ჩვენს პლანეტაზე ცხელა

ჩვენს პლანეტაზე ცხელა

[გეგა ბერიძე]
საქართველოში 11 ივლისის ჩათვლით ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსამდე მიაღწევს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვის სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან აცნობეს. სინოპტიკოსები ტემპერატურის მატებას სამხრეთიდან თბილი ჰაერის მასების შემოსვლით ხსნიან.

12 ივლისიდან კი, ამინდი შეიცვლება და შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი ჰაერის მასების შემოსვლის შედეგად ჯერ დასავლეთ საქართველოში აგრილდება, შემდეგ – აღმოსავლეთ საქართველოში. უმეტეს რაიონებში იწვიმებს.

არამდგრადი ამინდები მიმდინარე თვის 20 რიცხვამდე გაგრძელდება, რის შედეგადაც ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, დაახლოებით, 5 გრადუსით დაიწევს.

სიცხეა ევროპაშიც. პორტუგალიის რამდენიმე ქალაქში რეკორდული ტემპერატურა, 42 გრადუსი დაფიქსირდა. მოსახლეობა თავს მაღალმთიან კურორტებსა და ზღვის სანაპიროს აფარებს.

39 გრადუსი სიცხეა ლისაბონში. სიცხეა იტალიის ქალაქებშიც. მილანში, ტურინსა და ვენეციაში ტურისტების ნაკადი შემცირდა.

მედიკოსები მოსახლეობას ჩრდილში დარჩენას და რაც შეიძლება მეტი სითხის მიღებას ურჩევენ.

ტემპერატურის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა შეერტებულ შტატებშიც. ვაშინგტონში, ნიუ იორკსა და ფილადელფიაში ამბობენ, რომ წლევანდელი ზაფხული ისტორიის მანძილზე, შესაძლოა, ყველაზე ცხელი აღმოჩნდეს.

მედიკოსები გვაფრთხილებენ, რომ სიცხესთან ხუმრობა არ შეიძლება. ევროპაში ეს ჭეშმარიტება მთელი სიგრძე-სიგანით სულ რამდენიმე წლის წინ შეიმეცნეს, როცა ე.წ. სიცხის ტალღებს (რამდენიმე დღის განმავლობაში ანომალიურად მომატებულ ტემპერატურას) უამრავი ადამიანი ემსხვერპლა. მას შემდეგ ამ ქვეყნებში წინასწარი შეტყობინების სამსახური მუშაობს, მოსახლეობის ინფორმირებაზე ზრუნავენ, მაღალი რისკის მქონეთ კონდიციონერებსაც კი უმონტაჟებენ. შედეგიც სახეზეა: სიცხის ტალღებს უფრო მშვიდად და, რაც მთავარია, უმსხვერპლოდ ხვდებიან.

მედიკოსები გვაცნობენ სითბური დაავადების არსს, მისი რაც შეიძლება ადრეულ სტადიაზე დასადგენ ნიშნებს და პირველი დახმარების წესებს. მათი თქმით, სიცხის ატანა ყველას ერთნაირად როდი შეუძლია. მნიშვნელობა ჰქონია ყველაფერს: ასაკს, ჯანმრთელობის მდგომარეობას. ტანსაცმელსა და განწყობასაც კი. დაავადების განვითარების რისკი მეტი აქვთ ბავშვებს, ხანდაზმულებსა და ჭარბწონიანებს.

საშიშროებას ზოგიერთი მედიკამენტის (მაგალითად, დიურეტიკების, ნეიროლეპტიკების, ფენოთიაზინის, ანტიქოლინერგული საშუალებების) და ალკოჰოლის მიღებაც ზრდის. თუმცა, საფრთხეს ყველაზე ძლიერი ათლეტიც ვერ გადაურჩება, თუ ყურადღებას არ მიაქცევს საგანგაშო ნიშნებს.

დაავადების სტადიები:
პირველი სტადია – სითბური კრამპი – კუნთების უნებლიე მტკივნეული კუმშვაა. ასეთი რამ უმეტესად ჯაფაში ყველაზე მეტად ჩაბმული (ჩვეულებრივ, მუცლის ან ქვედა კიდურების) კუნთების ჯგუფს ემართება. სიცხეში კრამპის აღმოცენებას კუნთებში ნივთიერებათა ცვლის შუალედური პროდუქტების დაგროვების გარდა ოფლის მეშვეობით წყლისა და მარილების დაკარგვაც უწყობს ხელს.

საშუალო სიმძიმის სტადიას სითბურ გამოფიტვასაც უწოდებენ. ასეთი რამ მეტწილად ცხელ და ნოტიო გარემოში მუშაობის ან ვარჯიშის დროს ხდება. ორგანიზმი ძლიერი ოფლიანობის გამო ბევრ სითხეს კარგავს, სასიცოცხლო ორგანოებთან ნაკლები სისხლი მიდის, მაღალი ტენიანობა აორთქლებას ხელს უშლის, ამიტომაც თერმორეგულაციის მექანიზმები შესაძლებლობის ზღვარზე მუშაობენ.

სითბური გამოფიტვის ნიშნებია გრილი, ნამიანი კანი, ძლიერი ოფლიანობა, თავის ტკივილი, გულისრევა და ღებინება, თავბრუხვევა, სისუსტე და დაღლილობა.

სითბური დაკვრა სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა. ამ დროს თერმოსარეგულაციო სისტემა ვეღარ მუშაობს, ამიტომ ორგანიზმი ოფლის გამოყოფას წყვეტს. სხეულის ტემპერატურა ისე იმატებს, რომ თუ დახმარებამ დაშავებულს დროულად არ მიუსწრო, ტვინის დაზიანება და სიკვდილიც კია მოსალოდნელი.

სითბური დაკვრის ნიშნებია:
– ცხელება (ზოგჯერ – 40ºC და მეტიც კი);
– არარაციონალური ქცევა, გონების აბნევა ანდა ცნობიერების დაკარგვა;
– მშრალი, ცხელი, წითელი კანი;
– ჩქარი ზედაპირული სუნთქვა;
– ჩქარი სუსტი პულსი;
– გულყრა.

პირველი დახმარება:
სითბური კრამპისა და გამოფიტვის დროს: გადაიყვანეთ ავადმყოფი გრილ ადგილას და კომფორტულად მოაწყვეთ. გახადეთ ან მოუშილიფეთ მჭიდროდ მოტმასნილი ტანსაცმელი. სხეულზე წაუსვით გრილი, სველი ნაჭერი ან ოთახის ტემპერატურის წყალი გადაავლეთ. თუ გონება არ დაუკარგავს, ყოველ 15 წუთში ერთხელ დაალევინეთ ნახევარი ჩაის ჭიქა წყალი, ოღონდ ნუ დართავთ ნებას, სწრაფად და სულმოუთქმელად დალიოს. თუ დაშავებული წყლის დალევაზე უარს ამბობს, აღებინებს ანდა გონება დაკარგა, გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

სითბური დაკვრა სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობაა, ამიტომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ნუ იქნებით, სასწრაფოს მოსვლამდე კი დაშავებული გრილ ადგილას გადაიყვანეთ და წამოაწვინეთ. ფეხები შემაღლებულზე დააწყობინეთ, სხეულზე სველი ზეწრები შემოახვიეთ. თუ საშუალება გაქვთ, იმ წერტილებში, სადაც მსხვილ არტერიები კანთან ახლოს გადის (მაჯებთან, კოჭებზე, იღლიებში, კისერზე) ნაჭერში გახვეული ყინულის პარკები დააწყვეთ. დააკვირდით სუნთქვას და გულისცემას. საჭიროების შემთხვევაში დაიწყეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია.

აკრძალული ილეთები:
– პრობლემას ზერელედ ნუ მიუდგებით, განსაკუთრებით – თუ ავადმყოფი ბავშვი, ხანდაზმული ან ტრავმირებულია.
– ნუ მისცემთ ავადმყოფს სიცხის დამწევ საშუალებას (მაგალითად, ასპირინს ან პარაცეტამოლს). ისინი ვერაფერს არგებენ და შესაძლოა, ზიანიც კი მიაყენონ.
– ნუ დაუზელთ სხეულს ალკოჰოლით. ის კანის ფორებს დაახშობს და ტენის აორთქლებას (შესაბამისად, გაგრილებას) გააძნელებს.
– ნუ დაალევინებთ ალკოჰოლის ან კოფეინის შემცველ სითხეს. ეს ნივთიერებები სისხლძარღვებს დამოუკიდებლად აძლევენ ბრძანებებს და გარემო პირობების შესაბამისად გაფართოება-შევიწროების უფლებას ართმევენ, რაც თერმორეგულაციის უნარს მნიშვნელოვნად აქვეითებს. თანაც ასეთ სასმელს შარდმდენი ეფექტი აქვს და შესაძლოა, ორგანიზმის გაუწყლოება გამოიწვიოს.

ცნობისთვის: 2003 წელს ევროპაში ცხელი ტალღების დროს 35.000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 14.800 – მარტო საფრანგეთში.

მკვლევართა აზრით, სიცხეს ყველაზე ძნელად იტანენ:
– მოხუცები
– ქრონიკული ავადმყოფები;
– ბავშვები;
– დაბალი შემოსავლის მქონე პირები;
– უსახლკარონი, მოხუცთა თავშესაფრების ბინადარნი;
– მაღალ სართულებზე მცხოვრები პირები და ისინი, ვისაც ბინაში კონდიციონერი არ აქვს დამონტაჟებული.
რეკომენდაციები მარტივია: ეცადეთ, თავი არიდოთ მზეს და სიცხეში მუშაობას (საზოგადოდ, ფიზიკურ დატვირთვას); სახლში, სადაც ჰაერის კონდიცირება არ ხდება, ყველაზე გრილი ქვედა სართულებია; სვით ბევრი სითხე (უმჯობესია – წყალი).