ვინ არის ასაბილ კასუმოვი და როგორ ,,აახიეს’‘ ნაციონალებმა მილიონები ქართველ მეწარმეებს
საქართველოს ფქვილის ბაზარზე არსებული 70-მდე ქართული წისქვილკომბინატი წინა ხელისუფლების დროს დაიხურა, მსხვილი წისქვილკომბინატები კი ხელში აზერბაიჯანულმა ბიზნესჯგუფმა ,,კარატ ჰოლდინგმა’‘, როგორც ,,ვერსიას’‘ უხსნიან, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მეგობრების დახმარებით ჩაიგდო და საქართველოს ფქვილის ბაზრის მონოპოლისტად იქცა. იმის გამო, რომ აზერბაიჯანული კომპანია ბაზრის მონოპოლისტი და, პრაქტიკულად, ერთადერთი მოქმედი კომპანიაა, ჩნდება საფრთხე, რომ თავისი ფქვილი პურის ქარხნებს მონოპოლიურად მაღალ ფასში მიაწოდოს და ეს რუსული თუ უკრაინული ხორბლის გაძვირებით ახსნას.
საქართველოს მეხორბლეთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ლევან სილაგავამ ,,ვერსიასთან’‘ საუბრისას აღნიშნა, რომ 2006 წლამდე, საქართველოს ფქვილის ბაზარზე 70-მდე მსხვილი, საშუალო და წვრილი წისქვილკომბინატი არსებობდა. დღეს 15-მდე წისქვილკომბინატიღაა და მათგან ყველაზე მსხვილი და ძლიერი წისქვილკომბინატი ,,კარატ ჰოლდინგის’‘ ხელშია, რომელიც აზერბაიჯანული ბიზნესკომპანიაა. აზერბაიჯანული ჰოლდინგი მარნეულის, გორის, კაჭრეთის წისქვილკომბინატებსა და ,,მზეკაბანს’‘ აერთიანებს, ფქვილს კი საქართველოს ბაზარზე, ,,კარმენის’‘ სახელწოდებით აწარმოებს: ,,კარატ ჰოლდინგის’‘ ჯამური სიმძლავრე დღე-ღამეში 1 200 ტონა ხორბლის გადამუშავებაა, რაც უტოლდება საქართველოს მოხმარების რაოდენობას ერთ დღეში. შესაბამისად, ამ კომპანიის ჯამური სიმძლავრე 100%-ით აკმაყოფილებს საქართველოს მოხმარებას. ,,კარატ ჰოლდინგს’‘ საქართველოს ფქვილის ბაზრის 70-80% უკავია, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ წისქვილკომბინატები, რომლებიც ჩამოგითვალეთ, ჯერ კიდევ კომუნისტების დროს ფედერალურ საწარმოებად მიიჩნეოდნენ, რომლებსაც სტრატეგიული მარაგების ანუ ხორბლის შესანახი ელევატორებიც აქვთ.
სიმძლავრეებისა და შესანახი ელევატორების მხრივ, აზერბაიჯანული კომპანია ფქვილის ბაზრის მონოპოლისტია, სხვა წისქვილკომბინატებმა ამგვარ კონკურენციას ვერ გაუძლეს და ამიტომაც გაჩერდნენ. იმედი მაქვს, ანტიმონოპოლიური კანონი, რომელიც რამდენიმე დღის წინ მიიღეს, ამ პრობლემას მოაგვარებს. ოთხივე საწარმო, რომელსაც აზერბაიჯანული ჰოლდინგი ფლობს, სტრატეგიულია. დარწმუნებული ვარ, კომპანიის ხელმძღვანელებიც ფიქრობენ, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის პირობებში, ამ რეჟიმში მუშაობას ვეღარ გააგრძელებენ, რადგან, როგორც გითხარით, დადგმული სიმძლავრეების მიხედვით, ფქვილის ბაზრის 80% მათ ხელთაა. ანალიზის საფუძველზე ვფიქრობთ, ეს საკითხი შესასწავლია, რადგან სხვა კომპანიები ფქვილის ბაზრის დარჩენილ 20%-ზეც ვერ მუშაობენ. ზოგადად, ეს ბაზარი სტრატეგიული დარგია და მხოლოდ ერთი კომპანიის გაბატონება, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით, დიდ რისკთანაა დაკავშირებული’‘, _ აღნიშნავს ლევან სილაგავა. ,,ვერსიის’‘ ინფორმაციით, ,,კარატ ჰოლდინგის’‘ დამფუძნებელი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატი, ასაბილ კასუმოვია. ეს კომპანია აზერბაიჯანშიც ფქვილისა და ხორბლის ერთ-ერთ უმსხვილეს მიმწოდებლად მიიჩნევა. საქართველოს ფქვილის ბაზარზე აზერბაიჯანული ,,კარატ ჰოლდინგი’‘ ნაციონალური ხელისუფლების დროს, 2007 წელს გამოჩნდა, თუმცა მანამდე, 2005 წლიდან ნაციონალმა მაღალჩინოსნებმა ქართული წისქვილკომბინატების მიზანმიმართული გაკოტრება დაიწყეს. ,,ვერსიის’‘ წყაროს ინფორმაციით, 2005 წელს, გორისა და კაჭრეთის მომგებიანი წისქვილკომბინატები ხელში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მეგობრებმა _ ლუხუმ კაპანაძემ და სერგი კაკალაშვილმა ჩაიგდეს. სხვათა შორის, ეს ის სერგი კაკალაშვილია, რომლის პოეზიასაც პრეზიდენტყოფილი სააკაშვილი ეთაყვანებოდა და პარლამენტში ერთ-ერთი გამოსვლის დროსაც წაიკითხა.
საწარმოების დაუფლებიდან რამდენიმე წელიწადში, კაპანაძემ და კაკალაშვილმა წისქვილკომბინატები გაკოტრებამდე მიიყვანეს და აზერბაიჯანულ კომპანია ,,კარატ ჰოლდინგს’‘ გადაულოცეს. წყარო გვიამბობს, რომ წისქვილკომბინატების გაკოტრების ერთ-ერთი მიზეზი 2008 წელს აგვისტოს ომის დროს შემოტანილი ფქვილი იყო, რომლის საფასურის გადახდა ხელისუფლებამ კერძო მესაკუთრეებს დააკისრა. წყაროს ინფორმაციითვე, ომში ჩაბმულმა ქვეყანამ აზერბაიჯანისგან 24 000 ტონა ფქვილი შეიძინა. გორის წისქვილკომბინატის ყოფილი ფინანსური დირექტორი პროკურატურაში დაიბარეს და 500 000 აშშ დოლარის გადახდა დააკისრეს, სხვა წისქვილკომბინატები კი ასეთი სქემით გააკოტრეს: 2008 წელს, აზერბაიჯანიდან ფქვილი შპს ,,სახელმწიფო უზრუნველყოფამ’‘ შემოიტანა, ფქვილის საფასური კი საქართველოში მოქმედ წისქვილკომბინატებს გადაახდევინეს. წყაროს თქმით, წისქვილკომბინატის წარმომადგენლებმა ათასობით ლარი აღსრულების ბიუროს ანგარიშზე შეიტანეს. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სახელმწიფომ საომარი მდგომარეობის გამო, მისივე პროგრამის _ ,,იაფი კრედიტის’‘ ფარგლებში, ფქვილის შესაძენად შპს ,,სახელმწიფო უზრუნველყოფას’‘ 12 500 000, შპს ,,ურეხს’‘ კი 1 000 000 აშშ დოლარი 5-წლიანი ვადით და 2%-იანი განაკვეთით ასესხა. მთავრობის დადგენილებას ხელს მაშინდელი პრემიერ- მინისტრი, ვლადიმერ გურგენიძე აწერდა. შპს ,,სახელმწიფო უზრუნველყოფა’‘ 2004 წლის 13 აგვისტოს, საწარმოთა მართვის სააგენტომ დააფუძნა. მისი საქმიანობის მიზანი პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სამთავრობო და საქვეუწყებო დაწესებულებების სხვადასხვა მომსახურებით უზრუნველყოფა იყო. შპს ,,სახელმწიფო უზრუნველყოფამ’‘ არსებობა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებიდან ორ კვირის შემდეგ შეწყვიტა, რადგან ეკონომიკის სამინისტრომ მისი ლიკვიდაცია გამოაცხადა. მეხორბლეთა ასოციაციის თავმჯდომარის, ლევან სილაგავას მტკიცებით, უკრაინასა და რუსეთში გაძვირებული ხორბლის გამო, საქართველოს ბაზარზე ფქვილი და პური არ გაძვირდება. მისი თქმით, ამჟამად 100 000-დან 120 000 ტონამდე ხორბლის მარაგი გვაქვს, რაც ქვეყანას ორი თვე ეყოფა. მეტიც, უკვე გზაშია მცირედ გაძვირებული, მაგრამ ჯერ კიდევ ყირიმის კრიზისამდე შეძენილი ხორბალი. მიუხედავად ამისა, რა გარანტია არსებობს, რომ ფქვილის ბაზრის ერთადერთმა მონოპოლისტმა აზერბაიჯანულმა ,,კარატ ჰოლდინგმა’‘, პურის საცხობებს მის მიერ წარმოებული ფქვილი მონოპოლიურად მაღალ ფასში არ მიაწოდოს?
,,ვერსიის’‘ კითხვაზე, როგორ დარეგულირდება ეს ვითარება ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის აღდგენის პირობებში, ლევან სილაგავამ უპასუხა: ,,არსებობს ეჭვი, რომ აზერბაიჯანული კომპანია ,,კარატ ჰოლდინგი’‘ პურის ქარხნებს ფქვილს უსამართლო ფასად აწვდის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მიმაჩნია, რომ ყველა წისქვილკომბინატს თანაბარ პირობებში უნდა მიეცეს მუშაობის საშუალება. რაც შეეხება ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას, ფაქტია, ამ პრობლემას დაარეგულირებს, თუმცა ეს პროცესი დროში გაიწელება. ვაჭრობისა და კონკურენციის სამსახური 15 აპრილს უნდა შეიქმნას, რომლის დაკომპლექტებას გარკვეული დრო დასჭირდება... არც ერთი ქვეყნის ინვესტიციის წინააღმდეგნი არ ვართ, მაგრამ ბაზარზე არსებული ყველა კომპანია თანაბარ პირობებში უნდა იყოს. გარდა ამისა, ამ ჰოლდინგში გაერთიანებულ ოთხივე წისქვილკომბინატს სტრატეგიული მდებარეობა აქვს ანუ ტერიტორიულად იქაა განთავსებული, სადაც ხორბლის მოსავალი მოდის... ამიტომ არ არის გამორიცხული, ხვალ სწორედ ამ კომპანიამ უკარნახოს მთლიანად სოფლის მეურნეობის ამ დარგს საკუთარი ფასი და ამ მხრივაც მონოპოლიურ მდგომარეობაში აღმოჩნდეს’‘.