გახარიას დაგროვილი ქონების კანონიერების დამტკიცება მოუწევს

გახარიას დაგროვილი ქონების კანონიერების დამტკიცება მოუწევს

გიორგი გახარია ბერლინურ ცხოვრებას აგრძელებს. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბინადრობის უფლებაც მიიღო და ახლა უკვე ელოდება სტატუსს, როდის მიიღებს პოლიტიკური დევნილის სტატუსს. ქვეყნიდან გაქცეული გახარია საარჩევნო კამპანიას აფინანსებს. აქედან გამომდინარე, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ გიორგი გახარიამ უნდა აუხსნას მოსახლეობას ამ თანხების წარმომავლობა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ფაქტია, რომ გიორგი გახარიას აღმოაჩნდა სახსრები იცხოვროს ბერლინში და ამასთან ერთად, დააფინანსოს, როგორც პარტია, ასევე საარჩევნო კამპანია.

„შეგახსენებთ, ამას წინათ ვიკითხე, გიორგი გახარია რომ ბერლინში ცხოვრობს, რა თანხით ცხოვრობს და ვიეჭვე, უცხოელები აფინანსებდნენ. მისმა თანაპარტიელმა თქვა, რომ არანაირი უცხოელები არ აფინანსებენ და თავის თავს თვითონ აფინანსებსო. როგორც ჩანს, თვითონვე აღიარეს, რომ მას ის ქონება და შესაძლებლობა აქვს, ბერლინში, ფუფუნებაში ცხოვრობდეს.

რაც შეეხება ამ საკითხებს, თუკი რამე მნიშვნელოვანია, შესაბამისი სტრუქტურები დაინტერესდებიან, გამოიკვლევენ ამ საკითხს. ერთადერთი, შედეგების მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ ვიცი, ახლა მაგის პარტიას ვინ აფინანსებს. ეჭვი მაქვს, რომ თავად აფინანსებს, ალბათ, ცხოვრობს საზღვარგარეთ, იქიდან აფინანსებს საარჩევნო კამპანიას და ამის თანხებიც ჰქონია. ასე, რომ აგვიხსნას, მაშინ, ამ თანხების წარმომავლობა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, გახარია და პოლიტიკური კორუფცია ძალიან ახლოს მდგარი ცნებებია და როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, ასეთ ფონზე, არც სხვა ტიპის კორუფცია არის გასაკვირი, თუმცა უნდა დაველოდოთ გამოძიებას.

„გიორგი გახარია გარე დაკვეთებს ასრულებს. ეს ადამიანი ემსახურება არა ქართველი ხალხის ინტერესებს, არამედ, გარე დაკვეთებს ასრულებს. ეს სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური კორუფცია. ასეთ ფონზე, არც სხვა ტიპის კორუფცია გამიკვირდებოდა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, უნდა დაველოდოთ გამოძიებას. არ მაქვს უფლებამოსილება, რომ ასეთ საკითხებზე პოლიტიკური კომენტარი გავაკეთო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიდი ალბათობით, გახარიას ქონებრივი წარმომავლობა გახდება გამოძიების საფუძველი. ეს კარგად ესმის ყოფილ პრემიერს, ამიტომ არსებული ინფორმაციით, ქონების სხვა პირებზე გადაფორმების პროცესი დაიწყო. აღსანიშნავია, რომ გახარიას გამდიდრება 2020 წლიდან იწყება, როდესაც კოვიდპანდემიის გამო, ქვეყანა იყო ჩაკეტილი, მისმა ოჯახმა პარიზში ბინა, დაახლოებით, 500 000 ევროდ იყიდა, რასაც გახარია დიდი ხნის განმავლობაში მალავდა.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, დავით კუხალაშვილი თვლის, რომ როდესაც საქმე ეხება კორუფციას, მით უმეტეს, პოლიტიკურ კორუფციას, კარგი იქნება, თუ შესაბამისი უწყებები სიღრმისეულად შეისწავლიან იმ პერიოდს, როდესაც ჩვენ გავხდით პოსტ-საბჭოთა ქვეყანა. კუხალაშვილი ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს ბიუჯეტში აღმოჩნდება უზარმაზარი თანხები, ძალიან ბევრი პრობლემა დაიძლევა და შეიძლება, ერთ-ერთ ძლიერ სახელმწიფოდაც ვიქცეთ.

„იმიტომ, რომ იმდენი ფულია სახელმწიფოსთვის მოპარული, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი იმდენი ქმედებაა, ასეთი ნაბიჯების გადადგმა ურიგო არ იქნებოდა. რაც შეეხება გახარიას, უფრო მძიმე შეკითხვებზე მაინტერესებს პასუხები, რაც ოფიციალურად ვრცელდება და რაც, მათ შორის, გაჟღერდა ხელისუფლების მიერ - როდესაც მიტინგი ირბეოდა, რუსთაველზე, გახარიასთან ერთად, იმყოფებოდა უცხო ქვეყნის წარმომადგენელი. პრაქტიკულად, უცხო ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში და რა არის ეს? ეს არის უშუალოდ სადაზვერვო შეღწევა და იმდენად აღვირახსნილი მოქმედებაა დიპლომატიური დაზვერვის კუთხით, რომ ძალიან დიდი კითხვის ნიშანია. ესე იგი, ჩვენ გვყავდა პირობითად პრემიერ-მინისტრი, რომელზეც განხორციელებული იყო სადაზვერვო შეღწევადობა. აბა, როგორ შეიძლება შეფასდეს დარბევის პროცესში, პრემიერ-მინისტრთან, პროცესების მართვის დროს, უცხო ქვეყნის წარმომადგენლის ყოფნა“, - აცხადებს დავით კუხალაშვილი.

მისი თქმით, საბოლოო ჯამში, ჩავთვალოთ, რომ გახარიამ მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი. ასეთ შემთხვევაში, ისევ შემოდის მთავარი კითხვა - რის საფუძველზე? ეს ხომ არ არის ის სახელმწიფო, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით, შესაძლებელია, ამ სადაზვერვო შეღწევადობის განმხორციელებელია?

„ეს ორი კითხვა ძალიან მაწუხებს მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ეს კითხვა გააჟღერა და ვფიქრობ, ამ მიმართულებითაც ძალიან აქტიური მუშაობა მართებს სპეცსამსახურებს. ალბათ, უნდა გადაიხედოს ყველა ის ხელშეკრულება, რომელზეც გახარიას ხელი აქვს მოწერილი და მისი მთავრობის მეთაურად ყოფნის პერიოდში, მიღებულია გარკვეული ტიპის გადაწყვეტილებები. შესაძლებელია, იქ იყოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც შეიძლება, უცხო ქვეყნების ინტერესების შესაბამისია და ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო. ამიტომ, ვფიქრობ, რომ უკვე მარტო კორუფციაზე არ ვისაუბრებ და ეს იქნება კონბინირებული, ძალიან მაღალი დონის დანაშაული.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ უფრო მაღალი დონის იერარქიაში არსებულ დანაშაულის ნიშნებზე ვსაუბრობ, ვიდრე კორუფციაა. ამ შემთხვევაში, შესაძლებელია კიდეც გადაფაროს ის დანაშაული, რომელზეც ახლა ვსაუბრობ, თუ დადასტურდება, რომ სადაზვერვო შეღწევადობა იყო განხორციელებული გახარიაზე. ამას ვერსიის დონეზე განვიხილავ და ნებისმიერ ვერსიაზე უნდა იმუშაონ სპეცსამსახურებმა - ან უნდა უარყონ, ან შესაბამისი რეაქცია უნდა განახორციელონ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას, დავით კუხალაშვილი.