რა ინფორმაციებს არ დაუმალავს ზვიად ძიძიგური საზოგადოებას
ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებას ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირებს, თუმცა აცხადებს, რომ საპარლამენტო ოპოზიციის პროვოკაცია ამჯერადაც წარუმატებლად დასრულდება. არ მალავს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო რეზიდენციაში რამდენჯერმე შეხვდა _ თანამდებობის პირს ოპონენტებთან ურთიერთობა ევალებაო, ამტკიცებს. დაიწყება თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე კომპრომატების ომი და რას უმალავს ,,ქართული ოცნება’‘ საზოგადოებას? მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კონსერვატიული პარტიის ლიდერი ზვიად ძიძიგური აფასებს.
- ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში უკანონოდ მოპოვებული 28 ათასი ფაილის განადგურება ნაციონალური მოძრაობის დანერგილი მავნე პრაქტიკის პრევენციად ვერ გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მასალები სოციალურ ქსელსა და ტელევიზიებში არ გამოჩენილა, ყველამ კარგად იცის, რომ ისინი გაურკვეველი პირების ხელში ჯერ კიდევ არსებობს. პოლიტიკურ სივრცეში მსგავსი ვითარება დამაფიქრებელი და საშიშია!
- მიანიშნებთ, რომ სატელეფონო საუბრების გამოქვეყნება მხოლოდ მოთელვა იყო და არჩევნებამდე ხელისუფლების წინააღმდეგ კომპრომატების ომი დაიწყება?
- კომპრომატების ომს არ ველი... როცა ირაკლი ღარიბაშვილი ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, საჯაროდ განაცხადა _ შესაძლოა უწყებიდან მოსასმენი აპარატურა და ფაილების ასლები გატანილიაო, რაც სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა. ზოგადად, იმდენად განვითარებულ ტექნოლოგიურ საუკუნეში ვცხოვრობთ, აუდიოჩანაწერების გაკეთება პრობლემა არავისთვისაა და ასეთ ვითარებაში, სახელმწიფოს მთავარი ამოცანა საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავებაა. ამ მიმართულებით ერთ წელზე მეტია არასამთავრობო ორგანიზაციებთან ვმუშაობთ. მართალია, ხელისუფლებასა და სამოქალაქო სექტორის რამდენიმე წარმომადგენელს შორის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჩამოყალიბდა _ მათი ნაწილი ზეწოლისა და აქციების ენით ცდილობს მთავრობასთან საუბარს, მაგრამ პირადად ამას საქმიან თანამშრომლობას ვუწოდებ. მართალია, ნაციონალური მოძრაობა ცდილობს, გამოქვეყნებული ჩანაწერები ხელისუფლებას დაუკავშიროს, გამოძიების დასრულებამდე დამნაშავე პირებსა თუ პოლიტიკურ ძალებსაც ასახელებენ, მაგრამ გარწმუნებთ, ტყუილად ირჯებიან.
- არ ფიქრობთ, რომ ხელისუფლება ახლა თავისმართლების რეჟიმშია?
- მერწმუნეთ, ეს აჟიოტაჟი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია! თანაც ,,რუსთავი 2’‘-სა და ნაციონალურ მოძრაობას ერთმანეთისგან ვერ განვასხვავებ. დაგვემუქრნენ, ჯოჯოხეთს მოგიწყობთო, მაგრამ გამოძიების დასრულების შემდეგ საზოგადოება დარწმუნდება, რომ მმართველი გუნდი ტელეკომპანიაში თვალთვალსა და ფარულ ჩანაწერებთან კავშირში არ არის. წელიწადნახევრის განმავლობაში საპარლამენტო უმცირესობისგან უამრავი ბრალდება მოვისმინეთ, მაგრამ, საბოლოოდ, ხელისუფლება ყოველთვის მართალი გამოდიოდა, ნაციონალური მოძრაობა კი პირში ჩალაგამოვლებული. ახლაც ასე იქნება!
- მაღალი თანამდებობის პირების ოპოზიციონერებთან საუბრებმა საზოგადოების ნაწილში გაამყარა ეჭვი, რომ კოჰაბიტაციამ ,,ქართულ ოცნებასა’‘ და ნაციონალურ მოძრაობას შორის თანამშრომლობის სახე მიიღო...
- ხელისუფლებას დათო უსუფაშვილის მოსმენა არაფერში სჭირდება. კი, ბატონო, იგი ოპოზიციის ლიდერებს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილსა და გიგი უგულავას ესაუბრებოდა, მაგრამ ამის შესახებ კოალიციის დანარჩენი წევრები საქმის კურსში ვიყავით. ისიც ვიცოდით, რომ კოჰაბიტაციის პირობებში ირაკლი ალასანია და გიგა ბოკერია გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ლაპარაკობდნენ; მეტიც _ დავით უსუფაშვილი მიხეილ სააკაშვილთან რეზიდენციაში არაერთხელ მივიდა. საზოგადოებას არც იმას დავუმალავ, რომ დავით უსუფაშვილმა და მიხეილ სააკაშვილმა რამდენჯერმე საკმაოდ დიდხანს ისაუბრეს.
- თუ ასეა, რატომ გიკვირთ, რომ საზოგადოებაში შეთქმულების თეორიები აქტუალობას არ კარგავს?
- თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან, პოლიტიკური სიმპათიის მიუხედავად, ოპონენტებსაც ესაუბრონ. უბრალოდ, ჩანს, მაშინ სატელეფონო საუბრების მოსმენა- ჩაწერა მიხეილ სააკაშვილის ინტერესებში შედიოდა, რათა ვითარებაზე კონტროლი შეენარჩუნებინა. ნაციონალური მოძრაობა მის გზას წარმატებით იმეორებს და ცდილობს, ნებისმიერ შესაძლებლობას ჩაებღაუჭოს, თუმცა ვიმეორებ _ ჩალაგამოვლებულები დარჩებიან.
- საპარლამენტო ოპოზიცია კი ასე სულაც არ ფიქრობს. ნაციონალებმა სპორტის სასახლეში გამართულ ყრილობაზე გამარჯვებამდე ბრძოლა დააანონსეს. ამის რეალური რესურსი არ გააჩნიათ?
- ნაციონალური მოძრაობის განცხადებები მხოლოდ მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება, ხელისუფლებაში მათი დაბრუნება კი წარმოუდგენელია, უბრალოდ, რევანშისტული ტექსტებით მათ რიგებში ადამიანების შენარჩუნებას ცდილობენ. ეს მათი საქმეა, მაგრამ რეალობას მოწყვეტილნი არიან, რადგან მუქარისმიღმა მხოლოდ ცარიელი სიტყვებია. რაც უნდათ, თქვან, მთავარია, კანონი არ დაარღვიონ და ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები არ გადადგან, ეს არც მათ და არც ქვეყნის ინტერესებში შედის.
- მოახლოებულ 17 მაისზე მიანიშნებთ, ფიქრობთ, ვითარებას ფართომასშტაბიანი გამოსვლების დასაწყებად ხელოვნურად ძაბავენ?
- არა მგონია, ნაციონალურმა მოძრაობამ პოლიტიკური ბრძოლა კანონდარღვევით გააგრძელოს. ვიმეორებ, კანონის ფარგლებში, ნებისმიერი წინადადების ტირაჟირების უფლება აქვთ.
- არასაპარლამენტო ოპოზიციის შანსებზეც ვისაუბროთ. თვითმმართველობის არჩევნებში მეორე პოლიტიკური ძალის სტატუსს კვლავ ნაციონალური მოძრაობა შეინარჩუნებს?
- არასაპარლამენტო ოპოზიცია უნდა დაფიქრდეს, ვინ უნდა იყოს ამ ფლანგზე პირველი. ხელისუფლება რომელიმე პოლიტიკურ ძალას უპირატესობას ხელოვნურად ვერ მიანიჭებს, ჩვენ მხოლოდ ჯანსაღი კონკურენციისთვის შესაბამის გარემოს შევქმნით, რეიტინგებსა და შანსებზე კი თავად იფიქრონ.
- არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები დიდი ოპოზიციური გაერთიანების ჩაშლაში სწორედ მმართველ გუნდს ადანაშაულებენ. საარჩევნო კოდექსში ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შესაქმნელად რეალური ცვლილებები შევიდა?
- როცა ერთი პოლიტიკური ძალა არჩევნებში მილიონ ხმას მიიღებს, მეორე კი ათს, ორივეს თანაბარ პირობებში ჩაყენება შეუძლებელია. ამ პრინციპით ნაწილდება საეთერო დრო, ფინანსები, კომისიებში წევრების რაოდენობა... პარტიებმა მოსახლეობას თავი უნდა მოაწონონ და ამ მიმართულებით მაქსიმალურად იმუშაონ. რაც შეეხება საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებს, პატარა ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ კანონმდებლობა ვერ შეიცვლება, ისე კი, დაახლოებით, 20-მდე ცვლილების ჩამოთვლა შემიძლია, რომელიც წინასაარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად მივიღეთ და ეს არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმაც კარგად იციან. საკუთარ სისუსტეს ხელისუფლებას ნუ დააბრალებენ, ეს მხოლოდ მათი შედეგია და მიდგომა უნდა შეცვალონ. არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან კონსულტაციებში ჩართული ვიყავი, მაგრამ ჩვენი გუნდიდან არავის გამოუთქვამს სურვილი, რომელიმე დიდი ოპოზიციური გაერთიანება ჩაგვეშალა. ოპოზიციური გაერთიანების შექმნა მხოლოდ მისი მსურველი პოლიტიკური ძალების გადასაწყვეტი იყო. მათ სისუსტეს საზოგადოებაც კარგად ხედავს და ვფიქრობ, მსგავსი განცხადებებით თავს უხერხულ მდგომარეობაში აყენებენ.
- თბილისში მეორე ტურს არ ელით?
- თბილისში კი არა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, მეორე ტურს, საქართველოს მასშტაბით არსად ველი.