გახმაურებული საქმის ერთ-ერთი მოწმე პირდაპირ მიუთითებს უკრაინის სპეცსამსახურებზე, როგორც დანაშაულის შემკვეთზე. ამის მიუხედავად, ორივე პირის დაკავებისთანავე, ჯერ კიდევ იმ ეტაპზე, როცა გამოძიება მხოლოდ ერთი მუხლით იყო დაწყებული, კანონით დადგენილი წესით, საგარეო საქმეთა სამინისტროს აცნობეს. ამ უკანასკნელმა, ასევე დაუყოვნებლივ, აცნობა უკრაინის საელჩოს წარმომადგენელს, კერძოდ, ანდრეი ბილიკს, რომელსაც დადასტურებული აქვს შესაბამისი ოფიციალური გზავნილის მიღებაც. მანამდე, საქართველოში უკრაინის საელჩომ, ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენის“ უკანონო ტრანსპორტირებაში ეჭვმიტანილი, უკრაინის ორ მოქალაქესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
უკრაინის საელჩოს განცხადების თანახმად, ქართული მხარისგან არ მიუღიათ ოფიციალური ინფორმაცია მათ წინააღმდეგ ამ ბრალდებებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საელჩოს საკონსულო თანამშრომლები ყოვლისმომცველ ზომებს იღებენ, რათა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისგან მიიღონ ნებართვა უკრაინელ მოქალაქეებთან შესახვედრად.
უკრაინიდან ხუთი ქვეყნის გავლით, საქართველოში, ტროტილზე უფრო ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერება ესბეუ-ს თანამშრომლებმა გამოგზავნეს. სატვირთო ავტომანქანის მძღოლი ადასტურებს, რომ პირი, რომელმაც „ჰექსოგენი“ მანქანის ზეთად გაასაღა, უკრაინის სპეცსამსახურის თანამშრომელი, ვლადიმერ სტადნიკია. გარდა ამისა, დასტურდება, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების ადგილი ავლაბარი იყო.
ეს არის აღიარებითი ჩვენების მხოლოდ ნაწილი, რომლიც ადასტურებს საქმეში, სწორედ უკრაინის სპეცსამსახურის თანამშრომლების მონაწილეობას. არ არის გამორიცხული, რომ კვალი ყოფილ მაღალჩინოსნებამდე მივიდეს. გამოძიება ამ საქმეში გია ლორთქიფანიძისა და ბაჩო ახალიას კვალს სწავლობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გაცხადებით, უკიდურესაც შემაშფოთებელია, როდესაც უკრაინის ხელისუფლება ასეთ უხეშ დამოკიდებულებას ავლენს ჩვენი სახელმწიფოს მიმართ:
„დანარჩენი დეტალები უნდა გამოიძიოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. როდესაც საქმის კონკრეტული ფიგურანტი, დაკავებული პირი პირდაპირ აცხადებს, რომ მათ დავალება ჰქონდათ მიღებული უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისგან, როდესაც საქმის მასალებიდან, ამ ეტაპზე ვლინდება, რომ ამ ნივთიერების საბოლოო დანიშნულების ადგილი უნდა ყოფილიყო თბილისის ერთ-ერთი უბანი, ეს კიდევ მეტად აძლიერებს კითხვებს ამ საქმესთან და განზრახვასთან დაკავშირებით, რომელიც საქმის უკან დგას. დანარჩენი უნდა გამოიძიოს უსაფრთხოების სამსახურმა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში, დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერების ტრანსპორტირების ფაქტზე, უნდა დაველოდოთ გამოძიებას:
„აღიარებითი ჩვენებები, რაც მოპოვებულია, კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ მტერი არ ისვენებს, ყოველნაირი მცდელობა აქვთ, ქვეყანაში როგორმე მოახდინონ სახელმწიფო გადატრიალება, სისხლისღვრა, რევოლუცია და ხალხის დაპირისპირება. მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, თითოეულ თანამშრომელს ამ პრევენციული ღონისძიებებისთვის. როგორც ვიცი, გამოძიება მიმდინარეობს, არსებობს ძალიან ბევრი კითხვა, ამიტომ დაველოდოთ. რა თქმა უნდა, არის ძალიან მძიმე ფაქტი, როდესაც ამ ტიპის დანაშაულთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა თბილისის მერმა.
პოლიტიკის დოქტორი, პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე დარწმუნებულია, რომ „ჰექსოგენის“ საბოლოო დანიშნულება იყო ტერორისტული აქტის მოწყობა, რათა გამოეწვიათ მსხვერპლი მომიტინგეებში. მისი თქმით, რადიკალები ამ განზრახვაზე უარს არც ახლა ამბობენ და ცდილობენ ისეთი მტკივნეული რამ მოაწყონ, რამაც შეიძლება საზოგადოება გამოიყვანოს მწყობრიდან, მოხდეს უმართავი პროცესები, ანგარისწორებები.
„ის ტექნოლოგია, რომლითაც ხდება განუწყვეტელი შეურაცხოფის მიყენება - ტრადიციებზე, რწმენაზე, ოჯახზე და ყველაფერ ნორმალურზე, არ იწვევს იმ „შედეგს“, რაც მათ უნდათ და არ მოხერხდა ხალხის დიდი მასების დაჯახება იმგვარად, რომ ეს გახდეს დესტაბილიზაციის წყარო. როგორც ჩანს, აცნობიერებენ, რომ ამან ვერ იმუშავა, თუმცა დაძაბულობის მუხტი ძალიან მაღალია და აპირებენ რაღაც მსგავსის ჩატარებას. მე, როგორც ვხედავ ე.წ. ოპოზიციას, რაღაც მსგავსი სიტუაციის იმედი აქვთ, ანუ ისე დარწმუნებულები ლაპარაკობენ 4 ოქტომბერზე, იმდენად თავი გაიგიჟეს 4 ოქტომბრით, მსგავსი ჭორი დადის, რომ რაღაც მოხდება და განუწყვეტლივ იმეორებენ - 4 ოქტომებერი, 4 ოქტომბერი. მოდით, ასე ვთქვათ, ოპერეტის და ასეთი ტრაგიკომიკური, ან სულაც კომიკური პერსონაჟებისა - დაწყებული იმ ქალბატონიდან, რომელიც შვილიშვილებთან ერთად აპირებს იქ მისვლას და „ლამაზი რევოლუციის“ მოწყობას, დამთავრებული მსოფლიო ბანით, რომელიც სრულიად გავიდა მომსახურეობის ზონიდან - ყველას ერთი და იგივე ნარატივი აერთიანებთ, „4 ოქტომბერს ვიწყებთ და ვამთავრებთ“.
რას ამთავრებენ? როგორ ამთავრებენ? რომ ამთავრებენ, მერე რას აპირებენ? ვისთვის გადაბარებას აპირებენ ამ ხელისუფლების და საერთოდ, ის, რომ მათ არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვთ, არ აქვთ იმგვარი მხარდაჭერა, რომ ხელისუფლება გადაიბარონ, არც სუბიექტი არ ჰყავთ, ეს ამათ არ აწუხებთ! იმიტომ, რომ ამ ადამიანებს აქვთ ასეთი ეპიზოდური, აკაცუკური აზროვნება“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე.
მისი თქმით, ჩვენთან ჩამოყალიბდა ალოგიკური, ანუ ჰომოსაპიენსის საწინააღმდეგო ჯიშის ადამიანი, რომლებიც კანონებს გრძნობენ ტანით.
„როგორც თეა დარჩიამ თქვა, ტანით ვგრძნობ, რომ კანონი რუსული არისო, რომლებიც შინაარსშიც არ შედიან, შეგახსენებთ არასამთავროების ცნობილ დევიზს - შინაარსში და განხილვაში არ შევდივართ. ამ შეშლილობასთან გავაქვს საქმე, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ლოგიკის მიხედვით და არ მივცეთ ამათ საშუალება, რომ ჩამოგვანგრიონ თავზე ქვეყანა, ეს არის ჩვენი ამოცანა. ვინც ასე მსჯელობს, მათთვის გამზადებული აქვთ თავისი ინსტრუმენტები, რომლებიც სრულად ასახავენ მათი შეპყრობილობის მაღალ ხარისხს. ეს არის გინება, ლანძღვა, წყევლა. ეს არის ალოგიკური, ყოველგვარი კონტექსტიდან ამოგლეჯილი განწყობები, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავუშვათ ქვეყნის არევა, რაც გამოიწვევს უმართავ პროცესებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძე.