მარტა კოსის კავკასიური ვოიაჟი თბილისის გვერდის ავლით - კობახიძე ევროკავშირს ურთიერთობის გადატვირთვას სთავაზობს

მარტა კოსის კავკასიური ვოიაჟი თბილისის გვერდის ავლით - კობახიძე ევროკავშირს ურთიერთობის გადატვირთვას სთავაზობს

ევროკავშირის კომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი სამხრეთ კავკასიის ტურნეს ფარგლებში, აზერბაიჯანში ჩავიდა, თუმცა ოფიციალურმა დღის წესრიგმა თბილისს გვერდი აუარა. ვიზიტის დროს, კოსი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს და ეკონომიკის მინისტრ მიკაილ ჯაბაროვს შეხვდა. ევროკომისარი ქალაქ აღდამშიც გაემგზავრა, სადაც განაღმვით სამუშაოებს გაეცნო და ყარაბაღში მიმდინარე აღდგენით პროცესებზე ინფორმაცია მიიღო.

ევროკავშირის სპიკერის, გიომ მერსიეს განცხადებით, ბრიუსელი შეშფოთებულია საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო, რაც, მისი თქმით, უფრო ართულებს ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის პროცესს. ჟურნალისტის კითხვაზე, კოსის ტურნეს ფარგლებში, რატომ არ შედის თბილისში ვიზიტი, მან აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის კონტექსტში განიხილება, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებით, ევროკავშირის პოზიცია „ცნობილია“.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისარი თბილისში არ ჩამოდის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროკავშირს ურთიერთობების გადატვირთვას სთავაზობს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ევროპული ბიუროკრატია „დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ რჩება და თბილისის მიმართ არსებულ მიდგომებს არ შეესაბამება ევროპული ხალხების რეალური ინტერესები.

„ევროპული ბიუროკრატია გარე ძალების გავლენის ქვეშ არის. სწორედ, ამიტომ ვხედავთ, რომ მარტა კოსი არ ჩამოდის საქართველოში. მათი მხრიდან ხელოვნურად ხდება კავშირების ჩაჭრა ისეთ ქვეყანასთან, როგორიც არის საქართველო. ეს არ შედის ევროკავშირის ობიექტურ ინტერესებში. ჩვენ ვითხოვთ არა დაპირისპირებას, არამედ ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას“, - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკომისიის კრიტიკა უსაფუძვლოა და თავად ბრიუსელის რეპუტაციას აზიანებს: „ჩვენ საბჭოთა კავშირისგან იმიტომ არ დავიხსენით თავი, რომ ახლა ბრიუსელი, იგივე ქედმაღლობით გვიყურებდეს. ქართველი ხალხის თვალში, ასეთი დამოკიდებულებები აზიანებს ევროკავშირის სახეს მაშინ, როცა საქართველო მშვიდობასა და სტაბილურობას ინარჩუნებს“.

მმართველი გუნდის შეფასებით, მიუხედავად პოლიტიკური კრიტიკისა, საქართველოს მთავრობა განაგრძობს ევროპულ პარტნიორებთან დიალოგის გაღრმავებას და მზად არის, ახალი ფორმატებით განიხილოს თანამშრომლობის პერსპექტივები.

ოპოზიცია კი განსხვავებულად ხედავს ვითარებას. მათი შეფასებით, მარტა კოსის მიერ საქართველოს გვერდის ავლა ნათლად აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ქვეყანა ევროპის დღის წესრიგიდან ჩამოიშორა. „ევროკავშირი აღარ საუბრობს ხელისუფლებასთან, ისინი პირდაპირ ქართველ ხალხს ესაუბრებიან. ეს არის შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელსაც კობახიძის მთავრობა ატარებს“, - აცხადებენ ოპოზიციაში. 

მიუხედავად კრიტიკული განცხადებებისა, მთავრობა ოპტიმისტურად უყურებს ურთიერთობების მომავალს. პრემიერის თქმით, საქართველოს ეკონომიკა პროგრესირებს, სტაბილურობა დაცულია და სწორედ ამ ფონზე, საჭიროა ევროკავშირთან ურთიერთობების ახალი ეტაპზე გადატანა.

საბოლოო ჯამში კი, მიუხედავად იმისა, რომ მარტა კოსის ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში საქართველოს გვერდის ავლით მიმდინარეობს, თბილისი ბრიუსელს კვლავ თანამშრომლობის გაღრმავებას სთავაზობს. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ურთიერთობების ახალი ფორმატი ორივე მხარის ინტერესებშია, ხოლო ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ევროპული გზავნილები მკაფიოდ მიუთითებს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებაზე. 

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-თან ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორად იქცევა და ევროკავშირის შანტაჟს აღარ ემორჩილება.

„პრემიერ-მინისტრი აბსოლუტურად სწორად მოქმედებს. ეს არის იმის დასტური, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ გადაუხვევს ევროპული ინტეგრაციის კურსს, თუმცა ამავდროულად, მკაფიოდ იცავს საქართველოს სუვერენიტეტს და ძირითად ფასეულობებს, რაც თავისთავად ევროპული ღირებულებების ნაწილია.

დღეს, ევროპაში, ფასეულობათა ღრმა კრიზისია, ამას თავად მათი ლიდერებიც აღიარებენ. არაერთი პოლიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ ვითარება იმდენად მძიმეა, ისტორიული პარალელები, შეგვიძლია, 1938 წელთან გავავლოთ - მაშინ ევროპამ ჩეხეთს ზურგი აქცია და ჰიტლერს გადასცა. დღესაც, ევროპა იმავე საფრთხის წინაშეა, რომ საკუთარ პრინციპებს უღალატოს. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, რომ ევროკავშირი არ გადადგამს ნაბიჯს უკან და არც საქართველოზე მოახდენს ზეწოლას, რომ უარი თქვას ისეთ კანონებზე, რომლებიც გამჭვირვალობასა და ოჯახური ფასეულობების დაცვას უზრუნველყოფს. საქართველოს ხელისუფლებაც სწორად ამბობს - ამ საკითხში არანაირი უკან დახევა არ იქნება“, - ამბობს მამრაძე.

მისივე თქმით, ევროპა ქაოსურ ეპოქაში შედის. საფრანგეთში, გერმანიასა და ბრიტანეთში კონსერვატორების რეიტინგი სწრაფად იზრდება, ხოლო მოქმედი ლიბერალური მთავრობები ცდილობენ მათ შეჩერებას ხელოვნური მეთოდებითა და რეპრესიებით.

„ეს არის დემოკრატიის ღალატი და სისუსტის ნიშანი. ასეთ ფონზე, ბუნებრივია, რომ ბრიუსელში ვერ იღებენ თანმიმდევრულ გადაწყვეტილებებს. რაც შეეხება იმას, რომ ევროკომისარი მარტა კოსი თბილისში არ ჩამოდის, ეს, უბრალოდ, დემონსტრაციული ჟესტია და მეტი არაფერი. უნდა გვახსოვდეს, შანხაის სამიტზე სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები მონაწილეობდნენ, საქართველოდან კი არავინ არ ყოფილა, თუმცა ამის გამო, არავის უთქვამს კრიტიკული სიტყვა, არც ვაშინგტონში და არც ბრიუსელში. საქართველოს ხელისუფლებას კი ბრალდებებს უყენებენ სრულიად აბსურდულ საფუძველზე, თითქოს, ქვეყანა ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ირანის „აიათოლების“ კონტროლს ექვემდებარებოდეს. ეს უკვე სიბრიყვეა და არა სერიოზული პოლიტიკა“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

მამრაძე მიიჩნევს, რომ ამ პირობებში, მთავრობამ მოახერხა მთავარი - საქართველოზე ზეწოლის ბერკეტები აღარ მუშაობს. ევროკავშირს აღარ აქვს შესაძლებლობა, შანტაჟით აიძულოს თბილისი, გადაუხვიოს საკუთარ გზას.

„საქართველოს ხელისუფლება ინარჩუნებს სტაბილურობას, იცავს სუვერენიტეტს, ამავდროულად, რჩება ევროპული ინტეგრაციის კურსზე. სწორედ ეს არის სწორი და სახელმწიფოებრივი ნაბიჯი“, - განაცხადა პეტრე მამრაძემ.