სარფის საბაჟოზე მუდმივი ქაოსი და განუკითხაობაა

სარფის საბაჟოზე მუდმივი ქაოსი და განუკითხაობაა

[ეკა ბაქრაძე]

ფინანსთა სამინისტროს ერთი თვის წინანდელმა განკარგულებამ საბაჟოზე ქაოსი გამოიწვია. უკვე ერთი თვეა საქართველოში ხელით და სამგზავრო ავტოსატრანსპორტით საქონლის შემოტანა აიკრძალა, მაგრამ როგორც ირკვევა, მეწარმეებს სარფის საბაჟოზე უკვე ვეღარც სატვირთო მანქანებით შემოაქვთ პროდუქცია.

ასეთი ინფორმაცია აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ხელვაჩაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა შაშიკაძემ გაავრცელა.  მისი თქმით, 2011 წლის პირველი თებერვლიდან, ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ტვირთის გადმოტანის წესები კი შეიცვალა, მაგრამ გამარტივების ნაცვლად (როგორც ამას საქართველოს მთავრობა ირწმუნება), საქონლის გადმოტანა საკმაოდ გამკაცრდა. გაურკვეველია ადამიანებისთვის რისი უფლება აქვთ საზღვრის გადმოკვეთისას და რისი არა.

„ის რაც კანონში წერია სხვაა, რეალურად ამოქმედებული სანქციები კი მიუთითებს საპირისპიროს“, - აცხადებს შაშიკაძე. 

დეპუტატის განმარტებით, შეზღუდვები წვრილ მეწარმეებთან ერთად სატვირთო ავტომანქანებით საქონლის გადმომტანებსაც შეეხოთ. 

„არადა ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1-ლი თებერვლის დადგენილებაში წერია, რომ „საქონლის შემოტანა საავტომობილო მიმოსვლისთვის გახსნილი პორტალების გავლით შესაძლებელია მხოლოდ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით“, - აღნიშნავს შაშიკაძე.

თითქმის ერთი თვეა ასეულობით მცირე სატვირთო მანქანის მძღოლს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე მცირე ბიზნესს აწარმოებენ, გაჩერებულნი არიან და საქონელი ვერ შემოაქვთ.

„სარფის საბაჟოზე მძღოლებს კონკრეტულ მიზეზს ვერ უსახელებენ, თუ რატომ ვრცელდება მათზე მსგავსი შეზღუდვები. მძღოლებმა ინფორმაციის მისაღებად და დახმარებისთვის ყველა შესაბამის სამსახურს მიმართეს, თუმცა მათ განუცხადეს, რომ იურიდიულად მათ აქვთ მსგავსი სატრანსპორტო საშუალებით ტვირთის შემოტანის უფლება და პრობლემა მებაჟეებთან უნდა მოაგვარონ.

მებაჟეები კი აცხადებენ, რომ მართალია კანონი არ ითვალისწინებს აღნიშნულ შეზღუდვებს, თუმცა ისინი ზემდგომი ინსტანციებიდან სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე მოქმედებენ.

უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ტრანსპორტით ტვირთი საქართველოს საბაჟოზე უპრობლემოდ შემოდის თუ ის განკუთვნილია მეზობელი ქვეყნებისთვის. ამის გამო ბათუმელი მცირე მეწარმეები იძულებულნი არიან იქირაონ თურქული ტრანსპორტი, რაც მათ მეტად ძვირი უჯდებათ“, - აღნიშნავს შაშიკაძე. 

ერთი თვის წინ საქართველოს ტერიტორიაზე ხელით და სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ვაჭრობისთვის განკუთვნილი საქონლის შემოტანა აიკრძალა.

„საბაჟო წესების დარღვევით ბაზარზე შემოტანილი პროდუქცია ქვეყანაში ჯანსაღი, კონკურენტული ბიზნეს-გარემოს ჩამოყალიბებას ზიანს აყენებს. აქედან გამომდინარე, 1-ლი თებერვლიდან ახალი რეგულაცია ამოქმედდება, რომლის თანახმად, საბაჟოებიდან ვაჭრობისთვის არაორგანიზებული გზით საქონლის შემოტანა აიკრძალება. კერძოდ, აიკრძალება ეკონომიკური საქმიანობისთვის საქონლის ხელით და სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოტანა“, - განმარტა მაშინ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ რუსუდან კემულარიამ.

ექსპერტები იმთავითვე მიუთითებდნენ, რომ აღნიშნული ცვლილება საქონლის გაძვირებას გამოიწვევდა. ეკონომიკის ექსპერტის ნოდარ ხადურის აღნიშნავდა, რომ ახალი წესის შემოღება, სავარაუდოდ, განპირობებული იყო იმით, რომ შემცირებულიყო დაუბეგრავი საქონლის ბაზარზე მოხვედრის წილი, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს სარეალიზაციოდ გამოტანილი პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევდა. 

შედეგები სახეზეა: საბაჟოზე ქაოსია, ჯანსაღი კონკურენტული გარემო არსად ჩანს, ხოლო საქონელი რომ ყოველდღიურად ძვირდება, ამას საქართველოში პატარა ბავშვებიც კი ხვედებიან.