გაზის კომპანიები მოსახლეობას მთელი ქვეყნის მასშტაბით ავიწროებენ

გაზის კომპანიები მოსახლეობას მთელი ქვეყნის მასშტაბით ავიწროებენ

[ეკა ბაქრაძე]

ზამთრის მიწურულს ბუნებრივი აირის სადისტრიბუციო კომპანიებმა საოცარი გადაწყვეტილებების მიღება დაიწყეს. დედაქალაქში „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ მოსახლეობის კოლექტიური გათიშვა დაიწყო, ხოლო რეგიონებში „სოკარ-გაზმა“ ახალი გადასახადი შემოიღო. ამ ყველაფრის ფონზე, სემეკი და ენერგოომბუდსმენი ოლიმპიურ სიმშვიდეს ინარჩუნებენ.

ახვლედიანის N11-ის მცხოვრებლები „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ ბუნებრივი აირის უკანონოდ შეწყვეტაში ადანაშაულებენ. გაზის გათიშვის შესახებ ჟურნალსიტებს თავად მოსახლეობამ შეიტყობინა. 

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წარმომადგენლებმა ონკანი გადაკეტეს და 25 ოჯახს გაზის მიწოდება უკანონოდ შეგვიწყვიტეს. ამის მიზეზი ერთ-ერთი მეზობლის დავალიანება გახდა. კომპანიის თანამშრომლები ამბობენ, რომ ეს აბონენტი მათ სახლში არ უშვებდა. არცერთ სხვა ოჯახს დავალიანება არ აქვს. როდესაც ჩვენ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წარმომადგენლებს პრეტენზიით მივმართეთ და გაზის ონკანის გახსნა ვთხოვეთ, მათ ცინიკურად გვიპასუხეს. სადაც გინდათ, იქ გვიჩივლეთო“, - განაცხადეს ახვლედიანის მცხოვრებლებმა. 

მათი ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენლები საპატრულო პოლიციის დახმარებით იმ აბონენტის ბინაში შევიდნენ, რომლის დავალიანებაც გათიშვის მიზეზი გახდა. „პოლიცია ამბობს, რომ მათ გაზის ონკანის გახსნის უფლება არ აქვთ“, - აცხადებს მოსახლეობა. 

ბოლო დროს ჩრდილში მყოფ „ყაზტრანსგაზს“ მოსახლეობა აღარ შეუწუხებია, მაგრამ, როგორც ჩანს, ყაზახურმა კომპანიამ ძველი დრო გაიხსენა.

თუმცა, ყაზახთა სადამსჯელო ოპერაცა არაფერია იმასთან შედარებით, რასაც „სოკარ-გაზი“ რეგიონებში სჩადის. მაგალითად, კახეთში ახალი წლიდან მოსახლეობას, მოხმარებული ბუნებრივი აირის გარდა, ე.წ. ტშკ-ს გადასახადიც დაემატა. აბონენტები აღნიშნულთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ. როგორც შპს „სოკარ ჯორჯია გაზი-კახეთის“ გურჯაანის სერვისცენტრში აცხადებენ, უახლოეს მომავალში ყველა აბონენტს ახალი მრიცხველი ექნება და პრობლემაც მოგვარდება.

მოსახლეობისთვის გაურკვეველია, თუ რას ედავება „სოკარ ჯორჯია გაზი-კახეთი“ და ყოველთვიურად რატომ უწევთ დამატებითი გადასახადის გადახდა.

„ქვითარში რაღაც ტშკ-ს გადასახადია მინიშნებული. ამ თვეში 85 თეთრით ზედმეტი გადავიხადე, ჩემს მეზობელს 1,06 თეთრი ჰქონდა დარიცხული, თითქმის მთელ უბანს ასეთი პრობლემა აქვს. არ ვიცით, რას გვახდევინებენ. ბანკში გვეუბნებიან, რომ ისინი არაფერ შუაში არიან და აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. გვინდა, გავიგოთ რისი გადასახადი გვემატება!“ - აცხადებს გურჯაანელი ეთერ მჭედლიშვილი.

მოსახლეობა იმაზეც ალაპარაკდა, რომ, შესაძლოა, გაზის ტარიფმა მოიმატოს, თუმცა ამ ინფორმაციას „სოკარ ჯორჯია გაზი-კახეთის“ გურჯაანის სერვის-ცენტრში არ ადასტურებენ. აღნიშნული ორგანიზაციის მენეჯერი გიორგი მაჭავარიანი ამბობს, რომ პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება.

„აღნიშნული ტშკ გადასახადი გულისხმობს ტემპერატურის შემასწორებელ კოეფიციენტს, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ზუსტი აღრიცხვიანობა ვაწარმოოთ. აღნიშნული პრობლემა ძველ მრიცხველებთანაა დაკავშირებული და საჭიროა მათი ახლით შეცლა, რათა იყოს ზუსტი აღრიცხვიანობა. ძველ მრიცხველებს თერმოკორექტორი არ გააჩნია და მოსახლეობას ამიტომაც დაეკისრა ტემპერატურის შემასწორებელი კოეფიციენტის (ტშკ) გადასახადი. „სოკარმა“ უკვე დაიწყო ახალი მრიცხველების დამონტაჟება, მას გააჩნია თერმოკორექტორი, ის ზუსტად აღრიცხავს დახარჯულ ბუნებრივ აირს“,- აღნიშნა გიორგი მაჭავარიანმა.