„თბილისში გამომწყვდეული“

„თბილისში გამომწყვდეული“

[პრესაგე.ტვ]

24 თებერვალს, ამერიკულმა ერთ–ერთმა ყველაზე რეიტინგულმა ჟურნალმა businessweek–მა, რომელიც Bloomberg–ის ერთ–ერთი მიმართულებაა, ვრცელი სტატია მიუძღვნა საქართველოში ებრაელი ბიზნესმენების – რონი ფუქსისა და ზევ ფრენკელის დაკავების ფაქტს. სანამ სტატიას შემოგთავაზებდეთ, შეგახსენებთ, რომ Bloomberg–ის ანალიტიკოსთა ჯგუფი, წლების წინ აქტიურად მუშაობდა მიხეილ სააკაშვილის პიარზე და ამისთვის შესაბამისი გასამრჯელოც მიიღო. თუმცა, ებრაელი ბიზნესმენების დაკავების ფაქტმა, როგორც ჩანს, „გადაწონა“ Bloomberg–ისა და სააკაშვილის „მეგობობა“, რაც უკვე ცუდად შემოუტრიალდა საქართველოს მთავრობას.

თავად რონი ფუქსისა და ზევ ფრენკელის საქართველოსთან დავა ქართულ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, რადგან წლების წინ, ბიზნესმენების მიერ, ქართულ სახელმწიფოსთან გაფორმებულმა კაბალურმა ხელშეკრულებამ ცუდ მდგომარეობაში ჩააყენა ქვეყანა. დღეს, როცა ქართული ეკონომიკა პრაქტიკულად კატასტროფის წინაშეა და ინვესტიციების მოლოდინიც ნაკლებად უნდა გვქონდეს, მთავრობისთვის რთულია 100 მლნ დოლარის გადახდა, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ებრაელი ბიზნესმენების მართებს მას.

თუმცა, ის, რაც ამ ორი ბიზნესმენის წინააღმდეგ დაგეგმა საქართველოს მთავრობამ, იმისათვის, რომ თანხა არ გადაეხადა, არაფრით უკეთეს მდგომარეობაში არ აყენებს საქართველოს. ებრაელების  საქმემ იმდენად უარყოფითი რეზონანსი გამოიწვია საერთაშორისო ასპარეზზე, რომ შესაძლოა ვივარაუდოთ, ის პოტენციური ინვესტორებიც დაკარგა ქვეყანამ, ვინც შესაძლოა, კიდევ ფიქრობდა საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაზე.    

ახლა კი, შემოკლებით გთავაზობთ სტატიას, რომელიც 24 თებერვალს Bloomberg–მა businessweek–ში გამოაქვეყნა:

გასული წლის ოქტომბერში ნავთობით მოვაჭრე და ვერშემდგარი ნავთობსადენის მაგნატმა რონი ფუქსმა უცნაური მოწვევა მიიღო საქართველოს პრემიერ მინისტრ ნიკა გილაურისაგან. გილაურმა ფუქსს სთხოვა ბათუმში ჩასულიყო, რათა მათ „დაესრულებინათ მორიგება“ 100 მილიონი დოლარის კომერციულ დავაზე. ამ თანხას რონი ფუქსი საქართველოს მთავრობისაგან ბოლო 15 წელია ითხოვს.

„ეს შეხვედრა შესაძლებლობას მოგვცემს განვიხილოთ დავის ყველა დეტალი და ის აუცილებლად დადებითად აისახება დავის დროულად მოგვარებაზე“ – წერს ნიკა გილაური (წერილი ინგლისურადაა). წერილი შესრულებულია სახელმწიფოს ოფიციალურ სატიტულო ფურცელზე და აქვს ოფიციალური ბეჭედი. წერილს ხელს აწერს გილაური თავისი ხვეული ხელწერით.

ფუქსმა გადაწყვიტა საქართველოში ჩასვლა. ებრაელი ბიზნესმენი ინვესტიციებს ახორციელებს თურქეთში და ასევე არის თურქეთის საპატიო კონსული. ეს არის არაოფიციალური დიპლომატიური ტიტული, რომელიც ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში დახმარების მიზნით მიენიჭა ფუქსს. იგი ენერგორესურსების ტრეიდერად მუშაობდა ნიუ იორკში 15 წლის მანძილზე და თავს თვლის ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესის მეგობრად. ფუქსმა გილაურის წერილი იმის სიგნალად მიიჩნია, რომ საქართველო უკვე მზად იყო საბოლოოდ მოეგვარებინა დავა, რომელიც 1991 წელს მოსკოვისაგან გამოყოფის შემდეგ საქართველოს ქაოტურ ისტორიაში მიდის.

ბათუმისკენ მიმავალი ფუქსი ფიქრობდა, რომ მას მოლაპარაკებაზე ძლიერი პოზიცია ექნებოდა, მითუმეტეს, რომ 2010 წლის მარტში ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლომ  თბილისის მთავრობას ფოქსისა და მისი ბერძენი პარტნიორისათვის 98 მილიონი დოლარი და მასზე დარიცხული პროცენტების გადახდა დააკისრა. ეს იყო სახელმწიფოს მიერ 90-იანების შუა პერიოდში ფუქსისა და მისი ბერძენი პარტნიორისათვის ჩამორთმეული ნავთობსადენის პროექტის ღირებულება. საქართველოს, რა თქმა უნდა, არ სურდა აღნიშნული თანხის გადახდა და დაიწყო არბიტრაჟის შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილების გასასასაჩივრებლად მზადება.

2010 წლის სექტემბერში ფუქსი სტამბულის მდიდრული სასტუმროს ნომერში საქართველოს წარმომადგენლებს შეხვდა მოსალაპარაკებლად. დაახლოებით 4–საათიანი ჭიდილისა და კონიაკის დიდი რაოდენობით შთანთქმის შემდეგ, მხარეებმა მიაღწიეს სიტყვიერ შეთანხმებას – სასამართლო დავის გაგრძელების ნაცვლად, საქართველო ფუქსს გადაუხდიდა შემცირებულ თანხას – 72 მილიონ დოლარს – მხოლოდ პირობით, რომ 72 მილიონის მიღების შემდეგ ფუქსი 7 მილიონს უკან დაუბრუნებდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს „ატკატის“ სახით. ასეთი ეთიკა ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში არ ისწავლება. თუმცა, ფუქსი ამან არ შეაჩერა.

ასე რომ,  ფუქსს საბოლოო შემოთავაზება ჰქონდა გილაურისგან, რომ „დაესრულებინათ მორიგება“. ფუქსისგან მხოლოდ ის მოითხოვებოდა, რომ ის უნდა ჩასულიყო ბათუმში, ხელი ჩამოერთმია ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის ტელევიზიების წინაშე და ხელი მოეწერა რამდენიმე ქაღალდისათვის, რათა ამ ყველაფერს ოფიციალური სახე ჰქონოდა.

თუმცა, ყველაფერი არც ისე მარტივი აღმოჩნდა. როდესაც ფუქსი და მისი ებრაელი მეგობარი ზეევ ფრენკელი ბათუმში ჩავიდნენ, მათ დაახვედრეს ფინანსთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული დიდებული სუფრა და გაუმასპინძლდნენ. ხელმოწერის ცერემონიის დაწყებამდე მინისტრის მოადგილემ ფუქსს სთხოვა, რომ რესტორნის ზემო სართულზე ასულიყვნენ რათა ესაუბრათ პრესისათვის გასაკეთებელი კომენტარების შესახებ.

მაშინ როცა ფუქსის ადვოკატებს ხელისუფლების წარმომადგენლები სუფრასთან საუბრით ართობდნენ, ფუქსსა და ფრენკელს განუცხადეს, რომ ისინი დაპატიმრებულნი იყვნენ. ნიკა გილაურის წერილი და 3 თვიანი მოლაპარაკებების ოპერაცია მხოლოდ სატყუარა იყო. სტამბულის შეხვედრა ფარული კამერით იყო ჩაწერილი.

ფუქსი და ფრენკელი ცალ–ცალკე ოთახებში გაამწესეს, ისინი გაჩხრიკეს, ჩამოართვეს პასპორტები და ვიდეოკამერის წინ დაკითხეს. ვიდეოჩანაწერში ჩანს ფუქსი, რომელიც ქართველ პროკურორს უყურებს. პროკურორი მის საფულეს ჩხრეკს და მისი საფულედან ამოღებულ ფულს ითვლის. პროკურორი ფუქსის ნივთებს აკურატულად ალაგებს ცელოფნის პარკში, რომელიც ნივთმტკიცებებისთვისაა განკუთვნილი.

2008 წლის მოკლე და დამანგრეველი ომის შემდეგ თბილისის მთავრობამ გააორმაგა მცდელობები გარე ინვესტიციების მოსაზიდად. ეს არ არის ადვილი საქმე. ქვეყანას, რომელიც სამხრეთ კაროლინაზე ოდნავ პატარაა, 4.6 მილიონი მოსახლეობა ჰყავს. აქედან 200 000 რუსეთთან კონფლიქტის გამო დევნილი მოსახლეობაა. მისი მთლიანი შიდა პროდუქტი  4,400 დოლარია, რითაც იგი 149-ე ადგილს იკავებს მსოფლიოში. ეს მონაცემები 2009 წელს 7 პროცენტით შემცირდა. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ქვეყანამ ომის შემდეგ ეკონომიკის მთლიანი გაჩანაგება საერთაშორისო დახმარების შემწეობით მოახერხა. ეს დახმარება ჯამში 4.6 მილიარდს შეადგენს, აქედან 1 მილიარდი აშშ-მ გაიღო.

მისი ზომის მიუხედავად, ქვეყანა აშშ-საგან და დასავლეთისაგან ერთი შეხედვით არაპროპორციულ ყურადღებას იპყრობს. ეს დიდწილად გამოწვეულია მისი მდებარეობით. საქართველო აკონტროლებს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ფოთის პორტს შავ ზღვაზე და კავკასიონის მთების დიდ ნაწილს, რომელიც რუსეთს სამხრეთიდან ესაზღვრება. თბილისის მთავრობა ისეთივე დემოკრატიულია, როგორც სხვა მთავრობები ამ რეგიონში და იგი უფრო პროამერიკულია, ვიდრე მისი მეზობლები. თბილისის აეროპორტისაკენ მიმავალი მთავარი გზა პრეზიდენტ ბუშის სახელს ატარებს.

თუმცა, ქვეყნის ქალაქგარე ნაწილი ძირითადად, ღარიბია, თბილისი სავსეა მზარდი საცხოვრებელი კომპლექსებით, ფართო სავაჭრო ბულვარებით, მომხიბვლელი რესტორნებითა და გალერეებით და მთვლემარე მართლმადიდებლური ეკლესიებით, რომელიც საბჭოთა სისტემამ ბოლომდე ვერ დაიმორჩილა.

თბილისში ასევე ყვავის კრონიზმი (ახლო მეგობრების სახელისუფლებო თანამდებობებზე დანიშვნა) და მექრთამეობა. გასულ წელს საქართველომ დიდი ფული დახარჯა CNN-ზე და BBC-ზე თავისი რეფორმის მცდელობების გასარეკლამებლად. სარეკლამო კამპანია, რომელიც Volt Street Journal–ში ვრცელდება, საქართველოს აღწერს როგორც „მსოფლიოს N1 ქვეყანას კორუფციასთან ბრძოლის საქმეში.“

ზოგიერთები კი საქართველოს ბიზნეს-კლიმატს არცთუ ოპტიმისტურად უყურებენ. Transparensi International–ის 2010 წლის მაისის დასკვნაში საქართველოს მთავრობა დადანაშაულებულია ე.წ. „საგადასახადო ტერორიზმში“, რაც იმას გულისხმობს, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად იყენებს ფინანსურ პოლიციას მეწარმეების დასაშინებლად და მოსამსახურეების ციხეში ჩასასმელად – რაც აქტიურად გამოიყენება დამატებითი შემოსავლებისა და ჯარიმების წყაროდ.

„მთავრობა დაუყოვნებლივ მიმართავს თავისუფლების აღკვეთის ზომას ისეთ ქმედებებზეც კი, რაც დასავლეთში მსუბუქ სამოქალაქო და საგადასახადო დარღვევებად ითვლება“ – ამბობს დევიდ ლი „თბილისი მარიოტში“ შემდგარ გამოსვლაში. საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის დირექტორი დევიდ ლი ასევე არის ამერიკის მფლობელობაში არსებული „მაგთიკომის“ გენერალური დირექტორი. იგი აღწერს „რამდენიმე შემთხვევას“ მხოლოდ გასულ წელს, როცა უცხოური კომპანიების თანამშრომლები დააპატიმრეს და სასამართლოც კი არ გაუმართეს თვეების განმავლობაში. „ადგილობრივი ბიზნესი კი გაცილებით ადვილად დასაჩაგრია“, – ამბობს დევიდ ლი.

ხელისუფლების წარმომადგენლების გულისწყრომის თავიდან ასაცილებლად კი დევიდ ლი იქვე დასძენს, რომ „რეგიონში სხვა მეზობლებთან შედარებით, ეს ქვეყანა აღსანიშნავია, რომ წარმატებებს აღწევს კორუფციასთან ბრძოლაში“. კითხვაზე თუ ფუქსის საქმე რა მესიჯებს აგზავნის ბიზნეს-სფეროების მიმართულებით, ლი პასუხობს რომ ეს ქეისი „არავის არაფერში არგებს.“

მათი დაპატიმრების შემდეგ 14 ოქტომბერს, ფუქსი და ფრენკელი თბილისის ცენტრში საკნებში გადაიყვანეს. მათ უარი უთხრეს გირაოთი გათავისუფლებაზე და გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ 5 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. თითოეულს თვეში მხოლოდ 15 წუთიანი სატელეფონო ზარის საშუალებას აძლევენ ოჯახთან დასაკავშირებლად. ორივენი ყოველი კვირის ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს ატარებენ ცივ და ჩაბნელებულ სასამართლო დარბაზებში ქრთამის მიცემის ბრალდებით გამართულ პროცესებზე. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მათ 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ფუქსს შთამბეჭდავი დაცვა ჰყავს – გარდა ცნობილი ქართული იურიდიული ფირმისა, მისი დაცვის გუნდში ასევე შედის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ყოფილი თეთრი სახლის მრჩეველი გრეგორი ქრეიგი, რომელიც ამჟამად ქალაქ ვაშინგტონის იურიდიული ფირმის სკადენ, არპს, სლეიტ, მიგერ და ფლომის პარტნიორია. გარდა ამისა, მის გუნდში შედის ასევე ჯეფრი რობერტსონი, დედოფლის მრჩეველი ლონდონიდან, რომელიც ამავდროულად ჯულიან ასანჯის ინტერესებს იცავს შვედეთში ექსტრადიციასთან დაკავშირებით. თუმცა, მაინც, ფუქსის და ფრენკელის შანსები პროცესის მოგებაზე ძალიან დაბალია.

2010 წელს თბილისში გასამართლებული ბრალდებულების 99.96 პროცენტი დამნაშავედ სცნეს და სხვადასხვა სასჯელები მიუსაჯეს. ეს სტატისტიკა მოწოდებულია ცივილ.გე-ს მიერ.

ფუქსს ციხიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლების მხოლოდ ერთი შანსი აქვს – მან ალბათ უარი უნდა თქვას საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე. მისი იურისტების თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელმა ისრაელის ელჩს პრივატულად განუცხადა ოქტომბერში, რომ ფუქსი თავისუფლების მოპოვებას 100 მილიონ დოლარზე უარის თქმის სანაცვლოდ შეძლებდა.

ფუქსმა უარი განაცხადა. „ჩვენ აქ მძევლებად ვართ აყვანილი და საქართველოს მთავრობა ჩვენს გამოსასყიდად 100 მილიონ დოლარს ითხოვს. ჩვენ ამ ფულს არ გადავიხდით“ – ფუქსმა განუცხადა რეპორტიორს, რომელიც გასულ თვეში ფუქსის პროცესს დაესწრო თბილისში. ფუქსს აკრძალული აქვს ჟურნალისტებთან ურთიერთობა, თუმცა მან ამ მესიჯის მიწოდება რეპორტიორისადმი მისი ქართველი იურისტის, არჩილ კბილაშვილის, დახმარებით მოახერხა.

საქართველოში ცნობილი ერთ-ერთი დიპლომატი ადასტურებს, რომ ფუქსს ციხიდან გაათავისუფლებენ, თუ იგი უარს იტყვის 100 მილიონზე. დიპლომატმა არ ისურვა საკუთარი ვინაობის საჯაროდ გამხელა, მას არ სურს ხელისუფლების გაბრაზება.

რაც არ უნდა იყოს ფუქსის საქმის შედეგი,  მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში და ყოფილი საბჭოთა იმპერიის სხვა ქვეყნებში ბიზნესის წარმოება საშიში მოულოდნელობებითაა სავსე. ფუქსი აცხადებს, რომ იგი მთავრობამ ანკესზე წამოაგო, რათა 100 მილიონის გადახდა თავიდან აეცილებინა.

„ნებისმიერი ვინც ფიქრობს საქართველოში ბიზნესის წარმოებაზე, უნდა გაფრთხილდეს“ – ამბობს ადვოკატი ქრეიგი – „ბიზნესი შეგიძლიათ აწარმოოთ საკუთარი რისკის ხარჯზე“.