6 აგვისტოს, მოსკოვში აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმოადგენლის, სტივ უიტკოფისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრა შედგა, რომელიც სამიოდე საათი გაგრძელდა. მსგავსი ტიპის ვიზიტი ამერიკელი დიპლომატის მხრიდან უკვე რიგით მეხუთეა. ბოლოს, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, ვლადიმერ პუტინს 25 აპრილს შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში, აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმოადგენლისა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრა, გარკვეულწილად, დადებითად ფასდება და ექსპერტულ წრეებში ნაყოფიერი შედეგის დადგომასაც ელოდნენ, ვაშინგტონი პარასკევს, 8 აგვისტოს, რუსეთის წინააღმდეგ მეორადი სანქციების შემოღებას მაინც გეგმავს. ეს რა შედეგს გამოიღებს და შეუწყობს თუ არა ხელს ომის დასრულებას, ამ ეტაპზე, რთული სათქმელია.
„რუსებს სურთ შეერთებულ შტატებთან ჩართულობის გაგრძელება. მეორადი სანქციების შემოღება მაინც მოსალოდნელია პარასკევს, 8 აგვისტოს“, - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.
სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე For.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე რომც შეთანხმდნენ, დღეს მისი დარეგულირება ძალიან რთული იქნება. სალუქვაძის შეფასებით, აშშ-ს პრეზიდენტს უკრაინა-რუსეთის ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით თავისებური მიდგომა აქვს: ერთი მხრივ, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციებით იმუქრება, ხოლო მეორე მხრივ, სანქციების შერბილების საკითხზე საუბრობს.
„დასავლეთში არ არსებობს ერთობა, ერთიანი პოზიცია, ხოლო დასავლეთის ერთიანი პოზიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. კონფლიქტი როგორ უნდა დარეგურირდეს?! - ორივე მხარემ რაღაც უნდა დათმოს, ორივე მხარემ უნდა შეინარჩუნოს სახე. მოსახლეობამ უნდა მიიღოს ის ფასი, რისთვისაც იომეს. უკრაინისთვის წარმოუდგენელია იმის აღიარება, რომ თავისი ტერიტორიები, რომლებიც საერთაშორისოდ აღიარებული იყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთის სასარგებლოდ სცნოს. რუსეთისთვის წარმოდუეგენელია, გამოვიდეს და დატოვოს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები და ტერიტორია, რაც დაკავებული აქვს - გაიგებს ამას მისი მოსახლეობა, წავა პუტინი ამაზე?! ის ამბობს, რომ ყველაფერი უნდა გადაწყდეს იმ რეალობიდან, რაც ბრძოლის ველზე შეიქმნა.
ამ სიტუაციაში, ეს არ იქნება კონფლიქტის დარეგულირება, ეს იქნება კონფლიქტის გაყინვა, რომელიც ადრე თუ გვიან, მაინც აფეთქდება. პუტინი აცხადებს, რომ ის არ არის თანახმა კონფლიქტის გაყინვაზე, ამაზე არც ზელენსკია თანახმა. ის წინადადებები, რასაც აცხადებენ, ორივესთვის მიუღებელია. ფაქტია, ტრამპს სურს ომის დასრულება და ის, რომ მისი წარმომადგენლები ხან საუდის არაბეთში, ხან თურქეთში, ხან რუსეთსა და უკრაინაში დაფრინავენ და აწარმოებენ ხანგრძლივ შეხვედრებს, ამის დადასტურებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა გზით წავიდოდნენ. ვიცით, რომ ტრამპი თავისებური პიროვნებაა და ის თავისებურად წარმართავს პროცესს: ერთი მხრივ, თაფლაკვერი უკავია ხელში - სანქციების შერბილებაზე და ურთიერთობების დალაგებაზე საუბრობს, მეორე ხელში სანქციების მათრახი აქვს.
ცეცხლის შეწყვეტაზეც რომ მიიღონ გადაწყვეტილება, ამის კონტროლის მექანიზმი არ არსებობს დღეს. მოლოდინი არის, შეთანხმდებიან იმაზე, რომ მხარეები არ განახორციელებენ საჰაერო თავდასხმებს ერთმანეთის ტერიტორიაზე - ეს უკვე ნახევარი საქმე იქნება. ეს უფრო იოლო გასაკონტროლებელი იქნება, ვიდრე ხმელეთზე. დღეს ტრამპის ირგვლივ უნდა იყოს გაერთიანებული ყველა ევროპელი ლიდერი, რათა, როგორმე, ომი შეაჩერონ და მისცენ უკრაინას ჭრილობების მოშუშების შესაძლებლობა.
მაქვს მოლოდინი, რომ რაღაც პოზიტიური ძვრები შეიძლება იყოს დღევანდელი მოლაპარაკებებიდან - იმის მოლოდინი მაქვს, რომ უიტკოფი მოსკოვიდან ვაშინგტონში ხელცარიელი არ დაბრუნდება, რაღაც პოზიტიურს ჩაიტანს, რაც შესაძლოა, საძირკვლად იქნას გამოყენებული“, - განგვიცხადა ამირან სალუქვაძემ.