სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებული „მოსავლის მართვის კომპანია“ 2025 წლის რთველზე 40-50 ათასი ტონა ყურძნის შესყიდვასა და გადამუშავებას გეგმავს. კომპანია ხელშეკრულებებს გააფორმებს კახეთის რვა რაიონში მდებარე 25-მდე ღვინის ქარხანასთან, რომლებიც უშუალოდ განახორციელებენ ჩაბარების პროცედურას. ამასობაში, ქართული ღვინის ექსპორტი შემცირდა, თუმცა ამას თავისი ლოგიკური ახსნა აქვს. პრობლემა უფრო მეტად იაფი და დაბალხარისხიანი პროდუქციის ექსპორტია.
„შპს „მოსავლის მართვის კომპანიის“ მიერ წინა წლების პრაქტიკიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, 40-50 ათასი ტონა ყურძნის მიღება-გადამუშავება ხორციელდება სხვადასხვა კერძო ღვინის ქარხნებში დაქირავებული სიმძლავრეებით, რომელთა სართველოდ მომზადება მოითხოვს წინასწარ, ავანსის სახით თანხების გაცემას, სხვადასხვა დამხმარე მასალების, სათადარიგო ნაწილების და ტექნიკური აღჭურვილობის შესაძენად, რის გამოც შპს „მოსავლის მართვის კომპანიის“ მიერ განხორციელებულ შესყიდვებზე არ უნდა გავრცელდეს წინასწარ ანგარიშსწორებაზე გარანტიის წარდგენის ვალდებულება.
მომსახურების (ყურძნის გადამუშავების, მიღებული სითხეების სპირტად გამოხდისთვის საჭირო მანქანა-დანადგარების ქირავნობა) უზრუნველყოფას შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ახორციელებს კახეთის რვა რაიონში განაწილებულ 20-25 ქარხანაში, რომელთა სხვა ალტერნატიული ვარიანტი რაიონებში არ არსებობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ბიუჯეტი ჯამურად 81 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც უმეტესი ნაწილი, სწორედ რთველის სუბსიდიაზე მოდის. ფაქტია, რომ ქვეყანაში ყურძნის ჭარბწარმოებაა და არ არის ამის საჭიროება. ამას მოწმობს ისიც, რომ სულ ახლახან სახელმწიფო ღვინის კომპანიამ, რომელიც ღვინის მარაგებს ფლობს, 100 მილიონი ლარის ღვინო ჩამოწერა და მესამედი ფასი დაადო, რომ იქნებ გაყიდოს. იმდენად ჭარბია წარმოება, რომ ფიზიკურად ჭურჭელი არ არის საკმარი, რომ ამდენი ღვინის და ყურძნის დაბინავება იყოს შესაძლებელი.
ფერმერთა ასოციაციის სერტიფიცირების სპეციალისტის, ილია კუნჭულიას შეფასებით, სუბსიდირების ფარგლებში, 1 კგ ყურძნის ჩაბარება ფერმერებს წლებია 1 ლარის ფარგლებში უწევთ. ეს კი იმდენად დაბალი ღირებულებაა, რომ მევენახე მოგებაზე ვერ გადის.
„1 ლარი რომ ღირს ყურძენი, ფერმერები მოგებას ვერ ნახულობენ, რადგან წარმოების ხარჯებს მიუახლოვდნენ. 10-15 წლის წინ, როცა 1 ლარი ღირდა ჩაბარება, არც სასუქი ღირდა ამდენი, არც კრეფის ფასი იყო ამხელა, არც სხვადასხვა მომსახურება უჯდებოდა ფერმერს ამდენი... მთელი წელი ფერმერი ხარჯავს ფულს იმისთვის, რომ წლის ბოლოს დახარჯული თანხა ერთიანად აიღოს - მოგებაზეც კი არ არის საუბარი. სეტყვა ან სხვა სტიქიური უბედურება რომ მოხდეს, ფერმერი მიდის ზარალში“, - აღნიშნავს კუნჭულია.
მისი აზრით, სუბსიდირების პროგრამიდან სახელმწიფო თანდათან უნდა გამოვიდეს.
„ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია, რომ მთავრობა გამოვიდეს სუბსიდირების პროგრამიდან და შეეცადოს, გააუმჯობესოს სარწყავი სისტემა, მოსავლის აღების ნაწილში დაეხმაროს ფერმერებს და ხელი შეეწყოს, რომ ღვინო თავად აწარმოონ, რათა არ იყვნენ მთლიანად ყურძნის ჩაბარებაზე დამოკიდებული“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ კუნჭულიამ.
საბოლოოდ კი, ქართული ღვინო, მართალია, საექსპორტო მოცულობით ყოველთვის თავს იწონებს, მაგრამ წლებია, დიდი რაოდენობით იაფი სეგმენტის ღვინო გადის ექსპორტზე. ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის ინფორმაციით, 2025 წლის ექვს თვეში, საქართველოდან ექსპორტზე 122 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, რაც წლიურად, 22%-ით შემცირებული მაჩვენებელია. კლების მთავარი მიზეზი რუსეთის მხრიდან შარშან მაისში ალკოჰოლურ სასმელებზე გაზრდილი აქციზია. სამანიშვილის პროგნოზით, მომდევნო პერიოდში ღვინის ექსპორტი, სავარაუდოდ, ძველ მაჩვენებლებს დაუბრუნდება, თუმცა გამოწვევად კვლავ რჩება შედარებით დიდი რაოდენობით იაფი სეგმენტის ღვინის ექსპორტი.
„შარშან, აქციზის გაზრდის გამო, ხელოვნურად იყო გაზრდილი გადაზიდვები, ანუ იმპორტიორებმა იმაზე მეტი წაიღეს, ვიდრე სჭირდებოდათ, რომ შემდეგ ეკონომია გაეკეთებინათ. ნელ-ნელა, ეს დარეგულირდება და ლოგიკურ რაოდენობას დაუბრუნდება. ჯამურად თუ ავიღებთ სხვა მიმართულებებს, მცირედი მატებაც არის.
გლობალურად კი კარგი ტენდენციები არაა მსოფლიო ბაზარზე, ღვინის მოხმარება თითქმის აღარ იზრდება. ამ პირობებში, ჩვენი ღვინის იმიჯს მეტად უნდა გავუფრთხილდეთ. უნდა ვეცადოთ, რომ მათ შორის, რუსეთის მიმართულებით ხარისხიანი, მაღალფასიანი ღვინის პროდუქტის ექსპორტი გაიზარდოს. შესაძლოა, რაოდენობაში კლება იყოს, თუმცა განმსაზღვრელი ჯამში მაინც შემოსავალია.
არის რამდენიმე ძალიან მსხვილი მწარმოებელი, რომლებიც ისეთ იაფფასიან ღვინოზე მუშაობენ, რომ საერთოდ წყალში ყრიან ხოლმე მთელი დარგის ამ წლების განმავლობაში ნამუშევარს. რაოდენობრივად ძალიან ბევრი იაფფასიანი ღვინო გადის ექსპორტზე საქართველოდან, ეს ძალიან ცუდად მოქმედებს, ზოგადად, ქართული ღვინის იმიჯზე“, - განაცხადა გიორგი სამანიშვილმა.