შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ- სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ვახტანგ ბ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

სამართალდამცველებმა ვახტანგ ბ-ს პირადი ჩხრეკისას ამოიღეს: 28 აბი მოვარდისფრო, კუსტარული წესით დამზადებული 7,5 გრ ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,0683 გრ მეტამფეტამინს და 0,4037 გრ ამფეტამინს შეიცავს; 20 აბი მოთეთრო, კუსტარულად დამზადებული 5,24 გრ ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,515 გრ ამფეტამინის შეიცავს; 46 აბი ლურჯი ფერის, კუსტარული წესით დამზადებული 11,23 გრ ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 3,0147 გრ ემ-დი-ემ-ეის – ე.წ. ექსტაზს შეიცავს; ასევე ამოღებულია 3,03 გრ გამომშრალი მარიხუანა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ვახტანგ ბ-მ თურქეთში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალებები, რომელებიც უკანონოდ შეინახა, შემდეგ კი თურქეთიდან საქართველოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საკონტროლო გამშვები პუნქტის გავლით უკანონოდ შემოიტანა.

გამოძიება დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით და 260-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით, რაც თავისუფლების უვადო აღკვეთას ითვალისწინებს).