ბატონო ნოდარ, ინფლაციის და ფასების ზრდის ფონზე პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით, 20-ლარიანი და 30-ლარიანი ვაუჩერების დარიგებაზე, როგორია თქვენი პოზიცია?
- არც ერთ შემთხვევაში ეს არ არის ანტიინფლაციური ღონისძიება. ინფლაციას, ფასების ზრდას ნებსმიერ ქვეყანაში იწვევს მიმოქცევაში არსებული ფულის მასის, საქონლის და მომსახურების თანაფარდობის ცვლილება. რაც შეეხება ვაუჩერს, ვაუჩერი არ არის ფული, მაგრამ ფაქტობრივად ფულის ფუნქციას ასრულებს იმიტომ, რომ გაჭირვებულ ოჯახს, რომელსაც 20 ლარით ნაკლები ექნება გადასახდელი ელექტრო ენერგიაზე ამ დანაზოგს სხვა სახის საქონლის შესაძენად გამოიყენებს. უფრო მეტს შეიძენს, ვიდრე წინა თვეში შეიძინა. ეს ნიშნავს, რომ გადახდისუნარიანი მოთხოვნა ამ შემთხვევაში სამომხმარებლო პროდუქციაზე გაიზრდება.
ამან აუცილებლად უნდა გამოიწვიოს მართალია არა მნიშვნელოვანი, მაგრამ შესაბამისი ინფლაციური ეფექტი, თუ რასაკვირველია, საქართველოს ეროვნული ბანკი არ შეამცირებს მის ხელში არსებული სხვა ინსტრუმენტებით მიმოქცევაში ფულის რაოდენობას ან ფინანსთა სამინისტრო არ გასცემს უფრო ნაკლებ ხარჯს, ვიდრე დაგეგმილი იყო. ორივე ამ მიმართულებას აუცილებლად ექნება ინფლაციური ეფექტი, მაგრამ ეს არ იქნება ძალიან მტკივნეული და მნიშვნელოვანი, რადგან ჯამში 50 მილიონია და ეს არ არის დიდი თანხა. მეორეს მხრივ, ეს არის სააკაშვილის მიერ დიდი ხნის წინ აღებული მიმართულება ქართველი საზოგადოებისთვის პატივის და ღირსების აყრის.
რას გულისხმობთ?
- ქართველ საზოგადოებას მინდა გავახსენო პირველი სლოგანი, რითიც მოვიდა ეს ხელისუფლება: ასი უფასო სასადილო. ძალიან გული მტკივა, რომ ამან არ გამოიწვია მაშინვე საყოველთაო პროტესტი და აზვირთება. ხელისუფლებამ ის კი არ უთხრა თავის ხალხს, რომ ღირსეულად იმუშავებდა ხალხი და ღირსეული ანაზღაურება ექნებოდა, რაც მათ ღირსეული ცხოვრების საშუალებას მისცემდა, არამედ უფასო სასადილოებს გაგიხსნითო, შიმშილით არ მოკვდებითო, გაგამათხოვრებთო. უფასო სასადილო ნიშნავს, რომ ადამიანი სხვისი, გნებავთ ხელისუფლების ხელისშემყურეა. ეს არის ქართველი საზოგადოების საფუძვლების რყევა და ნგრევა. არ შეიძლება მოხუცთა თავშესაფარი ქართულ სინამდვილეში იყოს.
თუ რეალობაა?
- არ უნდა იყოს ეს რეალობა. ამით სახელმწიფო ახალგაზრდა თაობას ხრწნის, რომ ჩვენ არ ვართ ვალდებული და პასუხისმგებელი ჩევნი წინაპრების წინაშე. უხსოვარი დროიდან ეს ტრადიცია არის საქართევლოში. პატარა ქვეყანა ვართ და ერთმანეთან ახლოს უნდა ვიყოთ ყველანი, დღეს ამას 'ურტყამს" ხელისუფლება. ადამიანის ღირსების დაქვეითება ხდება, როდესაც მას რაღაცას გადაუგდებ არა სამსახურში, არამედ რაღაცაში. ამასობაში ხალხს აქვს პოზიცია: ყვავს კაკალი გააგდებინო, ეგეც კარგია. ხელისუფლებამ ხალხს თავის მიერ გამომუშავებული 20 და 30 ლარი გადმოუგდო, რომელიც ფაქტიურად არც კი არის ერთი თვის პურის ფული. ამით უნდა ხელისუფლებას, რომ რევოლუციური მოთხოვნები თუკი ჩნდება, ჩაკლას ხალხში. ამას მოახერხებს კიდეც ამ 50 ლარით.
მოახერხებს?
- სამწუხაროდ, დიდ ნაწილში მოახერხებს. ღმერთმა დამიფაროს, რომ ვთქვა ქართველ საზოგადოებას მთლიანად აქვს ღირსება დაკარგული. არა, ამას არ ვამბობ. ძალიან ბევრი ქართველია, რომელსაც გენეტიკური ფესვები არ დაუკარგავს, იმას არც 50 ლარი ეყოფა და არც 50 ათასი, რადგან მისთვის მთავარია, რომ მას თავის ქვეყანაში ადგილი არ აქვს, არადა, ეს ქვეყანა მისია და არა სააკაშვილის, მაგრამ ადამიანების ეს კატეგორია ბევრი არ არის. საზოგადოების საკმაოდ დიდმა ნაწილმა, (ნუ ეწყინებათ და თუ ეწყინებათ, ცივი წყალი დალიონ) 2008 წლის სექტემბერში მიშა, მიშას ძახილით ხელი ჩაკიდეს ერთმანეთს და დარბოდნენ.
ცოცხალ ჯაჭვს გულისხმობთ...
- დიახ. ეს იმ ქართველების შთამომავლებმა გააკეთეს, რომლებიც დავით აღმაშენებლის, გიორგი ბრწყინვალის თუ ერეკლეს ხმლის ქვეშ უბრძოლიათ. იმ მთავარსარდლის სახელს გაჰკიოდნენ, რომელმაც ცხვირით თხარა მიწა ახალგაზრდა ჟურნალისტი გოგონების და უცხოელი სტუმრების თანდასწრებით. ასეთი რამ საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს. სამწუხაროდ, ჩვენს ისტორიაში უამრავი გათახსირებულობაა უამრავი სიკეთის გვერდით, მაგრამ ასეთი რამ არ ვიცი. მიშა, მიშას ძახილით ქართველები დარბოდნენ, ესენი ისინი არიან, სადაც გადაჭრა ფესვი. მათ უკან, ქართველებად დაბრუნება ძალიან ძნელი იქნება. რასაკვირველია, ეს ხალხი ერთ ტომარა ფქვილშიც გაიყიდება და 20-ლარიან ვაუჩერზეც იყიდებოდნენ და გაიყიდებიან. საზოგადოების გარკვეული ნაწილი მთლიანად მიება ყოველდღიურზე, ხვალ შეჭამს, მაგრამ ზეგ აქვს გარანტია, რომ მის შვილებს აჭმევს? რისთვის ზრდის ამ შვილებს? სააკაშვილის და მისი ხროვის შვილების მონობისთვის? მათ ხომ არანაირი
პრესპექტივა არ აქვთ, რომ ღირსეულები იყვნენ ან სამსახური იშოვონ. სამუშაო რომ იშოვო, დღეს მინიმუმ სააკაშვილის ლაქია უნდა იყო. მთავარი ის კი არ არის, რომ სააკავშილი ეკონომიკას აქცევს, მთავარი ის არის, რსითვის აქცევს, სწორედ ეს მედარდება. იმისთვის აქცევს, რომ ხალხი გაამათხოვროს და ღირსება აყაროს.
რაში სჭირდება ღირსებააყრილი ხალხი, უფრო ადვილი სამართავია?
- რასაკვირველია. ღირსეულებთან მუშაობა რთულია. მაგალითად, ქალბატონ ვერას რასაც ეტყვიან, იმას იტყვის ისიც. როგორც გინდა, ისე დააქციოს სააკაშვილმა ეკონომიკა, ორ-სამ წელიწადში ფეხზე დავაყენებთ. 1993-94 წლებში საქართველოს ეკონომიკა დაინგრა, ნულამდე დავიდა, მაგრამ 1995-96 წლებში ნაწილობრივ 1997 მსოფლიოში ყველაზე დიდი ზრდა გვქონდა.
ამას ამბობს ახლა სააკაშვილი?
- განსხვავებაა. ამას ამბობს სააკაშვილი, მაგრამ ტყუილს ამბობს. არ შეესაბამება მისივე სტატისტიკას. იცის, რომ შემპასუხებელი არავინ ჰყავს და რასაც უნდა, იმას ბჟუტურებს. მე რომ ვსაუბრობ იმ წლებზე არა მხოლოდ ქართული სტატისტიკით, არამედ ყველა საერთაშორისო მონაცემებით იყო ცნობილი.
ბატონო ნოდარ, თუ ხელისუფლება უფსკრულისკენ მიაქანებს ქვეყანას, სად არის ოპოზიცია? მშვიდად უნდა იყოს?
- არც ერთ ქვეყანაში ოპოზიცია ხელისუფლებასთან გამარჯვებული არ გამოსულა და ვერ გამოვა, თუ ოპოზიციის უკან არ იდგება საზოგადოების დიდი ნაწილი.
ხომ იდგა?
- იდგა, ზოგი გულწრფელად, ზოგი ნაკლებად გულწრფელად, მაგრამ სერიოზული შეცდომა იყო დაშვებული მაშინდელი ოპოზიციის მიერ, რომ არ გამოიყენეს ხალხის აქტიურობა და შემართება. თუმცა, საკითხავია, რამდენად მზად ვიყავით საბრძოლველად თუ აუცილებლობა გახდებოდა, მაგრამ ესეც ოპოზიციის ბრალია, თუ საზოგადოება ვერ შეამზადა ბოლომდე, მით უფრო, როდესაც ხელისუფლება ყველა საფუძველს გაძლევს. მაშინდელმა ოპოზიციამ აღიარა, რომ ეს შეცდომა იყო, მაგრამ თუ ნახა საზოგადოებამ ეს შეცდომაა, ამით ქვეყანას ხომ არ ეშველა, მოაცილოს თავის გონებაში ის და სხვა დააყენოს ან თავად დადგეს. ეს ხელების ჩამოშვების საფუძველს არ გვაძლევს არც ერთ ქართველს. ჩემთვის რთულია, რომ ვიღაცამ მომატყუოს, რადგან თუ მოვტყუვდი, ესე იგი დეგენერატი ვარ. ამ მოტყუებაში მხოლოდ მომტყუებლის პრობლემა არ დგას.
თქვენ საზოგადოების პასუხიმგებლობაზე საუბრობთ...
- რასაკვირველია, მე ვარ ამ საზოგადოების ნაწილი, მაგრამ 300 ათასი ადამიანი სიკვდილზე წაიყვანო, ეს არ არის ადვილი საქმე. ამას გმირობა სჭირდება, რაც მაშინ არ აღმოგვაჩნდა.
დღეს როგორ აფასებთ იმ მოვლენებს?
- ერთმნიშვნელოვნად. მაშინ სააკაშვილის ინაუგურაციასაც ჩავშლიდით და დავამთავრებდით. ამას დღეს არც ერთი მაშინდელი ლიდერი არ უარყოფს, ყველასთან არა, მაგრამ ბევრთან მქონდა საუბარი და უთქვამთ, რომ ვერ გარისკეს. თუ პასუხისმგებლობის გრძნობით ხარ ტატვირთული ბევრი კითხვა ჩნდება. ამავდროულად დიდი ადამიანიც უნდა იყო და ცოტა ავანტიურის ელემენტიც გქონდეს. არავის გამართლებას არ ვაპირებ, მაშინ პოლიტიკაში არც ვიყავი მხოლოდ რიგით ქართველად ვიდექი, მაგრამ დღეს ამბობენ, რომ უნდა გაგვერიკა და გავიმარჯვებდით. მაშინ სააკაშვილს გაუჭირდებოდა.
დღეს მომძლავრებულია?
- სააკაშვილი კი არ არის მომძლავრებული, საზოგადოებამ და ოპოზიციამ გადადგა უკან ნაბიჯი.