აფხაზეთისა და მეორე მოწყვეტილი რესპუბლიკის სამხრეთ-ოსეთის აღიარება რუსეთსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ომის მიზეზად იქცა. რუსეთი მხარს უჭერს მათი დამოუკიდებლობის აღიარებას, აშშ ეწინააღმდეგება.
ვენესუელას პრეზიდენტმა უგო ჩავესმა რუსეთთან ურთიერთობები განამტკიცა, რადგან მისი მიზანი საკუთარ ქვეყანაში და მსოფლიოშიც აშშ-ს გავლენის შემცირებაა. ამიტომ მან 2009 წელს ორივე რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა. ამის შემდეგ, გასულ ივლისს აფხაზეთმა კარაკასში საელჩო გახსნა და ცოტა ხანში აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში ქვეყანას ვიზიტით ეწვია. სამხრეთ-ოსეთს კარაკასში საელჩო ჯერ არ გაუხსნია.
ღვინჯია EurasiaNet.org-ს კარაკასში სასტუმროში ესაუბრა. შემოსასვლელი დიდი აფხაზური დროშით იყო მორთული. მისი თქმით ვენესუელელმა ჩინოვნიკებმა აეროპორტში მას ”ძალიან კარგი შეხვედრა მოუწყვეს” – ამბობს ის. ღვინჯია ესპანურს სწავლობს და ესპანურ ენაზე სავიზიტო ბარათებიც აქვს.
აფხაზეთის ელჩმა კარაკასში, ზაურ გვაჯავამ რწმუნებანი დეკემბერში წარადგინა. აქამდე აფხაზეთის საელჩო დროებით ოფისში მუშაობს, მაგრამ უკვე მიაგნეს შენობას, რომელიც, როგორც ჩინოვნიკები იმედოვნებენ, მუდმივმოქმედ საელჩოდ გადაკეთდება. ნიკარაგუაში საელჩოს გახსნას არ გეგმავენ, მაგრამ გვაჯავა ერთდროულად ორივე ქვეყნის ელჩად იმსახურებს.
”უფრო მეტი ქვეყნის მიერ მათი დამოუკიდებლობის აღიარება აფხაზი დიპლომატების მთავარი პრიორიტეტია და ლათინური ამერიკა ამისთვის ”დიდ პოტენციალს” შეიცავს” – ამბობს ღვინჯია. იმედი ორ ქვეყანას უკავშირდება, ვენესუელას ორ მოკავშირეს – ბოლივიასა და ეკვადორს. ეს ორი ქვეყანაა ღვინჯიას მარშრუტის შემდგომი პუნქტი.
ღვინჯია ამბობს, რომ მას არ აღელვებს ის, რომ ჩავესის წინააღმდეგობრივი რეპუტაცია აფხაზეთის დიპლომატიურ ძალისხმევას ხელს შეუშლის. ”ჩემი წარმოდგენა ვენესუელასა და მის მთავრობაზე ძალიან შეიცვალა მას მერე, რაც აქ ჩამოვედი. საერთაშორისო მედიას შეუძლია მეფე იდიოტად აქციოს და იდიოტი მეფედ. პრეზიდენტ ჩავესთან პირველივე კონტაქტი მაფიქრებინებს, რომ ის ძალიან ჭკვიანი, განათლებული და თანამედროვე კაცია” – ამბობს ის.
ცხადია, რომ აფხაზეთის აღიარების პროცესი შეფერხდა. 2009 წლის დეკემბრის შემდეგ აფხაზეთი აღარავის უღიარებია. მაშინ ის ნაურუმ აღიარა (როგორც ამბობენ, ამისათვის მან რუსეთისგან 50 მილიონი მიიღო).
ანალიტიკური ორგანიზაციის, Center for American Progress ანგარიშში ნათქვამია, რომ მოსკოვმა უარი თქვა და აღარ არწმუნებს სხვა ქვეყნებს აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების აუცილებლობაში. ”რუსეთის მცდელობებმა გასაოცარი მარცხი განიცადა. მათ თავისი მოკავშირეებიც კი ვერ დაიყოლიეს. ვითარებას აუარესებს იმ ერთმნიშვნელოვნად არაშთამბეჭდავი ქვეყნების ნუსხა, რომელთა მხარდაჭერის მოპოვებაც შესძლო რუსეთმა – მოსკოვისთვის ეს უხერხულობის საბაბია. სხვადასხვა წყაროს მონაცემებით რუსეთმა უარი თქვა ამ დიპლომატიურ პროექტზე” – აცხადებენ ანგარიშის ავტორები.
”აღიარების მოპოვება აფხაზეთისთვის ერთადერთი დიპლომატიური მიზანი როდია. არსებობენ აღიარებული ქვეყნები, რომლებიც რეალობაში ქვეყნებიც კი არ არიან, მაგალითად ავღანეთი და სომალი. ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი აფხაზეთში ცხოვრების დონის გაუმჯობესებაა. ჩვენ ვენესუელას აღიარებას მხოლოდ აღიარებისთვის როდი ვიყენებეთ, ჩვენ ნამდვილ სავაჭრო ურთიერთობებში ვართ დანტერესებულები. აფხაზეთი დაინტერესებულია ყავის, სიგარების, რომის, ბიტუმის (ის პროდუქტი, რომელიც ასფალტის წარმოებისთვისაა საჭირო) იმპორტით ლათინური ამერიკიდან” – ამბობს ღვინჯია.
ამ მოგზაურობისას ღვინჯია ეკვადორში და ბოლივიაში ჩასვლასაც გეგმავს და ეკვადორში ყვავილების მოყვანის ინდუსტრიაში თანამშრომლობაზე მოლაპარაკებებს აპირებს. მას იმედი აქვს, რომ მერე ამ ყვავილებს სამხრეთ რუსეთის ბაზარზე გაყიდის. ”ჰოლანდიელები არასდროს მოგვყიდიან თავის ტექნოლოგიებს, ეკვადორი კი, მოგვყიდის” – ამბობს ის.
ის აღიარებს, რომ აფხაზეთს მცირე საექსპორტო რესურსი აქვს, მაგრამ ვარაუდობს, რომ ღვინო ყველაზე მეტად გამოდგება უცხოეთში გასატანად.
”მაგრამ ექსპორტის ნაცვლად აფხაზეთმა სხვა ქვეყნებს რუსული ბაზრებისკენ შეიძლება მოხერხებული და მომგებიანი გზა შესთავაზოს – ამბობს ღვინჯია - აფხაზეთის პორტი არაა დატვირთული და რუსეთთან მას შეღავათიანი საბაჟო შეთანხმება აქვს, რაც სხვა ქვეყნებისთვის აფხაზეთიდან რუსეთში საქონლის შეტანას უფრო იაფს ხდის, ვიდრე პირდაპირ რუსეთში. რე-ექსპორტი ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ბურჯია და ჩვენ მისი განვითარება გვჭირდება” – ამბობს ღვინჯია – ლათინური ამერიკის ქვეყნებს შეუძლიათ აფხაზეთი სამხრეთ რუსეთთან, უკრაინასთან და ბელორუსიასთან სავაჭროდ გამოიყენონ”.
”მაგრამ ვენესუელა შესაძლოა არ იყოს დაინტერესებული აფხაზეთთან არსებით ურთიერთობებში – ამბობს ელზა კარდოზო, ოპოზიციური პოლიტიკოსი კარაკასიდან - ეს რუსეთისთვის სოლიდარობის დემონსტრირების საშუალებაა. ეჭვი მეპარება რომ არსებობდეს რაიმე არსებითი ურთიერთობა”.
როდესაც კარლოს ესკარას, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ვკითხეთ, ვენესუელა რატომ იყო დაინტერესებული აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით, მან განაცხადა, რომ ეს პრინციპის საკითხია.
”ეს სუვერენიტეტის პოლიტიკაა – განაცხადა მან – იმავე მიზეზით ჩვენ ვაღიარეთ, რომ მალვინის (ფოლკლენდის) კუნძულები არგენტინას ეკუთვნის და აშშ-მ მექსიკის ტერიტორიის 50% მიითვისა, ხოლო პუერტო რიკო თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა უნდა იყოს, კუბის ბლოკადა კი გენოციდია. ეს სუვერენიტეტის საკითხია”.
აფხაზეთის მისწრაფებანი დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით ლათინურ ამერიკაში უფრო მაღალია, ვიდრე სადმე, რადგან ბევრი ქვეყანა რეგიონში შეერთებული შტატებისგან დიპლომატიურად დისტანცირებულია, ხოლო შეერთებული შტატები აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ეწინააღმდეგება.
”ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობის საკითხი მსოფლიოში არსებული ანტი-რუსული განწყობილებების პრიზმაში განიხილება. აფხაზეთს რუსეთის მარიონეტად აღიქვამენ. ჩვენ რომ უფრო მეტად ვიყოთ ორიენტირებულები შეერთებულ შტატებზე და ევროპაზე, განწყობა სხვანაირი იქნებოდა” - ამბობს ღვინჯია.
”ზოგიერთი პრეზიდენტი პირდაპირ გვეუბნება – არ შეგვიძლია თქვენი აღიარება იმიტომ, რომ აშშ-ს საელჩოდან მივიღეთ შეტყობინება რომ ეს არ გავაკეთოთ – დასძინა მან – ამიტომ ჩვენ ვეძებთ ქვეყნებს, რომლებიც ნაკლებად არიან დაკავშირებულები ასეთ საერთაშორისო პოლიტიკასთან”.
”დსთ-ს ქვეყნებმა, მათ შორის ცენტრალურმა აზიამაც გამოხატა აფხაზეთის აღიარებისადმი ინტერესი, მაგრამ არ უნდათ რომ პირველები იყვნენ ამ საქმეში – განაცხადა ღვინჯიამ – ისინი გვეუბნებიან, კარგი გაღიარებთ, მაგრამ ბელორუსიისა და უკრაინის შემდეგ”.
საქართველოც ცდილობს მთელს მსოფლიოში დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები. 2010 წელს თბილისმა კიდევ 24 ქვეყანასთან დაამყარა ურთიერთობა, მათ შორის სომალისთან, მარშალის კუნძულებთან და ეკვატორულ გვინეასთან. ”საქართველო უფრო იბრძვის აღიარებისთვის, ვიდრე ჩვენ” – ამბობს ღვინჯია.
[foreignpress.ge]