საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 80-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. მთავარი შეკითხვა, რომელიც საქართველოში დისკუსიის საგნად იქცა, არის ის, თუ რას იტყვის ქვეყნის პირველი პირი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ტრიბუნიდან და როგორ გამოიყენებს თბილისი ამ საერთაშორისო ფორუმს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ყაველაშვილის გამოსვლა მშვიდობის მნიშვნელობას შეეხება. მისი გზავნილები, როგორც მმართველი გუნდის ლიდერები აცხადებენ, საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა იქნება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი სწორედ ამ თემებზე გაამახვილებს ყურადღებას:
„საქართველოს პრეზიდენტი რაზე ისაუბრებს, ეს არის საქართველოს პრეზიდენტის გადასაწყვეტი. ყოველთვის ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე. დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ ყაველაშვილიც ისაუბრებს ეროვნულ ინტერესებზე“, - განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მთავარი სათქმელი მშვიდობაა:
„რამდენიმე ომგამოვლილი ქვეყანა ვართ, სადაც შევძელით და 13 წელია, მშვიდობა შევინარჩუნეთ. ეს გამოცდილება სხვებისთვისაც საინტერესოა. ახლა, როცა ევროპის შუაგულშია ომი, ყველასთვის აშკარა გახდა, რა ფასეულია მშვიდობა“, - აღნიშნა მან.
თბილისის მერი კახა კალაძე კი პირდაპირი სიტყვებით ამბობს, რომ პრეზიდენტის მისია მსოფლიოსთვის სიმართლის თქმა იქნება:
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული. მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს სიმართლე და რეალობა. სიმართლე ის არის, რომ ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, საქართველოს მიმართ გაკეთებული განცხადებები დაფუძნებულია სიცრუესა და ცილისწამებაზე“, - განაცხადა კალაძემ.
თუმცა, ოპოზიციაში სკეპტიკურად უყურებენ ყაველაშვილის მისიის მნიშვნელობას. „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის გამოსვლა კრემლის ნარატივების მორიგი გამეორება იქნება:
„ასეთ ტრიბუნებს ივანიშვილის გუნდი მხოლოდ პროპაგანდისთვის იყენებს. იქნება კრემლის იმპერიალისტური ნარატივებისა და არაფრის მომცემი ფრაზების მიქსი. შინაარსი არც თავად ექნება გასაგები“, - აცხადებს ფავლენიშვილი.
ყაველაშვილის ვიზიტი ნიუ-იორკში, მხოლოდ საჯარო გამოსვლებით არ შემოიფარგლება. დაგეგმილია შეხვედრა გაერო-ს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან, ასევე მონაწილეობა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებაში. ეს გარემოებები აჩენს კითხვას - შეძლებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი, თუნდაც კულუარებში, შეახვედროს საკუთარი გზავნილები აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას და გამოიყენოს ვიზიტი უფრო კონკრეტული პოლიტიკური შედეგებისთვის.
მმართველი გუნდისთვის ყაველაშვილის გამოსვლა შესაძლებლობაა, კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს საქართველო მშვიდობისა და სტაბილურობის მომხრე ქვეყნად. ოპოზიციისთვის კი ეს ვიზიტი „შაბლონური და არაფრის მომცემი“ ნაბიჯია, რომელიც საერთაშორისო ფორუმზე მხოლოდ ფორმალურად დაფიქსირდება.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-თან ამბობს, რომ ანტიეროვნული ძალები, რომლებიც თავს ოპოზიციად ასაღებენ, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის გაერო-ში სიტყვით გამოსვლის მნიშვნელობის გაბათილებას ცდილობენ. მამრაძის თქმით, იმ ძალებს, რომლებიც ამერიკაში, ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად ლობისტებს ქირაობენ, რა თქმა უნდა, ყაველაშვილის გაერო-ში მიწვევა არ გაახარებდათ.
„რა თქმა უნდა, ახლა ცდილობენ, ყაველაშვილის გაერო-ში გამოსვლა გააშავონ. საკუთარ ამომრჩეველს დააჯერონ, რომ მათი მუშაობა და ლობისტების დაქირავება ფუჭად არ არის გახარჯული. თითქოს, ყაველაშვილი იქ სკანდალური განცხადებების გასაკეთებლად ჩავიდა. პოლიტიკური ძალები, რომლებიც დღენიადაგ ამერიკაში, ჯო უილსონთან მუშაობენ და ფულის სანაცვლოდ, ქვეყნის იმიჯის, ავტორიტეტის შელახვას ცდილობენ, ყოველდღე ახორციელებენ მავნებლურ საქმიანობას სახელმწიფოს წინააღმდეგ, გასაკვირი არაფერია. მათი ეს პროპაგანდა არავისთვის უცხო არ არის. იგონებენ, ვითომ ყაველაშვილი რამე საოცრებას ისაუბრებს“, - ამბობს მამრაძე.
რაც შეეხება ყაველაშვილის სიტყვას და მოლოდინს, თუ რას იტყვის პრეზიდენტი, მამრაძე მიიჩნევს, რომ მისი გამოსვლა, პირველ რიგში, საქართველოს წარმოჩენას მიეძღვნება.
„პრეზიდენტი, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ფასეულობებსა და ინტერესებზე საერთაშორისო ჭრილში ღიად ისაუბრებს. რა თქმა უნდა, ისაუბრებს იმაზეც, რომ ქართველ ხალხს პრინციპები, ღირებულებები, ტრადიციები აქვს, რომელთა უგულებელყოფა დაუშვებელია. ის აუცილებლად აღნიშნავს ოჯახის ფასეულობების მნიშვნელობას, რამდენად ღირებულია ეს ქართველი ხალხისთვის. ხაზს გაუსვამს იმასაც, რომ ჩვენთვის ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპმის ღირებულებები ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია. ჩარლი კირკი სწორედ ამ ღირებულებებისა და შეხედულებების გამო მოკლეს. ყაველაშვილი, ალბათ, ისაუბრებს იმაზეც, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დიდ ძალისხმევას - არ მოხდეს მსოფლიოში ახალი კონფლიქტები და ძველი დასრულდეს - საქართველო და მისი ხელისუფლება მხარს უჭერს. საუბარი, ალბათ, იქნება იმაზეც, რომ საქართველო ღიაა პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის - იქნება ეს დასავლეთთან თუ აღმოსავლეთთან, სამხრეთთან თუ ჩრდილოეთთან. თუმცა, აქცენტს გააკეთებს იმაზე, რომ ამ პარტნიორობის კონტექსტში, საქართველოს ინტერესებს ყოველთვის დაიცავს“, - ამბობს მამრაძე.
მისივე თქმით, ყაველაშვილის ვიზიტით, ოპოზიციას ჩაეშალა მცდელობა, რომ ის და საქართველოს ხელისუფლება არალეგიტიმურად გამოეცხადებინათ.
„ამისთვის ჯო უილსონის ახალი წინადადება საკანონმდებლო ორგანოს დონეზე სურდათ დაენონსებინათ. არაღიარების პოლიტიკამ კრახი განიცადა და ოპოზიციას ამის გააზრება არ სურს. რა თქმა უნდა, თუ ყაველაშვილი შეძლებს და კულუარულად მოახერხებს კომუნიკაციას აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან და მაღალჩინოსნებთან, ასევე ტრამპამდეც მიიტანს თავის გზავნილებს, ეს ძალიან დიდი პოლიტიკური ნაბიჯი იქნება. ყაველაშვილს, როგორც სპორტსმენს წარსულში, საკუთარი ქვეყანა ღირსეულად არაერთხელ წარუდგენია. იგივე მოხდება ახლაც - პრეზიდენტის რანგში, ის ქვეყანას გაერო-ს ტრიბუნიდან ღირსეულად წარადგენს და თავს ძალიან ამაყად იგრძნობს“, - აცხადებს მამრაძე.