[როზი ჯღამაია]
წლების განმავლობაში, როდესაც ხელისუფლება ლიბერალულ ეკონომიკაზე საუბრობდა, ძირითადად, ულტრალიბერალურ ეკონომიკას უწევდა პროპაგანდას, რაც გარკვეულ წრეებში, ე.წ ლიბერტარიანელებში დღესაც აქტუალურია. ლიბერტარიანელები არ იზიარებენ ეკონომიკაში რეგულაციების შემოტანას და მითუმეტეს, სოფლის მეურნეობის დარგების დაფინანსებას. უფრო მეტიც, მათი იდეოლოგია ეუძნება იმას, რომ საქართველოში ცნება სოფელი საერთოდ უნდა გაქრეს. მიწები ცალკეული მსხვილი ფერმერების ხელში გადავიდეს, ხოლო განვითარებული ინფრასტრუქტურა, რომელიც დღევანდელ სოფელს ქალაქის ტიპის დასახლებად აქცევს, სოფლად მაცხოვრებელი ადამიანების ტრადიციული და კულტურული ცხოვრების ცვლიებას გამოიწვევს.
ამ იდეოლოგიამ ბევრ ქვეყანაში გაამართლა და დადებითი მხარეებიც აჩვენა, მაგრამ მსოფლიოში სურსათზე ფასების მატებამ და კრიზისის შექმნამ მსოფლიოს ახალი თავსატეხი გაუჩინა. ერთი შეხედვით, საქართველოს ხელისუფლებამაც, თითქოს, შეცვალა მიდგომები, ყოველ შემთხვევაში, დღეს უკვე აქტიურად დაიწყო საუბრები სოფლის მეურნეობის დახმარებაზე.
რას ემსახურება მიხეილ სააკაშვილის მხრიდან სოფლის მეურნეობის დასახმარებლად დამატებით 150 მლნ ლარის გამოყოფა, კრიზისით გამოწვეულ შიშს, რომ ქვეყანაში სხვა ქვეყნების მსგავსად, პროტესტმა ქუჩაში არ იფეთქოს, თუ ხელისუფლებამ რეალურად გაითავისა შექმნილი პრობლემები, რთული სათქმელია.
ფაქტია, რომ არა მხოლოდ ხელისუფლებისთვის, ოპოზიცური პარტიების ნაწილისთვის სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა წამყვანი თემა გახდა მათ საარჩევნო პროგრამებში.
მალე, საკუთარ პროგრამას წარმოადგენენ „თავისუფალი დემოკრატებიც“, სადაც დეტლურად ექნებათ წარმოდგენილი თავიანთი ხედვები სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით. მანამდე კი, პრესაგე.ტვ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრს დავით ონოფრიშვილს საკუთარი პარტიის ხედვებზე და ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ესაუბრა.
როგორ ფიქრობთ, ხელისუფლების სოფლის მეურნეობისკენ „შემობრუნება“ რას ემსახურება, ხელისუფლება რეალურად ცვლის მიდგომებს, თუ უბრალოდ, მორიგ პიარ აქციასთან გვაქვს საქმე?
–რახან ამ ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას შევეხეთ, უნდა ვთქვა, რომ ჩვენ მიგვაჩნია, ეს არის უპასუხისმგებლო, არაკვალიფიციური და ფსევდოლიბერალური პოლიტიკა. მოგეხსენებათ, ლიბერტარიანული პოლიტიკა ლიბერალურზე უფრო რადიკალურ ხედვებში გამოიხატება და გულისხმობს, რომ ეკონომიკაში პრაქტიკულად, ჩარევა არ უნდა ხდებოდეს. თვით ლიბერალური ეკონომიკის მიმდევრებიც თვლიან, რომ იქ, სადაც ბაზარი ვერ არეგულირებს საკითხებს, სახელმწიფომ, მცირედი, ზომიერი ჩარევა უნდა განახორციელოს.
სასაცილოა, როცა, ჩვენთან ლიბერტანულ პოლიტიკაზე საუბრობენ, რადგან თავად ლიბერალური ეკონომიკა ნიშნავს, რომ ძირითადად, იმ ფუნდამენტალური საკითხების განხორციელება უნდა ხდებოდეს, რასაც საბაზრო ეკონომიკა ეფუძნება. ეს არის კერძო საკუთრება და საკუთრების უფლების არსებობა, ჯანსაღი საბაზრო კონკურენცია და კონტრაქტების რეალური განხორციელება. თუ გავითვალისწინებთ ამ მხრივ საქართველოში რა ხდება, დავინახავთ, რომ ყველა ეს ფუნდამენტური პრინციპი დარღვეულია – საკუთრების უფლება ყოველმხრივ შელახულია და მთელი ამ წლების განმავლობაში მხოლოდ იმას ვხედავდით, როგორ ხდებოდა კერძო საკუთრებების ჩამორთმევა დაძალების, დაშინების, ზეწოლის და სხვადსახვა მეთოდების გამოყენებით.
რაც შეეხება ბაზარზე ჯანსაღ კონკურენციას, ეს თემა საქართველოში მას შემდეგ დაიხურა, რაც ანტიმონოპოლიური სამსახური გაუქმდა. სხვათა შორის, თავის დროზე, მე ამ კანონის ერთ–ერთი ავტორი ვიყავი, ეს კანონი მომზადებული იყო საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად და სწორედ მაშინ დაფუძნდა ანტიმონოპოლიური სამსახური. ამიტომ, ცხადია, როგორც ინსტიტუტი სუსტი იყო, რომელსაც გაძლიერება სჭირდებოდა, რომ აღსრულებულიყო მისი ზედამხედველობა ბაზრის სხვადასხვა სეგმენტებზე – არ ყოფილყო მონოპოლიები და მონოპოლიური ფასების დაწესება და ა.შ. თუ ასეთი შემთხვევები გამოვლინდებოდა სასამართლოს გზით ხდებოდა ასეთი კომპანიების დაჯარიმება და მათთვის მონოპოლიური საქმიანობის აკრძალვა.
იმის ნაცვლად, რომ ეს ინსტიტუტი გაეძლიერებინათ და უფრო ქმედუნარიანი გამხდარიყო, საერთოდ გააუქმეს. ამის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებში, ბოლო 5 წლის მანძილზე ჩვენ ვხედავთ, რომ ყველაგან არის მონოპოლისტური სტრუქტურები. ეს არ ნიშნავს, რომ ერთი ან ორი მონოპოლისტი გვყავს, ასეთი რამ გასული საუკუნის 30–ან წლებში ხდებოდა. დღეს, როგორც წესი, ჩვენ მივიღეთ ოლიგოპოლიები, ერთმანეთთან შეკრული კომპანიები, რომლებიც ერთმანეთთან შეთანხმებით აწესებენ მაღალ ფასებს და შესაბამისად, პროდუქციის, ან მომსახურების ხარისხი დაბალია.
ასეთი მდგომარეობა გვაქვს ფარმაცევტულ ბაზარზე, საწვავის, კავშირგაბმულობის ბაზარზე და სხვა სფეროებშიც. სარეკლამო ბაზარზე კი, საერთოდ, ერთი კომპანიაა ჩამოყალიბებული, რომლის გარეშე ვერც–ერთ ტელევიზიაში რეკლამას ვერ მიიტანთ. იგივე სურათი გვაქვს იმპორტიორების ბაზარზეც და ამ ყველაფერს არანაირი საერთო არ აქვს ლიბერალურ ეკონომიკასთან.
როდესაც ბაზრის კიდევ ერთ ფუნდამენტურ პრინციპზე ვსაუბრობთ – კონტრაქტების შესრულება, აქ იგულისხმება ის ფაქტი, რომ როდესაც კონტრაქტების პირობები ირღვევა, ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს უნდა მიმართოთ. ჩვენს შემთხვევაში კი, სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და თუ ლიბერტარიანელებს ჰგონიათ, რომ არაფერში არ უნდა ჩავერიოთ და ეს ყველაფერი ასე უნდა დარჩეს, მე მგონია ამას, არც მათი კლასიკური ლიბერტარიანული მიდგომა ითვალისწინებს.
ამიტომ ლაპარაკი, რომ ჩვენ ლიბერალური ეკონომიკა გვაქვს და წარმატებები გვქავს, ეს არის სიცრუე. პირიქით, მთელი ამ წლების მანძილზე ხდებოდა ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის ღირებულებების დისკრედიტაცია. საქართველოში ეკონომიკის მართვა და ადმინისტრირება ხდება ავტორიტარული მეთოდებით. ხწორედ, რომ ბაზარზე უხეში ფორმებით ხდება ჩარევა, ვიღაცეებისთვის ბიზნესები წართმევით, ან მათი შეზღუდვით.
დღეს ევროპის ბევრ ქვეყანას მემარცხენეობაში ადანაშაულებენ, ხომ არ მოხდა ისე, რომ თავად მსოფლიოში იცვლება მიდგომები, განსაკუთრებით, მსოფლიო კრიზისის შემდგომ. დღეს გაცილებით მეტს საუბრობენ რეგულაციების გამკაცრებაზე და ეს პროცესი რამდენად სესაძლებელია, რომ საქართველოზეც აისახოს?
–კი ეს ნამდვილად ასეა, რეგულირების ელემენტები ბევრად უფრო მისაღები ხდება დასავლეთის ქვეყნებისთვის, იგივე ამერიკისთვისაც, მითუმეტეს, რომ იქ დღეს ხელისუფლებაში დემოკრატები არიან. ბაზრის მიშვება თავისთავად და რეგულაციების არარსებობამ გამოიწვია სპეკულაციური ბუშტების არსებობა, როგორც უძრავი ქონების ბაზარზე, ისე საკრედიტო ბაზარზე და ა.შ. ცხადია, ამან გამოიწვია მასშტაბური კრიზისი. ამიტომ, ეს ქვეყნები ცდილობენ, სადაც შესაძლებელია ისე, რომ ბაზარში ზედმეტი ჩარევა არ მოხდეს, ამ ეტაპზე მაინც, რეგულაციებით მოხდეს ჩარევა. რამდენად გაამართლებს ეს მცდელობა ამას მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ, როცა არჩარევამ ნეგატიური შედეგი გამოიღო, ახლა რეგულაციების ჯერი დადგა.
ჩვენთა კი პირიქით ხდება – სადაც ჩასარევია იქ არ ერევიან, ხოლო სადაც ეს დაუშვებელია სწორედ იქ ერევიან. ანუ, რეალურად სადაც უნდა მოხდეს ჩარევა (კარგი გაგებით) და მხარდაჭერა, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, იქ ხელისუფლება არაფერს აკეთებს. მხარდაჭერის გარეშე, მსოფლიოში სოფლის მეურნეობა არსად არ განვითარებულა, ხოლო ჩვენთან, ფსევდო ლიბერალური მიდგომიდან გამომდინარე, სოფლის მეურნეობა პრაქტიკულად გაჩანაგდა, რადგანაც ბოლო წლებში არანაირი ყურადღება არ ჰქონია და დაფინანსებაც პრაქტიკულად, ბიუჯეტის 1%–ის ფარგლებს არ სცილდებოდა.
დაფინანსება კონკრეტულად რა კუთხით უნდა მომხდარიყო?
–მიდგომა ასეთი იყო – რა საჭიროა დაფინანსება, გლეხი რასაც მოიწევს მოვა და რასაც ვერ აწარმოებს, მსოფლიოში იწარმოება ის პროდუქტი და იმპორტს განვახორციელებთ. სწორედ აქ გამოჩნდა უვიცობა ხელისუფლების ეკონომიკური გუნდის და მათი იდეოლოგიის მცდარობა, რომელსაც სათავეში ბენდუქიძე და მისი მოსწავლეები უდგას. ჯერ ერთი, მსოფლიოში უკვე რამდენი წელია არსებობს გლობალური პროგნოზები, რომ სურსათზე ფასები გაიზრდება. მეორე –მოსახლეობის რიცხვი იზრდება და ამას გარდა, გახშირდა სტიქიური უბედურებები – წყალდიდობები, გვალვები და ა.შ. ამას კი ყოვეთვის აქვს 4–5 წლიანი ციკლი და ბაზარზე სასურსათო პროდუქციის სიმცირე მოსდევს.
ამიტომ, იმ ქვეყნებში, სადაც არის პირობები, რომ განავითარონ სოფლის მეურნეობა და საკუთარი ქვეყნისთვის თვითკმარი პროდუქცია შექმნან, ამას აკეთებენ. მარტივ მაგალითს გეტყვით, საქართველოში ხორბალზე მოთხოვნა წელიწადში არის 600 ათასი ტონა, 2002–03 წლებში საქართველო თავისი მოხმარების 35%–ს აწარმოებდა.
მაშინდელი წარმოებისთვის რა მხარდაჭერა ჰქონდა ამ სექტორს ხელისუფლებისგან?
–მაშინ სოფლის მეურნეობის ბიუჯეტი იყო 30–40 მლნ–ის ფარგლებში, ეს მცირე ციფრია, მაგრამ მაშინდელი ქვეყნის ბიუჯეტის, რომელიც 2 მლრდ ლარი იყო, 4–5%–ის ფარგლებში მერყეობდა, თანაც, 10 წლის წინ უფრო მეტი მსყიდველუნარიანობა ჰქონდა იმ 40 მლნ–ს. 2010 წლის ბიუჯეტი კი 7 მლრდ ლარია, საიდანაც სოფლის მეურნეობისთვის 38 მლნ გამოყვეს. მსოფლიოს სტანდარტებით და გამოცდილებით, საქართველოს ტიპის ქვეყანებისთვის, სოფლის მეურნეობის დასახმარებად ბიუჯეტიდან 4–5% უნდა იხარჯებოდეს.
დღეს საქართველოს სოფლის მეურნეობითვის პრობლემური საკითხია მიწების კონსოლიდაცია, რაც ძირითად, პრობლემას უქმნის დარგს. როდესაც ფინანსურ დახმარებაზე საუბრობთ, ამის გარეშე, როგორ უნდა დახარჯოს სახელმწიფომ ფული, რომ დარგს დაეხმაროს?
–სოფლის მეურნეობას, როგორც დარგს, პირველ რიგში, ესაჭიროება წყალი. წყალი თუ არა არის ე.ი. ვერაფერს აწარმოებ. ჩვენ დღეს დავდივართ რეგიონებში და პირველი პრობლემა, რასაც ვაწყდებით ისაა, რომ გლეხებს არ აქვთ წყალი. საქართველოს ტერიტორიის 80%–ზე, სადაც სოფლის მეურნეობის პროდუქცია იწარმოება, სარწყავი არხების პრობლემა გვაქვს – ან, არხი არ არის, ან გასწმენდია, ან წყალი საერთოდ არ არის და ა.შ. სწორედ ამაში უნდა ეხმარებოდეს სახელმწიფო სოფლის მეურნებას.
რომ ამბობენ მილიონზე მეტი ფერმერი გვყავსო და ეს ხალხი დასაქმებულიაო (სინამდვილეში ბევრი უმუშევარია), გლეხი, რომელსაც 1 ჰექტარი აქვს საკუთრებაში თავისთვის წყალს ვერ გაიყვანს. ეს სახელმწიფოს გადასაწყვეტი საკითხია, მითუმეტეს, რომ მელიორაცია წლების განმავლობაში მიგდებული იყო და მისი რეაბილიტაცია არ ხდებოდა. ახლა კი, მის რეაბილიაციას წელიწადში მინიმუმ, 50–100 მლნ სჭირდება, რომ ელემენტარულად წყალი გქონდეს.
მეორე თემაა სასუქი. საერთოდ, თუ წარმოება მომგებიანია, მაშინ თავად უნდა შეგეძლოს სასუქის ყიდვაც, მაგრამ რადგან ჩვენი სოფელი, გლეხობა, ფერმერები ძლიერები არ არიან, მაშინ ხელისუფლება უნდა შეეხიდოს. კი არ უნდა აჩუქოს, მაგრამ სახელმწიფოს შეუძლია ერთიანად იყოდოს შხამ–ქიმიკატები და გლეხებს შეღავათიან ფასში მისცეს. ისეთი კი არა გორში რომ გვითხრეს გლეხებმა 3–4 ჯერ შევიტანეთ და არ იმოქმედაო.
რაც შეეხება ტექნიკას, „მიშას ტრაქტორები“ რომ დაარიგეს, ჯერ ერთი, ეს ტრაქტორები განაწილებული აქვთ ძირითადად, თავიანთ მხარდამჭერებზე. მეორე –ეს ტრაქტორები საკმარისი არ არის და ამას თავად ხელისუფლებაც აღიარებს, მაგრამ ამ ტრაქტორებს საწვავი სჭირდება, რაც ასევე ძვირია და აქაც შეიძლება გლეხებს შევეხიდოთ.
კიდევ ერთი მთავარი საკითხი ფინანსებია. როდესაც ჩვენ ვხვდებოდით ფერმერებს ისინი ადგილზევე ითვლიდნენ რამდენი სჭირდებოდათ. დაახლოებით, 800–1000 ლარია საჭირო, რომ 1 ჰექტარზე საგაზაფხულო სამუშაოები ჩაატარო. თუ გლეხს არ აქვს ეს ფული, იგი ვერსად შოულობს თანხას – ბანკი სესხს არ მისცემს და სხვაგან სად უნდა წავიდეს? თუ გლეხი ამ თანხას იშოვის, 1000 ლარიდან მას შეუძლია 2000–2500 ლარი მოგება მიიღოს. თუ ფერმერი ხარ და გაცილებით დიდი ფართობი გაქვს, ცხადია მეტ მოგებას მიიღებ და დანახარჯებიც ნაკლები გექნება. მოკლედ, ამ საკითხს სჭირდება მოგვარება, რადგან აგროკრედიტების წვდომა დღეს არ არსებობს.
თქვენ რას სთავაზობთ?
–„თავისუფალი დემოკრატების“ აგროსტრატეგიის მიზანია დარგის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, რათა მიღწეული იყოს აგროსამრეწველო პროდუქციის სტაბილური ზრდა, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების შექმნა და სოფლად სიღარიბის დაძლევა.
დღეს, სტატისტიკურად ითვლება (რაც ჩემი აზრით არასწორი ციფრია), რომ 55% დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში. ამ დროს, ვიცით, რომ სოფლად არის ყველაზე დიდი უმუშევრობა და უკიდურესი სიღარიბე. სწორედ აქედან გამოვდივარ, როცა ვამბობ, რომ რეალურად, ქვეყანაში სიღარიბე 17% კი არა 40%–ის ფარგლებშია.
ჩვენ ვთვლით, რომ ამ სტრატეგიის განსახორციელებლად საჭიროა სოფლად მოხდეს მიწების კონსოლიდაცია. თავის დროზე, 1993–94 წელს პირველად დარიგდა მიწები, რაც, წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით არ იყო სწორი, რადგან დანაწევრდა ეს მიწები. მას შემდეგ, თითქმის, 20 წელი გავიდა და ამ მიწების კონსოლიდაცია არ მომხდარა, ცალკეულ მაგალითებს თუ არ გავითვალისწინებთ. ამიტომ, ჩვენს პროგრამაში სწორედ ის ჩავდეთ, რომ თუ ეს გაერთიანება არ მოხდა, ვერასოდეს ეფექტური ვერ იქნება სოფლის მეურნეობა.
ეს გაერთიანება უნდა იყოს ნებაყოფლობითი, კოოპერირებული, რაც მიღებული პტაქტიკაა მთელს მსოფლიოში და ასეთ შემთხვევაში ხარჯი ყველასთვის ნაკლები იქნება და ერთიანი წარმოება მეტ მოგებას მოიტანს. როდესაც ფერმერული მეურნეობები ჩამოყალიბდება, შემდეგ, სხვა დანარჩენის გაკეთებაც მარტივი იქნება.
ანუ, მთავარი საკითხებია: მიწების კონსოლიდაცია და ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბება; აგრარული სექტორის საბიუჯეტო დაფინანსებით, მინიმუმ, 5–ჯერ გაზრდა და ინვესტიციების მოზიდვა სოფლის მეურნეობის სფეროში; საფინანსო რესურსების ხელმისაწვდომობა; შიდა ბაზრის დაცვა; აგროსასურსათო გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარება და სასოფლო საწარმოო და სოციალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
როდესაც დარგის ბიუჯეტიდან დაფინანსების გაზრდაზე ვსაუბრობთ, ეს არის დაახლოებით, 300–350 მლნ ლარი, საიდანაც ნახევარი წავა მელიორაციის განვითარებაზე, შხამ–ქიმიკატებზე და უამრავი სხვა პრობლემის მოსაგვარებლად, ხოლო რაც შეეხება თანხის მეორე ნახევარს– უნდა გაკეთდეს სოფლის მეურნეობის განვითრების ფონდი და ეს თანხა აქ ჩაიდება. გარდა ამისა, დონორებს ვეტყვით, რომ ერთი ამდენი მათმა ჩადონ, ამაზე წამომსვლელია მსოფლიო ბანკი და ევროკავშირიც. ანუ, პირველ წელიწადს 300 მლნ–ან ფონდს შევქმნით, რასაც პირველი ნახევარი 150 მლნ ემატება. ყოველწლიურად კი, შეიძლება მილიარდიან ფონდზეც ავიდეთ.
რას გულისხმობთ?
ამაში ვგულისხმობ გლეხებისთვის იაფიანი სესხის გაცემას. ამჟამად, ტექნიკურ საკითხებზე ვმუშაობთ და რა როგორ იქნება ამის გადაწყვეტა არ არის პრობლემა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ გლეხი გარანტად საკუთარ მიწას და მოსავალს ჩადებს და 7–8%–ან სესხს მიიღებს. ალბათ, უფრო – 8%–ანს, რადგან ეს მომგებიანიც იქნება და გლეხისთვისაც მარტივი იქნება თანხის აღება.
თუ გლეხი ვერ დააბრუნებს სესხს?
–მისი მოსავალი დაზღვეული იქნება.
აგრარულ სექტორში პრობლემა სწორედ ისაა, რომ სადაზღვევო კომპანიები უარს ამბობენ მოსავლის დაზღვევაზე და შესაბამისად, არც ბანკი იძლევა სესხებს. თქვენ როგორ აიძულებთ სადაზღვევოებს, რომ დააზღვიონ მათი მოსავალი?
–ჩვენ თუ ამ ფონდებიდან თანხებს რეგიონების მიხედვით გავანაწილებთ და ბანკებს დეპოზიტზე დავუდებთ გასაცემი კრედიტებისთვის საჭირო თანხას, სადაზღვევო კომპანიებიც ბანკებთან არის და ბანკი თავად დააზღვევინებს გლეხს მოსავალს. ჩვენ კი დაზღვევის რესურსსაც ამ ფონდიდან გავცემთ. ეს არ არის პრობლემა, ეს საკითხი მარტივად მოგვარებადია. გარდა ამისა, ამ ფულის მიღება შეეძლებათ გადამამუშავებელ საწარმოებს, რა თქმა უნდა, თუ კარგი პროექტი იქნება, მაგრამ პირველ რიგში, კოოპერატივებს დავეხმარებით.