ოპოზიცია კალაძის კონკურენტს ეძებს - მერაბ სეფაშვილის კანდიდატურას „ლელო“  ტესტავს

ოპოზიცია კალაძის კონკურენტს ეძებს - მერაბ სეფაშვილის კანდიდატურას „ლელო“  ტესტავს

4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატად, მმართველი გუნდის სახელით, კახა კალაძე უკვე დასახელებულია, ოპოზიციური პარტიები კი მისი კონკურენტის ძიებას განაგრძობენ. სხვადასხვა კანდიდატთან ერთად, გავრცელებული ინფორმაციით, „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ მომღერალ მერაბ სეფაშვილის კანდიდატურას „ტესტავენ“. ამ ინფორმაციას „ლელოში“ ადასტურებენ.

პარტიაში აცხადებენ, რომ „ტესტავენ“ რამდენიმე სახეს და ამისთვის კვლევა ტარდება. სწორედ კვლევის შედეგების მიხედვით გადაწყდება, თუ ვინ იქნება თბილისში „ლელოსა“ და გახარიას პარტიის მიერ შეთანხმებული მერობის კანდიდატი. როგორც პარტიის წარმომადგენლები განმარტავენ, თბილისში მცხოვრებლებს შორის ატარებენ გამოკითხვას, თუ ვის ისურვებდნენ დედაქალაქში მერობის კანდიდატად. კითხვარი არაერთი პირის სახელსა და გვარს მოიცავს, რომლებიც თბილისის მერობის პოტენციურ კანდიდატებად მოიაზრებიან.

მერაბ სეფაშვილის კანდიდატურის განხილვის თაობაზე ინფორმაცია „პოსტTV“-მ გაავრცელა. ამ ცნობას თბილისის მოქმედი მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მას აქვს კონკრეტული გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს თბილისში, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში და სხვა პარტიები ვის კანდიდატურას წარადგენენ, ამას მისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

„დიდი ინტერესი არ მაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება მათი მხრიდან წარმოდგენილი. მე მაქვს ჩემს გუნდთან ერთად ხედვა, თუ რა სჭირდება ჩვენს დედაქალაქს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, რა კონკრეტული პროექტები უნდა განხორციელდეს, როგორ უნდა ვუპასუხოთ იმ სირთულეებს, გამოწვევებსა და პრობლემებს, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს თბილისში. სხვა პოლიტიკური პარტიები ვის კანდიდატურას წარადგენენ, ჩემთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა კალაძემ.

საფაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით, კომენტარები „ლელოსა“ და „გახარია - საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმაც გააკეთეს.

„ლელოს“ ლიდერი გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ მათ ბევრი ძლიერი კანდიდატი ჰყავთ, რომლებსაც ტესტავენ და იკვლევენ საზოგადოების აზრს თითოეული მათგანის შესახებ.

„მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატი, რომელსაც საზოგადოებას წარვუდგენთ, იყოს დემოკრატიული და საზოგადოების მხრიდან მაღალი შეფასება ჰქონდეს“, - განაცხადა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კანდიდატის დასახელება, არამედ სწორი და კარგი - თბილისელებისთვის, სხვა ქალაქების შემთხვევაში - სხვა ქალაქებისთვის მისაღები კანდიდატების დასახელება. ამიტომ, ჩვენ ვართ ძალიან ბუნებრივ, დემოკრატიულ, ლოგიკურ პროცესში და სულ მალე, საზოგადოებას იმ ადამიანთა ჯგუფს წარვუდგენთ, რომლებსაც ბევრი, ძალიან ძლიერი კანდიდატების რიგებიდან გამოვარჩევთ“, - განაცხადა გეგელიამ.

გახარიას გუნდში კი ამბობენ, თუ „ლელომ“ გადაწყვიტა, რომ ერთ-ერთ ვარიანტად „გატესტოს“ მომღერალი მერაბ სეფაშვილი, „გატესტოს“, ეს მათი ნებაა და ისინი პრობლემას ვერ ხედავენ, მაგრამ საბოლოოდ, კანდიდატზე ერთობლივად უნდა შეთანხმდნენ.

თბილისის საკრებულოს დეპუტატის, გიორგი შარაშიძის განმარტებით, ჯერჯერობით, კანდიდატების განხილვის ეტაპი მიმდინარეობს და საბოლოოდ, „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო“ ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუ ვინ იქნება თბილისის მერობის მათი კანდიდატი.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ეჭვქვეშ აყენებს მომღერალ მერაბ სეფაშვილის შესაძლებლობას, კონკურენცია გაუწიოს მოქმედ მერს, კახა კალაძეს. გვენეტაძე for.ge-თან, სეფაშვილის კანდიდატურას ირონიული შედარებებით აფასებს და აცხადებს, რომ მომღერლისთვის პოლიტიკური ასპარეზი მისი ნამდვილი სფერო არ არის.

„მოდით, ასეთი შედარება გავაკეთოთ - სპილოს წინააღმდეგობას გაუწევს ჭიანჭველა, ან ჩოხატაურის გუნდი - „ბარსელონას“?! ასე არის მერაბ სეფაშვილი კახა კალაძესთან. ასევე, მინდა ვთქვა, რომ სეფაშვილი კონკურენციას გაუწევს სიმღერით - „ჩემი გმირი გიწოდე, ხელი გამოგიწოდე“. დაჯდება „ვივამედთან“ და სააკაშვილს უმღერებს - „გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ“, - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.

ანალიტიკოსის თქმით, პოლიტიკა სერიოზული სფეროა, რომელიც კონკრეტულ გამოცდილებას, ხედვასა და მართვის უნარებს მოითხოვს და ეს არ არის მხოლოდ პოპულარობაზე დაფუძნებული არჩევანი.

„მერაბ სეფაშვილი უდავოდ ნიჭიერი მომღერალია, ის ქართული ესტრადის ნათელი წერტილია, მაგრამ მერია არ არის საკონცერტო დარბაზი. თბილისი უზარმაზარი, კომპლექსური ორგანიზმია, თავისი მრავალი პრობლემითა და გამოწვევით - ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი, ეკოლოგია, სოციალური საკითხები. ამ ყველაფერს სჭირდება პროფესიონალიზმი და არა მხოლოდ ცნობილი სახე“, - განმარტავს გვენეტაძე.

მისივე აზრით, ოპოზიციის მხრიდან მსგავსი კანდიდატურების განხილვა, შესაძლოა, პოლიტიკური პერფორმანსის ნაწილი იყოს, რათა ყურადღება მიიპყრონ და არსებული ხელისუფლება გააკრიტიკონ.

„შეიძლება, „ლელო“ და „გახარიას პარტია“ ცდილობენ, საზოგადოებას რაღაც სიახლე შესთავაზონ, თუმცა რეალისტურად, ეს კანდიდატურა გამარჯვებაზე ორიენტირებული ნაბიჯი არ არის. ეს უფრო ამომრჩევლის დაბნევასა და დაცინვას ჰგავს, ვიდრე სერიოზულ პოლიტიკურ წინადადებას“, - დასძენს ანალიტიკოსი.

გვენეტაძე აღნიშნავს, რომ ამომრჩეველი, განსაკუთრებით კი თბილისელი ამომრჩეველი, უკვე მიჩვეულია კონკრეტულ საქმეებსა და შედეგებს და არა მხოლოდ ცარიელ დაპირებებს.

„მოსახლეობა ელოდება კონკრეტულ გეგმებს, რეალურ პროექტებს, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას გააუმჯობესებს. მომღერლის, ან ნებისმიერი სხვა ცნობილი სახის, რომელსაც პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს, მერობის კანდიდატად დასახელება, ჩემი აზრით, ხმის ამომრჩევლის დაკარგვის ტოლფასია“, - ამბობს ედიშერ გვენეტაძე. 

 

დოი მერაბ ბატონო,ხალხი /არა ნაცსექტა/ არ
გაპატიებს თეთრ გედს რომ თავი მოაკვლევინა,იმედი დაუშვი...ხოდა იყავი მარშების იმედად!
1 საათის უკან
Gami კოდევ ერთხელ -- სეფაშვილსაც აქვს კონკრეტული გეგმა: მერია ისე არ მამღერებს სამთავრობო კონცერტებზე, ასე/მერის რანგში/ იქნებ ვიმღეროო...
1 საათის უკან