ხუთი დაკავებული და ორი ძებნილი - ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე გახსნილია. სპეცოპერაცია მთაწმინდაზე, ძმებ მიქაძეების საცხოვრებელ სახლში ჩატარდა. დაკავებულია გიორგი მიქაძე, მას გამოძიება შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებას, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-გასაღებას ედავაბა. მასთან ერთად, დაკავებულია გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. დაუსწრებლად პასუხისგებაში მისცეს გიორგი მიქაძის ძმა, დავით მიქაძე და კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი გავლენიანი წევრი, გიორგი ჯოხაძე.
ცნობილია გახმაურებული მკვლელობის მოტივითც. ძმებ მიქაძეებს, ბიზნესსაქმიანობის გამო, დაპირისპირება ჰქონდათ ლევან ჯანგველაძესთან, რის გამოც, მისი მკვლელობა დაგეგმეს და იარაღი, რომლითაც ლევან ჯანგველაძე მოკლეს, დაქირავებულ მკვლელს, გელა უძილაურს გადასცეს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის განცხადებით, გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას ამ ეტაპზე დაუდგენელი პირების და მათი არსებობის შემთხვევაში, პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
გამოძიებით დადგინდა, რომ ძმები - დავით და გიორგი მიქაძეები, ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებულ, ასევე სხვადასხვა საკითხებზე დაპირისპირებულები იყვნენ ლევან ჯანგველაძესთან და გააჩნდათ პირადი მტრული მოტივი მის მიმართ, რის გამოც მისი შეკვეთით მკვლელობა დაგეგმეს. დაპირისპირებაში მყოფი პირები დაუკავშირდნენ გიორგი ჯოხაძეს და დანაშაულის სისრულეში მოყვანის მიზნით, პირის მოძიებაში დახმარება სთხოვეს.
დანაშაულში ჩართული პირების მონაწილეობით, მოძიებულ იქნა პირი, კერძოდ, გიორგი ჯოხაძის პირადი დაცვის თანამშრომელი, რომელიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ, დაგეგმილ მკვლელობას სისრულეში მოიყვანდა. ასევე დგინდება, რომ გიორგი ჯოხაძემ და გიორგი კაჭკაჭიშვილმა შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები, რომელთაგან ერთ-ერთი საბოლოოდ, ძმები მიქაძეების მეშვეობით, გიორგი უძილაურს გადაეცა, ჯანგველაძის მკვლელობის განხორციელების მიზნით.
დავალება გიორგი უძილაურმა სისრულეში 14 მარტს მოიყვანა. ჭავჭავაძის გამზირზე ჩაუსაფრდა ლევან ჯაგველაძეს, რომელიც ახლობლის პანაშვიდზე იმყოფებოდა და ადგილზე მოკლა, ხოლო მის თანმხლებ პირს მიაყენა სხეულის დაზიანება. საქმეზე ჩატარებულ იქნა მთელი რიგი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, გამოიკითხა ათეულობით მოწმე, მათ შორის, დაკავებული მამუკა ბაღდავაძე, რომელმაც ცრუ ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას და დაფარა დანაშაული. ამოღებული და გაშიფრულია ათობით საათის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, დანიშნულია ექსპერტიზები, ჩატარებულია მობილური ტელეფონებისა და მათი მომსახურე ანძებიდან ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება, ამოღებულია არაერთი ნივთიერი მტკიცებულება.
არაოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება დანაშაულის შემკვეთზე, უშუალოდ უძილაურის ჩვენების საფუძველზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ ძმები მიქაძეები, კვალის დაფარვის მიზნით, ლევან ჯანგველაძის პანაშვიდზე და გასვენებაშიც იმყოფებოდნენ. მოკლული ჯანგველაძე, რომელიც ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა იყო, გავლენითა და ავტორიტეტით სარგებლობდა რუსეთში. ის დიდი გავლენით საგებლობდა რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან და იყო ერთადერთი ქართველი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ნდობით საგებლობდა. ჯანგველაძე იყო ის ადამიანი, რომელიც ჩართული იყო ქართულ-რუსული და ქართულ-აფხაზური საკითხის მოგვარებაში.
ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, ისინი მკვლელობის დღიდან საუბრობდნენ, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობა იყო შეკვეთილი. მისი თქმით, აკრიტიკებდნენ გამოძიებას, რომელიც მიმართული იყო იმისკენ, რომ შემკვეთებისთვის ხელი დაეფარებინა.
„პირველივე დღიდან ვსაუბრობდით იმაზე, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა. თვეების განმავლობაში ვაკრიტიკებდით გამოძიებას, რომელიც არ მიმდინარეობდა სწორი მიმართულებით, პირიქით, მიმართული იყო იმისკენ, რომ შემკვეთებისთვის ხელი დაეფარებინათ და საქმიდან გამოერიცხათ, რათა დამკვეთები პასუხისგებაში არ ყოფილიყვნენ მიცემულნი. ჩვენ, ასევე, მოვითხოვეთ პროკურორის აცილება, რომელიც ჩვენი ღრმა რწმენით, იყო დაინტერესებული პირი საქმის შედეგით, მისი მიზანი იყო მხოლოდ გელა უძილაური ყოფილიყო პასუხისგებაში მიცემული და ჩაეფარცხა აღნიშნული უმძიმესი დანაშაული.
რა თქმა უნდა, პროკურორის აცილების შემდეგ, გამოძიება სწორ გზას დაადგა. შეიცვალა კვალიფიკაცია, გამოძიება გაგრძელდა შეკვეთილი მკვლელობის მუხლით და ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომელიც აქამდე უნდა ჩატარებულიყო. მრავალ შეკითხვას გაეცა პასუხი. გამოძიება გრძელდება. საქმესთან დაკავშირებით, გარკვეულ სიახლეებს ველოდები. როდესაც სხვა კითხვებსაც გაეცემა პასუხი, ასევე, როდესაც საქმის ახალ მასალებს გავეცნობი, მე უკვე საზოგადოებას ჩავაყენებ საქმის კურსში ყველა დეტალთან დაკავშირებით. არის რაღაც დეტალები, რომლებზეც გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე, დღეს ვერ ვისაუბრებ“, - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.