როგორ მოვიპოვოთ თავისუფლება გადაჯიშების და ქართველობის წართმევის გარეშე

როგორ მოვიპოვოთ თავისუფლება გადაჯიშების და ქართველობის წართმევის გარეშე

ყირიმი ოკუპირებულია. 
საქართველოს ნაწილიც.
თუმცა, არა ის ტერიტორია, რომელიც ამ ზაფხულს მსოფლიო ტურისტებისთვის უკრაინის პრესტიჟულ ნახევარკუნძულს ჩაანაცვლებს. კაზანტიპის ანაკლიაში ჩატარების შესახებ გავიგე თუ არა, პირველივე რეაქცია სკეპტიკურ-ირონიული იყო - ბევრი გასაგები და შეჩვეული მიზეზის გამო. კაზანტიპი ელექტრონული მუსიკის და თავისუფლებისმოყვარული ხალხის ერთკვირიანი სამოთხეა. საქართველოში კი თავისუფლების ჩვენებური, განსხვავებული და შეზღუდული გაგება გვაქვს. ამიტომაც.

არც შევმცდარვარ. მეორე დღეს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ინტერვიუ წავიკითხე. გიორგი სიგუამ ჟურნალისტთან საუბრისას შეიცხადა, ფესტივალი აუცილებლად ჩატარდება, მაგრამ როგორ გეკადრებათ, ყოველგვარი მარიხუანას, ექსტაზისა და სხვა ნარკოტიკული საშუალებების გარეშეო. ისიც კი თქვა, თავისუფალი სექსის გაკონტროლებაზეც ვიზრუნებო, ღმერთმა დაგვიფაროს ამისგანო. ავტორიტეტად კი ეკლესია მოიყვანა. არადა, კაზანტიპი უკრაინელების ექსკლუზიური ფესტივალია. ხალხის, რომელმაც თავისუფლება ჰოლოკოსტის, გენოციდის, ეთნოწმენდის, ომების და ჯოჯოხეთის ფასად მოიპოვა და ამ რეჟიმში ვითარდება დღესაც. ეკლესიას კი ამ პროცესებში სიმბოლური, პრესტიჟის წვლილი თუ მიუძღვოდა. და ამ ფონზე, კაზანტიპის ქართული ტერიტორიებით მასპინძლობა და მისი ქართული საეკლესიო მოწოდებებით გაკეთილშობილება იუმორისტულია. 

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, მაგრამ არ მგონია, კაზანტიპისთვის განწყობილი, თავისუფლებასშეჩვეული ტურისტები გებჟალიასა და სულგუნით გაპოხილ ელარჯს დასჯერდნენ. 

არსებობს ლოგიკური გამოსავალი - ან ჩატარდეს ფესტივალი ისეთად, როგორიცაა, ან საერთოდ უარი ვთქვათ მასზე. დანარჩენი სამყარო არ არის ვალდებული, შეჩვეული თავისუფლება ჩვენსავით შეკვეცოს. 

და კიდევ ერთი, რაც შეუძლებელია, არ აღვნიშნოთ - ქართული საზოგადოების ნაწილი მენტალური პროგრესის ტალღაშია მოქცეული. ამ ლოგიკურ პროგრესს ვერავითარმა ეკლესიამ და შეზღუდვის პროცესმა ხელი ვერ შეუშალა. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო ფესტივალი, რომელიც თბილისში ახლახან გაიმართა. 4 GB - ელექტრონული მუსიკის ორდღიანი ფესტივალია, რომელიც რამდენიმე წელია, არსებობს. ის ტელევიზიის მცირე პავილიონიდან დაიწყო და წელს უკვე ერთ-ერთ ყველაზე დიდ სივრცეში გადაინაცვლა. ლოგიკა მათემატიკურია - მსურველთა რიცხვის ზრდასთან ერთად 

გაფართოვდა სივრცეც. სურათი კი ნათელია - ფესტივალმა, სადაც შეზღუდული არაფერია, ექსცესების, კონფლიქტების და "ბაბულიკური" გარჩევების გარეშე ჩაიარა. ასე რომ, თითქმის დარწმუნებული ვარ, კარგად ორგანიზების შემთხვევაში, ტრადიციული კაზანტიპი სწორად მოერგება თანამედროვე რეალობას - ერის ახალგაზრდა სეგმენტი მენტალურად მზად არის, სწორად მიიღოს "გაგონილი" თავისუფლება და უარჰყოს "გამოგონილი" წესიერება. შეუძლებელია, იყო თავისუფალი, ვიდრე დოგმებს სიმწრით იჭერ. ამიტომ, უაზღუდოდ სიარული, ქორწინების გარეშე სექსით ტკბობა და მუსიკის ხმამაღლა მოსმენა უწესობას სულაც არ ნიშნავს. 

ამბობენ, გეოგრაფიულად უფრო ვართ ევროპელები, ვიდრე მენტალურადო. ამაზე დავაც არ ღირს, არგუმენტები მრავლად არსებობს. არადა, ზუსტად იქ ვცდებით, როდესაც მთავარი ხსნის გზა ევროპეიზაცია და სხვისი სიკარგეების მხრებზე "გაპრავებულად" მოსხმა გვგონია. ევროპელობა უმეტესობისთვის, ასოციაციურად, სწორად გააზრებულ თავისუფლებას გულისხმობს, თავისუფლება კი სულის მდგომარეობაა. 

თუმცა, ვფიქრობ, მენტალური ძვრები დაწყებულია. ეს დროის პრეროგატივაა, ლოგიკური და შეუქცევადი პროცესია - "წესიერი" თაობა ალაგდება, ახალი თაობა კიდევ უფრო გაიაზრებს და გადააფასებს ღირებულებებს. დადებითი შედეგი კი უფრო ცხადად მომდევნო თაობებზე აისახება. ეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ მერწმუნეთ, ყოველგვარი გადაჯიშების და ქართველობის წართმევის გარეშე.