სააკაშვილი ხალხისთვის სროლას ვერ გაბედავს

სააკაშვილი ხალხისთვის სროლას ვერ გაბედავს

[თეა მარხვაიძე, “ახალი თაობა”]

გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემამ “ნიუ იორკ ტაიმსმა” საქართველოს პრეზიდენტი ავტოკრატების სიაში შეიყვანა. ექსპერტების ნაწილი ამტკიცებს, რომ ამერიკამ საბოლოოდ აიღო ხელი სააკაშვილზე. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ელიზბარ ჯაველიძე მიიჩნევს, რომ ამერიკა სააკაშვილს მხოლოდ ერთი მიზეზითღა უჭერს მხარს.     

რა არის ეს მიზეზი, რატომ არის რამაზ კლიმიაშვილის სიკვდილი საეჭვო, რატომ ვერ გაბედავს სააკაშვილი კადაფივით მოქცევას, რა პრინციპით მოქმედებს ამერიკა, ამ საკითხებთან დაკავშირებით ელიზბარ ჯაველიძე 'ახალ თაობას" ესაუბრება.     

ელიზბარ ჯაველიძე: - ამერიკას თავისი პოზიციები, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკაში მკაცრად აქვს ჩამოყალიბებული. ეს პოზიციები მთელი რიგი ფაქტორებით არის განპირობებული. არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ამერიკას გადაწყვეტილი აქვს მსოფლიო იმპერიის შექმნა. ამ იმპერიის სათავეში, რა თქმა უნდა, თავად იქნება. ამ მიზნით მან შექმნა სპეციალური თეორია, რომელსაც ამერიკული ფასეულობები ჰქვია. ამერიკელები ამ ფასეულობებს საყოველთაოდ მისაღებად მიიჩნევენ.     

რა ფასეულობებზეა საუბარი?

- თავისუფლება და დემოკრატია. უნდათ ამ ფასეულობების გავრცელება მთელ მსოფლიოში. თავისუფლება და დემოკრატია ძალიან კარგია, მაგრამ ამერიკას აქვს თავისებური მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით. საქმე ის გახლავთ, რომ ამერიკელები თავად წყვეტენ, რომელ ქვეყანაში უნდა დამკვიდრდეს დემოკრატია და რომელში არა. ამიტომ ამერიკის თანამედროვე მეთოდები თავისი გავლენის გავრცელებისა კარგა ხანია შეცვლილია. ისინი გავლენის გასაძლიერებლად მშვიდობიან ხერხებს მიმართავენ.   

რა ხერხებს?

- მთავარი საყრდენი დღესდღეობით ამერიკისათვის არის სამოქალაქო საზოგადოება. არასამთავრობო ორგანიზაციებზე მოგახსენებთ. ისინი ამერიკის გავლენის გავრცელების უჯრედებს წარმოადგენენ. ამიტომაც აფინანსებენ არასამთავრობოებს ასე გულუხვად. მიხეილ სააკაშვილიც ამერიკული, კერძოდ კი ბუშის პროექტია. ბუში თვლიდა, რომ 50 ქვეყანაში უნდა გაევრცელებინა დემოკრატია. ამ 50 ქვეყნის სიაში მოხვდა ჩვენი ქვეყანაც. ამ პროექტის განსახორციელებლად შეარჩიეს მიხეილ სააკაშვილი. ის არის ამერიკის ხელქვეითი. ამერიკა თავის ხელქვეითებს დიდი მოწიწებითა და კრძალვით არ ეპყრობა. როცა დარწმუნდება, ესა თუ ის პროექტი არ ამართლებს, უკაცრავად გამოთქმისთვის და ჭუჭყიანი ნასკივით მოისვრის გვერდით. 

რადგან სააკაშვილი ისევ ხელისუფლების სათავეშია, გამოდის, რომ ის ისევ კარგად ჯდება ამერიკულ პროექტში.

- მიხეილ სააკაშვილი უკვე შვიდ წელზე მეტია, რაც ქვეყნის პრეზიდენტი გახლავთ. ამ პოსტზე მოღვაწეობისას მან პირნათლად შეასრულა ყველა ის დავალება, რაც მას ეკისრებოდა. ამერიკამ ჩვენზე კარგად უწყოდა, რომ სააკაშვილი არ არის დემოკრატიის შუქურა. 

აბა, რატომ უწოდებდნენ მას დემოკრატიის შუქურას?

- იმიტომ, რომ ის პირნათლად ასრულებდა ამერიკის დავალებებს. 2008 წელს ამერიკამ ახალი პრეზიდენტი აირჩია. ხელისუფლების შეცვლასთან ერთად შეიცვალა დამოკიდებულება სხვადასხვა პიროვნებებისადმი. შეიცვალა დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართაც. მას, როგორც ბუშის პროექტს, უარყოფითი თვალით უცქერენ. მიუხედავად იმისა, რომ მან ამერიკის ყველა დაკვეთა პირნათლად შეასრულა. მავრმა თავისი საქმე გააკეთა. მავრი ახლა უნდა წავიდეს. ეს ისეთივე ჭეშმარიტებაა, როგორც ის, რომ ორჯერ ორი ოთხია. 

თქვენ ამბობთ, მავრი უნდა წავიდეს, როგორც ბუშის პროექტს თეთრი სახლი მას უარყოფითად უყურებსო. ამის მიუხედავად მას ვაშინგტონი ისევ უჭერს მხარს.

- დღეს ამერიკა სააკაშვილის მხოლოდ ერთი მიზეზის გამო მფარველობს.    

რა მიზეზია ეს?

- ვაშინგტონმა სააკაშვილის შესაცვლელად ჯერ ვერ მონახა სათანადო კანდიდატურა.  

როგორ ადამიანს ეძებენ მის შემცვლელად?

 - ისეთს, რომელიც უფრო უარესად დაანგრევს თავის ქვეყანას. ასეთი ადამიანი, როგორც ჩანს, ჯერ ვერ გამონახეს. ამაზე მეტყველებს მსოფლიოში მიმდინარე პროცესები. ყველას კარგად მოეხსენება, რომ მუბარაქი იყო ამერიკის საყრდენი. ახლო აღმოსავლეთში ის ერთადერთი ლიდერი იყო, რომელიც ვაშინგტონის ნებას ასრულებდა. სხვათა შორის, მუბარაქმა თავისი ქვეყანა ეკონომიურად ძალიან გააძლიერა. ეგვიპტელი ხალხი ჩვენზე ბევრად უკეთესად ცხოვრობდა. ამის მიუხედავად ხალხი მაინც გამოვიდა ქუჩაში. ხალხის გამოსვლის შემდეგ მუბარაქის მიმართ თეთრი სახლის დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა. მათ ეტაპობრივად დათმეს მუბარაქი. 

ეტაპობრივად როგორ დათმეს?

- გამოსვლები რომ დაიწყო, თავიდან ამბობდნენ, მუბარაქს უნდა გავუგოთ, ის ჩვენი თანამოაზრეა. მერე თქვეს, მუბარაქი უნდა მოელაპარაკოს ოპოზიციას. ამის შემდეგ თქვეს, რომ მუბარაქმა უნდა უსმინოს ხალხს. ბოლოს კი თქვეს, რომ მუბარაქმა უნდა დატოვოს თანამდებობა. ვაშინგტონში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ხალხის დამოკიდებულებას ამა თუ იმ ლიდერის მიმართ.  

სახალხო გამოსვლები ჩვენთანაც იყო. თუმცა, ამერიკას სააკაშვილისთვის წასვლა არ უთხოვია.

 - ამერიკას საქართველოში გამოსვლები არ უნახავს. ჩვენთან, კი ბატონო, ბევრი ხალხი იყო ქუჩაში, მაგრამ ეს არ იყო სახალხო მღელვარება. ეს იყო უბრალო გამოსვლა. ოპოზიციის ლიდერები ამაყად ამბობდნენ, ამ აქციების დროს ფოთოლიც არ შეგვირხევია და შუშაც არ გაგვიტეხია. პროტესტის ამ ფორმას სახალხო მღელვარებად არავინ არ აღიქვამს. პროტესტზე იმის მიხედვით ხდება რეაგირება, რა ფორმით არის ის გამოხატული. ჩვენთან იყო მშვიდი პროტესტი და რეაქციაც სათანადო იყო. ქართველები ბერძნებზე ცივილიზებული ერი ნამდვილად არა ვართ. მაგრამ ბერძნებმა ძალიან მკვეთრი პროტესტი გამოხატეს. ქუჩაში გამოსულმა ადამიანებმა იქაურობა სულ მილეწ-მოლეწეს. ხელისუფლება მაშინვე შეიცვალა. ასევე მოხდა ტუნისში. როცა გაცხადდა, რომ ხალხი არაფერს არ დათმობდა, იქაც შეიცვალა ხელისუფლება. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები მიდის ლიბიაში. კადაფი თანამდებობას არ ტოვებს. მან თავისი მოსახლეობა დააბომბინა. ის უკვე განწირულია. ის ვერსად ვერ ჰპოვებს თავშესაფარს. ამერიკა მზად არის, ძალისმიერი მეთოდებითაც კი ჩაერიოს ლიბიაში მიმდინარე პროცესებში.  

ეს რამდენად გამართლებულია?

- არის თუ არა გამართლებული, ეს სხვა საკითხია. ამერიკას აქვს ასეთი პრინციპი - სადაც მშვიდობით ვერ ამკვიდრებს, ე.წ. იქ იარაღს გამოიყენებს.   

ამ დღეეში ამერიკულმა გამოცემამ 'ნიუ იორკ ტაიმსმა" მიხეილ სააკაშვილი ავტოკრატად მოიხსენია. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს მნიშვნელოვანი მესიჯია. თქვენ რას ფიქრობთ?

- სააკაშვილის ავტოკრატად მოხსენიება ძალიან დაგვიანდა. ის ავტოკრატების სიის სათავეში უნდა იყოს. 

რატომ უნდა იყოს ავტოკრატების სათავეში?

- იმიტომ, რომ მისთვის არ არსებობს არავითარი ხალხი. სააკაშვილისთვის უცხოა ხალხის ნება. მას ხალხთან ყრუ კედელი აშორებს. ამერიკა მას დიდი ხნის წინ შეცვლიდა. რაკი ის ამერიკის ყურმოჭრილი მონაა, ამის ხათრით ჯერ კიდევ ინარჩუნებს თანამდებობას. მეტი ერთგულების დასამტკიცებლად ის ყველაფერ ეროვნულს სპობს. ებრძვის ყველაფერს, რასაც ზნეობასთან აქვს კავშირი და რაც მთავარია, ისპობა სახელმწიფოებრივი წყობა. ისპობა ჩვენი საზღვრები. თუ ასე გაგრძელდა, საქართველო გაქრება არა მარტო პოლიტიკური რუკიდან, არამედ ფიზიკური რუკიდანაც გაუჩინარდება. ასე რომ, ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ახლა ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. 

რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ?

- თუ გვინდა, რომ საქართველო გადავარჩინოთ, მაშინ ქუჩაში უნდა გამოვიდეთ და დავიწყოთ მშვიდობიანი რევოლუცია. ამის უფლება ყველას აქვს და ამ მხრივ არც ქართველები არა ვართ გამონაკლისი. 

იმ შემთხვევაში თუ ხალხი მშვიდობიანი რევოლუციის გზით წავა, რა გარანტიაა, რომ სააკაშვილი კადაფივით არ მოიქცევა?

- როგორც კი ასეთ რამეს გაბედავს, ის მაშინვე დასრულდება. 

რატომ გგონიათ, რომ ვერ გაბედავს სააკაშვილი ასე მოქცევას?

 - ის აკვირდება მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. სააკაშვილი კარგად ხედავს, როგორ უყურებს მსოფლიო კადაფს, რომელიც თავის ხალხს დაუპირისპირდა. ამიტომ მჯერა, რომ ის ვერ გაბედავს კადაფივით მოქცევას. თუ ამას გაბედავს, გარწმუნებთ, რომ თავს წააგებს. ის კადაფზე და ჩაუშესკუზე უარეს დღეში ჩავარდება. შედეგს მხოლოდ იმ შემთხვევაში მივაღწევთ თუ რეალურ პროტესტს გამოვახატავთ. თუ გავისუსებით, არაფერი არ გამოგვივა. 

თქვენ ფიქრობთ, რომ ახლა საქართველო გასუსულია? ოპოზიციის ნაწილი ყოველდღიურად გამოხატავს პროტესტს.

- ეს საკმარისი არ არის. ოპოზიციური პარტიები რაღაც წვრილმანებზე და უმნიშვნელო თემებზე გამოხატავენ პროტესტს. თუ ამ მხრივ არაფერი შეიცვალა, ისევ ამ დღეში ვიქნებით. ყველაფერი კი საქართველოს განადგურებით დასრულდება. ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ცნობილი პოლიტოლოგის მკვლელობას დიდი ამბები მოჰყვებოდა, ჩვენთან კიდევ საზოგადოება და ოპოზიცია დუმან. 

თქვენ რამაზ კლიმიაშვილზე საუბრობთ?

- მასზე მოგახსენებთ. ოპოზიცია გამოდის და არასერიოზულ ვერსიებზე საურობენ. ხან ამბობენ, რომ გაზით მოიწამლა, ხანაც თვითმკვლელობის ვერსიას იზიარებენ. 

რატომ მიიჩნევთ ამ ვერსიებს არასერიოზულად?

- იმიტომ, რომ ეს ვერსიები არის ხელისუფლების ვერსიები. არც ერთი ოპოზიციური პარტია არ გამოსულა და არ უთქვამს, რომ რამაზ კლიმიაშვილი მოკლულია. 

ამის მტკიცებულებები არსებობს?

- იმაზე მეტი მტკიცებულებები რაღა გინდათ, რაც ამ უცნაურ სიკვდილს უძღოდა წინ. რამდენიმე წლის წინ უცნაურ ვითარებაში დაიღუპა ზურაბ ჟვანია. ხელისუფლება დღემდე ამტკიცებს, რომ ის ბუნებრივი აირით მოიწამლა. იგივეს ამბობენ რამაზ კლიმიაშვილზეც. გურამ შარაძე დღისით და მზისით მოკლეს ქალაქის ცენტრში. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ამ მკვლელობის უკან ხელისუფლება დგას. ხალხს კი ატყუებენ, რომ ის თითქოს ნაცნობმა უსიამოვნების გამო მოკლა. გავიხსენოთ თუნდაც ბადრი პატარკაციშვილი, რომელიც ამ ხელისუფლების მიერ არის მოკლული. ეს არის ის თვალსაჩინო მკვლელობები, რომელიც ამ ხელისუფლებას არ უნდა ეპატიოს. ეს ხელისუფლება უნდა გასამართლდეს. მაგრამ რატომ მარტო ხელისუფლება, ოპოზიციისნაწილიც უნდა გასამართლდეს. 

ოპოზიცია რატომღა უნდა გასამართლდეს?

- მე მხედველობაში ის ოპოზიცია მყავს, რომელიც ცხონებულ პატარკაციშვილს ფულებს ცინცლავდა. ხელებში შესცქეროდნენ და ერთგულებას უმტკიცებდნენ. როგორც კი ვითარება შეიცვალა, ყველა გაემიჯნა მას. მათ შეეშინდათ და არ უნდოდათ, ხელისუფლებას პატარაკაციშვილის თანამებრძოლებად ჩაეთვალა. მანამდე კი მის თანამებრძოლობაზე თავს სდებდნენ. ასეთი რამეების პატიება არ შეიძლება.     

ასეთ რამეებზე თავის დროზე ყველას მოეკითხება.

- რა თქმა უნდა, მოეკითხება. ყველა უფლის სამსჯავროს წინაშე წარდგება და თავიანთ ცოდვებზე მოუწევთ პასუხის გება. იქამდე ამ ადამიანებმა აქ უნდა პასუხი. განსაკუთრებით იმათ, ვინც სამშობლოს სიყვარულს ამტკიცებენ, სინამდვილეში კი ქვეყანას ძირს უთხრიან. ისინი უნდა გასამართლნენ. მათი სასჯელი საქართველოდან მოკვეთა უნდა იყოს.