ოფიციალური თბილისი გამორიცხავს, რომ ამერიკული „შევრონი“ და „ექსონმობილი“ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუშაობას დათანხმდნენ რუსეთის ნავთობმომპოვებელი გიგანტის, სახელმწიფო კომპანია „როსნეფტის“ შესვლას აფხაზეთში, ოფიციალური მოსკოვი „ახალი დამოუკიდებელი ქვეყნის -აფხაზეთის“ ეკონომიკაში კერძო უცხოური ინვესტიციების დაბანდების უმთავრეს წინაპირობად განიხილას. „როსნეფტმა“ შავი ზღვის შელფის აფხაზეთის მონაკვეთზე ნავთობის და გაზის მოპოვების ხუთწლიანი ლიცენზია სოხუმის სეპარატისტული მთავრობისგან 2009 წლის ბოლოს მიიღო. რუსული კომპანიის ოფიციალური საიტის ცნობით, „როსნეფტი“ ამ დროისთვის სატენდერო პროცედურებისა და უცხოელი პარტნიორების არჩევით არის დაკავებული. ორი საძიებო ჭაბურღილის გათხრა აფხაზეთში უკვე 2013-2014 წლებში იგეგმება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეოთხე დეპარტამენტის დირექტორი ანდრეი კელინი ამბობს:
„რუსმა მესაზღვრეებმა აფხაზ კოლეგებთან ერთად უკვე მთლიანად გადაკეტეს საზღვარი აფხაზეთსა და საქართველოს შორის. თანამშრომლობის შემდეგი ფაზა, ეკონომიკური ფაზაა, აფხაზური სახელმწიფოს შექმნაში ეს ფაზა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ კუთხით, ჩვენ აფხაზეთთან გვაქვს გაფორმებული რამდენიმე ხელშეკრულება. მოქმედებას ვაპირებთ ასეთი გეგმით - თავიდან აფხაზეთში შევიდნენ სახელმწიფო კომპანიები „რუსეთის რკინიგზა“ და „როსნეფტი“ ამ სახელმწიფო კომპანიებმა კერძო უცხოური ინვესტიციებისთვის საჭირო მიმზიდველობა უნდა შექმნან.“
„როსნეფტი“ აფხაზეთში შვილობილი კომპანიის „აფხაზეთის შელფის“ მეშვეობით მოქმედებს. ამ ახალი კომპანიის აქციათა 51 პროცენტ,ს თავად „როსნეფტი“ ფლობს, დანარჩენი აქციები კი აფხაზური სახელმწიფო საწარმო „აფხაზეთის საწვავის“ მფლობელობაშია. რუსულ-აფხაზურმა კომპანია, რომელმაც დაზვერვითი სამუშაოების წარმოების უფლება გუდაუთის რაიონში მიიღო, სოფელ პრომორსკოიდან ბიჭვინთის კონცხამდე ტერიტორიის კვლევაზე ექვსი მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს. „აფხაზეთის შელფმა“ 2010 წელს რამდენიმე ტენდერიც გამოაცხადა, მათ შორის, ეკოლოგიურ მონიტორინგსა და შელფის დაზვერვით კვლევაზე.ზოგიერთი ტენდერი განაცხადების არარსების გამო ჩაიშალა, თუმცა ვარაუდობდნენ, რომ 2010 წელს, შესრულებული საველე სამუშაოებიდან მხოლოდ, დამატებითი ღირებულების გადასახადის სახით, აფხაზეთის ბიუჯეტში 60 მილიონ რუსულ რუბლზე მეტი უნდა შესულიყო. პარლამენტის წევრი პაატა დავითაია ამბობს:
„აფხაზეთში მოქმედებს ღია ტიპის სააქციო საზოგადოება, რომლის სახელწოდებაცაა - „აფხაზეთის შელფი“. ამ კომპანიის სათავეში დგას, ეროვნებით რუსი ვადიმ ივანცოვი, რომელიც მანამდე „როსნეფტის“ თანამშრომელი იყო. „როსნეფტი“ არის დახურული ტიპის სააქციო საზოგადოება. რეალურად „როსნეფტი“ ყიდულობს ღია ტიპის სააქციო საზოგადოების აქციებს, როგორიც არის „აფაზეთის შელფი“ და ამით, ნავთობისა და გაზის წიაღისეულის რეალური მფლობელი აფხაზეთში ხდება „როსნეფტი“
სხვადასხვა, ექსპერტული შეფასებით, შავი ზღვაში ხუთ მილიარდამდე ბარელი ნავთობი შეიძლება იყოს, თუმცა ტექნოლოგიურად შავი ზღვის შელფზე მუშაობა იმდენად რთული და ძვირადღირებულია, რომ ჯერჯერობით, ბურღვის ეტაპამდე აუზის არცერთი ქვეყანა არ მისულა. დღეს თურქეთი, უკრაინა და რუსეთი მხოლოდ დაზვერვით სამუშაოებს აწარმოებენ. ყველაზე შორს რუსეთი წავიდა, რომელსაც არ აქვს ზღვის შელფზე მუშაობის გამოცდილება. მოსკოვმა შარშან შავ ზღვაზე ამერიკული გიგანტის „შევრონის“ შემოტყუება შეძლო, იანვარში კი „როსნეფტის“ პარტნიორი ტუაფსეს ღრმულის კვლევაში კიდევ ერთი ამერიკული გიგანტი „ექსონმობილი“ გახდა. პირველ ეტაპზე, შავ ზღვის შელფის კვლევაზე „ექსონმობილი“ მილიარდი დოლარის დახარჯას აპირებს. ექსპერტთა აზრით, იმ შემხვევაში, თუ ნოვოროსიისკსა და ტუაფსეში სამუშაოები წარმატებით დასრულდება, ე.წ „აფხაზური შელფის“ აქციები ძალიან მოიმატებს. თუმცა, თბილისში გამორიცხავენ, რომ ამერიკული ნავთობგიგანტები აფხაზეთში მუშაობას დათანხმდნენ. პარლამენტარი გიორგი კანდელაკი ამბობს:
„არცერთი დასავლური კომპანია საქართველოს ტერიტორიაზე, არასდროს, არცერთ შემხვევაში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე, არანაირ ბიზნეს აქტივობას არ განახორციელებს. ამის გარანტიას გაძლევთ.“
საქართველოს მთავრობაში არ გამორიცხავენ რომ „როსნეფტს“ საერთაშორისო სასამართლოში უჩივლონ. 2009 წლის ივლისში, „როსნეფტმა“ იგნორირება გაუკეთა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ტენდერს აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის მოპოვების გენერალური ლიცენზიის გაცემის შესახებ და ქართული კანონების გვერდის ავლით, კონტრაქტი სეპარატისტულ სოხუმთან გააფორმა. მწვანეთა პარტია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც „როსნეფტის“ წინააღმდეგ სარჩელის შეტანა მოითხოვა. მწვანეთა ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე ამბობს, რომ შავი ზღვის შელფზე ნებისმიერი სახის ბურღვა კატასტროფას გამოიწვევს:
„როგორც ჩანს, აქ უბრალოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა რუსების მხრიდან, რომ რაც შეიძლება უფრო აქტიურად შევიდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, ეს დამთავრდება აფხაზეთის ეკოკატასტროფით, იმიტომ, რომ იქ ბურღვითი სამუშაოები როგორც კი დაიწყება, პარალელურად დაიწყება ნავთობის დაღვრა. ერთი ტონა ნავთობის დაღვრის შემთხვევაში 12 კვადრატული კილომეტრი იფარება ნავთობის ლაქით. ეს აფხაზეთს მთლიანადა დააკარგვინებს რეკრეაციულ, ტურისტულ ინფრასტრუქტურას და დამანგრეველად იმოქმედებს იმ ბიომრავალფერონებაზე, რომელიც შავ ზღვაში არის. რუსების ასეთი მოქმედებით ირღვევა საქართველოს კანონი წიაღის შესახებ, ეს კანონი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წიაღისეული არის სახელმწიფო საკუთრება და მას განკარგავს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო. რა თქმა უნდა, აქ არის ყველა საერთაშორისო ნორმა დარღვეული. თუ მართლა დადგება სარჩელის შეტანის საკითხი საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, შესაძლოა მართლა დაეკისროს სანქციები „როსნეფტს“.
ნავთობს აფხაზეთში საბჭოთა პერიოდიდან ეძებენ. გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან სოხუმსა და გაგრას შორის, ზღვის შელფის 22 მონაკვეთი იქნა დაზვერილი, თუმცა ერთის მხრივ, მოპოვების არარენტაბელობის, მეორეს მხრივ, კი ეკოლოგიური მოსაზრებებით, ეს სამუშაოები შეჩერდა. დღეისათვის, შავი ზღვის აფხაზურ შელფზე, ნავთობის პოვნის ალბათობა 14 პროცენტით არის შეფასებული. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური თბილისისა და ქართველი მწვანეების გარდა, შავ ზღვაში ნავთობის მოპოვებას ასევე ეწინააღმდეგებიან აფხაზური ოპოზიცია და აფხაზ "მწანეთა" ერთი ნაწილი.