რამდენიმე დღის წინ, ერთმა მეგობარმა მითხრა, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში საინტერესო ფუსფუსი შეინიშნება და ჟურნალისტები "ბომბის აფეთქებას" აპირებენო. მცდელობის მიუხედავად, ვერაფერი გავარკვიე, რადგან ამ ტელეკომპანიის თანამშრომლებს პირში წყალი ჰქონდათ ჩაგუბებული. მეგონა, "ბომბი" მანამდე აფეთქდებოდა, ვიდრე ნაციონალური მოძრაობა ამომრჩეველთან მასშტაბურ შეხვედრას გამართავდა, მაგრამ არა – ტელევიზია ყოფილი ხელისუფლების მასშტაბურ აქციას დაელოდა და შემდეგ გაასაჯაროვა ის, რაც ყველამ ვნახეთ. პირველ განცხადებაში "ბომბი" აშკარად ვერ დავინახე, მაგრამ შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ "აფეთქება" არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრეა დაგეგმილი. მაინც, რას უნდა ველოდეთ არჩევნებამდე?
"ვერსიის" ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის წევრები "გაბრაზდებიან" და სოციალურ ქსელებს ის ფარული ჩანაწერები წალეკავს, რომელიც დღევანდელმა ხელისუფლებამ თავის დროზე "საზეიმოდ გაანადგურა", თუმცა იქვე დაადასტურა, რომ ამ ჩანაწერების ასლები არსებობს, რომლებიც საქართველოდან, სავარაუდოდ, დათა ახალაიამ გაიტანა.
ახალაია ახლა საბერძნეთის ციხეშია და მაქსიმალურად ცდილობს, საქართველოში ექსტრადირება აიცილოს. ელადაზე როლანდ ახალაია და აკაკი მინაშვილი იყვნენ ჩასულები და, როგორც "ვერსიას" წყარო ეუბნება, ჩანაწერების ადგილსამყოფელი დათამ სწორედ მათ გაანდო. ჩამოიტანეს თუ არა მართლაც ბომბის ეფექტის მქონე ჩანაწერები საქართველოში, ჯერჯერობით, არავინ იცის, მაგრამ ის, რომ ნაციონალებს ხელში რაღაც უკვე უჭირავთ, ფაქტია.
ამომრჩეველთან შეხვედრისას ყველაზე საგულისხმო განცხადება გიგი უგულავამ გააკეთა.
"მე საჯაროდ ვდებ პირობას, რომ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, არ დაადგება შურისძიების გზას და არ დაიწყებს ოპონენტების დევნას", - განაცხადა უგულავამ და ამით იმ ყოფილ წევრებსაც მიანიშნა, არაფერს დაგიშავებთო, რომლებიც არჩევნების შემდეგ ნაციონალების ნავიდან "ქართულ ოცნებაში" გადაბარგდნენ.
საინტერესო მინიშნება ჰქონდა გიორგი ვაშაძესაც. მან პირდაპირ განაცხადა, გთავაზობთ იმას, რაც ვიცითო და წესით, ამ სიტყვებმა უგულავას განცხადებას ჩრდილი უნდა მიაყენოს. 9 წლის განმავლობაში, ნაციონალურ მოძრაობას შურისძიების, საკუთარი ერის დასჯის, დაპატიმრების, გაუპატიურების, მოკვლისა და სულში ჩაფურთხების მეტი თითქმის არაფერი უკეთებია, და თუ ვაშაძე ამ "თითქმის" იმედად არის, ვერ გეტყვით.
დიდ გულზე იყო თენგიზ გუნავაც, კაცი, რომელსაც სამეგრელოში არაერთი ადამიანი ადებს ხელს და აცხადებს, რომ მთელი რეგიონი ტერორში ჰყავდა, მაგრამ ეს გუნავას ხელს სულაც არ უშლის, პრეტენზია ზუგდიდის გამგებლობაზე ჰქონდეს და მერე რა, თუ გამარჯვების შანსი ნაკლებად ექნება?! მთავარია, მავანთ ნერვებს მოუშლის და უფრო გააბრაზებს.
თავის დროზე, გიგა ბოკერიას სასამართლოში დაბარების შემდეგ, მისმა მეორე ნახევარმა თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ამ ხელისუფლებას ჯოჯოხეთს მოვუწყობო. "ოცნებას" ჯოჯოხეთის მოწყობით "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორიც ემუქრება. ვეჭვობ, ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა (ახლა არ დამიწყოთ, ნიკა გვარამია ნაციონალური მოძრაობის წევრი არ არისო) ზუსტად იციან, სად და როდის დაარტყან ხელისუფლებას - კომპრომატებით ომი უკვე დაწყებულია. ამჟამინდელი ხელისუფლება კომპრომატების ომში ჩართვას არ აპირებს, მაგრამ რამდენად დაინდობს მას ნაციონალური მოძრაობა, ძნელი სათქმელია, მით უმეტეს, როგორც ჩვენი წყაროს ამბობს, ახალაიას ხელში არსებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ზედმეტად მაღალ ეშელონებამდე მიდის და მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრსა და ცნობილ პარლამენტარს პირდაპირ ურტყამს. ახალ გნებავთ, ჰაკიმ ფაშა დაარქვით და გნებავთ აღა მაჰმად ხანი, მაგრამ ფაქტია, უახლოეს მომავალში (მაქსიმუმ 2-3 კვირაში) სოციალურ ქსელებს ახალი კადრები წალეკავს და... ეკრანებს პატარები მოარიდეთ – პოლიტიკური კოჰაბიტაცია პირდაპირი მნიშვნელობით იქნება ნაჩვენები.
P.S. სხვათა შორის, ადრე დავწერეთ, თურქეთში მყოფი დათა ახალაია სოსო თოფურიძესა და მის გარემოცვას გაეპარა და ისინი ბედის ანაბარა დაყარაო. მაშინ არ დაგვიჯერეს და ახლა გამოჩნდა, რომ მართლები ვყოფილვართ. ჰოდა, კიდევ ერთს დავწერთ: სოჭში მოკალათებული მეგის ქარდავა სამეგრელოს ტერიტორიაზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში ორჯერ იყო ჩასული და მხოლოდ ნათესავების მოსანახულებლად რომ არ გასწევდა ამხელა რისკს, თავადაც უნდა მიხვდეთ. ბოლოს იგი სოფელ შამგონაში ნახეს და ახლა არ დამიწყოთ, ვინა ნახა და როდისო. თუ ნიკა გვარამიას აქვს უფლება, წყარო არ დაასახელოს, ამ უფლებას მეც ისე ბოროტად გამოვიყენებ, როგორც ბატონი ნიკა იყენებს.
წყარო/Source: http://www.ambebi.ge/politika/102555-bombi-romelsac-nacionalebi-archevnebamde-ramdenime-dghith-adre-aafethqeben.html#ixzz31lBsosUx