თსუ-ს რექტორად კვიტაშვილის არჩევის კანონიერებას სასამართლოში ასაჩივრებენ

თსუ-ს რექტორად კვიტაშვილის არჩევის კანონიერებას სასამართლოში ასაჩივრებენ

[მარი ოთარაშვილი, ”რეზონანსი”] 

თბილისი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად სანდრო კვიტაშვილის არჩევის შესახებ არ არსებობს წარმომადგენლობითი საბჭოს დადგენილება აკადემიური საბჭოს დადგენილების დამტკიცების შესახებ და, რაც ყველაზე საინტერესოა, არ არსებობს თსუ-ის რექტორის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი. აქედან გამომდინარე, 27 დეკემბერს ჩატარებულ რექტორის არჩევნებს პროფესურის გარკვეული ნაწილი არალეგიტიმურად თვლის და სასამართლოში ჩივილსაც კი აპირებს. 

თსუ-ის ოფიციალური ინფორმაციით, 27 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ თსუ-ის რექტორად ალექსანდრე კვიტაშვილი აირჩია. საბჭოს12 წევრმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო. 

ალექსანდრე კვიტაშვილის კანდიდატურა რექტორობის 5 მსურველს შორის შეირჩა.

“აკადემიურმა საბჭომ გამოხატა თავისი დამოკიდებულება, ჩვენ ერთხმად ავირჩიეთ ალექსანდრე კვიტაშვილი. უნივერსიტეტში გასაკეთებელი ძალიან ბევრია და ვფიქრობ აღნიშნულ გამოწვევებს ყველაზე მეტად სწორედ ჩვენს მიერ არჩეული კანდიდატი გაართმევს თავს”, - აღნიშნა აკადემიური საბჭოს წევრმა ნანა გაფრინდაშვილმა.

არჩევნების შემდეგ საბჭოს წევრებმა იმ კრიტერიუმებზეც ისაუბრეს, რომლის მიხედვითაც რექტორად ალექსანდრე კვიტაშვილი აირჩიეს. 

“ერთი თვის განმავლობაში ჩვენ შევისწავლეთ ყველა კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა და ჩვენი არჩევანი ბატონ ალექსანდრეზე შევაჩერეთ. არჩეული რექტორი არის თანამედროვე, შედეგზე ორიენტირებული და მაღალი პროფესიული უნარ-ჩვევების მქონე მენეჯერი, ვფიქრობ სწორედ ასეთი რექტორი სჭირდება დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტს”, - განაცხადა აკადემიური საბჭოს წევრმა მარიამ გერსამიამ. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ რიგით 27-ე რექტორი - ალექსანდრე კვიტაშვილი 4 წლის ვადით აირჩია. ამასთან ერთად არჩეული რექტორი აკადემიური საბჭოს მეცამეტე წევრი და საბჭოს თავმჯდომარე გახდება. 

“ჩემი გამარჯვება პირველ რიგში უდიდეს პასუხისმგებლობას მაკისრებს. მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მეძლევა განვიხილო და ვიმუშაო ყველა იმ საკითხზე თუ პრობლემაზე, რომელიც უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის რანგში, ჩემი სამთვიანი მოღვაწეობის დროს შევიტყვე. ვეცდები ვიყო სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების და უნივერსიტეტის ყველა თანამშრომლის გვერდით, რათა ერთად ვიზრუნოთ უნივერსიტეტის წარმატებულ მომავალზე”, - აღნიშნა რექტორმა ალექსანდრეკვიტაშვილმა. 

თსუ-ის საარჩევნო კომისიამ უნივერსიტეტის რექტორობის 6 კანდიდატი (ალექსანდრე კვიტაშვილი, მარიამ ცაცანაშვილი, გიორგი ჭინჭარაული, გიორგი ლილუაშვილი, თეიმურაზ ურუშაძე, ნიკოლოზ ლილუაშვილი) გაატარა. ერთ-ერთმა კანდიდატმა - გიორგი ჭინჭარაულმა საკუთარი კანდიდატურა არჩევნების დაწყებამდე მოხსნა.

მათგან ერთ-ერთმა, გიორგი ლილუაშვილმა თსუ-ის წარმომადგელობითი საბჭოს (სენატის) სახელზე საჩივარი დაწერა და სენატისგან მოითხოვა, არ დაემტკიცებინა აკადემიური საბჭოს დადგენილება კვიტაშვილის გარექტორობის შესახებ, რადგან ეს არამართებული იქნებოდა. 

საამისოდ კი ლილუაშვილს რამდენიმე არგუმენტი ჰქონდა: რექტორობის კანდიდატი კვიტაშვილი თსუ-ს რექტორის არჩევნების სიიდან უნდა ამოღებულიყო, რადგან მას საარჩვენო კომისიის 55-ე დადგენილებით რექტორის უფლებამოსილება უნდა შეწყვეტოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. 

ლილუაშვილისვე განცხადებით, რექტორის არჩევნები საარჩვენო კომისიის მიერ შექმნილი დებულების მიხედვით არ ჩატარებულა, რადგან ეს დებულება ფიზიკურად არ არსებობდა. გარდა ამისა, არჩევნების შემაჯამენელი ოქმი არ არსებობს და კანდიდატებისთვის საჯარო ინფორმაცია წინასაარჩევნოდ მიუწვდომელი იყო. ლილუაშვილის განცხადებაში ისიც წერია, რომ დღემდე არ არის გამოცემული საარჩევნო კომისიის სხდომების ოქმი. 

“იმ ფაქტს, რომ კვიტაშვილი აკადემიური საბჭოს ხელმძღვანელი იყო, ამას დიდი მტკიცებულება არ სჭირდება. შედით უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე და ნახავთ მის მიერ გაცემულ ბრძანებებს და დადგენილებებს წინასაარჩევნო პერიოდში. მტკიცებულება, რომელსაც მე წარმოგიდგენთ, ადასტურებს მისი როგორც აკადემიური საბჭოს ხელმძღვანელობას, აგრეთვე, იმ გარემოებას, რომ მის დაქვემდებარებაში იყო საარჩევნო კომისიაც,” - აცხადებს”რეზონანსთან” საუბრისას თავად გიორგი ლილუაშვილი. 

ყოველივე ამის შემდეგ ლილუაშვილი ასკვნის, რომ ეს არჩევნები არალეგიტიმურია.

გიორგი ლილუაშვილი: “არალეგიტიმურია, რადგან სერიოზული ტიპის დარღვევებია. მარტო ის არის დიდი დარღვევა, რომ რექტორის არჩევნების დებულება არ არსებობდა.

“მნიშვნელოვანია ისიც, რომ რექტორობის კანდიდატები თანასწორი უფლებებით არ სარგებლობდნენ. ყველაზე დიდი დარღვევა კი ის იყო, რომ კვიტაშვილი აკადემიური საბჭოს უშუალო ხელმძღვანელი იყო. შესაბამისად, რასაც უბრძანებდა წევრებს, იმას გაკეთებდნენ.

“დარღვეულია უნივერსიტეტის შიდა წესდებაც: ადმინისტრაციულ თანამდეობაზე მყოფ პიროვნებას არ უნდა მიეღო მონაწილეობა ერთი საარჩევნო ვადის განმავლობაში (ანუ რექტორობის არჩევნებში). სამწუხარო ის არის, რომ ეს ყველაფერი უგულებელყვეს.

“საგულისხმოა ისიც, რომ კენჭისყრაც არ იყო ფარული. ყოველ შემთხვევაში, გამოვიდა აკადემიური საბჭოს ერთ-ერთი წევრი და ხმამაღლა განაცხადა, რომ კვიტაშვილს მისცა ხმა. თუ ღია იყო არჩევნები, მაშინ ფარულობა რაღა საჭირო იყო?!”

მისივე თქმით, არჩევნების ჩატარების შემდეგ უნდა შემდგარიყო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი. 

“შემაჯამებლი ოქმი უნდა ყოფილიყო რექტორის არჩევნების საფუძველი. აკადემიურ საბჭოს ეს დადგენლება უნდა მიეღო შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე. აკადემიურმა საბჭომ კი შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე კი არ მიიღო დადგენილება, არამედ უნივერსიტეტის წესდების გარკვეული მუხლების საფუძველზე. 

“შემაჯამებელი ოქმი კი დღემდე არ არსებობს. ჩემი წარმომადგებელი ახლაც ითხოვს, მაგრამ არ უგზავნიან, რადგან ფიზიკურად არ არის. რომ ყოფილიყო, ამას აქამდე გაათვალსაჩინოებდნენ. 27 დეკემბრიდან (ანუ არჩევნების ჩატარების დღიდან) დიდი დრო გავიდა, მაგრამ ეს დოკუმენტები მაინც არ არის,” - აცხადებს “რეზონანსთან” საუბრისას რექტორობის კანდიდატი. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ლილუაშვილმა უნივერსიტეტისგან მოითხოვა ინფორმაცია როგორც არჩევნების, ასევე უნივერსიტეტის მთლიანი ბიუჯეტის შესახებ:

“არც ერთი მოგვცეს და არც მეორე. ჩვენთვის საინტერესო იყო, უნივერსიტეტმა თითოეული კანდიდატისთვის რა თანხა გამოყო. მაგრამ ეს დამალეს. ეჭვი გვაქვს, რომ ამისთვის გამოყოფილი თანხები უნივერსიტეტში ვიღაცებმა მიითვისეს.”

“რეზონანსი” ყოველივე ამის შესახებ რექტორობის სხვა კანდიდატს, იურისტ მარიამ ცაცანაშვილს ესაუბრა. 

მარიამ ცაცანაშვილი: “ეს აქტები თუ არ არსებობს, რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა და სამართლებრივად გაუმართავია. მაგრამ არის ფაქტობრივი მდგომარეობა, რომლის მიხედვითაც ადამიანი არჩეულია და გამოსცემს აქტებს. თუკი მართლაც არ არსებობს ოფიციალური დოკუმენტები წესრიგში, დაინტერესებულმა პირებმა სასამართლოს უნდა მიმართონ.” 

ლილუაშვილი ამბობს, რომ მის მიერ ხსენებეული დარღვევების შესახებ სასამართლოში ჩივილს აუცილებლად აპირებს.

გიორგი ლილუაშვილი: “სასამართლოში სარჩელი ჯერ არ არის შეტანილი იმის გამო, რომ სასამართლომდე გარკვეული ეტაპების გავლაა საჭირო. ამ ეტაპებს თანმიმდევრობით გავივლით და აუცილებლად გავასაჩივრებთ. ჯერ სამინისტროში ვაპირებთ გასაჩივრებას და შემდეგ სხვადასხვა ინსტანციებში გადავალთ.”

თავად თსუ-ს აკადემიური საბჭოს წევრებს, რომლებმაც აირჩიეს რექტორი, მიაჩნიათ, რომ არჩევნები რიგიანად და წესების დაცვით ჩატარდა. 

ელიზბარ ნადარაია, თსუ-ს აკადემიური საბჭოს ერთ-ერთი წევრი: ”რექტორის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი, რა თქმა უნდა, არსებობს. არჩევნების შედეგებს აკადემიური საბჭოს ყველა წევრმა მოაწერა ხელი და ოქმია ეს, აბა სხვა რა არის?!”