[მერაბ ბრეგაძე ]
სამყაროს სოციალური აჯანყებების ბაცილა შეეყარა. ამბოხისთვის განწყობილი ქვეყნების რეიტინგში კი საქართველომ მეთვრამეტე „საპატიო“ ადგილი დაიკავა. რეიტინგი გამოცემამ The Wall Street Journal გამოაქვეყნა.
მუამარ კადაფი ტრიპოლის შენარჩუნებისთვის ბოლო ძალებს იკრებს. თეთრი სახლი ლიბიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს ოფიციალურად წყვეტს. უგანდის ახალარჩეული პრეზიდენტი იოვერი კაგუტა მუსევენი კი თავის პოლიტიკურ ოპონენტს, კიზუ ბესიჯეს, რომელმაც ხელისუფლება გააკრიტიკა, შეჭმით დაემუქრა, ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.
The Wall Street Journal-ის რეიტინგის ავტორებს მიაჩნიათ, რომ დღეს ამბოხის ყველაზე ძლიერი განწყობა კენიაშია. ამ ქვეყანამ 100 ქულა მიიღო. მეორე ადგილი დაიკავა კამერუნმა, მესამე - პაკისტანმა, მეოთხე - ნიგერიამ, მეხუთე კი - ინდონეზიამ.
საქართველო 73,4 ქულით მეთვრამეტე ადგილზე მოხვდა. გაცილებით მაღალია ამბოხის შესაძლებლობა აზერბაიჯანში, რომელიც მეათე ადგილზეა. (როგორც ჩანს ვანო მერაბიშვილის ვიზიტი აზერბაიჯანში და იქ ქვეყნის უმაღლეს პირებთან შეხვედრა–კონსულტაციები საკმაოდ დროულია). რუსეთმა კი რეიტინგში მე-40 ადგილი დაიკავა. რეიტინგის შემდეგენელთა აზრით, ამბოხის განწყობა ყველაზე დაბალი შვედეთშია.
სანამ მედია ამ ტიპის რეიტინგებს ადგენს, ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი ბოლო ძალებს იკრებს ქალაქ ტრიპოლის შესანარჩუნებლად. უცხოური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ტრიპოლი ფაქტობრივად ერთადერთი ქალაქია, რომელიც კადაფს ემორჩილება.
ქალაქის მთელ პერიმეტრზე ტანკები დგანან, რომელაც ტრიპოლში ოპოზიციური ძალების შესვლა უნდა შეაკავონ. ქალაქის ქუჩებში კი მობილური ჯგუფები გადაადგილდებიან, რომლებიც ცეცხლს უხსნიან ყველას, ვინც საეჭვოდ მოეჩვენებათ. შედეგად კი ტრიპოლში დემონსტრაციები საერთოდ არ იმართება. BBC–ის ცნობით, ოპოზიცია ქალაქ ტრიპოლში შესვლას ამ დრომდე ვერ რისკავს.
თეთრმა სახლმა ლიბიასთან დიპლომატიური ურთიერთობები ოფიციალურად გაწყვიტა. ამერიკის ხელისუფლება ამ ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასაც არ გამორიცხავს.
ბარაქ ობამას პრესმდივნის, ჯეი ქარნის განცხადებით, მას შემდეგ, რაც კადაფიმ გასცა ბრძანება, მკაცრად ჩაეხშო მოწინააღმდეგეების გამოსვლები, მან საბოლოოდ დაკრგა ხალხის ნდობა.
ამასთან, ამერიკამ ლიბიიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია დააასრულდა და ტრიპოლში საელჩოც დახურა.
როგორც ჩანს, ლიბიაში მიმდინარე პროცესებს უგანდაში „კარგი ანალიზი“ გაუკეთეს და „შესაბამისი დასკვნებიც“ გამოიტანეს. კერძოდ, უგანდის ახალარჩეული პრეზიდენტი იოვერი კაგუტა მუსევენი თავის პოლიტიკურ ოპონენტს, კიზუ ბესიჯეს, რომელმაც ხელისუფლება გააკრიტიკა, არც მეტი არც ნაკლები შეჭმით დაემუქრა. ამის შესახებ „ასოშეიტედ პრესი“ იუწყება.
მუსევენიმ ბესიჯეს მიერ საპრეზიდენტო არჩევნების გაკრიტიკების კომენტირებისას განაცხადა: „ჩვენ მას დავიჭერთ და შევჭამთ, როგორც ნამცხვარს“.
საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები უგანდაში 20 თებერვალს გამოცხადდა. არჩევნებში მუსავიმ გაიმარჯვა, რომელმაც ხმათა 68 პროცენტი მიიღო. ბესიჯეს კი მხარი 26-მა პროცენტმა დაუჭირა.
შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ბესიჯემ ხალხს მიმართა და არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადა. მან უგანდელებს პრეზიდენტის ჩამოგდებასა და ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა.
მუსევენი, რომელიც ამჟამად 66 წლისაა, ხელისუფლებაში უკვე 25 წელია იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ კანიბალიზმი უგანდის პოლიტიკურ სპექტრში სიახლე არ არის. ყველაზე ცნობილი კანიბალი პრეზიდენტი ადი ამინი იყო, რომელიც ქვეყანას 70 –იან წლებში მართავდა.
გავრცელებული ვერსიით, ამინს, რომელიც ყველაზე პირსისხლიან დიქტატორად მიიჩნეოდა, რეგულარულად კვებავდნენ ადამიანის ხორცით. მას განსაკუთრებით თავისი პოლიტიკური ოპონენტები ხიბლავდა.
კანიბალიზმი ჩვენგან შორს იყოს და რაც შეეხება საქართველოში მიმდინარე პროცესებს. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, სამარშრუტო ტაქსების მძღოლების გაფიცვა, როგორც პროტესტის ფორმა, საქართველოსთვის უპრეცენდენტო მექანიზმია, რომელიც შესაძლოა, მნიშვნელოვან პროცესში გადაიზარდოს.
როგორც „პირWელს“ საყვარელიძემ განუცხადა, აქამდე საქართველოში პროტესტის ის ფორმა გამოიყენებოდა, რომელიც ქუჩის აქციებს გულისხმობს, გაფიცვა კი, როგორც აგრესიული ფორმა, მასშტაბურ სახეს პირველად იძენს.
ამასთან, პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ გაფიცვა, როგორც მექანიზმი სხვა ქვეყნებში არაერთხელ ყოფილა სოციალური აქციების წინაპირობა.
„ის, რომ დღეს ქალაქი ფაქტობრივად პარალიზებულია, მოქალაქეებზე მძიმედ აისახა. სამოქალაქო ტრანსპორტი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი ბერკეტია, ხოლო გაფიცვის მექანიზმი - საქართველოსთვის უპრეცედენტო.
თუ კი საზოგადოება მიხვდება მიზეზს, რომელიც ამ მძიმე სურათს უდევს საფუძვლად და რომელიც მესაკუთრემდე მიდის, შესაძლოა, ეს გაფიცვა მნიშვნელოვანი პროცესების დაწყებაში გადაიზარდოს. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ზამთარია და ამ დროს ხალხი პასიურია, შესაძლოა, არც არაფერი მოხდეს“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
შეგახსენებთ, რომ სამარშრუტო ტაქსების მძღოლები 28 თებერვლამდე გაიფიცნენ. ისინი მგზავრობის საფასურისა და გეგმიური გადასახადის შესაძლო გაზრდას აპროტესტებენ.
ამ ფონზე კი, IRI-მ აღიარა, რომ „თვის დროზე საქართველოში, უკრაინასა და ყირგიზეთში რევოლუციები ბუშის ადმინისტრაციის მიერ იყო კულტივირებული“.
აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ხელმძღვანელი ლორნ კრეინერი აზერბაიჯანს იმ ქვეყნების რიცხვში ასახელებს, რომლებიც შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებმა დააზარალოს.
„ახლო აღმოსავლეთის მოვლენებიდან დასკვნები ყველა ქვეყანამ უნდა გამოიტანოს. ტუნისის მოვლენებმა ბევრი გააოცა. იქ ეკონომიკური მოდერნიზაცია ძირითადში ქალაქებს შეეხო, თუმცა მას პოლიტიკური რეპრესიები და კორუფციის გაძლიერება ერთვოდა თან.
ეს სიტუაცია გასაღები და მინიშნებაა იმ ქვეყნებისთვის, სადაც ანალოგიური პრობლემები არსებობს, მაგალითად - ყაზახეთისა და ჩინეთისთვის, ან ავტოკრატიული მმართველობის ქვეყნებისთვის, როგორიცაა აზერბაიჯანი და ვენესუელა“, - განაცხადა კრეინერმა „Contact.az“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ტუნისში მოვლენები ხელისუფლების უსამართლობისა და მოქალაქეთა უფლებების უპატივცემულობის მიმართ მოსახლეობის პროტესტის სახით დაიწყო და არა როგორც რევოლუცია დემოკრატიისთვის“.
„სწორედ უსამართლობის გრძნობამ მისცა ბიძგი ფართო მასების პროტესტს და პოლიტიკური სისტემის ცვლილების მოთხოვნას“, - განმარტავს კრეინერი.
ამ კონტექსტში იგი ყირგიზეთის გასული წლის აპრილის მოვლენებსაც იხსენებს და ირწმუნება, რომ „აშშ-ს იქაურ ოპოზიციასთან კავშირი არ ჰქონია“.
„მეტიც, ხელისუფლებაში მოსულთა ნაწილი ჩიოდა, რომ აშშ-ის საელჩო ბიშკეკში მათ რამდენიმე თვის თუ წლის განმავლობაში არ ხვდებოდა. ამ პოლიტიკის შედეგად ვაშინგტონი შიშობდა, რომ ახალი ხელისუფლება ავღანეთის ოპერაციისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ავიაბაზა „მანასიდან“ აშშ-ის განდევნას გადაწყვეტდა, თუმცა საბედნიეროდ, ამერიკულმა მხარემ ახალი ხელისუფლების საკითხისადმი კონსტრუქციული მიდგომის აუცილებლობაში დაარწმუნა“, - აღნიშნა კრეინერმა.
მისივე თქმით, „პრაგმატიკოსები საზღვარგარეთის ქვეყნებთან ამერიკის ურთიერთობაში სტაბილურობის პრიორიტეტს აღნიშნავენ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აშშ-ს რიგი საკითხების იგნორირება უწევს, თუმცა ერაყის შემდეგ ამ მიდგომამ სერიოზული კრიტიკა მიიღო“.
„სამწუხაროდ, ავტორიტარულ ხელისუფლებებთან მჭიდრო კავშირი აშშ-ის ინტერესებს არ ემსახურება. ამიტომ მნიშვნელოვანია, ავტორიტარულ ხელისუფლებებთან ურთიერთობების შენარჩუნების პარალელურად აუცილებლად დაიგეგმოს ის დღე, როდესაც მათ ჩამოგდებას შეძლებენ და მათი დახმარება, ვინც შეიძლება, ეს ხელისუფლებები შეცვალოს.
ჩვენ მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ ცალკეულ პიროვნებებს და იმ ინსტიტუტებს, რომლებიც სამომავლოდ გარდამავალი პროცესის ნაკლებ მტკივნეულობას უზრუნველყოფენ. ეს დაზღვევის ერთგვარი ფორმაა გრძელვადიან პერსპექტივაში ამერიკული ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად“, - თვლის კრეინერი.
ახლო აღმოსავლეთის მოვლენების შედეგებზე საუბრისას მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ეს რეგიონზე მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს.
„როდესაც დემოკრატია მყარდება იმ ქვეყნებში, რომლებიც მას პირველად განიცდიან, შედეგები ყოველთვის არაპროგნოზირებადია, სამომავლო პარამეტრები კი - ძნელად განსასაზღვრი.
მე მუდმივად იმედგაცრუებული ვიყავი იმის გამო, რომ ჯორჯ ბუში 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ პაკისტანში პოლიტიკური პარტიების განვითარების ხელშეწყობის აუცილებლობას იგნორირებას უწევდა. როგორც კი მუშარაფის ხელისუფლებამ ჩამოშლა დაიწყო, აღმოჩნდა, რომ შეუძლებელია იმის განსაზღვრა, ვინ შეიძლება, გახდეს მისი მემკვიდრე, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობას დაამყარებს და ამერიკული ინტერესების ხელშეწყობას უზრუნველყოფს.
თუმცა აშშ-ის ადმინისტრაციამ აქედან დასკვნები გამოიტანა: საქართველოში, უკრაინასა და ყირგიზეთში, მაგალითად, ბუშის ადმინისტრაცია მონდომებით ზრდიდა ახალი თაობის ლიდერებს, რომლებიც ავტორიტარული რეჟიმების შესაცვლელად მზად იქნებოდნენ“, - დასძინა კრეინერმა.