ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, თუ შიდა დაპირისპირება?

ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, თუ შიდა დაპირისპირება?

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის გარშემო წრე ვიწროვდება. ორგანიზებული ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებისა და შენახვის ფაქტებზე, დაკავებულია ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე, ასევე ბურჭულაძის პირადი დაცვის წევრი, ნუგზარ ცაბაურაშვილი, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. საერთო ჯამში, დაკავებულია ოთხი პირი - მარიამ არჩემაშვილი, ნუგზარ ცაბაურაშვილი და ვიქტორ აბაიმოვი.

რაც შეეხება ვასილ მხეიძეს, მას სისხლის სამართლის სხვა საქმეზე, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაში დახმარებას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვს. მხეიძე სასამართლო პროცესს არ დაესწრო. როგორც რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოგზავნილ ოქმში იყო ნათქვამი, ის პროცესზე დასწრებაზე უარს აცხადებდა.

სახელმწიფო ბრალდების მიხედვით, ბრალდებულები, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 2 176 000 ლარზე მეტი ღირებულების, 325 000-მდე კოლოფ უაქციზო ფილტრიან სიგარეტს ინახავდნენ, რაც საგამოძიებო ორგანომ ამოიღო. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ჩამოაყალიბეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი. ჯგუფის წევრებს ქალაქ გორში, მფლობელობაში გააჩნდათ მიწის ნაკვეთი - მასზე არსებული შენობა ნაგებობებით და ტექნიკური აღჭურვილობით, სადაც ახორციელებდნენ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ფილტრიანი სიგარეტის უაქციზო დამზადებასა და შენახვას, მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. უფრო მეტი სარგებლის მისაღებად კი, ბრალდებულები სიგარეტის დასამზადებლად, ძირითადად, იყენებდნენ ცნობილი უცხოური ბრენდის დასახელებასა და სასაქონლო ნიშანს.

ვასილ მხეიძე, თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილესთან, გიორგი ხაინდრავასთან და იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსთან, ვლადიმერ ღუდუშაურთან ერთად დააკავეს. ღუდუშაურსა და ხაინდრავას - განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებიან, მხეიძეს კი - გაფლანგვაში დახმარებას.

როგორც for.ge-ს წყარო უყვება, ხმაურიანი დაკავებები ამით არ დასრულებულა. წყაროსვე ინფორმაციით, ანტიკორუფციული სამსახური სწავლობს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის მინისტრობის პერიოდს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხმაურიანი დაკავებები კვლავ გაგრძელდება. კულუარებში უკვე საუბრობენ იმაზე, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი არ იქნება ბოლო საფეხური. თუმცა, ჩნდება კითხვა - რა დგას ამ დაკავებების უკან, სადაც „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები ფიგურირებენ? პოლიტოლოგის, რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ამ შემთხვევაში, გააჩნია, რის დაპირისპირებას რასთან? თუ კორუფციას ვუპირისპირდებით, პოლიტოლოგი ასეთ დაპირისპირებას მიესალმება.

„პოლიტიკური დაპირისპირება, რომელიც მერე მიიღებს იურიდულ სახეს, რა თქმა უნდა, კრიტიკის საგანია, შიშს აჩენს. თუმცა, მეორე მხრივ, ჯუანშერ ბურჭულაძე არ წარმოადგენდა ისეთ ფიგურას, რომელიც კორუფციით იყო „გასაფუჭებელი“ და პოლიტიკით ვერ მოერივნენ. არ იყო ისე თავაწყვეტილი ბურჭულაძე პოლიტიკაში, რომ მისი რამით გაჩერება ნდომოდათ. ამიტომ, მე მაინც მგონია, რომ ეს არის კორუფციასთან დაპირისპირება.

შეიძლება და არ არის გამორიცხული, რომ გაკეთებული არის ხაზგასმით, მკაფიოდ და დემონსტრაციულად ისეთ ფიგურებზე, რომლებზეც იტყოდნენ, რომ ესენი ხომ „ქართული ოცნების“ ხალხია. აი, ვინც „ოცნების“ ხალხად ითვლებოდა, ისინი აღმოჩნდნენ დარტყმის ქვეშ და არ არის გამორიცხული, ეს პრევენციული დარტყმა იყოს. საერთოდ, სამართალი პრევენციული მოვლენაა, ყველას ვერ იჭერს, ვერცერთი სახელმწიფო. იჭერს რამოდენიმეს, რომ დანარჩენებმა არ ჩაიდინონ ცუდი საქციელი. ვფიქრობ, რომ ანალოგიური მოდელია აქაც“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

ახლა მნიშვნელოვანია, რამდენად ღრმად შეიძლება წავიდეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და გასცდება თუ არა ბურჭულაძეს? პოლიტოლოგის განცხადებით, კორუფციასთან ბრძოლა ძალიან ღრმად შეიძლება წავიდეს, მაგრამ გააჩნია, რამხელა სიღრმეები აქვს თვითონ კორუფციას.

„კორუფციის ტრადიციები გვაქვს ღრმა. ბევრი სირთულე გამოჩნდება, ოღონდ დამოკიდებული იქნება, სად არის გასაჩერებელი კორუფცია და რატომ? კორუფციას ბოლომდე ვარავინ ვერ აღმოფხვრის, მაგრამ არის ზღვარი, სადაც კორუფცია ხდება სახიფათო. თუკი თანამდებობის პირი კორუფციაშია ჩართული, ის შეიძლება ადვილად დაიჭირონ კომპრომატებით და გააკეთებინონ სახელმწიფოს წინააღმდეგ ის, რაც სახელმწიფოს დაანგრევს, ანუ კორუფციული პერსონები სახელმწიფოსთვის სახიფათონი არიან, ამის მაგალითები ბევრი არის უკრაინაში. ასე, რომ კორუფცია ქვეყნისთვის სახიფათო მოვლენაა, ქვეყნის დანგრევას რომ დაიწყებს და ეს რისკი გამოჩნდება, ის გასაჩერებელია, ნებისმერ ფასად. ეს იმიტომ, რომ ლოიალობა დაუშვებელია!

წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა დიდ ნაწილს არანაირი ფული არ ჰქონდა, როცა შევიდა ხელისუფლებაში. მერე ვნახეთ, რომ კეზერაშვილი მილიონერი გახდა, უცხოეთში ზის, იქ ატრიალებს თავის მილიონებს და აქ გადატრიალებას აფინანსებდა. ზოგიერთი ბიზნესმენი გადატრიალებას აფინანსებს. აგერ, ყოფილი პრეზიდენტი იძახის, რომ დედაჩემის პენსიაზე მაქვს ყველაფერი ნაყიდიო, მაგრამ დედამისის ქონება რომ დაითვალეს და ის ხარჯები, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ გადატრიალების მიზნით აქვს გადახდილი, ცხადია, ამას გიულის ხელფასი არ ეყოფოდა.

ანუ, კორუფცია შემოატრიალა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, დიდი ნაწილი პოლიტიკურ ჯიბეში გაუშვა და ამუშავა პოლიტიკაზე, რითაც ცხადი გახადა, რომ კორუფცია სახელმწიფოსთვის სახიფათო შეიძლება იყოს. კორუფციის კავშირი პოლიტიკასთან არ არის ჩვენთვის უცხო. თუ თვალს გავახელთ, დავანახავთ, რომ ასეთი კავშირი არსებობს  და სადაც ასეთი კავშირი არსებობს, იქ გადის კორუფციის მიმართ წითელი ხაზი, იქ ლოიალობა უკვე არ შეიძლება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას, რამაზ საყვარელიძემ.

 

 

კანუდოსელი კორუფცია არის საჯარო სამსახურში ყველგან. პატარა სსიპებშიც კი ფული კეთდება, პირადად შევესწარი საჯარო სამსახურში მუშაობის დროს, რაზეც ხმამაღლა განვაცხადე. ამის გამო კი სამსახური დამატოვებინეს. ასე მუშაობს დღეს ოცნების ხელისუფლება. პატიოსნები არ უნდათ, სამაგიეროდ კორუმპირებული ხალხი, თან რამდენი ნაცი, აგრძელებს ქვეყნის ბიუჯეტის თქვლეფას. ამიტომ ბურჭულაძის დაკავება არის პოლიტიკური, თორემ დასაჭერი იმდენია, მაშინ მთელი ქვეყანა უნდა ჩასვან ციხეში. იჭერენ იმას, ვინც აწყობთ პოლიტიკურად.
13 საათის უკან