დეჟა ვიუ გორელებისთვის

დეჟა ვიუ გორელებისთვის

12 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გორში შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების გამგებლობისა და გორის მერობის კანდიდატები დაასახელა. გორში ღარიბაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით სამზადისი დიდი ხნით ადრე დაიწყო, მაგრამ გუშინ ქალაქის ცენტრალური ნაწილი დილიდანვე გადაიკეტა, რამაც მძღოლების უკმაყოფილება გამოიწვია, შუადღიდან კი სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ქალაქში მიკროავტობუსებისა და ავტობუსების კოლონები გამოჩნდა. ქალაქის ცენტრში შეიარაღებული სპეცრაზმელები დადიოდნენ, თეატრის სკვერი ლითონის ღობეებით გადაკეტეს და ღია მხოლოდ ერთი შესასვლელი დატოვეს. შეხვედრაზე მოსული საჯარო მოხელეები გამარჯობის თქმის შემდეგ ჟურნალისტებს იმას გვახსენებდნენ, რომ არასამუშაო დღე იყო და აქ მოსვლით კანონს არ არღვევდნენ. ლურჯი დროშები და ახალგაზრდები, 41-ნომრიან მაისურებში - ამ სურათმა არაერთ გორელს რამდენიმე წლის წინანდელი „ნაციონალური მოძრაობის“  პრეზენტაციები გაახსენა, განსხვავება მხოლოდ ნუმერაციაში, ფერსა და გამომსვლელთა ვინაობაში იყო. პირველად რეგიონის გუბერნატორი გამოვიდა, რომელმაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. ღარიბაშვილმა მთავრობის მიერ დაწყებულ პროექტებზე ისაუბრა, შეეხო ომისა და დევნილების თემას.  
 
სიტყვის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გამგებლობის კანდიდატები დაასახელა: ხაშურში - გიორგი გურასპაშვილი, კასპში - გოჩა გოჩიტაშვილი, ქარელში -  ზაზა გულიაშვილი და გორის მუნიციპალიტეტში - დავით ონიაშვილი. თვითმმართველ ქალაქ გორში მერობის კანდიდატი ზურაბ ჯირკველიშვილი იქნება. ვიდრე ჯირკველიშვილი გამოსვლას დაიწყებდა, ხალხში  ხმაური ატყდა. ერთი ხანშიშესული კაცი დაჟინებით ითხოვდა ღარიბაშვილისთვის წერილის გადაცემას. სცენაზე მყოფებმა მისი ხმა გაიგეს და მიიწვიეს. მოხუცმა წერილი ადრესატს გადასცა და იქვე უკმაყოფილება გამოთქვა, შეკრებილებს შორის ისევ ნაციონალებს ვხედავო.
 
მოხუცის ეს რეპლიკა პრემიერ-მინისტრმა არ შეიმჩნია, გორის მერობის კანდიდატმა კი მოკლე სიტყვით მიმართა საზოგადოებას და მხარდაჭერა სთხოვა. მთავარ პრიორიტეტად ზურაბ ჯირკველიშვილი სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს ასახელებს. ის თითქმის 20 წლის წინ იყო ადგილობრივ პოლიტიკაში, როცა ვიცე-გუბერნატორად მუშაობდა, მას შემდეგ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში მენეჯერული საქმიანობით იყო დაკავებული, ამიტომ მას ნაკლებად იცნობენ - განსაკუთრებით, ახალგაზრდები.  ჯირკველიშვილის თქმით, ის მიღებულ გამოცდილებას ქალაქის სასიკეთოდ გამოიყენებს.
 
გორის გამგებლობის კანდიდატი დავით ონიაშვილი წლების განმავლობაში საჯარო რეესტრის ადგილობრივი განყოფილების ხელმძღვანელი იყო. მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებს დაეთმობა.  
 
გორში მმართველი კოალიციის შიგნით გაჩენილ უკმაყოფილებაზე კულისებში სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ. კოალიციაში შემავალი პარტიების ლიდერები როგორც კანდიდატების, ისე მაჟორიტარებისა და სიის ფორმირების გამო პროტესტს ხმამაღლა არ გამოთქვამენ, მაგრამ მათი აქტივისტები ამას ღიად აფიქსირებენ. კოალიციის შიგნით რომ მყარი ერთობა აღარ არის, ეს ყველაფერი გუშინაც გამოჩნდა, როცა სცენის უკან, სადაც მთავრობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის გარდა,  კოალიციაში შემავალი პარტიების არც ერთი ადგილობრივი ლიდერი არ გამოჩენილა.