უცხოელი ექსპერტები საქართველოს და რუსეთს „დიალოგისკენ და ურთიერთდათმობებისკენ“ მოუწოდებენ. მათივე თქმით, თბილისმა აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი კავშირები უნდა დაამყაროს. საქართველოსთვის ე.წ. სამხრეთ ოსეთის „შესაძლო დაბრუნების“ შესახებ ბოლო ხანს ოკუპირებულ რეგიონშიც ალაპარაკდნენ.
რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთს, კარნეგის ცენტრის მოსკოვის საბჭოს წევრის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ ალექსეი მალაშენკოს აზრით, „აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში არასოდეს დაბრუნდება“. თბილისში აცხადებენ, რომ საქართველო თავისი მშვიდობისმოყვარეობის მიუხედავად საზღვრების გადახედვას არასოდეს დასთანხმდება.
გაეროს ყოფილი დამკვირვებელი დიტერ ბოდენი ბაკურიანში თბილისის პოლიტიკური კვლევების სკოლის სემინარს დასწრო. მასთან ინტერვიუ „ეხო კავკაზას“ რედაქტორმა ანდრეი ბაბიცკიმ ჩაწერა.
როგორც ბაბიცკი წერს, დიტერ ბოდენს სტუდენტური აუდიტორია პატივისცემით უსმენდა, მიუხედავად იმისა, რომ მათ ბოდენი არც თუ ისე სასიამოვნო და მკაცრი ტონით საუბრობდა.
ბოდენმა სემინარზე ილაპარაკა საქართველოს იმ პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც მას წარსული ომის გამო ეკისრება; ასევე, იმის გაცნობიერებაზე, რომ საჭიროა, თბილისი უფრო მეტად გაწონასწორებულად მიუდგეს სამშვიდობო დარეგულირების პროცესს და ბოლოს და ბოლოს, რუსეთთან მოლაპარაკებები დაიწყოს.
„ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, ბოდენი საუბრობდა გულწრფელად და ძალიან მკაცრად. ბოდენის განცხადებით, ჟენევაში მოლაპარაკებების მაგიდას უსხედან, მაგრამ აქ პარალელურად უნდა იყოს პირდაპირი დიალოგი ქართველებსა და რუსებს შორის. ბოდენს სამწუხაროდ მიაჩნია, რომ ასეთი დიალოგი წლების განმავლობაში არ არსებობს.
გერმანელი დიპლომატის აზრით, უკვე დროა, არაფორმალური კონტაქტები გაჩნდეს:
„ეს ორი მეზობელი ქვეყანაა და მეზობელთან პირდაპირი კავშირის, საუბრისა და ურთიერთობების გარეშე თანაცხოვრება რთულია პირველი ნაბიჯი საკუთარი შეცდომების აღიარება უნდა გახდეს“.
ბოდენმა ამის მაგალითად გერმანია მოიყვანა: „მესმის, რომ ეს არც თუ ისე იოლია, მაგრამ სამწუხაროდ თბილისი არ არის მზად ასეთი ნაბიჯისთვის - ისაუბროს 90 – იანი წლების ომის მიზეზებზე“.
მისივე თქმით, ხელოვნური თეორიები არაფრის მომტანია. არსებობენ კონფლიქტები და მხარეები. რომელთაც უნდა ჰქონდეთ ღია საკითხების გადაწყვეტის ინტერესი:
„ვინ უფრო მეტად არის დაინტერესებული კონფლიქტის გადაჭრის საკითხით და ვინ - ნაკლებად, ვისთვის არის ეს პრიორიტეტია და ვისთვის არა - საკითხის ასე დასმა საქმეს ართულებს. მოდით, ჯერ გავაცნობიეროთ, რომ კონფლიქტი არსებობს და არსებობს საერთო ინტერესი“.
დიტერ ბოდენის განცხადებით, ჟენევაში მაგიდასთან დე ფაქტო რესპუბლიკების წარმომადგენლებიც სხედან, რაც იმის მაჩვენებელია, რომ სუსტი, მაგრამ საერთო ინტერესი მაინც არსებობს.
კითხვაზე, დღევანდელი ვითარება 10 წლის წინანდელზე უკეთესია თუ უარესი, ბოდენმა უპასუხა, რომ ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორი ვითარებაა:
„იყო 2008 წლის ომი. ახლა უკვე თავიდან უწევთ მხარეებს მოლაპარკებების წარმართვა. რა თქმა უნდა, იყო სერიოზული ტაიმ -აუტი. მე იმედს ვიტოვებ - ეს მხოლოდ იმით არ დასრულდება, რომ ისინი კონფლიქტებს გაყინავენ. მათ კონფლიქტები უნდა გადაჭრან. ჩვენ უკვე დღეს მივიღეთ გაკვეთილი, რომ კონფლიქტების გაყინვა არ შეიძლება“.
დიტერ ბოდენი „ეხო კავკაზას“ კვირის სტუმარი იყო. მასთან ინტერვიუ რადიოს რედაქტორმა ანდრეი ბაბიცკიმ ჩაწერა.
თავის მხრივ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პიტერ სემნების განცხადებით, „საქართველო და რუსეთი ურთიერთობის აღსადგენად დათმობებზე უნდა წავიდნენ“.
როგორც სემნებიმ თბილისში გამართულ გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „იმისთვის, რომ ურთიერთობა აღდგეს, აუცილებელია, მხარეები გარკვეულ დათმობებზე წავიდნენ“:
„აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემების დასარეგულირებლად საქართველომ რუსეთთან - დიალოგი, აფხაზებთან და ოსებთან კი პირდაპირი კავშირი უნდა დაამყაროს. ამ საქმეში ევროკავშირი საქართველოსთან გასული წლების მსგავსად, აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებს“.
კარნეგის ცენტრის მოსკოვის საბჭოს წევრის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ ალექსეი მალაშენკოს აზრით კი, „აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში არასოდეს დაბრუნდება“:
„არსებობს სიტუაციები, როდესაც ყველამ კარგად იცის, რომ უკან დახევა შეუძლებელია. აფხაზეთი - საქართველოს, მთიანი ყარაბაღი კი აზერბაიჯანის შემადგენლობაში არასოდეს დაბრუნდება, ამიტომ უნდა შემუშავდეს რაიმე სახის დე ფაქტო ურთიერთობები.
ეს საკმაოდ მყიფე სიტუაციაა, თუმცა თუ რუქას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ყველა არაღიარებული სახელმწიფო ძალიან მცირეა და თითოეულის მოსახლეობა ძირითადად ნახევარ მილიონს არ აჭარბებს; მათი გამოჩენა მხოლოდ ცალკეული შემთხვევებია, თუმცა ძალიან მტკივნეული. შესაბამისად, ისინი უფრო მეტად „გრიპია“ და არა „კიბო“ და რაიმე სახის გლობალურ შედეგებს არ იწვევს“.
რაც შეეხება ხალხების თვითდამკვიდრების უფლებისა და სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის შესახებ გაერო-სეულ პრინციპებს, მალაშენკოს აზრით, „ამ საკითხების გადაჭრა შეუძლებელია“:
„ეს მუდმივი წინააღმდეგობებია და მსოფლიო ნელ-ნელა მათთან შეგუებას იწყებს. ავიღოთ კვიპროსის მაგალითი, რომელიც ორ ნაწილად - აღიარებულად და არაღიარებულადაა გაყოფილი. არსებობს ყარაბაღი, ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ძალიან სპეციფიური პრობლემა. არსებობენ ასევე ქურთები, რომლებიც, სხვათაშორის, დიდი ხალხია და საკუთარი სახელმწიფო არ აქვს. აღარაფერს ვამბობ აფრიკაზე. ასე, რომ, ამ პრობლემების მოგვარებისთვის ერთიანი მოდელი არ არსებობს, ეს უბრალოდ შეუძლებელია“.
ამ ფონზე, რუსეთის მიერ საქართველოსთვის ე.წ. სამხრეთ ოსეთის „შესაძლო დაბრუნების“ შესახებ თავად ოკუპირებულ რეგიონშიც ალაპარაკდნენ.
ცხინვალი რუსული მხარის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საქართველოსთვის შესაძლო დაბრუნების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და იმედი აქვს, რომ „რუსეთი მის მიერ 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილების ერთგული დარჩება“.
დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერის მირა ცხოვრებოვას განცხადებით, „სამხრეთ ოსეთი დიდი პოლიტიკური თამაშის ფიგურანტია, რომლის ქვაკუთხედი გეოპოლიტიკური ინტერესია“:
„იმ გადაწყვეტილებებიდან და განცხადებებიდან გამომდინარე, რომელსაც სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების დღიდან დღემდე რუსეთის ხელმძღვანელობისგან ვისმენთ, ჩვენთვის საშიში არაფერია. გარდა ამისა, ჩვენ დიდი პოლიტიკური თამაშის ფიგურანტები ვართ, რომლის ქვაკუთხედი, ერთა ბედის მიუხედავად, გეოპოლიტიკური ინტერესებია.
თუმცა საქართველოსთვის სამხრეთ ოსეთის დაბრუნების პერსპექტივა არსებობს და ის ჩვენთვის მომაკვდინებელია. იმედი გვაქვს, რომ რუსეთი ჩვენთვის ისტორიული იმ გადაწყვეტილების ერთგული დარჩება, რომელიც მან 2008 წლის 26 აგვისტოს მიიღო“.
მისგან განსხვავებით, სოციალური პარტია „Фыдыбаста“-ს თავმჯდომარე ვიაჩესლავ გობოზოვი დარწმუნებულია, რომ „ეს აბოლუტურად უსაფუძვლო შიშია“:
„წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო და ვიღაცას ამ თემაზე საუბარი სურს, თუმცა ასეთი გამონათქვამებისთვის ყურადღების მიქცევა არ ღირს. ვინც არ უნდა იყოს სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი, იგი ჩვენს საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას ვერ შეძლებს. როგორც ჩანს, ბევრი პროდასავლელი ივიწყებს ოსი ხალხის ნებას, რომელიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში დომინირებდა“.
კიდევ ერთი ოსური პარტიის, „სამართლიანი ოსეთის“ თავმჯდომარის კოსტა კოშტის აზრით კი, „პოსტელცინისეული რუსეთი შიდა არაკეთილმოსურნეების წრეში აღმოჩნდა, რომლებიც გიგანტურ ხარჯს წევენ რუსეთის შიგნიდან ასაფეთქებლად“:
„რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებამ მოსკოვის მიმართ არამეგობრულად განწყობილები რუსეთის დანაწევრების გეგმებს დიდი ხნით ჩამოაცილა და ეს ფაქტი, როგორც არ უნდა ეცადონ, უდავო და უცველელია.
ჯანსაღად მოაზროვნე ნებისმიერი ადამიანისთვის გასაგებია, რომ საქართველო რუსეთის გულწრფელი მოკავშირე არასოდეს გახდება, ხოლო სამხრეთ ოსეთის საქართველოსთვის „გადაცემის“ თემის მუსირება ვიღაცას სჭირდება“.
ოსი პოლიტოლოგის ანდრეი ბიტაროვის აზრით კი, „მოსკოვის გეოპოლიტიკური ინტერესები საქართველოს რუსეთის პოლიტიკურ სივრცეში დაბრუნებას მოიაზრებს“:
„სამხრეთ ოსეთმა მკაფიოდ უნდა გაიაზროს, რომ რუსეთს ამ გეგმის განხორციელების სხვადასხვა ვარიანტები გააჩნია, მათ შორის – საქართველოს სამხრეთ ოსეთის ხარჯზე დაბრუნება. ამ სიტუაციაში ჩემი აზრით, სამხრეთ ოსეთმა რუსეთს საქართველოს დაბრუნების თავისეული ვარიანტი უნდა შესთავაზოს, თუმცა ისეთი, რომელიც ჩვენს დღევანდელ სტატუსს არ შეეხება და ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან წინააღმდეგობაში არ მოვა“.