გათავისუფლება", - აღნიშნა დავით გაბაიძემ.
მ. მ-ს სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 22 მაისამდე უნდა შევიდეს.
წყარო/Source: http://www.ambebi.ge/semtxveva/102716-qalis-gaupatiurebis-mcdeloba-atcaris-samthavrobo-utsyebashi-dazaralebuli-dzaladobis-detalebs-yveba.html#ixzz31sfJyD60