იუსტიციის სამინისტრო ფინანსურ სექტორზე მკაცრ კონტროლს აწესებს

იუსტიციის სამინისტრო ფინანსურ სექტორზე მკაცრ კონტროლს აწესებს

[თეონა ხარაბაძე]

იუსტიციის სამინისტრო ფინანსურ დავებზე ზედამხედველობის არეალს აფართოვებს. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრების მიერ მომზადებულია კანონპროექტი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ზედამხედველობას დაქვემდებარებული ფინანსური დავების ზღვარს ანახევრებს.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, თუკი დავა ეხება 1 მილიონზე მეტ თანხას, მაშინ სასამართლო პროცესში მხარედ ერთვება იუსტიციის სამინისტრო. აღსანიშნავია, რომ თავის დროზე ამ წესის დანერგვამ საკმაოდ დიდი კამათი და უკმაყოფილება გამოიწვია. ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა არგუმენტად ის სახელდებოდა, რომ ამით იუსტიციის სამინისტრო ფინანსურ სექტორში ზედამხედველობას აწესებდა და ამას საბოლოოდ ნეგატიური შედეგები მოჰყვებოდა.

ჩვენ ვცადეთ, მოგვეპოვებინა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია სტატისტიკა ერთ მილიონამდე და ერთ მილიონზე მეტი დავების განხილვისას სასამართლო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ინფორმაციის მოპოვება ჯერჯერობით, შეუძლებელია.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ინიციატივით კი, 1-მილიონიანი ზღვარი ნახევრდება და იუსტიციის სამინისტრო უკვე 500 ათასი ლარის ზემოთ დავების შემთხვევეშიც ჩაერთვება.

ცვლილება შედის სამოქალაქო საპროცესო კოდექსსა დაადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში. კანონპროექტის თანახმად, ის მუხლები, სადაც ამ საკითხზეა საუბარი, შემდეგი ფორმულირებით ჩასწორდება:

“თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 500 000 ლარს ან/და საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება და სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, იგი მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომელიც უფლებამოსილია მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოებაში ამ დაწესებულების წარმომადგენლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამდებობის პირის ან სახელმწიფო მოსამსახურის დანიშვნა (გარდა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე დავისა). ამ შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანხმობით, უფლებამოსილია იმავე საქმეზე წარმომადგენლობის უფლებამოსილება მიანიჭოს იმ თანამდებობის პირს, ან სახელმწიფო მოსამსახურეს, რომელიც ამ დაწესებულებაში მსახურობს”.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ჯერჯერობით, არ დაწყებულა და კანონპროექტის ავტორები ყოველგვარი განმარტების გაკეთებისგან თავს იკავებენ. როგორც ისინი აღნიშნავენ, კანონპროექტის ოფიციალური განხილვა საკომიტეტო განხილვებისას იწყება და საკუთარ პოზიციას მაშინ წარმოადგენენ.

საინტერესო კი ის არის, რომ ჯერჯერობით, არ ხერხდება არც ამ კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მოპოვება, რათა საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს, თუ რა არგუმენტით უნდა იქნას აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული.

საპარლამენტო ოპოზიცია კი ამ გადაწყვეტილებას უკვე ძალიან ნეგატიურად აფასებს და აცხადებს, რომ ამით იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ტოტალური კონტროლის დამყარება ხდება დაშიშობენ, რომ ეს ნეგატიურ გავლენას იქონიებს როგორც ქვეყანაში ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებაზე, ასევე ზოგადად ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ.

„აქამდე მოქმედებდა ნორმა, რომ თუ დავა იყო მილიონ ლარს ზევით, მაშინ შეიძლება ჩართულიყო იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი. ახლა ეს ზედა ზღვარი ჩამოდის 500 ათასამდე, რაც, ჩემი აზრით, ნიშნავს ერთადერთს რამეს - იუსტიციის სამინისტროს კონტროლის არეალი ფართოვდება და ეს შეიძლება რაღაც ორლესული მახვილის სახით წარმოვიდგინოთ.

ერთია, რომ იუსტიციის სამინისტროს კონტროლი ფართოვდება, მათ შორის ისეთ სამართლებრივ დავებზე, რომელთა საფასური აღემატება 500 ათას ლარს და მეორე კი ის, რომ კონტროლის დამყარება ხდება იმ თანამდებობის პირებზე, რომელთაც სამართლებრივი გადაწყვეტილებების შედეგად ერთმევა სამართლებრივი წარმოების უფლება.

ერთი სიტყვით, აკონტროლებენ ყველაფერს და აკონტროლებენ იმ ადამიანებსაც, ვინც ასეთი აქტები გამოსცა; ანუ ორივე მიმართულებით მკაცრდება კონტროლი. ეს არის ტოტალური კონტროლის სურვილის შედეგი, რასაც იუსტიციის მინისტრი ამჟღავნებს“, - აცხადებს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი.

„ამიტომაც ვფიქრობ, ეს წინ გადადგმული ნაბიჯი ნამდვილად არ არის. ამან თავის დროზეც ძალიან დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და მივხვდით, რომ ეს პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს ტოტალური კონტროლს გამოიწვევდა სასამართლო ხელისუფლებაზე. თამადად შეიძლება იქვას, რომ ნამდვილად ასეა და ეს კონტროლი კიდევ უფრო ფართოვდება“, - დასძენს ცაგარეიშვილი.